fbpx

პროექტი “იანვარი, თებერვალი, მარტი” ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე საქართველოს წარადგენს


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი

 

ვენეციის არქიტექტურის მე-18 ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი პროექტის გამარჯვებული ა(ა)იპ თბილისის არქიტექტურის ბიენალეს პროექტი “იანვარი, თებერვალი, მარტი” დასახელდა, რომლის ავტორებიც თბილისის არქიტექტურის ბიენალეს დამაარსებლები გიორგი შუკაკიძე, თინათინ გურგენიძე და ოთო ნემსაძე არიან. საავტორო ჯგუფის წევრები კი: გიორგი ვარდიაშვილი, ალექსი სოსელია, სტეფანო ტორნიერი, ლადო ყანდაშვილი, გიორგი ქართველიშვილი, ელენე ფასური, ტატო კოტეტიშვილი.

პროექტის იდეა სრულად ეხმიანება ბიენალეს კურატორის, ლესლი ლოკოს კონცეფციასა და  მთავარ თემას –  „მომავლის ლაბორატორია“. პროექტი გამარჯვებულად გამოცხადდა ფარული კენჭისყრის შედეგად საკონკურსო კომისიის ხმათა უმრავლესობით. კონკურსში 17 პროექტი იყო დარეგისტრირებული. არქიტექტურის ბიენალე ვენეციაში 2023 წლის 20 მაისს გაიხსნება და 26 ნოემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს ეროვნულ პავილიონში ასევე მოეწყობა სახელოვნებო რეზიდენცია, სადაც ექვსი თვის განმავლობაში მონაწილეობას შეძლებენ 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც კონკურსის გზით გამოვლინდებიან.

 

თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2017 წელს დაარსდა და ორ წელიწადში ერთხელ კრიტიკული თემების ირგვლივ  გამოფენებს, ინსტალაციებს, ვორქშოფებს, სიმპოზიუმებს და სხვა აქტივობებს ახორციელებს. თბილისის არქიტექტურის ბიენალე ჩამოყალიბდა როგორც პლატფორმა, სადაც მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროფესიონალი ერთიანდება. 2022 წელს ბიენალეს  მე-3 გამოფენა  დროებითობის თემას ურბანულ და სოციალურ ჭრილში განიხილავდა. 

“იანვარი, თებერვალი, მარტი” დროის დინებისა და ენერგიის ურთიერთმიმართებას იკვლევს. თვითნაბადი სიცოცხლის – ენერგიის, მისი ათვისების, განაწილებისა და შენარჩუნების ადამიანურ მეთოდებს – ენერგიის პოლიტიკას; ამ პოლიტიკის დროებითობასა თუ მუდმივობის საერთო ისტორიულ რეალობაში. მკვდარი და ცოცხალი ბუნების ვიზუალური და სტრუქტურული დაპირისპირებით, ინსტალაცია ხელოვნურად სახეცვლილ დასახლებაზე მოგვითხრობს. 

1985 წლისთვის დუშეთის რაიონში, ალევის, გუდამაყრისა და ქართლის ქედებს შორის ჰიდროელექტროსადგურის პირველი აგრეგატი ამუშავდა. 11,5 კვ.მ  ფართობის ჰიდროელექტროსადგურს ელექტროენერგიის გამომუშავებასა და თბილისის წყალმომარაგებაში დღემდე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, თუმცა მისი განვითარება/ამუშავების შედეგად სოფელი ჟინვალი მთლიანად დაიტბორა და მოსახლეობისაგან დაიცალა, მდინარე არაგვის ეკოსისტემა კი ამ მიდამოებში აღარ არსებობს. დღეს ტერიტორიაზე მოხვედრისას, ჩვენ უსასრულო შავ შლამზე მივსეირნობთ, სადაც ალაგ-ალაგ უძველესი ნარჩენები, ხისა თუ ქვების მუტირებული ნიმუშები და არტეფაქტები გხვდება. წლის ქვეშ მოექცა ენეოლითური ხანის ნამოსახლარებიც. 

კულტურულ ძეგლებს შორის ერთ-ერთი –  XII საუკუნეში აშენებული ჯვარიპატიოსნის ტაძარი – წელიწადის რამდენიმე თვის განმავლობაში წყლითაა დაფარული დანარჩენ დროს კი წყლისგან თავისუფლდება. გარდა კლიმატური ცვლილებებისა, ეს მთლიანი არეალი ცენტრალური წყალმოხმარების მიხედვით ივსება და იცლება – განსაკუთრებით იანვარში, თებერვალსა და მარტში, როდესაც ქალაქი მეტ წყალს იყენებს.

პროექტი სიმბოლურად ფოკუსირება წყალსაცავებზე, მათ გაჩენაზე და მათი ზეგავლენით გამოწვეულ ეკოლოგიურ ურბანულ და დემოგრაფიულ ცვლილებებზე თანმდევი კლიმატური ცვლილებებისა და სწრაფი პოლიტიკური გარდაქმნების ხანაში. რამდენად დროებითია ადამიანის ჩარევა ბუნებრივ გარემოში? შეიძლება თუ არა განვიხილოთ წყალი, როგორც დროებითი წესრიგის განმსაზღვრელი? რა ტიპის გადინებაზე გვაქვს საუბარი, როდესაც შრომითი ენერგიის, მოსახლეობის, ლანდშაფტისა და დროის გადინებას ვგულისხმობთ? რა ჯდება ამ წესრიგის დარღვევა და ახლის შექმნა? რამდენად შეიძლება ადამიანის სივრცულ-პოლიტიკურმა განვითარებამ ბუნებისა და საზოგადოების ცვლილება გამოიწვიოს და პირიქით? რა არის ის ფიზიკური თუ იდეური ფორმები, რომლებიც რჩება და ჩამოშლას იწყებს ამ გარდაქმნებთან ერთად? რამდენად მუდმივია ბუნებრივი ქმნილებები, მათი სიცოცხლის მანიშნებელი არტეფაქტები, მეხსიერება და ისტორია? რამხელა კვალს ტოვებს ასეთი ადგილების არსებითი განსაზღვრა? გლობალური და ადგილობრივი კონტექსტების გათვალისწინებით, როგორია  მათი მომავალი?

ნამუშევარი ძირითადი კვლევის პროცესში ნაპოვნი არტეფაქტებითაა ნაკარნახები. მისი მცდელობა ადგილის მეხსიერების პრიმიტიული არქეტიპების მეშვეობით რეკონსტრუქციაა – ქალაქი, ქუჩა, სახლი, ეკლესია… დამშრალი მდინარეების გარშემო ჩამოყალიბებული მკვდარი და ცოცხალი ლანდშაფტების თანაკვეთა ნამუშევრის მეშვეობით მეტაფორულად უკავშირდება დალექილი შლამის მასალისგან ფორმირებულ, ჩაძირული ბაზილიკის აბსტრაქტულ ფორმას.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.