fbpx

საუკეთესო მუსიკალური კლიპები, რომლებსაც კომპოზიცია სისრულეში მოჰყავს


გააზიარე სტატია

გასაოცარია, რომ Tiktok-ის და YouTube-ს ეპოქაში მუსიკალურ კლიპების ვიდეოფორმატი ჯერ კიდევ მყარად ინარჩუნებს საკუთარ ადგილს, მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მუსიკალური ვიდეოების ოქროს ხანაშიც კი ვიმყოფებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს უკვე ტელეფონიდან და კომპიუტერიდან შეგვიძლია დავტკბეთ კლიპებით და არაფერი გვიშლის ხელს განმეორებით დავაჭიროთ ღილაკს. მუსიკალური ვიდეოები აღნიშნული ჟანრის ფორმის მწვერვალს წარმოადგენს, რომელსაც კომპოზიცია სისრულეში მოჰყავს.

 

Kendrick Lamar, „Humble“

კენდრიკ ლამარის ნომერ პირველი ჰიტის კლიპის პირველივე კადრში რეპერი რომის პაპის სამოსშია გამოწყობილი და სინათლის სხივი ურტყამს. ლამარის და რეჟისორ დეივ მეიერსის მიერ შერჩეული კლიპის იმიჯები თითქოს სიზმრის მოგონებებს წააგავს: კენდრიკი ნაღდი გულით მოფენილ მაგიდაზე; კენდრიკი ძველი მანქანის სახურავზე; კენდრიკი, როგორც იესო საიდუმლო სერობაზე; ცეცხლმოკიდებული, თოკში გახვეული უსახო სხეულები, მელოტი თავები, რომლებიც თავს აქნევენ და ა.შ. გარდა იმისა, რომ აღნიშნული კლიპით ლამარი შავკანიან სიმბოლიზმს უსვამს ხაზს, ის აგრეთვე ტრადიციულ ჰიპ-ჰოპის ვიდეოებს ეხმაურება და აკრიტიკებს, რასაც თავად კომპოზიციის სახელიც მოწმობს – „Humble“ (თავმდაბალი). 2017 წლის Rolling Stone-ს ინტერვიუში რეპერმა ცხადყო, ვის მიმართავდა: „ ეს არის ეგო, – განაცხადა მან,  – საბოლოო ჯამში, სარკეში ვიყურები.“

 

Queen, „Bohemian Rhapsody“

„Bohemian Rhapsody“ სულ რაღაც ოთხ საათშია გადაღებული და ის ჯგუფს მხოლოდ 4500 ფუნტი დაუჯდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მან  სამუდამოს შეცვალა მუსიკალური ინდუსტრია. მათ იცოდნენ, რომ სიმღერა სანახაობა უნდა ყოფილიყო, რომელსაც მთელი მსოფლიო მოისმენდა. ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა რეჟისორი ბრიუს გოუერსი დაიქირავა და მასთან ერთად შექმნეს ვიდეო, რომელიც მათი 1974 წლის ალბომის, Queen II-ს ქვერით იწყება და ნელ-ნელა აღწევს კულმინაციას. კლიპმა ხელი შეუწყო სიმღერის უზარმაზარ საერთაშორისო ჰიტად ქცევას და სხვა ჯგუფებიც შთააგონა სათავეში ჩასდგომოდნენ საკუთარი კლიპების გადაღების პროცესს. 

 

George Michael, „Freedom ’90“

ჯორჯ მაიკლის Listen Without Prejudice ეპოქა მის შესახებ საზოგადოების პერცეფპციის მსხვრევას ემსახურებოდა, მათ შორის მისი, როგორც ქარიზმატული და ჰეტეროსექსუალი მამაკაცის რეპუტაციას. ამ მხრივ, „Freedom! ’90“ ინტერპრეტაციისთვის თითქმის არ ტოვებს ადგილს. მაიკლმა კლიპში როკ-ენ-როლის იკონოგრაფია ტყავის ქურთუკით, jukebox-ით და გიტარით დააბრუნა, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ცეცხლის ალში იწვის. რეჟისორ დევიდ ფინჩერისთვის ეს კლიპი 1990 წელს მეორე წარმატებული პროექტი იყო მადონას „Vogue“-ს შემდეგ. რეჟისორმა საკმაოდ უცნაური და თამამი მიმართულება აირჩია, მაიკლი თითქმის კადრს მიღმა დატოვა და ის ნაომი კემპბელით, სინდი კროუფორდით, კრისტი ტურლინგტონითა და ლინდა ევანგელისტათი ჩაანაცვლა, რომლებიც ლონდონის საწყობში ჰყვებიან სიმღერას. Freedom! ’90“ ასევე შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ჯორჯ მაიკლის მხატვრული განცხადება მისი ორიენტაციის შესახებ. 

