fbpx

კიდევ ერთი ნაბიჯი სკუდეტოსკენ


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ზუსტად მაშინ, როდესაც უამრავ ქართულ ოჯახში ახალი წლის სადღეგრძელოს წარმოთქვამდნენ, ხვიჩა კვარაცხელიამ ნახევარბრუნში მეტოქის კარის მიმართულებით ეფექტური დარტყმა შეასრულა, მეკარე სჩესნიმ ბურთი გაჭირვებით მოიგერია, დამატებაზე კი ოსიმენმა ყველას დაასწრო და გახსნა ანგარიში იმ უმნიშვნელოვანეს მატჩში, რომელშიც ერთმანეთს „სკუდეტოს“ მაძიებელი „ნაპოლი“ და „იუვენტუსი“ უპირისპირდებოდნენ. 

პირველი გოლიდან რამდენიმე ხანში კი უკვე ოსიმენმა გადააწოდა ბურთი ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც მასპინძელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა და ამით თვით „ბებერი ქალბატონის“ მიწასთან გასწორების ნიადაგი შეამზადა.

შეხვედრის მეორე ნახევარში ხვიჩამ მომდევნო ორ გოლში გაუწია თანაშემწეობა პარტნიორებს. 

55-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა კუთხურიდან ორიგინალურად შესრულებული გადაცემით რაჰმანის გაატანინა გოლი, ხოლო ათი წუთის შემდეგ კი ოსიმენის დუბლში შეიტანა წვლილი.

ამ ჩამონათვალში მთავარი ისაა, რომ ასეთი შთამბეჭდავი სტატისტიკა ხვიჩამ იტალიის არა რომელიმე მეორეხარისხოვანი გუნდის წინააღმდეგ შეხვედრაში, არამედ თვით ტურინის „იუვენტუსთან“ მატჩში მოიპოვა და თანაც მაშინ, როდესაც მეტოქეს რვამატჩიანი მოგებების სერია ჰქონდა გამოცხადებული, გაშვებული გოლის გარეშე!

ამასთან ერთად, როგორც ჩანს, კვარაცხელია გუნდში სტანდარტული სიტუაციების საშტატო შემსრულებლადაც ჩამოყალიბდა და საქართველოს ნაკრების მსგავსად, ამის გაკეთების საშუალება აწი მას „ნაპოლიშიც“ ორივე ფლანგიდან მიეცემა.

„იუვენტუსის“ წინააღმდეგ შეხვედრაში მოპოვებული სამი ქულა და 18 ტურის შემდეგ მასთან და „ინტერთან“ ათქულიანი უპირატესობის მოპოვება კი „ნაპოლის“ მხრიდან  იტალიის ჩემპიონობაზე უკვე უაღრესად სერიოზული განაცხადის ტოლფასია.

უახლოეს მდევარ „მილანს“ „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში ცხრა ქულით უსწრებს. შარშანდელმა ჩემპიონმა ამჯერად გასვლაზე „ლეჩესთან“, ისევე როგორც წინა ტურში შინ, „რომასთან“, ფრედ 2:2 ითამაშა.

„მილანის“ წარუმატებლობათა სერია გასულ კვირას იტალიის თასიდან სენსაციური გამოვარდნით დაიწყო. 

„როსონერიმ“ საკუთარ მოედანზე 77-ე წუთიდან ათი კაცით მოთამაშე „ტორინოსთან“ მატჩის დამატებითი დროის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე გაუშვა ერთადერთი გოლი და წონასწორობის აღდგენა ვეღარ შეძლო.  

მაყურებელმა დიდი ხნის ლოდინის შემდეგ კვლავ იხილა ლეგენდარული გოლკიპერის, ჯანლუიჯი ბუფონის შესანიშნავი თამაში, რომლის „პარმაც“ მატჩის 88-ე წუთამდე „სან სიროზე“ ამარცხებდა „ინტერს“, მაგრამ ლაუტარო მარტინესის მიერ რიკოშეტით გატანილმა ბურთმა თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, რომლის მიწურულსაც თავი აჩერბიმ გამოიჩინა, გადაატარა რა ზემოდან ბურთი კარიდან წინ გამოსულ ბუფონს.

„მილანი“ და „ინტერი“ ამ კვირაში საუდის არაბეთში გაემგზავრებიან და ურთიერთობას უკვე იტალიის სუპერთასის მატჩში გაარკვევენ. ეს დაპირისპირება ბუნებრივია, რომ ისევ „ნაპოლის“ წისქვილზე დაასხამს წყალს ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე…

ესპანეთის სუპერთასს კი საუდის არაბეთმა გასულ კვირას უმასპინძლა. 

ჩვენ ინტერესს ამ ტურნირზე ამჯერად უპირველეს ყოვლისა „ვალენსიას“ გოლკიპერ გიორგი მამარდაშვილის გამოსვლა იწვევდა მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ შეხვედრაში, რომელიც თერთმეტმეტრიანების სერიაში „სამეფო კლუბის“ გამარჯვებით დასრულდა.

