fbpx

საუბარი ედგარზე, ანუ „ლანდებს სასახლეში სწორედ მაშინ ელი, როცა საუბარი ედგარ პოეზეა“


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მათე წიკლაური

დეტალურად თუ შევამოწმებთ პოს შემოქმედებას, მასში, თითქოს, მხოლოდ დაუდევარ მწერლობას, ბავშვურ აზროვნებას (რომელსაც არც ფართო ნაკითხობა და არც ღრმა განსწავლულობა არ უდგას მხარში) და შემთხვევით ექსპერიმენტებს აღმოვაჩენთ სხვადასხვა სახის მწერლობის, ძირითადად ფინანსური საჭიროებით რომ არის განპირობებული და დეტალურად დახვეწას მოკლებულია. და ეს შეხედულება სწორი იქნებოდა, მაგრამ თუ მის შემოქმედებას ანალიტიკური განხილვის ნაცვლად შორიდან შევხედავთ, დავინახავთ მთელ ჯგუფს უნიკალური ფორმებისა და შთამბეჭდავი ზომებისა.“ 

 

ნაწყვეტი თომას სტერნზ ელიოტის 1948 წლის 19 ნოემბერს წაკითხული ლექციიდან 

ალბათ, ძალიან ცოტა მწერალს თუ აქვს ისეთი საინტერესო და მისტიკური ბიოგრაფია, როგორიც ეს ედგარ პოს ჰქონდა. ამერიკელი კლასიკოსი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, ის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა როგორც მოთხრობების, ისე ლექსების საშუალებითაც. ედგარ პო პოეზიასა და პროზაზე წერდა: “ლექსი, ჩემი აზრით, სრულად განსხვავდება მეცნიერული ნაშრომისაგან, რადგან მისთვის ნიშანდობლივია – მისი უშუალო საგნის გამო – სიამოვნება და არა სიმართლე. ხოლო რომანისგან იმით განსხვავდება, რომ ეს სიამოვნება განუსაზღვრელია, ნაცვლად განსაზღვრულისა, რადგან ლექსი იმდენადაა ლექსი, რამდენადაც თავის საგანს გამოხატავს.“  

ედგარ ალან პო იყო ახალი ხმა, ერთგვარი საწყისი ლიტერატურაში დეტექტიური ჟანრისა. მისი ნამუშევრები დღესაც ძალიან აქტუალურია და მკითხველში მუდამ საოცარ განცდებს აღძრავს. გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმდინარეობა – რომანტიზმი პირველ რიგში ედგარ პოს სახელს უკავშირდება. ამერიკელმა ავტორმა შექმნა მთელი რიგი სიმბოლოები რომანტიზმისა, რომელიც უკვდავია და მკითხველზე დღემდე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. 

ედგარ ალან პო 1809 წლის 19 იანვარს ბოსტონში, მასაჩუსეტსში დაიბადა და, როგორც აღვნიშნეთ, დღემდე მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ ავტორად გვევლინება. სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ამ მართლაც მისტიკური კაცის შესახებ.

 

  • ედგარ ალან პოს პირველ პროფესიონალ ამერიკელ მწერლად მიიჩნევენ

ბევრი ხელოვანის მსგავსად, პომ ისედაც ხანმოკლე ცხოვრება მატერიალურ სიდუხჭირეში გაატარა. მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროს გამოქვეყნებული ნაწარმოებებისგან მიღებული ჰონორარები შეადგენდა. მატერიალური პრობლემები, ისედაც დეპრესიულ ავტორს, კიდევ უფრო ურთულებდა ცხოვრებას, მაგრამ, საინტერესოა, რომ ედგარ პო არის პირველი ცნობილი ამერიკელი მწერალი, რომელმაც ფული მწერლობით გამოიმუშავა. 

 ქართულ ენაზე მისი არაერთი ლექსი და მოთხრობაა ნათარგმნი. ქართველი მკითხველი ამერიკელი მწერლის დეტექტიურ, საშინელებათა ჟანრის მოთხრობებსა და ლექსებს – „ანაბელ ლი“, „ყორანი“, „ელდორადო“ და სხვა – შესანიშნავად იცნობს. 

