fbpx

კარგი, ცუდი და სისტემა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მარი ლორთქიფანიძე

 

თუ wikipedia-ში დიეგო არმანდო მარადონას გვერდზე შეხვალთ, ადვილად იპოვით მისი გარდაცვალების თარიღს – 25 ნოემბერი, 2020, თუმცა მის რეალურ სიკვდილს კიდევ 2 წელიწადზე ოდნავ მეტი დასჭირდა. დიეგო ღმერთი იყო, საფეხბურთო ღმერთი. ღმერთი, რომელიც უყვარდათ და სძულდათ. ღმერთი ღარიბთა და მაშვრალთა, ცოდვილთა და სნეულთა, მეამბოხეთა და მოჩხუბართა, ღმერთი ლოთთა და შფოთთა, ავაზაკთა და ავარათა, მოკლედ, ღმერთი ადამიანთა, რამეთუ ყოველი ზემოთ თქმული თვისებაი არს ადამიანთა. 

და ჰქონდა დიეგოს ღმერთობას თვისება ერთი მთავარი – სისტემასთან დაპირისპირება, სისტემასთან ბრძოლა, რამეთუ ყოველი ღმერთი ჩუენთვის ცნობილი, ზევსიდან ნაზარეველამდე სისტემას ებრძოდა, ზოგი შვილთა მჭამელ კრონოსს, ზოგიც ფარისეველთა დადგენილ წესებს. 

და იყო დიეგო უკვდავი, როგორც ღმერთები არიან, უკვდავი ხელით გატანილი გოლის შემდეგ; უკვდავი ბილბაოს ატლეტიკოსთან დაუნდობელი ჩხუბის შემდეგ; უკვდავი, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან კოკაინის მოხმარების გამო გამოგდების შემდეგ; უკვდავი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ; უკვდავი მწვრთნელის რანგში არგენტინის ნაკრების სამარცხვინოდ გამოსვლის შემდეგ; უკვდავი ფიზიკური სიკვდილის შემდეგაც კი, რამეთუ რაოდენ სახელი შენი უკვდავ არს, უკვდავ ხარ შენც. 

და ვერაფრით ერეოდა სისტემა მის სახელს – ჟოაო აველანჟი სამარეში გაისტუმრა და ზეპ ბლატერი გისოსებს მიღმა, მაგრამ აქვს სისტემას ერთი კოზირი – სისტემა მოითმენს, ფსკერზე დაწვება, შესაფერის მომენტს დაელოდება და ზუსტად იმ ხალხის ხელით გაგაკრავს ჯვარზე, რომელიც ორი დღის წინ ტანსაცმელს გიფენდა წინ. 

სისტემამ იცის, რომ ღმერთის დამარცხებას ახალი ღმერთი სჭირდება, მაგრამ არა ისეთი, როგორიც დიეგო იყო, პირიქით, ღმერთი მორჩილი და უემოციო, მოკრძალებული და ჩუმი, რადგან როცა ის გაღმერთდება, ყოველმა უწყოდეს, რომ აღარ არს ადგილი მეამბოხე ღმერთთა და სისტემა წყვეტს – ვინ არს ღმერთი. 

სისტემას გაუმართლა. 1987 წლის 24 ივნისს სანტაფეს პროვინციის ქალაქ როსარიოში, დიეგოს დაბადების ადგილიდან სულ რაღაც 3 საათის სავალზე დაიბადება ბიჭი, რომელსაც 35 წელი დასჭირდება მისი ღმერთის ტახტიდან ჩამოსაგდებად. ბიჭი მართლაც უდიდესი ნიჭით დაჯილდოებული აღმოჩნდება, პატარა ასაკშივე მოხვდება ლა მასიას ბარსელონას აკადემიაში და 25 წლისა ყველა გუნდურ და ინდივიდუალურ ჯილდოს მოიგებს, თითქმის ყველა ჯილდოს. მისი თასების კოლექციას ერთი მთავარი დააკლდებოდა, ის, რის გარეშეც არგენტინელი ბავშვები მაინც დიეგო არმანდოზე გააგრძელებდნენ ლოცვას, მაინც მისი ათნომრიანი მაისური და ხუჭუჭა თმა იქნებოდა არგენტინის მთავარი სავიზიტო ბარათი. 

