fbpx

მეფე წავიდა


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

წლის ბოლოს, როდესაც ჯერ კიდევ არ განელებულა მსოფლიო ჩემპიონატით გამოწვეული საზეიმო განწყობა, ალბათ არ შევცდებით, თუკი ვიტყვით, რომ საფეხბურთო სამყარომ ყველა დროის უდიდესი დანაკლისი განიცადა, რადგან მას მეფე აღარ ჰყავს…

მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო კლებულობს იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც პელეს თამაში ცოცხლად აქვს ნანახი, ძნელია ფეხბურთის მეფის შესახებ წარსულ დროში საუბარი, რადგან ის უკვე ინსტინქტის დონეზეა ნებისმიერი თაობის და ეროვნების გულშემატკივრისთვის სპორტის ამ სახეობის უმთავრესი სიმბოლო და ძლიერების ეტალონი.

რამ განაპირობა პელეს ასეთი გამორჩევა თუნდაც იმ ვარსკვლავურ გუნდში, რომელსაც ნამდვილი ბრაზილიის ნაკრები ჰქვია? 

მომავალში ფეხბურთის მეფედ წოდებული ფეხბურთელი ჯერ კიდევ ცხრა წლის ასაკში დაჰპირდა მამას, რომ ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა და მან ეს სიტყვა უკვე 17 წლის ასაკში შეასრულა, როდესაც პირველად გამოჩნდა მოედანზე საბჭოთა კავშირის ნაკრების წინააღმდეგ ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში.

ბრაზილიელებმა ვავას დუბლის წყალობით დამაჯერებლად დაამარცხეს მეტოქე ანგარიშით 2:0. მეორე ბურთის გატანისას საგოლე გადაცემა კი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში სწორედ რომ ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტმა შეასრულა!

პირველი სანაკრებო გოლი პელემ უელსთან მეოთხედფინალურ მატჩში მიითვალა, რასაც მან ნახევარფინალში ფრანგებთან ჰეთთრიკი და ფინალში ჩემპიონატის მასპინძელ შვედეთის ნაკრების კარში შესრულებული დუბლი მოაყოლა.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატზე ბოლო ორი მატჩი ბრაზილიის ნაკრებმა ერთნაირი ანგარიშით 5:2 მოიგო და ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან პელეს შეტევაში მხარს გარინჩა, ზაგალო და ვავა უმშვენებდნენ. 

ასეთი დონის თავდასხმა კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სამომავლოდ მხოლოდ ერთხელ, თორმეტი წლის შემდეგ განმეორდა…

პელეს ბრაზილიაში ყველა ბავშვი ჰბაძავდა და ცდილობდა მისგან იმ აურაცხელი ფინტების გადაღებას, რომელთა წინააღმდეგაც მცველები ბრძოლის იარაღად უხეშობას თუ იყენებდნენ.

პელეზე ნამდვილი ნადირობა მომდევნო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოცხადდა. 1962 წელს ჩილეში მან სრულყოფილად მხოლოდ სადებიუტო მატჩი ჩაატარა მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ, სადაც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ჩილეს მსოფლიო ჩემპიონატზე ჩეხოსლოვაკიის ნაკრებთან შეხვედრა კი მისთვის ისევე უკანასკნელი აღმოჩნდა, როგორც ოთხი წლის შემდეგ ინგლისში პორტუგალიელებთან ჩატარებული ჯგუფური ეტაპის ბოლო დაპირისპირება.

ამ მატჩებს შორის უზარმაზარი განსხვავება იყო, რადგან თუკი 1962 წელს პელეს გარეშე დარჩენილმა გარინჩამ და მისმა თანაგუნდელებმა ფინალში იმავე ჩეხოსლოვაკიის ნაკრების დამარცხებით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვეს, 1966 წელს, პორტუგალიელებთან მარცხის შემდეგ, პელესთან ერთად ბრაზილიის ნაკრებიც შინ გაემგზავრა.

1969 წელს, მექსიკის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი წლით ადრე კი, გუნდს ახალი მწვრთნელი ჟოაო სალდანია ჩაუდგა სათავეში, რომელსაც არ სურდა წინამორბედ ფეოლას „შეცდომების“ გამეორება, უპირველეს ყოვლისა ინგლისში უკვე გადაბერებული გარინჩას წაყვანას რომ უკავშირდებოდა. 

წინა საჩემპიონატო „წმენდაში“ თვით პელეც შეიძლებოდა რომ მოხვედრილიყო, მაგრამ, საბედნიეროდ, სალდანიას ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტზე 1958 და 1962 წლების ტურნირებზე პელეს თანაგუნდელი მარიო ზაგალო დანიშნეს, რამაც მსოფლიო საფეხბურთო მატიანე არსებული სახით შეგვინარჩუნა…

პელე და ზაგალო

პელემ ბრწყინვალედ ჩაატარა 1970 წლის ჩემპიონატი და ამ ტურნირს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი რომ უკავია, ამაში უმთავრესი როლი სწორედ მან შეასრულა.

