fbpx

საახალწლო თემატიკის ნივთები ინტერიერის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

საახალწლოდ ინტერიერის მორთვა სადღესასწაულო სამზადისის განუყოფელი ნაწილია. ამ დროს ვცდილობთ, რომ საცხოვრებელ თუ სამუშაო სივრცეებში ყველა დეტალმა საზეიმო განწყობა შეგვიქმნას. ზოგიერთი ჩვენგანი ტრადიციულ გზას ირჩევს – დგამს დიდ ნაძვის ხეს და ფერადი სათამაშოებით რთავს. Ზოგი კი  ინტერიერს საახალწლო ესთეტიკის ორიგინალური დეკორატიული ნივთებით აფორმებს. 

სტატიაში წარმოგიდგენთ დამახასიათებელი დიზაინის საახალწლო თემატურ ნივთებს, რომლებიც თავისი სიმბოლური დატვირთვით, ახალი წლის განსაკუთრებული დღესასწაულის მოლოდინს კიდევ უფრო სასიამოვნო და ამაღელვებელ გამოცდილებად აქცევს.

 

Craft Concept Store

თუ ინტერიერში ორიგინალური დეტალები გიყვართ, მაშინ წინასაახალწლო სამზადისისას Craft Concept Store-ს უნდა ესტუმროთ. ეგნატე ნინოშვილის 54 ნომერში მდებარე მაღაზიაში თემატური დიზაინის ხელნაკეთ ნივთებს შეხვდებით. საახალწლო კოლექცია აერთიანებს სუვენირებს, ტექსტილის პროდუქციას, ნაძვის ხის სათამაშოებს და არაერთ ისეთ დეტალს, რომლითაც თქვენს ინტერიერში საზეიმო ატმოსფეროს შექმნით. 

 

Ceramic Studio 1300

Ceramic Studio 1300 კერამიკისგან დამზადებული საახალწლო ნივთების დიდ არჩევანს წელსაც გვთავაზობს. საახალწლო კოლექციაც Ceramic Studio 1300-ის ჩვეულ ესთეტიკას ინარჩუნებს – პასტელური ფერების სიმრავლითა და მინიმალიზმით გამორჩეული დეტალებით თქვენი ინტერიერის ორიგინალურად გაფორმებას შეძლებთ. კოლექცია აერთიანებს სამზარეულოს ფუნქციურ აქსესუარს –  საახალწლო დეკორით მოხატულ ფინჯნებს, თეფშებს და სხვა მრავალ საყოფაცხოვრებო ნივთს. Ceramic Studio 1300-ის მაღაზია მულტიფუნქციურ სივრცე Fabrika-ში მდებარეობს.

 

The Shop 

ორიგინალური საახალწლო ინტერიერის შექმნაში ტრადიციულად დაგეხმარებათ კონცეპტუალური მაღაზია The Shop. დამახასიათებელი დიზაინის დეკორატიულ ნივთებს შორის შეხვდებით კურდღლის ფორმის რბილ სათამაშოებს, რომლებიც სიმბოლურ დატვირთვასთან ერთად, თქვენს სივრცეში სახასიათო ესთეტიკას შეიტანს. The Shop  სასტუმრო Stamba-ში, ასევე ყაზბეგის Rooms Hotel-სა და Rooms Hotel Kokhta-ში მდებარეობს. კოლექციების დათვალიერება და სასურველი ნივთის შერჩევა ასევე შესაძლებელია მაღაზიის ფეისბუქისა და ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდებზე.    

 

Mind The Shop 

კონცეპტუალური მაღაზია Mind The Shop საახალწლო  თემატიკის ლიმიტირებულ კოლექციას წარადგენს. ხელნაკეთი ნივთების კოლექციაში აღმოაჩენთ ძველებური ესთეტიკის ნაძვის ხის სათამაშოებს, რომლებიც უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული. Mind The Shop-ის ნაძვის ხის სათამაშოების კოლექცია მაღაზიის ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდებზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ. 

 

Kitchen and Living by Gastronome

ინტერიერის საახალწლოდ გასაფორმებლად განკუთვნილი ნივთების კოლექცია დაგხვდებათ Kitchen and Living by Gastronome-ის სივრცეში. მათ შორის არის ნაძვის ხის რბილი სათამაშოები, რომლებიც მინიმალისტური დიზაინითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. Kitchen and Living by Gastronome-ის შოურუმი ვაჟა-ფშაველას გამზირზე, 22 ნომერში მდებარეობს.

 

Flowers F-Lovers

ყვავილების კონცეპტუალური მაღაზია Flowers F-Lovers მომხმარებელს საახალწლოდ სხვადასხვა დანიშნულების თემატურ დეტალებს სთავაზობს. გარდა ნაძვის ხეებისა, აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ეს ულამაზესი დეკორატიული ნიღაბი, რომლითაც თქვენი ინტერიერის საახალწლო კუთხეს ორიგინალურად გააფორმებთ. Flowers F-Lovers ზაქარია ფალიაშვილის ქუჩის 27/29 ნომერში მდებარეობს. 

 

„ბამბა“                                                                                                     

ეს ქართული ბრენდი ინტერიერისათვის განკუთვნილ ტექსტილის ნაწარმს გვთავაზობს. საახალწლო დღესასწაულისათვის „ბამბა“ სპეციალურ  კოლექციას წარმოგვიდგენს. კოლექცია თემატური დეკორით გაფორმებულ, ბუნებრივი ქსოვილისაგან დამზადებულ მაგიდის სუფრებსა და სხვა აქსესუარებს აერთიანებს.  პროდუქციის შეკვეთას ბრენდის სოციალური მედიის არხების – Facebook-ისა  და Instagram-ის  მეშვეობით შეძლებთ. „ბამბას“ კოლექცია ასევე წარმოდგენილია ვაკეში მდებარე „აქსის თაუერსის“ სივრცეში. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.