fbpx

25 დეკემბერი – წარმართულია თუ ქრისტიანული?


გააზიარე სტატია

ავტორი: თომა ლიპარტიანი

საშობაო დეკორაციების გამოჩენასთან ერთად, ყოველ წელს იღვიძებს მარადიული კითხვა, რომელსაც მე დეკემბერ-იანვრის მთავარ პრობლემას ვუწოდებ. ეს პრობლემა და ეს კითხვა ჩვენი ქვეყნის მართლმადიდებელ მოქალაქეებში წამოიჭრება, რადგან მათი სურვილია იზეიმონ დანარჩენ ქვეყნებთან და ხალხებთან ერთად (რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც 25 დეკემბერს ზეიმობს შობას, მათ შორის 11 მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიაც), ხოლო ეკლესია, ამ შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, სხვა რამეს სთავაზობს მათ – იზეიმონ 7 იანვარს, რომელიც უფრო მეტად „რუსულ დღესასწაულად“ აღიქმება, რადგან ამ დღეს მოზეიმე ეკლესიათაგან ყველაზე დიდი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაა და სწორედ ეს ეკლესიაა 7 იანვარს შობის აღნიშვნის მთავარი აპოლოგეტი. ჩემს სტატიაში არ შევეცდები ამ ორი თარიღის განხილვას, რადგან ორივე დღესასწაული მაინც 25 დეკემბერს აღნიშნავს (ერთი ძველი, ხოლო მეორე ახალი კალენდრით). 

შობის აღნიშვნასთან დაკავშირებით სეკულარული საზოგადოება სხვა საწინააღმდეგო არგუმენტებით ილაშქრებს. ჩემს მცირე სტატიაში შევეცდები შობის აღნიშვნის ფესვებსა და კონტექსტზე ვისაუბრო. 

25 დეკემბერთან დაკავშირებით 3 პოპულარულ წინადადებას გაიგონებთ: 1 – „ბიბლია არ საუბრობს 25 დეკემბერზე“, 2 – „მწყემსები დეკემბრის ბოლოს საძოვარზე არ გარეკავდნენ ფარას“, 3 – „ეკლესიამ გააქრისტიანა უკვე არსებული წარმართული დღესასწაული“. ეს წინადადებები იმდენად ხშირად და მაღალი დამარწმუნებულობით მეორდება ჩვენ ირგვლივ, რომ მორწმუნე ქრისტიანებსაც აღარ ეპარებათ ეჭვი. მოდით განვიხილოთ სამივე არგუმენტი:

 

1 – „ბიბლია არ საუბრობს 25 დეკემბერზე“

ნამდვილად! თუმცა ლუკა მახარებელი, რომელსაც, ამავდროულად, ისტორიკოსიც შეგვიძლია ვუწოდოთ, თავის სახარებაში მოგვითხრობს ამბავს ზაქარიაზე, იოანე ნათლისმცემლის მამაზე, რომელიც იყო მღვდელი „აბიას რიგიდან“. I ნეშტთა წიგნში ვკითხულობთ, რომ მეფე დავითმა დაყო მღვდლები და მისცა მათ ღვთისმსახურების განკუთვნილი დრო. აბიას რიგს კი თავისი უფლებამოსილება მე-8 და 32-ე ცვლისას უნდა შეესრულებინა. 

ამის მიხედვით, ზაქარიას ჯგუფს თავისი მოვალეობა იომ-ქიფურის დღეებში უნდა შეესრულებინა (22-30 სექტემბერი). ბიბლიური ტექსტით, ამ კვირის განმავლობაში ზაქარიას ანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და როცა ის ტაძრიდან სახლში დაბრუნდა, იოანე ნათლისმცემელი ჩაისახა (ლუკა 1:24). აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ იოანე ნათლისმცემელი ივნისის მეორე ნახევარში უნდა დაბადებულიყო, სწორედ ამიტომ ეკლესია მის შობას 24 ივნისს ზეიმობს. 

მაგრამ ლუკა მახარებლის ქრონოლოგია აქ არ მთავრდება. ანგელოზ გაბრიელის ზაქარიასთან მივლინებიდან 6 თვის შემდგომ ის ნაზარეთში, ქალწულ მარიამთან წარიგზავნა (ლუკა 1:26). გვიან სექტემბრიდან 6 თვის შემდგომ კი არის გვიანი მარტი. ამიტომაც, 25 მარტს ეკლესია ზეიმობს ხარებას – ანუ ქალწულ მარიამში იესოს ჩასახვას. 25 მარტიდან 9 თვის შემდგომ კი არის 25 დეკემბერი. 

