fbpx

2022 წლის საუკეთესო ქართული სიმღერები ერმონიას დასაკრავი სიიდან


გააზიარე სტატია

ავტორი: ლაშა გაბუნია

 

2022 წელი ძალიან კარგი წელია ქართული თანამედროვე მუსიკისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელივით წლეულს  ბევრი ახალი შემსრულებელი არ აღმომიჩენია, ის საინტერესო იყო სხვა მნიშვნელობით. ამ 2022-ის დასაწყისში მოიხსნა პანდემიური შეზღუდვები, ამიტომ ბევრმა მუსიკოსმა საკუთარი ნამუშევრების წარმოსაჩენად კლუბებს, ბარებს და რესტორნებს მიაშურა. თანაც, შეზღუდვები დასავლეთშიც მოიხსნა და ქართველი შემსრულებლების ნაწილმა სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალურ წრეებსა და მსმენელზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, უცხოელი მსმენელი უფრო მეტად დაინტერესდა განსაკუთრებით ქართულენოვანი მუსიკით და ჩვენი მუსიკოსების ნამუშევრები ძალიან თბილად მიიღო. 

შარშანდლის მსგავსად, ახლაც შევეცდები, 2022 წლის ჩემთვის გამორჩეული სიმღერები ჩამოვთვალო, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ შემსრულებლების გარდა სხვები არ მომეწონა. უბრალოდ, ყველას ვერ დავასახელებ. ამისთვის ძალიან ვრცელი სტატიის დაწერა მომიწევს. „იუტუბზე“ მაქვს ქართული კომპოზიციების დახურული დასაკრავი სია, რომელსაც დროთა განმავლობაში ვამატებ ხოლმე სიმღერებს. ახლა ამ გრძელი სიიდან 15 შემსრულებელს ცალკე გამოვარჩევ, ზოგს უბრალოდ ჩამოვთვლი და თქვენც გაგიზიარებთ. 

სიმღერების თანმიმდევრობას და ნუმერაციას მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ!

 

გიორგი ერგემლიძე – Losty

გიორგი ერგემლიძე, მგონი, ერთადერთი ქართველი მუსიკოსია, რომელიც დღეისათვის ჩემს საყვარელ სტილებში – სინთვეივსა და რეტროვეივში მუშაობს და 1980-იანი წლების მუსიკალურ ესთეტიკას ძალიან ხარისხიანად აცოცხლებს. მიუხედავად იმისა, რომ სუბიექტურად მომწონს ეს ყველაფერი და ზოგადად გიორგის შემოქმედებაც, ობიექტურადაც წუნს ვერ მოუძებნით. შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი იმ ქართველ მუსიკოსებს შორისაა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა და იქ წარმატების მიღწევა. ამაზე მის ოფიციალურ „იუტუბ“-არხზე ვიდეოების ნახვების რაოდენობაც მეტყველებს.

 

ადამიანი∞სამყარო – ვაგრძელებ გზას

„ადამიანი∞სამყარო“ ბელგიაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსის, დაჩი ხასაიას ერთი კაცის პროექტია. დაჩიმ წელს გამოსცა ალბომი „კოსმოსი“, რომელიც 8 ბილიკისგან შედგება. ალბომი ძალიან კარგი გამოვიდა და ამ სიმღერებს შორის ავარჩიე „ვაგრძელებ გზას“. ეს სიმღერა უფრო ინდის, პოსტ-პანკს, ლოუ-ფაის შეგვიძლია მივაკუთვნოთ. ძალიან მომწონს, როცა რიტმი ბრაგუნა ბას-გიტარას მიჰყავს. ისიც მომეწონა, რომ მთელი სიმღერის განმავლობაში ველოდი მისამღერს, რომელიც ამ ბილიკს საერთოდ არა აქვს. „კოსმოსი“ კი უწონადობაში მოსასმენი ალბომია, უფრო სწორედ, ისეთი ალბომია, რომელსაც უწონადობაში გაჰყავხარ.

