fbpx

საახალწლო ფეხბურთი სრული სვლით


გააზიარე სტატია

 

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ წამყვან ევროპულ ჩემპიონატთაგან ყველაზე სწრაფად ინგლისის პრემიერლიგის გათამაშება განახლდა, რომლის ტრადიციულ „ბოქსინგ დეის“ ვადებზეც კატარის ტურნირს გავლენა არ მოუხდენია.

დაპირისპირებები კი მართლაც რომ უაღრესად შთამბეჭდავი გამოდგა და ამის მიზეზად ალბათ იმ გუნდების საუცხოო ფიზიკური მომზადება იქცა, რომელთაგან არაერთ ფეხბურთელს დასვენება მოუწია მსოფლიო ჩემპიონატის გამო და ოპტიმალური პირობები შეექმნა „ბოქსინგ დეის“ თამაშების მაღალ დონეზე ჩასატარებლად.

ერთ-ერთი ასეთი გუნდია „ბრენტფორდი“, რომელიც, რაოდენ გასაკვირადაც  უნდა გვეჩვენოს, უკანასკნელად 21 ოქტომბერს დამარცხდა და მას შემდეგ ექვს წაუგებელ მატჩიანი სერია აქვს გამოცხადებული.

თანაც, თუკი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე პრემიერლიგის ბოლო შეხვედრაში მან გასვლაზე თვით „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა, „ბოქსინგ დეის“ ბოლო მატჩში უკვე „ლივერპულს“ მოუგო. 

ერთ სეზონში პეპ გვარდიოლას და იურგენ კლოპის გუნდების დამარცხება კი პრემიერლიგის წამყვანი კლუბებისთვისაც კი უჩვეულოა.

„ბრენტფორდს“ წლეულს „მანჩესტერ იუნაიტედი“ ანგარიშით 4:0 ჰყავს განადგურებული, მთლიანობაში კი სულ რაღაც ექვსი თამაში აქვს მოგებული. როგორც ვხედავთ, საკმაოდ უცნაური სტატისტიკაა…

საყოველთაო სიმპათიას იმსახურებენ „ფულემი“ და „ბრაიტონი“, რომელთაც 18 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში შესაბამისად,  მე-7 და მე-8 ადგილები უკავიათ.

„ფულემმა“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად „ბოქსინგ დეის“ სამივე მატჩი მოიგო. პრემიერლიგის დებიუტანტისთვის კი ასეთი შედეგი უდიდესი წარმატების ტოლფასია.

როგორ გამოიყურებოდნენ ლიდერები საახალწლო დღეებში? 

„არსენალმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ თანაბრად ორ-ორი შეხვედრა მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დაასრულეს და აქედან გამომდინარე თასის თამაშებით გამოწვეული  ერთკვირიანი შესვენების წინ „მეთოფეებმა“ სატურნირო ცხრილში უმთავრეს მდევართან ხუთქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს. 

ბოლო ტურში ორი ცენტრალური მატჩი შედგა, რომლებშიც მაყურებელმა ჯამში ერთადერთი გოლი იხილა. 

„ნიუკასლმა“ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია „არსენალს“ და გასვლაზე 0:0-ს მიაღწია ლიდერთან შეხვედრაში, ხოლო „მანჩესტერ სიტიმ“ მაჰრეზის ერთადერთი გოლის წყალობით მოახერხა „სტემფორდ ბრიჯზე“ „ჩელსისთან“ სამი ქულის მოპოვება.

ჯეკ გრილოშისთვის „ბოქსინგ დეიზე“ უკვე ტრადიციად იქცა საგოლე გადაცემების განხორციელება, რადგან მაჰრეზამდე მან „ლიდს იუნაიტედთან“ შეხვედრაში ერლინგ ჰალანდს ორჯერ გაატანინა გოლი.

„ნიუკასლის“ წლევანდელმა ასპარეზობამ უკვე ცხადყო, რომ ამ კლუბის ფინანსურად მოძლიერების შემდეგ პრემიერლიგაში წლების განმავლობაში არსებული „დიდი ექვსეული“ უკვე “შვიდეულად” იქცა. თუმცა, 18 ტურის შემდეგ მის მიღმა და თანაც მე-10 ადგილზე, „ჩელსის“ ვხედავთ. 

ლონდონური კლუბი ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობის მიუხედავად, აშკარა კრიზისს განიცდის, რაც მწვრთნელის ფაქტორიდანაც შეიძლება გამომდინარეობდეს.

გავიხსენოთ, რომ „ჩელსის“ ხელმძღვანელობა აღფრთოვანებული დარჩა „ბრაიტონის“ წლევანდელი ასპარეზობით და მისი მწვრთნელი გრემ პოტერი მიმდინარე სეზონზე,  სექტემბრის ბოლოს გადაიბირა.

ამ უკანასკნელმა კი კლუბის საქმეები დღემდე ვერ მოაგვარა, რის გაკეთებაშიც ახალ მწვრთნელს ხელი მსოფლიო ჩემპიონატმაც შეუშალა, რადგან იქიდან დაბრუნებულმა ფეხბურთელებმა ჯერჯერობით ვერ მოასწრეს ოპტიმალური სათამაშო ფორმის აღდგენა.