 

Guns N’ Roses, „November Rain“

„November Rain“-ის გადაღებების დროს ჯგუფის დრამერს, მეტ სორუმს ჰკითხეს, რაში მდგომარეობდა მისი როლი, რაზეც მან უპასუხა: „არ ვიცი. ექსლს უნდა ჰკითხოთ, მთელი ვიდეო მის გონებაშია.“ თუმცა ყველაფერი მთლად ასეც არ ყოფილა. სინამდვილეში, ექსლ როუზის ინსპირაცია დელ ჯეიმსის მოკლე მოთხრობა „Without You“ იყო. კლიპში როუზს მაშინდელ შეყვარებულთან, სტეფანი სეიმურთან ქორწილი აქვს, მეჯვარე სლეშს ბეჭდები ავიწყდება, რომლებსაც ბასისტის, დაფ მაკკეგანის ტყავის ხელთათმანის ნეკა თითიდან იხსნის და აძლევს წყვილს, სლეში ეკლესიის ეზოში გიტარაზე უკრავს, ცერემონიაზე წვიმს, შემდეგ კი სეიმურის პერსონაჟი მოულოდნელად კვდება. კლიპის ყველაზე მელოდრამატულ სცენაში სეიმური თაიგულს ისვრის, ყვავილები კი საკუთარ კუბოზე ეშვება. როგორც როუზმა აღნიშნა, „November Rain არის სიმღერა იმის შესახებ, როდესაც არ გინდა გაუმკლავდე ცალმხრივ სიყვარულს.“ 

 

Childish Gambino, „This Is America“

კლიპი კაცის გიტარაზე დაკვრით და გასროლით იწყება. ვიდეო საწყობის სივრცეს ვოდევილის სცენად აქცევს, მიმდინარე ბუნტად და ცხად კოშმარად. დონალდ გლოვერის ალტერ ეგო Childish Gambino ცეკვა ცეკვით იკვლევს გზას მოცეკვავე ბავშვებს, განრისხებულ პოლიციელებსა და სოციალურ არეულობას შორის. Viral საცეკვაო მოძრაობებიდან დაწყებული, 2015 წელს ჩარლსტონის ეკლესიაში სროლის და მაიკლ ჯექსონის „Black or White“-ს მანქანაზე ცეკვის ჩათვლით, ყველაფერი ერთმანეთს ეჯახება იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ავსებს რეჟისორი ჰირო მურაი თითოეულ კადრს უამრავი მოძრავი ნაწილითა და ფონით. ამ დროს კი გამბინო სცენიდან სცენაზე მჭიდრო ნაცრისფერი შარვლით მოძრაობს და ხალხს ესვრის. „მნიშვნელოვანი იყო . მაისურის გარეშე ყოფილიყო, რადგან ჩვენ ასე ვცეკვავთ“, – განაცხადა პროდიუსერმა იბრა აკემ. „ეს წააგავს ვიღაცის ბიძას ნიგერიაში, რომელიც Harp-ს სვამს. … ეს არის საკუთარი თავის გამოხატვა. ჩვენი მიზანი შავკანიანობის ნორმალიზება იყო.“ ეს ყველაფერი 4 წუთში ხდება, პლუს სემიოტიკით სავსე ერის მდგომარეობა, რომელიც მთავრდება იმით, რომ მომღერალი სასოწარკვეთილი იბრძვის სიცოცხლისთვის, რადგან … ეს არის ამერიკა. 

 

Madonna, „Vogue“

„Come on, vogue“ – მოგვიწოდა მადონამ და სამყარომაც მოუსმინა. Voguing-ი ნიუ-იორკის ქვიარ ანდერგრაუნდ სამეჯლისო სცენის უცნაური და არაძალადობრივი „ბრძოლის“ ხერხი იყო. თუმცა, კლიპში, რომელიც მადონას დევიდ ფინჩერთან მესამე კოლაბორაცია იყო, ცეკვა ფემინისტური პოზიციის დახვეწილ ფორმას და სექსუალურ წინააღმდეგობას წარმოადგენს. ვიდეოს ქორეოგრაფები House of Extravaganza-ს წევრები ხოსე გუტიერესი და ლიუს კამაჩო იყვნენ, რომლებიც მადონას მის ლეგენდარულ Blonde Ambition ტურნეშიც შეუერთდნენ. მიუხედავად მითვისების ბრალდებისა, არ შეიძლება უარვყოთ, რომ მომღერალმა სამეჯლისო კულტურის მეინსტრიმში ინტეგრაცია ერთი უბრალო ფრაზით შეძლო: “strike a pose.”

 

Michael Jackson, „Thriller“

1983 წლის დეკემბერში, მისი გამოსვლის მომენტიდან, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ „Thriller“-ს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული მუსიკალური კლიპის ტიტული მიენიჭებოდა. თითქმის 40 წლის შემდეგ ის გავლენას და აქტუალობას არ კარგავს. კლიპი საშინელებათა ფილმების ალუზიაა: რომეროს Night of the Living Dead, ჰიჩკოკის Vertigo და თავად რეჟისორ ჯონ ლენდისის იმდროინდელი ჰიტი An American Werewolf in London. ჯექსონის 13-წუთიანი chiller-ი creepy ავთენტურობასა და campy მხიარულებას აერთიანებს. ზომბების, ადვილად მისაბაძი საცეკვაო მოძრაობების და პოპის მეფის შეუდარებელი ქარიზმის წყალობით, „Thriller“-ი კულტის კლასიკად და ჰელოუინის მიქსის ფავორიტად იქცა. კლიპმა სამი VMA და ორი გრემის ჯილდო მიიღო და ის პირველი მუსიკალური ვიდეოა, რომელიც 2009 წელს, Library of Congress-ის მიერ National Film Registry-ისთვის შეირჩა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.