 

  • ედგარ ალან პომ დაამკვიდრა ლიტერატურაში დეტექტიური ჟანრი

 

ედგარ ალან პოს 1841 წელს გამოქვეყნებული მოთხრობა „მკვლელობა მორგის ქუჩაზე“ ცნობილია, როგორც პირველი კლასიკური დეტექტიური ჟანრის მოთხრობა ლიტერატურაში. მოთხრობის მთავარი გმირი, დიუპენი, იძიებს ორი ქალის სასტიკ მკვლელობას, რომელიც მორგის ქუჩაზე მოხდა. ედგარ პოს გმირი მიიჩნევა, რომ იქცა არტურ კონან დოილის, ლეგენდარული შერლოკ ჰოლმსის ავტორის, მოთხრობების შთაგონების წყაროდაც.

 

  • პირველი წიგნი ედგარ პომ 18 წლის ასაკში გამოაქვეყნა

 

               

1827 წელს ედგარ ალან პომ პირველი კრებული „ტამერლანი და სხვა ლექსები“ გამოაქვეყნა. კრებულში შესულია  ნაწარმოები ჩვენთვის კარგად ცნობილი დამპყრობლის, თემურ ლენგის შესახებ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ კრებულს დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია და საზოგადოებისთვის დღესაც ნაკლებადაა ცნობილი. 

 

  • სპორტსმენი პო – ჩემპიონი ცურვაში

ედგარ ალან პოს ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი ცხოვრება ჰქონდა. გარდა ლიტერატურული სიმაღლეების დაპყრობისა, ის ჩემპიონი იყო სიგრძეზე ხტომაში, ნიჩბოსნობასა და ცურვაში. ედგარ ალან პომ ვირჯინიაში ადგილობრივი რეკორდი დაამყარა – ძალიან დიდი მანძილი მდინარე ჯეიმსისა  დინების საწინააღმდეგოდ გადაცურა. 

 

  • დიდი და ნათელი სამხედრო მომავალი

პირველი პოეტური კრებულის გამოქვეყნების შემდეგ, ედგარ ალან პო შეერთებული შტატების არმიას შეუერთდა. სამხედრო სამსახურში მწერალმა თავი მალევე გამოიჩინა და სულ რაღაც 2 წელიწადში დაწინაურდა კიდეც, მაგრამ მოულოდნელად პომ თავი მიანება სამხედრო სამსახურს და ცხოვრების ახალ რელსებზე გადატანა სცადა. როგორც ამბობენ, ედგარ პო სამხედრო ინსტრუქტორებს დამცინავ ლექსებს უწერდა, რაც ერთ-ერთი მიზეზი გახდა იმისა, რომ პო სამხედრო სამსახურში აღარ აღუდგენიათ. 

 

  • აზარტული თამაშები და ვალები – ედგარ პო უნივერსიტეტიდან გარიცხეს

აზარტულ თამაშები ძალიან ბევრი გამოჩენილი ავტორის ცხოვრებაში ქმნიდა პრობლემებს. მაგალითად, ფიოდორ დოსტოევსკის ცხოვრების განუყოფელი ნაწილიც კია, რასაც ადასტურებს მისი თხზულება „მოთამაშე“, რომელიც აზარტისგან გამოწვეულ განცდებზე დაყრდნობით დაიწერა. ბიზნესმენმა ჯონ ალანმა, რომელიც თამბაქოს იმ დროისთვის ძალიან ცნობილი ექსპორტიორი გახლდათ, ედგარ პოს ცხოვრებაში უზარმაზარი როლი ითამაშა. სწორედ ალანის დამსახურებაა, რომ პომ განათლება საუკეთესო სკოლა-ინტერნატში მიიღო, რასაც, ისევე ალანის დახმარებით, ვირჯინიის უნივერსიტეტში ჩარიცხვა მოჰყვა. თავიდან ამერიკელი კლასიკოსი შესანიშნავად სწავლობდა, მაგრამ მოულოდნელად მის ცხოვრებაში აზარტული თამაშები გამოჩნდა. აღებული ვალების გადახდაში პოს აღარავინ დახმარებია, რის გამოც მას სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა და აკადემიური სივრცის მიღმა დარჩა. 

 

  • ედგარ ალან პომ 13 წლით უმცროსი ბიძაშვილი შეირთო

 

ედგარ ალან პომ 1836 წელს საკუთარი ბიძაშვილი, ვირჯინია კლემი, შეირთო. ბიძაშვილზე ქორწინება აბსოლუტურად არ იყო საზოგადოებისთვის მიუღებელი, მაგრამ მოსახლეობის გაკვირვება ამხელა ასაკობრივმა განსხვავებამ გამოიწვია – ედგარ პო მეუღლეზე ცამეტი წლით უფროსი იყო, მაგრამ, ისტორიკოსთა აზრით, მათ ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდათ. 