მსოფლიო ჩემპიონატმა უარყოფითად „მანჩესტერ სიტის“ და „ლივერპულის“ თამაშის ხარისხზეც იმოქმედა, მაგრამ მათ ორ-ორი მატჩის მოგება მაინც შეძლეს, „ჩელსიმ“ კი „ბოქსინგ დეის“ დღეებში მხოლოდ ერთხელ გაახარა გულშემატკივრები.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე სეზონში მარტო ერლინგ ჰალანდის ანგარიშზეა 21 გოლი, როდესაც „ჩელსის“ მთლიანობაში სულ რაღაც 20 ბურთი აქვს გატანილი მეტოქეთა კარში და ამ მაჩვენებლით იგი მხოლოდ შვიდ გუნდს უსწრებს. 

ინგლისის წამყვანი გუნდების მსგავსად, კრიზისი ლიონელ მესის გარეშე მოასპარეზე „პარი სენ-ჟერმენსაც“ შეეხო. 

ნეიმარის გაძევების გამო ათკაციანი შემადგენლობით დარჩენილმა საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერმა მატჩის დამატებულ წუთზე მბაპეს წაქცევისთვის დანიშნული საეჭვო პენალტის წყალობით მაინც შეძლო „სტრასბურგის“ დამარცხება, მაგრამ ბოლო შეხვედრა მან ანგარიშით 1:3 დათმო უშუალო მდევარ „ლანსთან“, რომელსაც სატურნირო ცხრილში, 17 ტურის შემდეგ, ოთხი ქულით უსწრებს.  

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო კი იტალიის სერია A-ში „ნაპოლის“ გამოსვლაა, რომლის შემადგენლობაშიც უკვე მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაშიც კი მოუთმენლად ველოდით ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდგომ დაბრუნებას.

„ინტერთან“ გასვლითი მატჩი მოლოდინისამებრ უაღრესად დაძაბული გამოდგა და სამწუხაროდ, „ნაპოლისთვის“ მიმდინარე სეზონში პირველი მარცხით დასრულდა.

ხვიჩას მატჩის დებიუტშივე რამდენიმეჯერ აშკარად უხეშად ეთამაშნენ. დაკვირვებულ თვალს ისიც არ გამორჩებოდა, რომ ამის ჩამდენი იტალიის ნაკრების მოთამაშეები დარმიანი და ბარელა იყვნენ. ასეთი ქმედებით ისინი ეტყობა, ეცადნენ, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის თამაშის ჟინი ჩაეკლათ.

საინტერესოა, რომ თანამემამულეებს არბიტრიც აჰყვა და ორჯერ ასეთი განზრახ უხეშობა „ინტერის“ ფეხბურთელისთვის ყვითელი ბარათის ჩვენების ნაცვლად, მან საერთოდ უყურადღებოდ დატოვა.

„ინტერთან“ დაპირისპირება ალბათ საუკეთესო ნიშანია იმისა, თუ რა ბრძოლები გადახდება აწი თავს „ნაპოლის“ სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციის შესანარჩუნებლად და „სკუდეტოსთვის“ ნამდვილი პაექრობა ახლა რომ იწყება.

მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩას 75-ე წუთზე დაატოვებინა მინდორი. არადა შეხვედრის მიწურულს, როდესაც „ნაპოლის“ სწორედ ქართველი ფეხბურთელის სათამაშო პოზიციიდან შეექმნა გოლის გატანის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა, მისი მოედანზე ყოფნის შემთხვევაში მატჩი შეიძლებოდა ფრედ დასრულებულიყო… 

„ნაპოლის“ წაგებით „ინტერთან“ ერთად „მილანმა“ და „იუვენტუსმაც“ ისარგებლეს, რომელთაც გასვლით შეხვედრებში შესაბამისად, „სალერნიტანა“ და „კრემონეზე“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.

ამიტომ ლუჩანო სპალეტის გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა გასვლით მატჩს „სამპდორიასთან“ იმის გათვალისწინებითაც, რომ მომდევნო ტურში იგი „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.

„ბებერი ქალბატონი“ აღარ ხუმრობს, რადგან „კრემონეზეს“ შემდეგ მან ანალოგიური ანგარიშით 1:0 უკვე „უდინეზე“ დაამარცხა, რაც იმის ნიშანია, რომ გუნდს ზედიზედ რვა თამაში აქვს მოგებული და თანაც მშრალი ანგარიშით!

„სამპდორიას“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 80-90-იანი წლების ერთ-ერთი თვალსაჩინო იტალიელი ფეხბურთელის და ევრო 2020-ზე „სკუადრა აძურას“ მწვრთნელ რობერტო მანჩინის თანაშემწე – ჯანლუკა ვიალის გარდაცვალებას დაემთხვა.

ვიალის კი „იუვენტუსში“ გატარებულ ოთხ სეზონამდე რვა წელიწადი სწორედ „სამპდორიაში“ ჰქონდა ნათამაშევი, რაც ამჟამად გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდს  დამატებით სტიმულს ანიჭებდა გათამაშების ლიდერთან მოსაგებად. 

მიუხედავად ამისა, „ნაპოლიმ“ შესანიშნავად იასპარეზა, ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა მეტოქე და სატურნირო ცხრილში „მილანთან“ და „იუვენტუსთან“ შვიდი ქულის უპირატესობა შეინარჩუნა, რამაც ხვიჩა კვარაცხელიას და მისი თანაგუნდელების „სკუდეტოსკენ“ რეალურ სწრაფვაზე კიდევ ერთხელ მიგვანიშნა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.