fbpx

დიანა ტამანე – ფოტოგრაფი და პანკისის ხეობის უცხო ყვავილი


გააზიარე სტატია

ფოტო: დიანა ტამანე

ავტორი: თინა ლაღიძე

    

“ხეობის ხმები” სარეზიდენციო პროგრამაა, რომელსაც თბილისის ფოტოფესტივალი პროექტ Magic Carpet-თან ერთად პანკისის ხეობაში ახორციელებს. სამი არტისტი: დიანა ტამანე (ესტონეთი, ლატვია), ბენ უილერი (აშშ) და თამარ კალანდაძე (საქართველო) თითქმის სამი კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ სოფელ დუისში და ჯოყოლოში, ეცნობოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, მათი ცხოვრების წესს, ყოველდღიურობას და მათთვის საინტერესო თემებზე მუშაობდნენ. 

ვფიქრობ, დიანასთვის ყველაზე რთული უნდა ყოფილიყო პანკისის აღმოჩენა და კავშირების დამყარება სოფელ ჯოყოლოში, სადაც მან თითქმის სამი კვირა გაატარა. პანკისში ქართული და ჩეჩნური ენების ცოდნის გარეშე სოციალური კავშირების დამყარება რთულია. 

ახალგაზრდა თაობა ინგლისურ ენას სწავლობს და ბევრი მათგანი კარგადაც ლაპარაკობს უცხო ენაზე, მაგრამ სოფლებში არ არსებობს საზოგადოებრივი ადგილები, მითუმეტეს ქალებისთვის, სადაც ახალგაზრდები შეიკრიბებოდნენ და ადგილობრივების გაცნობა შესაძლებელი გახდებოდა.  როგორც საქართველოს უმეტეს სოფლებში, პანკისშიც არ არის:  კინო, კაფე, კლუბი, პარკი, ამიტომ ქისტური თემიც, მეტწილად, ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა, ახალგაზრდებიც და უფროსებიც სახლებში იკრიბებიან.

აქედან გამომდინარე, დიანამ დამკვირვებლის როლი აირჩია და ალაზნის გასწვრივ, სოფლის მთავარი გზით შორეული მთისკენ სიარული ყოველდღიურ თავგადასავლად აქცია.  

დიანა ტამანე:

“ჩემი პროექტი ერთგვარი დღიურია. ორ კვირაზე მეტია, აქ ვარ. ყოველდღე გამოვდივარ სახლიდან და შორეული მთისკენ მივდივარ,  მთა თითქოს თავისკენ მიხმობს. გზად ვჩერდები და რაც ვიზუალურად მიზიდავს, ვაფიქსირებ. ხშირად ჯოყოლოს სოფლის შუკებში გაცილებით მეტ ცხოველს ვხვდები, ვიდრე ადამიანს. პანკისში ადამიანის და ცხოველის ყოფა ძალიან მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან – როგორც ქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის, ჩემთვის ესეც ძალიან საინტერესო და მიმზიდველია. არც ქართული ვიცი და არც ჩეჩნური, ამიტომ გრძნობით აღვიქვამ ყველაფერს: ბუნებას, ადამიანებს, ცხოველებს.

ინგლისურად და სხვა ენებშიც პანკისი ორნაირად მოიხსენიება: Pankisi Gorge და Pankisi Valley – პანკისის ხეობა ან პანკისის ველი/დაბლობი. ჩემი განწყობიდან გამომდინარე, ხან პანკისის ხეობას ვერწყმი და ადგილს ისე აღვიქვამ, როგორც ხეობას,  ხან  კი, როდესაც 

 თავს ლაღად ვგრძნობ და სამყაროსადმი გახსნილი ვარ, ხეობა ჩემთვის გაშლილი ველი ხდება. მე და პანკისი ერთმანეთის ანარეკლებივით ვართ და მე სწორედ ჩემი აქ ყოფნის პირადი გამოცდილებიდან მინდა   შევქმნა ნამუშევარი”, – ამბობს  დიანა და ქარისგან გადახრილ ყვავილს ფოტოს უღებს. 

ვარდისფერი ზურგჩანთით და ფოტოაპარატით ხელში, პანკისის ხეობაში, ალაზნის ნაპირზე  მოფარფატე დიანა ტამანე თავად ჰგავს შორეული კლდის ნაპრალში ამოსულ უცხო ფერის ყვავილს.

დიანა ტამანეს ფოტოები, პროექტის დანარჩენ მონაწილეებთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმში, მედიათეკის სივრცეში 15 იანვრიდან.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.