როგორ არ ეცადა, რამდენი ტიტული არ დაამატა საკუთარ კოლექციას, მაგრამ მაინც ვერაფრით გაღმერთდა. ხიდზე რომ დაგეყენებინა 100,000 ბუენოსაირესელი და გეკითხა: ვინ არს უფრო დიდი და დიადი, დიეგო თუ ლიონელიო, თავის მოჭრის შიშითაც კი ყველას პასუხი იქნებოდა: რა თქმა უნდა, დიეგო. 

და აი სწორედ მაშინ, როცა ლეოს კარიერაც ფინიშს მიუახლოვდა და გარდაცვლილი დიეგო კვლავ ინარჩუნებდა საღვთო ტიტულს, სისტემა მიხვდა, რომ მისი დრო მოვიდა.

 მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატი, რომელზეც მესის თასის აღება შეუძლია, თასისა, რომელიც დაანგრევს ძველ კერპს და მის ადგილას აღმართავს ახალს, ჩუმს, მორჩილს, წყნარსა და უპრეტენზიოს. სისტემამ კარგად იმუშავა, არგენტინის ნაკრების ყველა საკამათო ეპიზოდი ყოველთვის მათ სასარგებლოდ გადაწყდა. არგენტინის ნაკრების შვიდი თამაშიდან ხუთში, მეტოქის კარში 11-მეტრიანი დაუდეს, საიდანაც 4 (პოლონეთთან, ჰოლანდიასთან, ხორვატიასთან და საფრანგეთთან) საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურებოდა და რატომღაც არც ვიდეორეფერმა გადაამოწმა. თითქმის ყველა შემთხვევაში ამ პენალტებით გაიხსნა ანგარიში. 

საბოლოო ჯამში, არგენტინა ჩემპიონი გახდა, მესიმ ის ჯილდო არათუ აიღო, ლოგინშიც კი ჩაიწვინა. 

სისტემამ კი კარგად შეასრულა შეთქმულება დიეგოს წინააღმდეგ, ისევ თავისი კაცით, არგენტინელის ხელით დაასრულა მისი თითქმის ორმოცწლიანი ღმერთობა. 

ყველა კმაყოფილი დარჩა, ყველა ამბობს: მესის ეკუთვნოდა, მესის ნამდვილად ეკუთვნოდა, მესიმ დაიმსახურა. კი ბატონო, შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონობა მის კარიერას ნამდვილად ეკუთვნოდა, თუმცა ღმერთის ადგილი მისთვის ზედმეტია. ზედმეტია, იმიტომ რომ ძალიან უბრალოა; ზედმეტია იმიტომ, რომ ხასიათი არ აქვს (თუ 90 წლის ლუი ვან გაალისთვის თამაშის შემდეგ გინებას არ ჩავთვლით); ზედმეტია იმიტომ, რომ ის არასდროს მოიმატებს წონაში და შიშველი არ აკენწლავს ჩოგბურთის ბურთს; ზედმეტია იმიტომ, რომ არასდროს შევა რაგბის ნაკრების გასახდელში გალეწილი მთვრალი; ზედმეტია იმიტომ, რომ არასდროს იცეკვებს ვნებით ტანგოს; ზედმეტია იმიტომ, რომ ის უბრალოდ კარგი ბიჭია, ზედმეტია იმიტომ, რომ ის ხელჩაკიდებული აიყვანა სისტემამ ღმერთის ადგილას, ღმერთი კი სხვების დახმარებით ვერ გახდები, ღმერთად უნდა დაიბადო. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.