 

  • ედგარ ალან პოს „ყორანი“ და ვაჟა-ფშაველა

 

ედგარ ალან პოს ყველაზე ცნობილი ლექსი „ყორანი“ მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი. მეტიც, მიიჩნევა, რომ სწორედ ყორანია ერთ-ერთი გამორჩეული სიმბოლო რომანტიზმისა.  მხოლოდ ქართულ ენაზე ლექსის 21 თარგმანი არსებობს, მაგრამ ისტორია ვაჟა-ფშაველას თარგმანით 1906 წელს დაიწყო. ქართველმა კლასიკოსმა ლექსი რუსულიდან თარგმნა და ლეონიდ ობელინსკის 1879 წელს შესრულებულ თარგმანს დაეყრდნო. „ყორანის“ ცნობილი რეფრენი ვაჟამ თავისებური ინტერპრეტაციით გადმოგვცა: „აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი“. საინტერესოა, რომ კონსტანტინე გამსახურდიამ და სხვა გამოჩენილმა ქართველმა მოღვაწეებმა ვაჟასგან განსხვავებული თარგმანები შემოგვთავაზეს. გამსახურდიამ სიტყვა „აროდეს“ გამოიყენა, ხოლო სხვა თარგმანებში ვხვდებით ისეთ ვერსიებს, როგორებიცაა: “არასდროს“, „არარა“, „აღარასდროს“, „ვეღარასდროს“ და ა.შ.  ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ  ის პათოსი, რომელიც ედგარ პოს ლექსში გვხვდება, ქართველმა რომანტიკოსმა პოეტმა, ნიკოლოზ ბარათაშვილმაც გაიზიარა და მისი შედევრი, „მერანი“, სწორედ ამის დასტურია. 

 

  • ედგარ ალან პო და ნიკოლოზ ბარათაშვილი

 

ედგარ ალან პო ქართველი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის თანამედროვე იყო და, როგორც სხვა ყველა რომანტიკოს ავტორზე, ბარათაშვილზეც უდიდესი გავლენა მოახდინა. ჩვენთვის ცნობილია, რომ „მერანის“ ლირიკული გმირი ყორანს, როგორც ავი ბედისწერის სიმბოლოს, გაურბის, რაც შემთხვევითი სულაც არაა, რომანტიზმისთვის დამახასიათებელი ეს სიმბოლო ედგარ პოსგან მოდის, მაგრამ ბევრი მკვლევარი თვლის,  რომ დასაწყისი აღნიშნული სიმბოლოს ჩამოყალიბებისა ჩარლზ დიკენსს უკავშირდება – მის ერთ-ერთ რომანში მთავარი გმირი ყვავია და ბევრი ლიტერატურათმცოდნე მიიჩნევს, რომ პომაც, თავის მხრივ, ყორანის შთაგონება დიკენსის ნაწარმოებიდან მიიღო. 

 

  • გარდაცვალების დეტალები დღემდე უცნობია…

ედგარ ალან პო 1849 წლის 7 ოქტომბერს 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი დღემდე უცნობია. თითქოს მისი სიკვდილიც ზუსტად ისეთივე ამოუცნობი და ბუნდოვანი იყო, როგორც თავად პოს ცხოვრება. ბევრი მიიჩნევს, რომ შეიძლება, მწერლის სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკები გახდა, მაგრამ ზუსტი მიზეზი, როგორც აღვნიშნე, დღემდე გაურკვეველია. 

ზვიად გამსახურდია პერსი ბიში შელლისადმი მიძღვნილ შესანიშნავ ესეიში „COR CORDIUM” წერს: “პოეტის ცხოვრების ფინალი ხშირად დასაწყისია მისი შემოქმედების ჭეშმარიტი გაგებისა.“ მართლაც, ედგარ პოს ცხოვრება, მიუხედავად ათასი მავნე ჩვევისა და პრობლემისა, მაინც ლეგენდარულ ბიოგრაფიად რჩება და უკვე რამდენიმე საუკუნეა, რაც აქტუალობას არ კარგავს, არც მისი პროზა და არც მისი პოეზია. მისი შემოქმედების მთავარი ხიბლი, ალბათ, იმ მისტიკურ მოლოდინშია, რომელიც მკითხველს ეუფლება მწერლის შემოქმედების გაცნობისას, ეს მოლოდინი კი შეიძლება იყოს ყველაფრის, აბსოლუტურად ყველაფრის, ლანდებისაც კი, რადგან როგორც გალაკტიონმა თქვა: ლანდებს სასახლეში სწორედ მაშინ ელი, როცა საუბარი ედგარ პოეზეა“.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.