fbpx

ბენ უილერი და ხეობის ხმები – მულტიმედიური გამოფენა ფოტოგრაფიის მუზეუმში


გააზიარე სტატია

ავტორი: თინა ლაღიძე

 

“ხეობის ხმები” თბილისის ფოტოფესტივალის სარეზიდენციო  პროგრამაა და ამავდროულად პროექტ Magic Carpet -ის ნაწილია, რომელიც, თავისმხრივ, ევროკავშირის დაფინანსებით თექვსმეტ ორგანიზაციას აერთიანებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. Magic Carpet-ის მიზანი ხელოვანების მოგზაურობა და მათი მასპინძელი ქვეყნის ხალხთან დაკავშირებაა, ადგილობრივი კულტურის გაცნობა, ახალი გამოცდილების და იმპულსების მიღებაა, რაც, საბოლოოდ ერთიან გამოცდილებად, თანამშრომლობად – ადგილობრივი ხალხისგან შთაგონებულ თუ მათთან ერთად შექმნილ ნამუშევრებად გადაიქცევა. 

“ხეობის ხმები” მიზნად ისახავს პანკისის ხეობის შესახებ ინფორმაციის დანარჩენ საქართველოში გავრცელებას, რაც, იმედი გვაქვს, ხელს შეუწყობს სტერეოტიპების მსხვრევასა და ხეობის კულტურისა თუ ხალხის უფრო ახლოს გაცნობას. 

პირველი წლის განმავლობაში, სამი არტისტი: ბენ უილერი (ა.შ.შ.)  დიანა ტამანე (ლატვია, ესტონეთი) და თამარ კალანდაძე ( საქართველო) თითქმის სამი კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ სოფელ დუისსა და ჯოყოლოში, ეცნობოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, ცხოვრების წესს, ყოველდღიურობას და სხვადასხვა მედიუმში, მათთვის საინტერესო თემებზე მუშაობდნენ.

ჩემთვის, როგორც კურატორისთვის, მნიშვნელოვანი იყო როგორც საკუთარ, ასევე არტისტების სამუშაო პროცესზე დაკვირვება, ხეობის დანახვა მათი გადმოსახედიდან. 

მიუხედავად რამდენიმეთვიანი მუშაობისა, მაქვს შეგრძნება, რომ პანკისის აღმოჩენას მხოლოდ ახლა ვიწყებ. 

პროგრამის დასაწყისში, რეზიდენციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბენ უილერმა ისტორია მომიყვა თავის ქართველ მეგობარზე, რომელიც პანკისში პირველად მიყავდა. თელავიდან ნახევარი საათის მგზავრობის შემდეგ, როცა ბენმა მანქანა გააჩერა და თქვა მოვედითო, მისი ქართველი მეგობარი გაოცებული დარჩა, რადგან ეგონა, რომ პანკისი ბევრად შორს იყო.  ეს ისტორია ხშირად მახსენდება.. მეც ასე მეგონა. ალბათ ბევრ ადამიანს გონია ასე. იმედი მაქვს, ჩვენი პროექტი ოდნავ მაინც შეამცირებს ამ წარმოსახვით დისტანციას. 

სარეზიდენციო პროგრამის კურატორი –  ანა გაბელაია

ბენ უილერი ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგი და მკვლევარია, ის ვაშინგტონიდან საქართველოში პირველად ათი წლის წინ ჩამოვიდა და ცხრა წლის განმავლობაში პანკისში, ადგილობრივ ფოლკლორულ მუსიკას იკვლევს. მან პანკისი როგორც უძველესი ტრადიციული კულტურის მქონე რეგიონი შეიცნო და აქაური უნიკალური ჰანგებით სრულიად მოიხიბლა. რეზიდენციის ფარგლებში, ბენი თითქმის სამი კვირა სოფელ ჯოყოლოში ცხოვრობდა, ხეობის ხმებს და იქაურობისთვის დამახასითებელ კულტურულ ნიშნებს იკვლევდა, სინთეზურ მუსიკას ქმნიდა, მაღალი ხარისხით იწერდა,  და ამ გზით პანკისის ჟღერადობას დოკუმენტირებას უწევდა.  

 

ბენ უილერი:

“დიდი ხანია რაც ფოლკლორს მთელი კავკასიის მასშტაბით ვიკვლევ. პანკისში სრულიად განსხვავებულ ჟღერადობას წავაწყდი. საოცარია ის მელოდიები რომლებსაც ადგილობრივი შემსრულებლები წლების განმავლობაში ინახავენ და დღესაც მღერიან. მე ამ მელოდიებს მაღალი ხარისხით ვიწერ და ჩანაწერების მეშვეობით ვცდილობ ფოლკლორის და ადამიანების ისტორიას გავყვე. 

ქისტური ფოლკლორი აბსოლუტურად უნიკალურია, ის აერთიანებს ქართულ ტრადიციულ ფოლკლორს ჩეჩნურთან და კიდევ სხვა ჩრდილოეთ კავკასიურ ფოლკლორებთან, ეს ერთობლიობა ქმნის აბსოლუტურად განსხვავებულ ჟღერადობას, რომელიც მხოლოდ ამ რეგიონისთვის არის დამახასიათბელი, ამიტომაც მოითხოვს შენახვას და მოფრთხილებას.  ეს მუსიკა უნიკალურია არა მარტო  საქართველოსთვის და მთლიანად კავკასიისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩემი აზრით მას სათანდოდ კარგად არ იცნობენ რეგიონის გარეთ, არც საქართველოში და არც მსოფლიოს მასშტაბით, მას არ აქვს  სათანადო აღიარება და მოფრთხილება. ის თითქოს მიუვალია, რაღაცნაირად შუაშია ქართულსა და სხვა დანარჩენ ფოლკლორებს შორის.

