fbpx

ქალები ქალაქის ანარეკლებიდან – ლია შველიძის გამოფენა „Radisson Blu Iveria-ს“ საგამოფენო სივრეცში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: თეონა ჯაფარიძე

 

თუ ამ ერთი თვის მანძილზე  „Radisson Blu Iveria-ს“  საგამოფენო სივრცეში მოხვდებით, მისი  ასიმეტრიული  კუთხეებიდან ან მე-2 სართულის კიბის უჯრედის ღია სივრციდან ერთბაშად ბევრ და მრავალნაირ  მზერას იგრძნობთ. ეს მხატვარ ლია შველიძის ცნობილი ქალები  გვიმზერენ  მისი ტილოებიდან.   

მასშტაბურ ტილოებზე მკვეთრ ფერებში  ექსპრესიულად გამოსახული ფიგურები შთამბეჭდავი სანახავია.  ქალები ტილოდან ტილოზე  წლების მანძილზე გადაჰყავს მხატვარს ახალი და ძველი ისტორიებით, ძლიერი ხასიათებით და ჩვენთვის (დამთვალიერებლისთვის)  ყოველთვის მოუხელთებელი და ამოუცნობი რჩება,  კონკრეტული და ნაცნობია  თუ ზოგადი და აბსტრაქტულია ის, ვინც ტილოდან გვიმზერს. ლია შველიძის ქალები ერთდროულად ნაცნობი უცნობები არიან, რომლებსაც ასევე ნაცნობ ან უცნობი დიდი ქალაქების ყოველდღიურობაში  შეხვდებით.

ლია შველიძე:  „რატომღაც ყოველთვის  მხოლოდ ქალებს ვხატავ. დიდხანს ვფიქრობ მათ ხასიათზე, ბოლოს ინტუიციურად, შინაგანად ვგრძნობ, რომ მივაგენი ხასიათს, მათ ფიქრებს,  მათ იმწუთიერ განწყობას და ნამუშევარიც თავისით დასრულებულ ფორმას იძენს.

 აი, მაგალითად, ეს ტილო  – „მოცურავე“, მის  „ქვეშ“   ალბათ ხუთი ქალი მყავს დახატული, მაგრამ საბოლოოდ მივაგენი მას, ვინც სინამდვილეში უნდა ყოფილიყო…“

ლია შველიძის ასეთი ხელწერა – მასშტაბურობა, ექსპრესიულობა  80-იანების ლეგენდარული „მე-10 სართულის“ და შემდეგში უკვე „მარჯანიშვილის სახელოსნოს“ ჯგუფის ექსპერიმენტებიდან მოდის, რომელმაც საბოლოოდ აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ფორმა და შინაარსი მიიღო და  ამ წლების მანძილზე მრავალი გამოფენა და კერძო კოლექცია გაამდიდრა. 

ეს გამოფენა ფორმით და შინაარსით ზუსტად ჩაჯდა „რადისონ ბლუ ივერიას“ არქიტექტურასა და    გამჭვირვალე სივრცეში, საიდანაც ქალაქის რიტმსა და  სიახლოვეს ძალიან ვგრძნობთ. ეს სიახლოვე ნამუშევრების ხელწერიდან თუ ცალკეული დეტალებიდანაც იგრძნობა, თუნდაც ადგილის კონტექსტიდან გამომდინარე:  მაგალითად, ამ  დინამიკურ ნამუშევარს ქალის გამოსახულებით, რომელსაც „მეტრო თბილისი“   ჰქვია და რომლის მთავარ შტრიხს ტილოზე დატანილი წარწერა METRO TBILISI  წარმოადგენს,  მომენტალურად  60-იანი წლების თბილისში მივყავართ   და ვიზუალურად გამოსახული სიტყვები ქვეცნობიერად აქვე ახლოს, იმდროინდელ   ლეგენდარულ „კაფე მეტროს“ გვახსენებს.  თუმცა ეს  ერთი პატარა დეტალი – შრიფტი და წარწერა ჩვენს  ვიზუალურ წარმოსახვას ეთამაშება. მხატვარი კი აკონკრეტებს და მიხსნის: 

ლია შველიძე:   „სინამდვილეში, ეს შრიფტი თბილისის მეტროს მატარებლის წარწერიდან ავიღე. ის მომენტია, მეტრო რომ მიქრის და ვაგონის სისწრაფის ანარეკლში საკუთარ თავს და მგზავრებს რომ ვუყურებ…“ 

მთლიანობაში, ლია შველიძის ტილოებიც ხომ ქალაქის  რიტმსა და ანარეკლებში ჩაკარგული ქალების ექსპრესიულ-აბსტრაქტული სახეებია, რომლებსაც ყოველდღე და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით და შესაძლოა, თავად ავტორს, უამრავ ნაცნობს ან საკუთარ თავსაც ვხედავთ…    

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.