fbpx

ოქროს გლობუსი 2023 – მე-80 დაჯილდოების გამარჯვებულები


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

11 იანვარს ოქროს გლობუსის  მე-80 ცერემონია ჩატარდა. ათწლეულების განმავლობაში ოქროს გლობუსს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დაჯილდოების სეზონში. წლევანდელი საღამოს მთავარი თემა განახლება იყო, რომელიც წარსული ცერემონიებისგან განსხვავებით მეტ ინკლუზიას გულისხმობდა. შარშანდელი ოსკარისგან განსხვავებით, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია არც პოლიტიკურ მოვლენებთან გამოხმაურებას მოერიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვით ის მტკივნეული რეალობა შეგვახსენა, რომელშიც უკრაინა იმყოფება. 

წლევანდელი ოქროს გლობუსის გამარჯვებულების სია ასე გამოიყურება: 

 

საუკეთესო მხატვრული ფილმი და მხატვრული ფილმის საუკეთესო რეჟისორი

50 წელზე მეტია, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტივენ სპილბერგმა კინომოყვარულთა გონება და წარმოსახვა დაიპყრო. „ფაბელმენებით“ (The Fabelmans) რეჟისორი კინომაგიის ფესვებს გამოგონილი ებრაელი ოჯახის მეშვეობით უბრუნდება, რომელიც თავად სპილბერგის ცხოვრებით არის შთაგონებული. ფილმი კინოსადმი მისი ინტერესის დასაწყისს და კინორეჟისურისკენ პირველ ნაბიჯებს ასახავს, რომელშიც კინოს მიმართ რეჟისორის დამოკიდებულებას და მის გავლენას ვხედავთ როგორც მასზე, ასევე  ადამიანების ცხოვრებაზე. თუკი არსებობს არტისტი, რომელსაც აქვს უფლება შექმნას ხელოვნება იმის შესახებ, თუ როგორ შეუყვარდა თავისი ხელობა, ეს ნამდვილად სტივენ სპილბერგია. 

 

საუკეთესო მხატვრული ფილმი – კომედია ან მიუზიკლი, კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – კომედია ან მიუზიკლი  და მხატვრული ფილმის საუკეთესო სცენარი

მარტინ მაკდონაჰი ყოველთვის იდეალურ ბალანსს პოულობს კომედიასა და ტრაგედიას შორის, მაგალითად, მისი წინა ფილმი, „სამი ბილბორდი მისურიში“. საინტერესოა, რომ რეჟისორის პერსონაჟებს ტრადიციული გმირული სულისკვეთება არ ახასიათებთ, ისინი თითქმის ყოველთვის კომპლექსურობით გამოირჩევიან. „ინიშირის ბანშების“ (The Banshees of Inisherin) პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა, სადაც მას 10-წუთიანი აპლოდისმენტები მოჰყვა. ფილმის სიუჟეტი ირლანდიაში, სამოქალაქო ომის დროს ვითარდება და ის ორი მეგობრის მოულოდნელი შეტაკების შესახებ მოგვითხრობს. ირლანდიის დამოუკიდებლობის ომმა, საბოლოოდ, ირლანდიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადება გამოიწვია, რომელიც მაინც დარჩა ბრიტანეთის თანამეგობრობის ფარგლებში.

ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოების აზრი გაყო – ზოგი ემხრობოდა მას, ზოგს კი სრული სეპარაცია სურდა. თუკი ამ ელემენტს ავიღებთ ფილმის კონტექსტში, ორი მეგობრის ურთიერთობა თითქოს ერის შინაგან კონფლიქტს გამოხატავს. ფილმმა სამ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის კაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის (კოლინ ფარელი). 

 

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში  – დრამა 

„ტარი“ (Tar) ტოდ ფილდის ფსიქოლოგიური დრამაა, რომელიც გამოგონილი კომპოზიტორის და დირიჟორის, ლინდა ტარის შესახებ მოგვითხრობს. ფილმში მთავარ როლს კეიტ ბლანშეტი ასრულებს, რომელიც ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლისთვის გახდა გამარჯვებული. ეს მსახიობის მეოთხე ოქროს გლობუსია. 

 

კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – დრამა 

„ელვისი“ (Elvis) წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმია, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე შედგა. რეჟისორი ბაზ ლურმანი, რომელიც ვიზუალური და გრანდიოზული თეატრალურობით გამოირჩევა, როკ-ენ-როლის მეფის შესახებ ბიოგრაფიულ დრამას იდეალურად მოერგო. ფილმი ყველაფერია, რასაც საზოგადოება პომპეზური რეჟისორისგან ელოდა, თუმცა კრიტიკოსების მოსაზრებით, მას კომპლექსურობა აკლია, რასაც ვერ ვიტყვით ოსტინ ბატლერის  პერფორმანსზე, რომელიც დამსახურებულად გახდა ტრიუმფატორი კაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში. 