 

2 – „მწყემსები დეკემბრის ბოლოს საძოვარზე არ გარეკავდნენ ფარას“

ევროპის კლიმატის კონტექსტში ეს წინადადება სავსებით მართალია, თუმცა ბეთლემი პალესტინის ტერიტორიაზეა და არა შვეიცარიის ალპურ მდელოებზე. პალესტინა იმ ვრცელი ტერიტორიის ნაწილია, რომელსაც ახლო აღმოსავლეთს ვუწოდებთ, სადაც მართალია, ზამთრის პერიოდი შედარებით სუსხიანია, თუმცა არა ისე, როგორც ეს ევროპაშია. 

თუკი შევისწავლით ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ადგილობრივი ცხვრის ჯიშის – „ავაზის“ – ცხოვრების დეტალებს, გავიგებთ, რომ პალესტინის ტერიტორიაზე მათი შეჯვარების სეზონი იწყება ივნისში და გრძელდება სექტემბრის ჩათვლით, ხოლო შობადობის პერიოდი იწყება დეკემბერში და გრძელდება იანვრის შუა პერიოდამდე. სახარების ტექსტი გვეუბნება, რომ „მწყემსები მინდვრად იყვნენ გასული და დარაჯად ედგნენ თავიანთ სამწყსოს“ (ლუკა 2:8). დარაჯობდნენ მწყემსები ფარას ღამით, რადგან სამწყსოში ბევრ დედალ ცხვარს უნდა ემშობიარა? – დიდი ალბათობით, დიახ!

 

3 – „ეკლესიამ გააქრისტიანა უკვე არსებული წარმართული დღესასწაული“

25 დეკემბერს შობის აღნიშვნის მოწინააღმდეგეთა მიერ ეს არის ყველაზე ხშირად გამეორებული  წინადადება, თუმცა, ამავდროულად, ყველაზე სუსტიც. რომის იმპერიაში ნამდვილად არსებობდა უძლეველი მზის (Sol Invictus) დღესასწაული, დაარსებული რომში, იმპერატორ ავრელიანეს მიერ. ეგრეთ წოდებული „სატურნალია“ მზის მთავარ კულტს წარმოადგენდა, მაგრამ აქ ჩვენთვის საინტერესო ის არის, რომ ეს დღესასწაული არა 25 დეკემბერს, არამედ 17-23 დეკემბერს აღინიშნებოდა. აქედან გამომდინარე,  მოსაზრება, რომ ქრისტიანებმა შობა მზის დღესასწაულს დაამთხვიეს – მცდარია. 

მეორე შეუსაბამობა არის ის, რომ დღესასწაულის შემოქმედი, იმპერატორი ავრელიანე 214-275 წლებში ცხოვრობდა, ხოლო ქრისტიანული წყაროები შობის აღნიშვნის თარიღად 25 დეკემბერს ასახელებენ, ავრელიანემდე 150 წლით ადრეც. მაგალითად, თეოფილე (115-181), კესარიის ეპისკოპოსი, ამბობს: „ჩვენი უფლის დაბადება უნდა აღვნიშნოთ 25 დეკემბერს“. ასევე – რომის წმინდა პაპმა ტელესფორუსმა (პაპობდა 126-137 წლებში) დაამკვიდრა ქრისტეს შობის შუაღამის ლიტურგიით აღნიშვნის ტრადიცია. წმინდა იპოლიტემ (170-240), რომაელმა ეპისკოპოსმა, ქრისტეს შობის თარიღად 25 დეკემბერი გამოითვალა (მისი აზრით, ეს ოთხშაბათს მოხდა). ოდესღაც ქრისტიანმა იმპერატორმა იულიანემ (331-363), რომელმაც შემდგომ უარყო ქრისტიანობა და ამის გამო იწოდება „იულიანე განდგომილად“, 354 წელს დააფუძნა „უძლეველი მზის დაბადების“ (Natalis Sol Invictus) დღესასწაული, რომელიც ქრისტიანთა შობის დღესასწაულს – 25 დეკემბერს დაამთხვია. 

ჩემს მცირე სტატიაში შევეცადე განმეხილა ის სამი მთავარი არგუმენტი, რომლითაც 25 დეკემბერს შობის აღნიშვნას უპირისპირდებიან. იმედს ვიტოვებ, მოყვანილი ფაქტები და კონტექსტი მკითხველს დაეხმარება უპასუხოს კითხვას – რატომ 25 დეკემბერს? 

ბედნიერ შობას გისურვებთ!

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.