საახალწლო საჩუქრები, რომლებიც საუკეთესო სანტად გაქცევთ
ავტორი: ნინო იმერლიშვილი
მიუხედავად იმისა, თუ როგორი წელი გვქონდა ან რამდენად ვართ დღესასწაულების მოყვარული, ახალ წელს უმეტესობა მაინც განსაკუთრებით ველოდებით. მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები, რწმენა თუ რიტუალები საზეიმო განწყობას ქმნიან და წლის ყველაზე ჯადოსნურ დღესასწაულს განსაკუთრებულ ხასიათს სძენენ. და მაინც, ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი საახალწლო საჩუქრების გაცვლის ტრადიციაა.
საჩუქრის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. ამ მისიას რომ წარმატებით გაართვათ თავი, საჭიროა ვიცნობდეთ საჩუქრის ადრესატს, მის საჭიროებებს, გემოვნებას, ინტერესებს. რაც მთავარია – ჩვენ მიერ არჩეული ნივთი ორიგინალურიც უნდა იყოს. დღესდღეობით საქართველოში არაერთი ბრენდი თუ კონცეპტუალური მაღაზიაა, რომელიც ორიგინალური ნივთების შეძენის შესაძლებლობას გვაძლევს. თუ ამ სტატიას კითხულობთ, შესაძლოა თქვენც სწორედ ახლა ეძებთ საჩუქარს ოჯახის წევრისათვის, ან არც ისე კარგად ნაცნობი თანამშრომლის სეკრეტ-სანტა ხართ და ცდილობთ, მისი სოციალური ქსელი კარგად შეისწავლოთ, რათა გარკვეული მინიშნება იპოვოთ. ან სულაც გსურთ, საკუთარ თავს კიდევ ერთი წლის გამოწვევებთან წარმატებით გამკლავებისათვის გამამხნევებელი საჩუქარი მიუძღვნათ.
ჩვენ წელსაც ტრადიციულად შევეცდებით საჩუქრის შერჩევის თავსატეხად ქცეული პროცესი გაგიმარტივოთ და საახალწლო საჩუქრების რეკომენდაციებით დაგეხმაროთ.
გთავაზობთ საახალწლო საჩუქრების სიას.
The Shop კონცეპტუალური მაღაზიაა, რომელიც სხვადასხვა დანიშნულების გამორჩეულ ნივთს ერთ სივრცეში აერთიანებს. თუ ორიგინალური საჩუქრის შერჩევა გსურთ, მაშინ სწორედ ამ მაღაზიას უნდა ეწვიოთ. წარმოდგენილ კოლექციაში შეგხვდებათ ეს გულსაკიდი, რომელიც სიმბოლური სამახსოვრო საჩუქარია. The Shop-ის მრავალფეროვანი კოლექციის დათვალიერება შესაძლებელია ონლაინ, მაღაზიის ინსტაგრამისა და ფეისბუქის გვერდებზე. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მაღაზიის ფიზიკური სივრცეებიც მოინახულოთ, რომლებიც სასტუმრო Stamba-ში, ასევე ყაზბეგის Rooms Hotel-სა და Rooms Hotel Kokhta-ში მდებარეობს.
ინტერიერისათვის განკუთვნილი დეტალი ყოველთვის კარგი სამახსოვრო საჩუქარია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე უნიკალური დიზაინის პოსტერებს ეხება. მათ არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ სიმბოლური დატვირთვაც აქვთ. Poster_o არის სახელოვნებო ინიციატივა, რომელიც ცნობილი ქართველი ხელოვანის, ოთარ ჯიშკარიანის შემოქმედებას პოსტერების სახით წარმოგვიდგენს. Poster_o ხელოვანის უნიკალური შემოქმედების თანამედროვე ინტერპრეტაციად იქცა. კოლექციებში ჯიშკარიანის უნიკალურ სერიაზე – ქართულ ანბანზე შექმნილ კომპოზიციებს აღმოაჩენთ. მათი შეძენა ბრენდის Facebook-ისა და Instagram-ის ოფიციალური გვერდების მეშვეობით არის შესაძლებელი.