 

Tinatin (თინათინ წერეთელი) – Schnee 

გერმანიაში მცხოვრები ქართველ მუსიკოსს თინათინ წერეთელს at.ge-ს მკითხველი უკვე იცნობს ამ სტატიიდან. თინათინი არა მარტო მომღერალია, არამედ სიმღერების ავტორიცაა და ამ მხრივ, შეგვიძლია მოვიხსენიოთ, როგორც ავტორ-შემსრულებელი. იგი უმეტესწილად პოპ-მუსიკაში სოულისა და ჯაზის შერწყმით მუშაობს. თინათინი 10 წლის ასაკიდან გერმანიაში ცხოვრობს… ამ ყველაფერს სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ. თინათინი ქართულადაც მღერის, თუმცა წლევანდელ მის სიმღერებს შორის გერმანული Schnee, ანუ „თოვლი“ მინდა გამოვარჩიო, რომელიც მუსიკოსმა კონტრაბასისტ ერვე იანთან ერთად ჩაიწერა.

 

მელქო – გელი, მოგელი

მელქომ, იგივე დავით მანჩხაშვილმა წელს 10-ზე მეტი აუდიო-ბილიკი გამოაქვეყნა. მათი მოსმენა მის „იუტუბის“ არხზე შეგიძლიათ. განსაკუთრებით მომეწონა რამდენიმე სიმღერა: „ერთი ღამეც“, „სტიქია“, „მეყვავილე“ და „დილა მშვიდობისა“. იგი მოგზაურობს სხვადასხვა სტილი: პოსტ-პანკიდან დაწყებული ჰიპ-ჰოპით დასრულებული. წელს განსაკუთრებით მინდა გამოვყო მელქოს სიმღერა „გელი მოგელი“, რომლის ჩაწერაშიც მონაწილეობა მელქოს ძმამ, ბეთხომ, იგივე ირაკლი მანჩხაშვილმა მიიღო. ესაა მელქოს ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა, რომელიც მელოდიზმითა და ქართული ხასიათითაა გამორჩეული.

 

იზმირი – რადიუმი

ჯგუფი „იზმირი“ 2022 წელს ქუთაისში ჩამოყალიბდა. მისი დამაარსებელია გოგა ჟორჟოლიანი, რომელიც, ამავე დროს, გიტარისტიცაა. გიორგი დიდბარიძე მომღერალია, საბა აზნარაშვილი უკრავს ბასზე, ხოლო ფარნა კუპალაძე – დრამზე. ჯგუფი ასრულებს პოსტ-პანკის, დარქ-ვეივისა და გოტიკის ნაზავს. წელს მათ ალბომი ჩაწერეს, რომელსაც „დაღამებიდან დილამდე“ ეწოდება. მთელ ნამუშევარს და ამ სიმღერას თან გასდევს ის პირქუში ატმოსფერო, რაც ამ ტიპის ჯგუფებისთვისაა დამახასიათებელი. პლუს, ამას დაუმატეთ ოდნავ აგრესიული ვოკალი, თითქოს აშლილი გიტარების ხმაც და მიიღებთ „იზმირის“ ესთეტიკას. 

 

აქცია – მე არ მაქვს აივანი

ვისაც მოგწონდათ ჯგუფი „ვოდკა ვტრაიომ“ და მისი ლიდერი ლევან მანაგაძე, იგივე კეშა, აუცილებლად მოგეწონებათ მისი ახალი ჯგუფი „აქცია“. ისევე როგორც „ვოდკა ვტრაიომ“, „აქციაც“ პანკ-როკის საუკეთესო ტრადიციებში ასრულებს თავის მუსიკას. შინაარსი პროტესტული, აგრესიული, ნიჰილისტური და აუცილებლად ადამიანურია. „მე არავის არ ვჭირდები, და არავინ დამეძებს, ჩუმად ვზივარ ვაკვირდები, ჩემს უკვალო ნაბიჯებს“ – ეს სიტყვებია ამ ბილიკიდან. კეშას ეს ახალი ჯგუფიც თავის სტილში საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ სიმღერის ჩართვამდე კი გაფრთხილებთ: იგი შეიცავს უცენზურო სიტყვებს.