ცხრა წლის განმავლობაში  ვთანამშრომლობ ანსამბლ “პანკისთან”, ვმეგრობ ანსამბლის  ხელმძღვანელის – ბელა მუთოშვილის ოჯახთან. რეზიდენციის ფარგლებში, ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ ანსამბლის ევოლუციაზე დაკვირვება, თანამშრომლობა მის ახალგაზრდა წევრებთან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობენ, სწავლობენ და ახალი გამოცდილებით პანკისში ბრუნდებიან, ვითარდებიან, ეს პროცესები ძალიან საინტერესოა.  მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს არ გაუქრეთ ინტერესი მუსიკისადმი და ზრდასრულ ასაკში არ დაანებონ თავი ამ საქმიანობას, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. მუსიკას აქ არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან, მხოლოდ მცირე რეგიონალურ დახმარებას იღებენ. მაგალითად, ბელა ორ სკოლაში სახელმწიფო პროგრამით და განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელოთი ასწავლის მუსიკას, ეს მეთოდი მოითხოვს ფორტეპიანოზე დაკვრის ცოდნას, მაგრამ არცერთ სკოლაში არ არის ინსტრუმენტი, ეს იგივეა, ბავშვებს ფეხბურთი ბურთის გარეშე რომ ასწავლო . ვფიქრობ, სარეზიდენციო პროგრამა დაეხმარება ცნობიერების ამაღლებას ამ საკითხთან დაკავშირებით და პიანინოს შესაძენად ფინანსების მოძიებასაც ხელს შუწყობს.  

 აგრეთვე რეზიდენციის ფარგლებში ვცდილობ, რომ მუსიკოსები სხვა რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ აქ და ანსამბლ “პანკისთან” ერთად ახალი მელოდიები შექმნან, მინდა ამ გზით ახალგაზრდებს ინტერესი გავუღვივო და მსოფლიოს მათი შემოქმედება გავაცნო. ვფიქრობ, ქისტური კულტურა დიდი მონაპოვარია, მას საქართველო და მთელი მსოფლიო უნდა მოუფრთხილდეს”.

 

პანკისის ანსამბლი: ბელა მუთოშვილი; ლინდა გუნაშაშვილი; ლანა გუნაშაშვილი; მარიამ ბაღაკაშვილი; მაქა გაურგაშვილი. ჩაწერა და გამოუშვა: ბენ უილერი, ბულატ ხალილოვი; ტიმურ კოძოკოვი; ორედ რექორდინგსი. 

“ბენი ყველას ძალიან გვიყვარს, სულ ახალგაზრდა იყო პირველად აქ რომ ჩამოვიდა, მას მერე ცხრა წელიწადია ჩვენს ლხინსა და ჭირს იზიარებს, არ მახსოვს ან ვინმეს მოკითხვა დავიწყებოდეს ან რამე გულსგარეთ გაეტარებინოს. ბენს აქვს შექმნილი მუსიკა ქისტურ, თუშურ მელოდიებზე, ჩემთან ერთად და ანსამბლ პანკისთან ერთად. ისეთი კარგი, მოულოდნელი სინთეზი გამოვიდა,  ყველას ძალიან მოგვეწონა”. – ამბობს ანსამბლ “პანკისის”  ხელმძღვანელი – ბელა მუთოშვილი, რომელიც თავად საინტერესო მუსიკოსია, იგი თუშური ფოლკლორის ნაპერწკალს და ქისტურ ჰანგებს ერთნაირად სიღრმისეულად გრძნობს და ასევე გრძნობით ასრულებს.

 გასაოცარია როგორ გვიმასპინძლა ბენ უილერმა პანკისში, როდესაც პატარა გადამღები ჯგუფით, რეზიდენციის შესახებ მასალის შესაგროვებლად, სოფელ ჯოყოლოში ჩავედით. ბენი სწორედ მაშინ გავიცანით.  სანამ საყვარელ “ნაზის საოჯახო სასტუმრო” – ში, რეზიდენციის სხვა მონაწილეებს ვესაუბრებოდით და სასტუმროს მმართველი, ლონდონელი, ბენჯაკელი ინდოელი, ბიზნესის წარმოების ბრიტანული მაღალი სტანდარტის მიხედვით, ხსნადი ყავით გვიმასპინძლდებოდა, ბენ უილერი სოფელში შინაურულად, წლისთავზე იყო გადაპატიჟებული. როდესაც ხსოვნისადმი მიძღვნილი შეკრება დამთავრდა და მამაკაცები სოფლის ცენტრში გამოვიდნენ, წვეროსანი და ქართულად მოლაპარაკე ბენ უილერი, თავიდან ვერც კი გამოვარჩიე ქისტებისგან. 

გაცნობისთანავე, მან ქალბატონი ბელას საოჯახო სასტუმროში შეგვიპატიჟა და ინტერვიუს დამთავერების შემდეგ, ნამდვილი პანკისელივით, შებინდებულზე, გზაზე ვახშმის გარეშე არ გამოგვიშვა. 

ქალბატონმა ბელამ და ბენმა დაუვიწყარი ისტორიებით და ხაჭოს ხინკლით გვიმასპინძლეს. პანკისში გატარებული ეს საღამო, მე არასდროს დამავიწყდება. 

  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.