მექსიკის ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებმა ექვსივე მატჩი მოიგო და ამ დაპირისპირებებში იმდენად აჯობა თითოეულ მოწინააღმდეგეს, რომ საფეხბურთო სამყაროში ბევრი გულშემატკივრისთვის დღემდე დამკვიდრებულია აზრი ბრაზილიური ფეხბურთის უზენაესობის შესახებ.

სინამდვილე კი ალბათ ისაა, რომ ბრაზილიის ნაკრებში სწორედ პელეს წასვლის შემდეგ დაიწყო მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, ენით აღუწერელი სილამაზის თანდათანობითი დაკნინება, რამაც ამ უკანასკნელ ხანს გუნდში ყველაზე ძლიერ რგოლად მეკარე წარმოაჩინა. 

პელეს დროს კი ასე ნამდვილად არ ყოფილა და ბრაზილიურ ფეხბურთში ისეთი შეხედულებაც კი არსებობდა, რომ თითქოს მეკარე მეორეხარისხოვანია, რადგან ბრაზილიის ნაკრებს ყოველთვის გააჩნია იმის ძალა, რომ მეტოქეზე ერთი ბურთით მეტი გაიტანოს.

ასეთმა მიდგომამ ფიასკო ესპანეთის 1982 წლის ტურნირზე განიცადა, როდესაც მექსიკის ჩემპიონატის ფინალში პელეს და მის თანაგუნდელ ბრაზილიელთაგან ანგარიშით 4:1 განადგურებულმა იტალიის ნაკრებმა ზიკოს, სოკრატესის და მათ თანაგუნდელთაგან შემდგარ ნაკრებზე ერთი გოლით მეტი გაიტანა და სამშობლოში გაამგზავრა იგი…

როგორც ვხედავთ, მომდევნო ათწლეულებში მრავალი უმაღლესი დონის ვარსკვლავის გამოჩენის და ნიკეს თასის დაუფლების შემდეგ პლანეტის უძლიერესი გუნდის ტიტულის კიდევ ორჯერ მოპოვების მიუხედავად, პელეს პერიოდის  ბრაზილიის ნაკრები დღემდე რჩება ამ ქვეყნის ყველაზე სახელოვან გუნდად, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე აბსოლუტურად ყველა პლეიოფის მატჩი ფინალებიანად, ძირითად დროში აქვს მოგებული!

ბრაზილია 1970

პელე ფეხბურთის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატის სამ გზის გამარჯვებული ერთადერთი ფეხბურთელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მას არასოდეს მოუგია სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი.

1959 წელს ბრაზილიის ნაკრებმა ამ ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო პელემ კი საუკეთესო მოთამაშის და რვა გოლით საუკეთესო ბომბარდირის ტიტული დაიმსახურა.

საბოლოოდ პელემ თავისი დაახლოებით ოცწლიანი კარიერის განმავლობაში 1000-ზე მეტი ბურთი გაიტანა და ბუნებრივია, რომ მათი უმრავლესობა იმ კლუბის სახელს უკავშირდება, სადაც ლეგენდარულმა ფეხბურთელმა საუკეთესო წლები გაატარა.

პელეს დებიუტი „სანტოსში“ 1956 წლის 7 სექტემბერს „კორინთიანს დე სანტო ანდრეს“ წინააღმდეგ მატჩში შედგა. 

მომავალი ფეხბურთის მეფე მაშინ სულ რაღაც 15 წლის იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ანგარიშით 7:1 მოგებულ შეხვედრაში მან თავისი პირველი გოლის გატანა შეძლო.

პელემ „სანტოსში“ 19 დაუვიწყარი სეზონი ჩაატარა, სადაც ექვსჯერ მოიგო ბრაზილიის სერია A-ს და ათჯერ პაულისტას გათამაშების ტიტული. 

ამავე პერიოდში „სანტოსმა“ ორჯერ მოიპოვა საკონტინენტთაშორისო თასი, ერთხელ სუპერთასი და ორჯერ გაიმარჯვა „კოპა ლიბერტადორესის“ ტურნირში.

საკვირველია, მაგრამ ფეხბურთის მეფეს არასოდეს უთამაშია ევროპულ კლუბში. საფეხბურთო კარიერა კი მან 1977 წელს ნიუ-იორკის „კოსმოსში“ დაასრულა, სადაც სამი წლის მანძილზე ორი ტიტული მოიპოვა.

1970 წლის მექსიკის ჩემპიონატის ფინალიდან დაუვიწყარი ფოტო

პელეს საოცარი კარიერის გვირგვინი კი მისი უკანასკნელი სანაკრებო ტურნირია მექსიკაში, რადგან იქ მოპოვებული ნიკეს თასის გარეშე საეჭვოა, რომ ბრაზილიის ნაკრების მეათე ნომრისათვის ფეხბურთის მეფის ტიტული მიენიჭებინათ. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.