 

Riha – Turn Celestial Lights On (Feat. Sandro Qlibadze)

რიჰა, იგივე რატი ონიანი თბილისელი ჟურნალისტი, ბას-გიტარისტი და კომპოზიტორია, რომელმაც წელს ორი ძალიან კარგი ინსტრუმენტული ალბომი ჩაიწერა. „რიჰა“ სვანური სიტყვაა და აისს, განთიადს ნიშნავს, ხოლო ჰინდუს ენაზე გათავისუფლებულს. ეს ბილიკი შედის რიჰას ალბომში Glance Into My Visions. ამ ძალიან კარგ ნამუშევარში შეხვდებით, როგორც ექსპერიმენტულ, ასევე ავანგარდულ, ემბიენტურ, მეტალ, ფსიქოდელიურ ნაწარმოებებს. მთელი ალბომი არის რატი ონიანის კოლაბორაცია სხვადასხვა მუსიკოსებთან. აღნიშნულ კომპოზიციაში კი რიჰა სანდრო ქლიბაძესთან ერთად უკრავს.  

 

თამო ნასიძე – Emil Aus Berlin

თამო ნასიძე ქართველი ელექტრონული მუსიკოსი და კომპოზიტორია, რომელიც გერმანიის ქალაქ ლიუბეკში ცხოვრობს. ეს ნაწარმოები „ემილი ბერლინიდან“ მისი ექსპერიმენტული ნამუშევარია და იგი შესულია CES-ის ახალ ორმაგ ალბომში Sleepers, Poets, Scientists (მე-2 ნაწილი). ეს ნაწარმოები კი თითქოს გერმანიაში მცხოვრები ქართველის სიზმარია, რომელშიც ბერლინელი ემილი ქართული დოლის რიტმზე ცეკვავს და ჩურჩულებს. Sleepers, Poets, Scientists-ში თამოს კიდევ ერთი კომპოზიცია Gute Nacht მომეწონა ძალიან, რომელიც უფრო თანამედროვე კლასიკას განეკუთვნება. უკარგესია ასევე მისი „მთიებისა“ და Cosmic Love. 

 

ერეკლე დეისაძე & ჯერონიმო – ეს ვის

ესაა ძალიან კარგი ჰიპ-ჰოპ ბილიკი, რომელიც ორმა ქუთაისელმა მუსიკოსმა – ერეკლე დეისაძემ და ჯერონიმომ ერთად შეასრულეს. ეს არ არის ამ მუსიკოსების პირველი კოლაბორაცია. ჯერონიმოსთან ერთად ნამღერი „ინდუსტრიის ქარო“ ერეკლე დეისაძემ თავის დღეისათვის ბოლო ალბომში „ამ ენით ამენ“ შეიტანა. „ეს ვინ“ მძლავრი დრაივის რეპია, რომელიც თითქოს გახსენებაა მე-20 საუკუნის ქუთაისური პოეტური თუ ალტერნატიული მედია და მუსიკალური მოძრაობების: „მაფია გვშია მერე ჩახეული ყელით, გიჟთან ვინც გიჟია, ის ყვირის პირველი, ყანწები ცისფერი ივსება, ვანგრიეთ კედელი ბიჭებმა“…

 