ქართველმა მეკარემ საუცხოო მატჩი ჩაატარა და თანაგუნდელთა შორის საუკეთესოდ სწორედ იგი დაასახელეს, რადგან რამდენიმე ეპიზოდში გიორგის თავგანწირული ნახტომი რომ არა, თამაში პენალტების სერიის ნაცვლად, მადრიდელთა სასარგებლოდ, სულ მცირე, ორბურთიანი სხვაობით დასრულდებოდა.

მამარდაშვილი მხოლოდ ლუკა მოდრიჩის მიერ შესრულებული პენალტის მოგერიებასთან იყო ახლოს, მისმა თანაგუნდელებმა კი ერთხელ ბურთი პირდაპირ კარის შუაგულში მიაწოდეს ტიბო კურტუას და ერთხელაც საერთოდ ზემოდან გადააცილეს  ხარიხას.

თერთმეტმეტრიანებს კი შემთხვევით რომ არ იგებენ, „ვალენსიას“ და „რეალის“ მსგავსად, „ბეტისს“ და „ბარსელონას“ შორის მეორე ნახევარფინალურმა დაპირისპირებამაც ცხადყო, რადგან ფავორიტს მატჩის მოსაგებად მეხუთე პენალტის  შესრულება ამ შემთხვევაშიც არ დასჭირვებია. 

როგორც ვხედავთ, ესპანეთის სუპერთასის შეხვედრების მიხედვით ერთგვარად აბსურდული დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომლის თანახმადაც თანამედროვე სათასო დაპირისპირებაში უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ძლიერმა გუნდმა შედარებით სუსტი მეტოქე თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხოს, ვიდრე მატჩის ძირითად დროში.

ფინალი კი ძალიან შორს რომ იყო პენალტების სერიიდან, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გამოჩნდა, როდესაც ლევანდოვსკიმ გავის გადაცემის შემდეგ, მეორედ დალაშქრა მადრიდის „რეალის“კარი.

იქამდე კი გავიმ სწორედ ლევანდოვსკის გადაცემის შემდეგ გახსნა ანგარიში და ამ გოლით 18 წლის ფეხბურთელმა გამოავლინა „ბარსელონას“ სრული მზადყოფნა უპირობო გამარჯვებისა, რომელიც იმავდროულად, 2022 წლის 16 ოქტომბერს ლა ლიგის გათამაშების კალენდარულ მატჩში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ანგარიშით 1:3 განცდილ მარცხზე რევანშის ნიშანი უნდა ყოფილიყო!

მატჩის მეორე ტაიმში როგორც ლევანდოვსკიმ, ისე გავიმ მიიღეს მონაწილეობა მორიგ საგოლე შეტევაში, რომელიც პედრიმ ფაქტობრივად ცარიელ კარში დარტყმით დააგვირგვინა.

მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე კი ბენზემამ პრესტიჟის გოლით სტატისტიკის მოყვარულებს გაახსენა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ აქ ნახსენები მატჩის შედეგი…

დღესდღეობით „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერია და სატურნირო ცხრილში „რეალს“ სამი ქულით უსწრებს. 

კატალონიური კლუბის და „ნაპოლის“ მსგავსად, საკუთარი ქვეყნის ჩემპიონობას ლონდონის „არსენალიც“ უმიზნებს, რომელმაც „ტოტენჰემთან“ პრინციპულ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, უახლოეს მდევარ „მანჩესტერ სიტის“ უკვე რვა ქულით გაუსწრო.

პეპ გვარდიოლას გუნდი გასულ კვირას ჯერ „საუთჰემპტონთან“ მატჩში გამოეთიშა ინგლისის ლიგის თასის ასპარეზობას, ხოლო შემდეგ კი მანჩესტერული დერბი დათმო ანგარიშით 1:2 – მიუხედავად იმისა, რომ მე-60 წუთზე ჯეკ გრილიშის გოლით დაწინაურდა.

ამ მარცხის შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ უკვე მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს „ნიუკასლს“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“. 

მაგრამ პეპ გვარდიოლას გუნდის კრიზისი რა მოსატანია „ლივერპულთან“, რომელიც „ბრაიტონთან“ გასვლაზე დიდი ანგარიშით – 0:3 წაგების შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციამდე ჩამოქვეითდა და მეხუთე ადგილზე მყოფ „ტოტენჰემს“ ხუთი ქულით ჩამორჩება.

მეათე ადგილზე კი „ჩელსია“, რომელმაც უკანასკნელ ტურში გაჭირვებით მოახერხა „კრისტალ პალასის“ დამარცხება.

საინტერესოა, რომ სატურნირო ცხრილში „ლივერპულს“ და „ჩელსის“ უკანასკნელ ტურებში უშუალოდ მათმა მაწყინრებმა – „ფულემმა“, „ბრაიტონმა“ და „ბრენტფორდმა“ გადაასწრეს.

როგორც ვხედავთ, ინგლისის პრემიერლიგა წლეულს სენსაციებითაა აღსავსე და აქ მომავალშიც მრავალ სიურპრიზს უნდა ველოდოთ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.