fbpx

მესი, მარადონა და სხვები…


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

კატარის მსოფლიო ჩემპიონატი მართლაც რომ გამორჩეული გამოდგა და ფეხბურთის მოყვარულთა მხრიდან მის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულების მიუხედავად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტურნირი შედგა!

ამის მთავარი მიზეზი კი ჩემპიონატის ჩატარების ვადებია, რის გამოც ფეხბურთელები მას უკეთეს ფორმაში და ნაკლებად დაღლილნი შეხვდნენ, ვიდრე ეს სეზონის დასრულების შემდეგ, ზაფხულში შეიძლებოდა რომ ყოფილიყო.

როგორც ყოველთვის, მსაჯების მიმართაც გამოითქვა არაერთი საყვედური, მაგრამ ცალკეული არასწორი გადაწყვეტილებების მიუხედავად, 2018 წლის ტურნირის გამოკლებით, აქამდე ასეთი მაღალი დონის მსაჯობა რომელიმე სხვა ჩემპიონატს ალბათ არც ახსოვს და ამის მიზეზი თანამედროვე VAR-ის ტექნოლოგიაა. 

კატარის ტურნირზე მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მეტი – 172 გოლი გავიდა. აქამდე კი რეკორდი 171 გოლით 1998 და 2018 წლის ტურნირებს ეკუთვნოდათ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მეკარეთა მაღალი დონის თამაში. რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია მარტინესის, ლივაკოვიჩის, სჩესნის, ბონოს, კურტუას თუ ლოურენს ატი-ზიგის მიერ მოგერიებულ არაერთ რთულ  თერთმეტმეტრიანთან.

პენალტების ორი სერიის მომგები ლივაკოვიჩი 

შესანიშნავი სანახაობის დამაგვირგვინებლად კი საოცარი ფინალი იქცა, რომელსაც მომხიბვლელობით ალბათ მხოლოდ 1970 წელს ჩატარებული პელეს დროინდელი  ბრაზილია – იტალიის დაპირისპირება თუ გაუტოლდება, ნეიტრალური მაყურებლებისთვის სამწუხაროდ, მეორე ტაიმში ცალკარად რომ იქცა.

რაც მთავარია, ფინალში ტურნირის ორი საუკეთესო გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს და გაიმარჯვა მან, ვინც მეტი მონდომება გამოავლინა და ალბათ ცოტათი გაუმართლა კიდეც, რადგან შემადგენლობაში თანამედროვეობის უძლიერესი ფეხბურთელი ჰყავს… 

მაგრამ მოდით, მოკლედ დავახასიათოთ განვლილი მსოფლიო ჩემპიონატი და აქვე აღვნიშნოთ, რომ ტურნირზე მასპინძელი კატარის და უელსის ნაკრებების სახით, ორადორი უნიათო გუნდი გამოჩნდა. დანარჩენებმა კი სულ მცირე თითო დასამახსოვრებელი მატჩი ან თუნდაც ეფექტური სათამაშო ეპიზოდი მაინც შესთავაზეს მაყურებლებს.

ჩემპიონატის მთავარ სენსაციად წინა ტურნირის მსგავსად, გერმანიის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენა იქცა. 

რა იყო მიზეზი ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდის წარუმატებელი ასპარეზობისა? ნუთუ უიღბლობა?  

ხომ ფაქტია, რომ ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემთხვევაში გერმანია ტრადიციულ ფავორიტად იქცეოდა, რადგან მისი დამარცხება ძირითად ან დამატებით დროში ნებისმიერ გუნდს გაუჭირდებოდა, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში კი გერმანია ერთხელ და უკანასკნელად 1976 წელს დამარცხდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ჩეხოსლოვაკიის ნაკრებთან.

აი მომავალმა ჩემპიონმა არგენტინამ კი ტურნირი 2010 წლის ტრიუმფატორ ესპანელთა მსგავსად, მარცხით დაიწყო.

კოპა ამერიკის 2020 წლის ჩემპიონს მეორე ტურშიც საკმაოდ გაუჭირდა უხეშად მოთამაშე მექსიკის ნაკრების წინააღმდეგობის დაძლევა, მაგრამ პოლონელებთან მატჩში საქმე უკვე მოწესრიგებული იყო.

ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრა არგენტინელებმა დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 მოიგეს, თუმცა მაყურებელს აუცილებლად დაამახსოვრდება მეკარე ვოიცეხ სჩესნის მიერ ლეო მესის პრაქტიკულად აუღებელი პენალტის მოგერიება.

მერვედფინალში მომავალმა მსოფლიო ჩემპიონმა თითქოს იოლი გასეირნება მოიწყო ავსტრალიელებთან მატჩში და მხოლოდ ბოლო წუთებზე ანერვიულა გულშემატკივარი. 

მაგრამ როგორც შემდგომში გაირკვა, ეს მხოლოდ დასაწყისი ყოფილა. არგენტინელებს მიდრეკილება ჰქონიათ ორბურთიანი უპირატესობის ხელიდან გაშვებისა და  მომავალ მსოფლიო ჩემპიონს თურმე ორ პლეიოფში უნდა მიეყვანა საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე.   

არგენტინელი ქომაგებისთვის მოწმენდილ ცაზე ქუხილივით გავარდა ნიდერლანდებთან მეოთხედფინალში ძირითადი დროის დამატებულ მე-10 წუთზე გაშვებული გოლი. 