ონისე – მომენდე

ონისემ, ანუ ონისე ფუტკარაძემ წელს რამდენიმე ძალიან კარგი სიმღერა გამოაქვეყნა. ონისეს მუსიკა სტილისტურად ავტორ-შემსრულებლებს შეგვიძლია მივაკუთვნოთ, რომლებიც ყოველთვის გამოირჩევიან ინდივიდუალიზმით. მისი სიმღერების უმეტესობა მელოდიურია. ვინც არ იცის, ონისე ქართულ სცენაზე 2000-იანების შუაში გამოჩნდა. ონისეს მუსიკა შეიცავს როგორც მეინსტრიმ, ასევე ანდერგრაუნდის მახასიათებლებს. ადრე მასზე დავწერე და ახლაც შემიძლია გავიმეორო, რომ ონისე ფუტკარაძე ბოლო წლების საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მელოდისტია. ეს სიმღერაც ამის დასტურია.

 

ირაკლი ხურცილავა & „ღამე“ – ნისლის საყვირი

ირაკლი ხურცილავა 2000-იანი წლების თბილისური ძირითადად რუსულენოვანი პანკ-როკ და პოსტ-პანკ ჯგუფის „კაირმორხენის“ უცვლელი წევრი და მისი ერთ-ერთი დამაარსებელია. ეს სიმღერა კი „კაირმორხენის“ მიღმა პროექტთან „ღამე“ ერთად ჩაწერილი ქართული სიმღერაა. აქ ირაკლი ხურცილავა ავტორ-შემსრულებლად გვევლინება. კომპოზიცია „ნისლის საყვირი“ იწყება, როგორც რომანტიკული საგიტარო ბალადა, შემდეგ კი კარგ გემრიელ როკად გარდაიქმნება. ამ აუდიო ბილიკის ტექსტი კი პოეტური და ძალიან ლირიკულია. შარშან კი ირაკლიმ „ღამესთან“ ერთად საპროტესტო სიმღერა „მურა“ ჩაწერა.

 

SKAZZ – მემორიალი

შარშან ქუთაისში ჩამოყალიბებული ამ პოსტ-პანკ ჯგუფის ახალი ალბომის ფოკუსში ქუთაისში დანგრეული დიდების მემორიალი მოხვდა და ალბომსაც მისი სახელი ეწოდა. ეს მემორიალი 1981 წელს გაიხსნა და 2009 წელს იმავე ადგილას პარლამენტის აშენების მიზნით ააფეთქეს, რასაც დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ალბომიდან იმავე სახელწოდების სიმღერა ავარჩიე. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერას და საერთოდ ალბომს საპროტესტო მუხტი აქვს, მისი რიტმული ქსოვილი უფრო საცეკვაოა. ჯგუფს ძალიან ბევრი მსმენელი ჰყავს საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც.

 

Betkho – In Motion We Are Born

ბეთხო, იგივე ირაკლი მანჩხაშვილი ის ქართველი მუსიკოსი და კომპოზიტორია, რომლის შემოქმედებიდანაც სიმშვიდე, ჰარმონია და მელოდია იფრქვევა. ჩემი აზრით, ბეთხო საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო ატმოსფერულ და ემბიენტ მუსიკას წერს და არა მარტო ელექტრონულად. მისი ნაწარმოებების ნაწილი, აკუსტიკური ემბიენტია, რომლის ჩასაწერადაც ირაკლი ციფრულის მაგივრად ანალოგურ საშუალებებს, მაგალითად, კასეტებიან მაგნიტოფონს იყენებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ უფრო იშვიათობაა. ეს ყველაფერი კი ჯამში განუმეორებელ ელფერს აძლევს მის მუსიკას, რომელიც მეტად სასიამოვნო მოსასმენია. 