 

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – კომედია ან მიუზიკლი 

მსახიობი მიშელ იოუ გახდა ფილმისთვის „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ (Everything Everywhere All at Once). ფილმი ჩინელი ემიგრანტის ეპიკური თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც საკუთარი თავის სხვადასხვა ვერსია პარალელურ სამყაროში უნდა დააკავშიროს, რათა შეაჩეროს ის, ვინც მულტივერსისთვის ზიანის მიყენებას აპირებს. ამავე ფილმში კაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის ოქროს გლობუსი კე ჰიუ კვონის გადაეცა, ხოლო ქალის – ანჯელა ბესეტს  ფილმში „შავი პანთერა: ვაკანდა სამუდამოდ“ (Black Panther: Wakanda Forever) შესრულებული როლისთვის. 

 

საუკეთესო ანიმაცია

ამ ნომინაციაში  „გილერმო დელ ტოროს პინოქიომ“ (Guillermo del Toro’s Pinocchio) გაიმარჯვა. შესაძლოა სიკვდილი და ფაშიზმი ერთი შეხედვით საბავშვო ანიმაციისთვის შეუფერებელი თემებია, თუმცა მექსიკელმა რეჟისორმა მისი კინემატოგრაფიული უნარებით, კარლო კოლოდის მარადიული ზღაპარი მუსოლინის ეპოქის მომაკვდინებელი კონტროლისა და მამობის იგავად აქცია.

 

საუკეთესო სატელევიზიო სერიალი – დრამა

საღამოს ერთ-ერთი მთავარი პრიზი –  საუკეთესო სატელევიზიო სერიალი – დრამა HBO-ს უახლეს ჰიტს და „სამეფო კარის თამაშების“ პრიქველს, „დრაკონის სახლს“ (House of the Dragon) ერგო, რომელიც წინამორბედის მსგავსად, კომპლექსური სცენარით და პერსონაჟებით, გრანდიოზული ვიზუალური ეფექტებითა და  სამსახიობო პერფორმანსებით გამოირჩევა. 

 

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში

ზენდაიამ პირველი ოქროს გლობუსი მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში. მსახიობის პერსონაჟი „ეიფორიაში“ (Euphoria) ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას ებრძვის. საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში კევინ კონსტნერმა გაიმარჯვა – სერიალისთვის „იელოუსტოუნი“ (Yellowstone). 

 

საუკეთესო კომედიურ ან მუსიკალურ სერიალად „ებოტი ელემენტარი“ (Abbott Elementary) დასახელდა. სიტკომი ფილადელფიის საჯარო სკოლაში თავდადებული მასწავლებლების ჯგუფის შესახებ მოგვითხრობს. სატელევიზიო შოუს შემქმნელს და მთავარი როლის შემსრულებელს ქუინტა ბრანსონს  ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი მუსიკალურ ან კომედიურ სერიალში გადაეცა ჯილდო. 

ამავე ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი კაცი ჯერემი ალენ უაითი გახდა, რომლის პერფორმანსიც სერიალ „დათვში“ (The Bear) წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. 

არავის გაჰკვირვებია „თეთრი ლოტუსის“ (The White Lotus) საუკეთესო მინისერიალი, ანთოლოგიური სერიალი ან სატელევიზიო მხატვრული ფილმის ნომინაციაში გამარჯვება. პირველი სეზონის წარმატების შემდეგ, სერიალი ტრიუმფალური მეორე სეზონით დაბრუნდა. მოქმედება ამჯერად იტალიაში, კერძოდ, სიცილიაში ვითარდება, რომლის მთავარი კონცეფციებიც სექსი, ღალატი და იმედია. მინისერიალში შესრულებული ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის ოქროს გლობუსი ჯენიფერ კულიჯმა მიიღო. 

წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი Netflix-ის ბიოგრაფიული დრამა „დამერია“ (Dahmer — Monster: The Jeffrey Dahmer Story), რომელიც ცნობილი სერიული მკვლელის, ჯეფრი დამერის ცხოვრებას ასახავს. ტიტულიანი როლის შემსრულებელმა, ევან პიტერსმა საუკეთესო მსახიობი კაცი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში ნომინაციაში გაიმარჯვა. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.