fbpx

ტკბობა შიშის ობიექტით – ენდი უორჰოლის შემოქმედება, ანუ სატირული კომედია სიკვდილზე


გააზიარე სტატია

ავტორი: სალომე ერისთავი

 

დასავლური ფილოსოფიური აზროვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, არისტოტელე პოეზიის თეორიისათვის მიძღვნილ ნაშრომში – პოეტიკა – მოგვითხრობს ადამიანის დამოკიდებულებაზე შიშის ობიექტის მიმართ. იგი განასხვავებს დამოკიდებულებათა ორ სახეს: პირველი, ეს არის სიძულვილისა და ზიზღის გრძნობა შიშის ობიექტისადმი, ხოლო მეორე, ესთეტიკური ტკბობის განცდა შიშის ობიექტით. არისტოტელეს მიხედვით, ადამიანი სიამოვნებას განიცდის ისეთ ობიექტზე ფიქრისას, რომელიც დანახვისას სძულს და შიშით თვალს არიდებს. მას მაგალითად მოჰყავს გარდაცვლილ ადამიანთა ცხედრები, რომელთა დანახვაც შემზარავია, თუმცა, სწორედ ამ საშინელი სურათების გონებაში მრავალჯერადი განმეორებითა და წარმოდგენით, ადამიანი განიცდის უცნაურ ტკბობასა და სიამოვნებას.

ძველი ბერძენი ფილოსოფოსის ეს მოსაზრება შესაძლებელია მივუსადაგოთ მხატვრულ ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებას, სადაც ხშირად შიშის ობიექტი, კერძოდ კი სიკვდილი, გატარებულია ესთეტიკური ტკბობის პრიზმაში. მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურში არაერთი მაგალითი მოიპოვება „ხელოვანისა და სიკვდილის ურთიერთობის“ შესახებ. თითოეული შემოქმედი განსხვავებული იდეითა და ფორმით წარმოადგენს საკუთარ დამოკიდებულებას აღნიშნული თემისადმი. მათ შორისაა ამერიკული პოპ-არტის წარმომადგენელი ენდი უორჰოლიც. მის ნამუშევრებში, რომლებიც კონსიუმერული კულტურის ტრიუმფის ფარდითაა შეფარული, იკითხება მწარე განცდა ეფემერულობასა და სიკვდილის შესახებ. 

დღეის უორჰოლის შემოქმედების შესახებ უამრავი მოსაზრება არსებობს, რომელთაგან მეტად საყურადღებოა “მემენტო მორისა“ (“memento mori” – ლათ. „გახსოვდეს, რომ სიკვდილი გელის“) და „ვანიტას“ (“vanitas” – ლათ. „ამაოება“) იდეებზე დაფუძნებული მხატვრის ნამუშევართა ანალიზი. აღნიშნული თემები უორჰოლის ნამუშევრებში, განსაკუთრებით თავს 1960-იან წლებიდან იჩენს – იმ დროიდან, როდესაც იგი შემოქმედებითი კარიერის მწვერვალს აღწევს. როგორც ცნობილია, ამ პერიოდში მხატვარი ქმნის ცნობილი ადამიანების პორტრეტების სერიას, რომელთაგან გამორჩეულია: მერლინის დიპტიქი; ოქროს მერლინ მონრო (ორივე შეიქმნა 1962 წელს – მერლინ მონროს გარდაცვალების შემდეგ); ჯეკი კენედის ექვსი პორტრეტი (1963 წელი – შექმნილია ჟაკლინ კენედის ქმრის, პრეზიდენტ ჯონ კენედის გარდაცვალების შემდეგ) და ლიზი (შეიქმნა 1963 წელს, როდესაც ენდიმ შეიტყო ელიზაბეთ ტეილორის ავადმყოფობის შესახებ). 

ჩამოთვლილ ოთხ ჰოლივუდურ პორტრეტში, რომლებსაც ხშირად ბიზანტიურ ხატებს ადარებენ, ნათლად იკითხება იდეა დიდებისა და სიკვდილის კვეთის შესახებ. უორჰოლმა ერთხელ განაცხადა, რომ „სიკვდილს ნამდვილად შეუძლია ვარსკვლავად აქციოს ადამიანი“. მისი ეს ფრაზა, ფაქტობრივად, გასაღებს წარმოადგენს ამოცანის ამოსახსნელად: მხატვარმა მოკვდაობის პრობლემის გადაჭრის იდეას მიაგნო და შესანიშნავად გამოიყენა კიდეც საკუთარ ხელოვნებაში. ახალ დროში, სადაც რელიგიამ თანდათან დაკარგა თავისი დანიშნულება, საჭირო გახდა სხვა საშუალების მოძებნა სიკვდილის შესაკავებლად.