 

Afternoon Version – Unfortunately Dizzy 

1990-იან წლებში ჩამოყალიბებული ამ თბილისური ჯგუფის ახალი მინიონი Unfortunately Dizzy 5 კომპოზიციისგან შედგება. პირველივე კომპოზიციის ჩართვისთანავე იგრძნობა Afternoon Version-ის სპეციფიკური ხელწერა – მსუბუქი, მელოდიური, საცეკვაო და პოზიტიურად ენერგიული. დადებითი და შიგადაშიგ იუმორნარევი განწყობა მთელ ალბომს თან გასდევს. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად ალბომი ძალიან „გემრიელია“, განსაკუთრებით მე-2 კომპოზიცია მომეწონა, რომელსაც მინიონის სახელწოდება Unfortunately Dizzy ჰქვია. სიმღერის ატმოსფერო გაჟღენთილია მეტად მიმზიდველი ბგერებით, კლავიშებისა და გიტარის ორიგინალური მუსიკალური ფრაზებით და შესანიშნავი რიტმით.

 

ვაქო – დაღლილი თაობა

ვაქოს, იგივე ვახტანგ ქანთარიას მუსიკა წელსაც მოხვდა ჩემს ფლეილისტში. მან წელს ორი შესანიშნავი ალბომი Land Of Kartvelians და Live In Sokhumi გამოაქვეყნა. ჩემი აზრით, ვაქო ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალი მუსიკოსია, რომელმაც კარგად იცის მუსიკის ავან-ჩავანი. მას შეუძლია სხვა ქვეყანაში შექმნილი მუსიკა აქაურობას კარგად მოარგოს და მას ახალი ენერგია, თუ დრაივი მისცეს. სწორედ ამიტომაცაა მისი შემოქმედება ასე მაგნიტივით რომ იზიდავს მსმენელს არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. „დაღლილი თაობა“ მისი სინგლად გამოსული სიმღერაა. მოუსმინეთ და აუცილებლად ყური დაუგდეთ ტექსტსაც.

 

ამათ გარდა, წელს კიდევ შემდეგი სიმღერები მომეწონა: Psicokex-ის Trip&nophobia Fm41.5′, მებოს, ბეთხოს და ანსამბლ „იალონის“ Stoit Gora Visoka, Circus Mircus-ის Realizo, ანუშკა ჩხეიძის Give Me Age, გურამ ცაგარეიშვილის „გზაჯვარედინზე“, ლევან სიდიანის In My Head, LOUDspeakers-ის Hell On The Earth, ლელა ნაყეურისა და „ჩვენებურების“ „სამშვილდე“, ჩიჩოს Beetles, Bedford Falls-ის Habla Buddha, „მონაჭორის“ „ველი შველას“, 4D Monster Lobsters-ის Radio 2002, „თამადას“ „შარა“, ბაჩო ჯიქიძის „სიმღერა ოლიგარქზე“, Lua-ს Walking On The Beat, Hymera-ს Believing In Nothing, ნათია თოდუას „მაგნოლია“, Underskyz-ის „ტექნომაგია“ (Kung Fu Junkie “Sci Fi” Remix), „წერილის“ „გამოანათე“, „დაგდაგანის“ „შევარდნაძის მაისური“, Giorgi Marr (feat. TAMARA)-ის Donny, მურმან წულაძის Darling, გაგა ფრანის „მარტი მოვიდა“, ნატალია ნაყოფიას „ცისფერი აბი“, სტეფანეს „გაიღიმე“ და  „გერჩის“ „სიზმარი“

რამდენიმე საინტერესო ალბომიც მინდა გაგიზიაროთ: ანრი ხაჩიურის Eternity, ანნა მარია დოფერანოს Loud Silence, Faeywa-ს Bloolust, Foxkids-ის PES, „გერჩის“ „იარები“ და Sleepers, Poets, Scientists vol.2. ამათგან პირველი ოთხი ნამუშევარი უფრო lo-fi ესთეტიკაა, რაც ფაქტობრივად ახლა იკიდებს ფეხს საქართველოში და მივესალმები. 

 

უკლებლივ ყველა ქართველ მუსიკოსს ბედნიერ შობას, ნაყოფიერ და წარმატებულ 2023 წელს ვუსურვებ! 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.