Flying painter/„მფრინავი მღებავი“ ქართული ბრენდია, რომლის კონცეპტუალურ მაღაზიაში ორიგინალურ ტანსაცმელს და აქსესუარებს შეხვდებით. მაღაზიაში წარმოდგენილია „მებრძოლი მაისურების“ კოლექცია, რომელიც თავისი შინაარსითა და დიზაინით უნიკალურია. „მებრძოლი მაისურები“ ნიკა მაჩაიძის პროექტის, „არარსებული ანიმეს“ მერჩენდაიზია, რომელიც სწორედ „მფრინავ მღებავთან” კოლაბორაციით შეიქმნა. მაისურებზე „არარსებული ანიმეს“ პერსონაჟების პრინტია დატანილი. აღსანიშნავია, რომ ახლახან პროექტის ფარგლებში მუსიკალური ალბომის – Stochastic Device-ის პრეზენტაციაც შედგა. ალბომი შვიდ კომპოზიციას აერთიანებს და ისინი სწორედ ანიმეს პერსონაჟების მუსიკალურ თემებს წარმოადგენს. მაისურების ლიმიტირებული კოლექციის შეძენა შესაძლებელია „მფრინავი მღებავის” მაღაზიაში, რომელიც Fabrika-ში მდებარეობს.
გამორჩეული საახალწლო საჩუქრის შეძენის შესაძლებლობას გვთავაზობს სახელოვნებო გალერეა „4710“. ეს არის საახალწლო ყუთები, რომლებშიც ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრებია წარმოდგენილი. საახალწლო ყუთებს წინასაახალწლოდ სპეციალური პროექტის სახე აქვს. ამ პროექტის ფარგლებში ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ და თქვენი საჩუქრის ადრესატი სახელოვნებო ნამუშევრის მფლობელად აქციოთ. ნამუშევრის გარდა, ყუთში ასევე ნახავთ აღმოაჩენთ გალერეა 4710-ისა და ქართული კონცეპტუალური ბრენდის – Moon Rabbit Shop-ის კოლაბორაციით შექმნილ ხის სასანთლეს.
საახალწლო საჩუქრად ხელნაკეთი აქსესუარები ერთ-ერთი საუკეთესო იდეაა. One Night Stand ქართული ბრენდია, რომლის კოლექცია ორიგინალური დიზაინის სამკაულებს აერთიანებს. ერთ-ერთი მათგანია გულის ფორმის ფერადი გულსაკიდები, რომლითაც გამორჩეული სტილის მოყვარულ ადამიანებს გაახარებთ. One Night Stand-ის კოლექციაში წარმოდგენილი მოდელების დასათვალიერებლად შეგიძლიათ ბრენდის ოფიციალურ Instagram-ს ეწვიოთ.
Reckless ტანსაცმლის ქართული ბრენდია, რომელმაც ახალი თაობის ენერგეტიკა და ხასიათი ზუსტად ასახა კოლექციებში. ქართული მოდის ინდუსტრიაში გამოჩენისთანავე Reckless-მა სხვადასხვა ასაკის მომხმარებლის გული დაიპყრო და ერთ-ერთ გამორჩეულ ბრენდად იქცა. ხელმისაწვდომ მოდელებს შორის ერთ-ერთი ეს უნისექს მოსაცმელია, რომლითაც თავისუფალი სტილის მოყვარულ ადამიანს ძალიან გაახარებთ.
Le Chic Radical სამკაულის ბრენდია, რომელიც ნინა ივანოვნამ და გიორგი ვაზოვსკიმ დააარსეს. საინტერესო დასახელებით და სახასიათო დიზაინით, ბრენდმა გამოკვეთილი ადგილი დაიმკვიდრა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ. უფრო მეტიც, ბრენდის სამკაულს ატარებენ ცნობილი ადამიანები, მაგალითად, კენდალ და კაილი ჯენერები. თანამედროვე დიზაინის მოდელებს შორისაა ეს საყურე, რომელიც მინიმალისტური დიზაინის გათვალისწინებით, ნებისმიერი გარემოებისათვის შესაფერისი იმიჯის დამახასიათებელ დეტალად იქცევა.
Kitchen and Living by Gastronome
Სახლისათვის განკუთვნილი ნივთების ჩუქება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო გამოსავალია, რადგანაც ის ყველას სჭირდება. ასეთი საჩუქრების საუკეთესო არჩევანს კი Kitchen and Living by Gastronome გთავაზობთ, რომლის შოურუმში უნიკალური დიზაინის ნივთებს შეხვდებით. Kitchen and Living by Gastronome-ის კოლექცია აერთიანებს როგორც პრაქტიკული დანიშნულების ნივთებს, ასევე ინტერიერისათვის განკუთვნილ დეკორაციულ დეტალებს. ამჯერად თქვენს ყურადღებას ერთ-ერთ ყველაზე პრაქტიკულ ნივთზე გავამახვილებთ – ყავის აპარატი სწორედ შოურუმში წარმოდგენილი ერთ-ერთი ის ნივთია, რომლითაც საყვარელ ადამიანს, ოჯახის წევრს თუ თანამშრომელს ნამდვილად გაახარებთ. Kitchen and Living by Gastronome-ის შოურუმი ვაჟა-ფშაველას გამზირზე, 22 ნომერში მდებარეობს.