ასეთი საშუალება ფოტოგრაფია აღმოჩნდა, უორჰოლის შემთხვევაში კი, ვარსკვლავის, თანამედროვე პოპულარული „ხატის“ ფოტოსურათი, რომელიც ტრაფარეტული ბეჭდვის ტექნიკით ათას ეგზემპლარადაა გამოცემული და შემდეგ ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნილი. ამგვარი ხერხი ბევრად უფრო მყარ გარანტიას აძლევდა საზოგადოებას, უკვდაების პრობლემის გადაწყვეტისთვის. თუმცა, აქ ვაწყდებით მეტად საინტერესო ფაქტს, რომლის განხილვას ერთი კონკრეტული მაგალითის წარმოდგენა გაგვიადვილებდა: მერლინ მონრო, თანამედროვე პოპ-კულტურის ყველაზე დიდი ვარსკვლავი, ყველგან არის გამოსახული, მაგრამ რეალური ცხოვრებიდან გამქრალია. 

მას ვხედავთ ფილმებში, წიგნებში, პლაკატებზე, კედლებზე და მისი ყოველი მომდევნო ხილვა ფარავს მისი ფიზიკური არყოფნის ფაქტს. ენდი უორჰოლი თავისი „ჰოლივუდური ხატებით“ დასცინის ეფემერულობაზე გალაშქრების იდეას (რადგანაც იცის, რომ ეს ამაოა) და ამავდროულად, შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო. ვინაიდან მისი დაცინვის ხერხი, შეიძლება ითქვას, კოდირებულია. შემოქმედის ირონიული დამოკიდებულება ასახვის საგნისადმი იგრძნობა უორჰოლიანური იკონოგრაფიით შესრულებულ თითოეულ პორტრეტში, რომლებიც ფარულად ღაღადებენ სიცოცხლის წარმავალობის შესახებ და ამით ერთგვარად უპირისპირდებიან აღმოსავლურ ქრისტიანულ ხატებს, რომლებსაც ასე ხშირად ადარებენ მათ. 

1963 წელს ენდი უორჰოლი, პორტრეტების შექმნის პარალელურად, მუშაობას იწყებს სერიაზე Death and Disasters (სიკვდილი და კატასტროფები), რომელიც მოიცავს ავტო- და ავიაკატასტროფების, რასობრივი ბუნტის, სუიციდის, ე.წ. თუნაფიშის კატასტროფის და ელექტროსავარძლის თემებზე შექმნილ ნამუშევრებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანი პირდაპირ ეხება შემზარავ მოვლენებსა და ფაქტებს, ის კომპოზიციების შექმნისას, იყენებს იგივე ტექნიკასა და კოლორიტს, რომელთა საშუალებითაც შექმნა ზემოთ აღნიშნული პორტრეტები. ჩვენ ვუყურებთ ადამიანის თვითმკვლელობის სცენას და გვიკვირს, რატომ გამოიყენა მხატვარმა იასამნისფერი ასეთი საშინელი ფაქტის გადმოსაცემად. 

კითხვაზე პასუხის გასაცემად, საინტერესოა უორჰოლის 1963 წლის ინტერვიუს გახსენება, ახალგაზრდა ხელოვნებათმცოდნე ჯინ სვენსონთან. ინტერვიუერის კითხვაზე, თუ როდის დაიწყო სერიების შექმნა სიკვდილზე, ენდი უპასუხებს: ეს იყო დიდი ავიაკატასტროფის სურათი ჟურნალის მთავარ ყდაზე, სათაურით „129 გარდაცვლილი“. სწორედ ამ პერიოდში ვმუშაობდი „მერლინებზეც“. მე გავაცნობიერე, რომ  ყველაფერი რაც უნდა მეკეთებინა, ეს უნდა ყოფილიყო სიკვდილის შესახებ. იქნება შობის თუ შრომის დღე, დღესასწაული თუ ჩვეულებრივი დღე, რადიოში ყოველ წუთს გესმის, დაახლოებით ამგვარი  განცხადებები – „ოთხი მილიონი ადამიანი აპირებს სიკვდილს“. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი“. 