მაგრამ დამატებითმა დრომ უკვე საბოლოოდ გამოაჩინა, რომ ლიონელ მესი სამომავლოდ ხასიათის ისეთ სიმტკიცეს გამოავლენდა, რის არარსებობაშიც მას ფეხბურთის არაერთი მოყვარული უსაფუძვლოდ სდებდა ბრალს და მარადონას ჩრდილში აყენებდა. 

ნიდერლანდების ნაკრების შემდეგ, არგენტინელებს ნახევარფინალში ხორვატები ელოდნენ. 

ლუკა მოდრიჩმა და მისმა თანაგუნდელებმა საოცარი გმირობა ჩაიდინეს, ტურნირიდან თვით ბრაზილიის ნაკრები გამოთიშეს და თითქოს ღირსეულად დაუხვდნენ მომავალ მსოფლიო ჩემპიონს, რადგან მატჩის 33-ე წუთამდე მოედანზე ისინი დომინირებდნენ.

მაგრამ არგენტინელებმა უეცრად კონტრიერიში მოაწყვეს და დაიმსახურეს პენალტი, რომელმაც გარკვეული მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

გაშვებული გოლის შემდეგ ხორვატიის ნაკრები ერთიანად დაიშალა და აწი არგენტინელთათვის ლიონელ მესის მოედანზე უბრალოდ ყოფნა იყო საკმარისი ფინალში გასასვლელად. 

საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ პირველი ტაიმის დარჩენილი ნაწილის და მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში მოედანზე ერთი გუნდი იმყოფებოდა. 

არგენტინის ნაკრების მსგავსად, მეოთხედფინალთან შედარებით ნახევარფინალი უფრო მარტივი აღმოჩნდა საფრანგეთისთვისაც, რომელსაც ფინალამდე მეტოქეზე ერთი დღით ნაკლები მოუწია დასვენება.

ასეთი უპირატესობა საკმაოდ მნიშვნელოვანია გადამწყვეტი დაპირისპირების წინ, მაგრამ არგენტინა – საფრანგეთის მატჩთან დაკავშირებით იგი ალბათ არაა მხედველობაში მისაღები მბაპეს, ტიურამის, კამავინგას, კომანის, რაბიოს, მუანის, კუნდეს, ფოფანას თუ უპამეკანოს ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

ხოლო საფრანგეთის და არგენტინის ნაკრებების მოთამაშეთა ამჟამინდელ კლუბებს თუკი შევადარებთ, მარტივ დასკვნას გამოვიტანთ, რომ სამხრეთამერიკელთა  საბოლოო გამარჯვებაში მესის განსაკუთრებული როლის გარდა, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელ დიდიე დეშამის წვლილიცაა, რადგან ასეთი გუნდით მწვრთნელი უკვე მეორე ფინალს არ უნდა აგებდეს…

ორი ფინალის წამგები დეშამი

შეცდომები არგენტინელთა მწვრთნელმა სკალონიმაც დაუშვა, მაგრამ მათი გამოსწორება ლეო მესიმ იტვირთა, დამატებით დროში საკუთარი გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა და პენალტების სერიამდე მიიყვანა, სადაც ესტაფეტა მეკარე მარტინესს გადაულოცა.

თერთმეტმეტრიანები ხეირიანად არც არგენტინელებს დაურტყამთ, მაგრამ დეშამმა ვერ გათვალა, რომ ოთხი წლის განმავლობაში გუნდში ფიზიკურად ძლიერი, პენალტების მომგერიებელი მეკარე მოეყვანა და, თუკი ასეთი არ გამოჩნდებოდა, ისევ მანდანდასთვის ან არეოლასთვის მიენდო ეს საპასუხისმგებლო საქმე…

ფეხბურთი კი ბედისწერაა. არგენტინა დამატებითი დროის უკანასკნელ წუთზე გადაურჩა გოლს და ეს რომ მომხდარიყო, მესის კვლავ მოუწევდა საკუთარი მისამართით „უხასიათობის“ გამო უსამართლო საყვედურების მიღება, მბაპეს კი დღესვე მიენიჭებოდა მისი მემკვიდრის სტატუსი.

სინამდვილე კი სულ სხვაგვარია და ლეო მესი თავის გუნდთან ერთად 2014 წლის მსგავსად კვლავ რომ დამარცხებულიყო ფინალში, ეს მას ისევე არ დააშორებდა ან  დააახლოებდა მარადონასთან, როგორც გერმანელ მარიო გიოტცესთან, რომელსაც ეს ტიტული სწორედ არგენტინის ნაკრების კარში გატანილი გოლით აქვს მოპოვებული. 

2014 წლის ჩემპიონატის ფინალში ერთადერთი გოლის ავტორი მარიო გიოტცე

მაგრამ დღესდღეობით ვიღას ახსოვს გიოტცე, რომელიც ორჯერ გამოჩნდა შეცვლაზე კატარის ტურნირზე, ოღონდაც ყოვლად უაზროდ და უშედეგოდ. მესი კი საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონობამდეც იყო და ასეთად მომავალშიც კიდევ დიდხანს, ახალი საფეხბურთო მესიის გამოჩენამდე, მარადონასთან ერთად დარჩება…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.