ინტერვიუდან მოყვანილი ნაწყვეტის მიხედვით, ნათლად იკვეთება ხელოვანის დამოკიდებულება და სათქმელი აღნიშნულ ნიმუშებთან დაკავშირებით. სერიებით – Death and Disasters, უორჰოლმა გვიჩვენა თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისადმი საკუთარი დამოკიდებულება, რომელიც თავისთავად წარმოადგენს სასტიკ დაცინვას იმ მსოფლიოზე, სადაც სიკვდილი მედიის მიერ პროპაგანდულ, ტრივიალურ მოვლენად იქცა.

უორჰოლის მიერ „სიკვდილის გამოკვლევა“ ხელოვნების მეშვეობით მხოლოდ ზემოთ ხსენებული ნამუშევრებით არ შემოიფარგლა. წლების მატებასთან ერთად, მხატვარი უფრო და უფრო ინტერესდება აღნიშნული თემით, რასაც ხელი შეუწყო 1968 წელს მასზე განხორციელებულმა თავდასხმამაც. 

სწორედ ამ პერიოდიდან მხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებით თავს იჩენს, ზემოთ აღნიშნული „მემენტო მორისა“ და „ვანიტას“ იდეებით შთაგონებული ფერწერული ნამუშევრები. იგი იწყებს ფერწერული სერიების შექმნას, სადაც მრავალჯერ იმეორებს თავის ქალის გამოსახულებას. ნამუშევრებში, Death and Disasters სერიის მსგავსად, ერთმანეთთან სატირულ კონტრასტში მოდის აკრილის მჟღერი, ფერადი კოლორიტით შესრულებული ნახატი და თვით ნახატის იდეა – სიკვდილი. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში, მხატვარი სიკვდილისა და წარმავალობის შესახებ მოგვითხრობს, არა რომელიმე გარდაცვლილი პოპ-ვარსკვლავის პორტრეტის, არამედ სრულიად უპიროვნო, ინდივიდუალურობას მოკლებული ადამიანის ჩონჩხის ნაწილის საშუალებით. ამ მხრივ თავის ქალა ერთგვარ უნივერსალურობას ფლობს: მისი საშუალებით, ჩვენ არ შეგვიძლია პიროვნების სახის ნაკვთების ამოცნობა, თვალის, კანის ან თმის ფერის გაგება. შესაბამისად, გამოსახული ობიექტი ერთდროულად წარმოადგენს ყველას და არავის. 

მან  „სიკვდილის გამრავლებით“ (თავის ქალის რამდენჯერმე განმეორებით) ერთდროულად გააძლიერა და შეასუსტა კიდეც გამოსახულების ძალა: ერთი მხრივ, ხშირი განმეორებით სიკვდილისადმი შიშის გრძნობა გააძლიერა. მეორე მხრივ კი, თავის ქალის მრავალჯერადი წარმოდგენით, სიკვდილის იდეას აზრი დაუკარგა. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, ხელოვანმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:  „როდესაც შენ უყურებ საზარელ სურათს ისევ და ისევ, მას ნამდვილად აღარ აქვს არანაირი ეფექტი შენზე“ (1963). სწორედ ამ მიზნით იგი ხშირად ამეორებს კატასტროფების, თვითმკვლელობების და თვით სიკვდილის სიმბოლოს გამოსახულებებს. უორჰოლის ამოცანა, რომელიც სიკვდილთან შერიგებას და იმავდროულად, მის დავიწყებას ისახავს მიზნად, განმეორებაში მდგომარეობს. 

განმეორებით იგი იღებდა და ურიგდებოდა ჟამის წარმავალობას. ეს იდეა შესაძლებელია დავუკავშიროთ მხატვრის ერთ-ერთ ცნობილ გამონათქვამს: „მე არ მსურს არსებითად იგივე. მე მსურს ზუსტად იგივე, რადგანაც რაც უფრო ხშირად უყურებ ერთსა და იმავეს, მით უფრო მეტად კარგავს ის მნიშვნელობას, შესაბამისად, შენც უფრო კარგად და ცარიელად გრძნობ თავს“. უორჰოლის პირად ცხოვრებაში განვითარებული განმეორების ეს იდეა ნათლადაა არეკლილი მის შემოქმედებაშიც. ხელოვანი ნამუშევრებში ტრავმული სცენების ხშირი განმეორებით, არა მხოლოდ აღადგენდა, არამედ აწარმოებდა მათ. „პოპ-კულტურის კოდებით“ საზოგადოებას უბიძგებდა ტრავმის რეალური აღქმისაკენ. ხოლო რეალურად აღქმული ტრავმა კი, სხვა არაფერია, თუ არა ეფემერულობის მწარე გემოს განცდა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.