fbpx

ტყის ნობათი, თბილისის მდინარეები – რას გავიგებ დღეს?


გააზიარე სტატია

ავტორი: ქეთი ბზიკაძე

 

დღეს ბევრი რამ მოხდა: ვიყავი დიდი ხნის უნახავ ნათესავებთან, წავედი “მწვანეთა პარტიის” დაფუძნების ღონისძიებაზე, საყვარელი ადამიანების მუსიკალურობაში დავრწმუნდი და სხვადასხვა მცენარეის ჩაი დავლიე, ვერ მოვუსმინე პანკ, როკ და მეტალ ბენდებს ცოცხლად, იმიტომ რომ სასიამოვნო საუბრებს შევყევი და ვიფიქრე, როგორც ყოველთვის ყველაფერი გვიან დაიწყებოდა. სამაგიეროდ, ახალი მიწისქვეშა სივრცე და კარგი ნაცნობი ვნახე, რომელიც ჩემს ახალ-ახალ გეგმებში დამეხმარება.

ასეთ სოციალურად აქტიურ დღეებში ოთარ იოსელიანის “იყო შაშვი მგალობელის” მთავარ პერსონაჟთან ვაიგივებ ხოლმე თავს, თბილისის ულამაზეს ქუჩებში მსუბუქი, მარტივი, ეფემერული, პეპლური ცხოვრების მოყვარულთან. 

ხანგრძლივი საუბრის შემდგომ ლეონიძის ქუჩაზე, როგორც იქნა, დამიჯდა სოციალური ელემენტი და მეგობრის სანახავად მორიგ ბარში აღარ წავედი, სახლამდე მისეირნება და მალე დაძინება ვამჯობინე. 

გადაწყვეტილებით კმაყოფილმა, ჩაით და შავი შოკოლადით დავიჯილდოვე თავი და ვფიქრობდი, რამდენ რამეზე ვისაუბრე დღეს (ინტერიერის დიზაინი, საბჭოთა სიმბოლიკა, დრეგ-შოუ, თბილისის მდინარეები, დუმილის აღთქმა, ხერხემლის თიაქარი, ასაკი, მწერები, საზღვარგარეთ სწავლა…), რამდენი რამ გავიგე – ერთი-ორი სტატიის მასალა ნამდვილად მოგროვდა.

27 ნოემბრის აღმოჩენა N1

ბოლო პერიოდი ჩემი ძირითადი სასმელი ჩაი ან ნაყენებია. სადაც  უნდა ვიყო, იშვიათია, შავი, მწვანე და კენკრის მოსაწყენი ჩაის გარდა რამე მოიძებნოს, ამიტომ  ჩემს საყვარელ კომბინაციას ვაწყობინებ ხოლმე (ჯანჯაფილი, პიტნა, ლიმონი, თაფლი). ბარ “Basement-ში” კი, როგორც იქნა, თავისი კომბინაციაც შემომთავაზეს: ასკილი, კუნელის ნაყოფი და ყვავილები, ლიმონი, კრაზანა და მცირე დოზით სხვადასხვა სამკურნალო მცენარეები, რომლებიც ჭრელი შემოდგომის არომატს ქმნის, ძალიან გათბობს და კარგ ხასიათზე გაყენებს.

ყველას გვსმენია ფიტოთერაპიასა და ჯადოსნურ მცენარეებზე, რომლებითაც სავსეა ჩვენი ტყეები. სულ მინდა, სამკურნალო მცენარეების წიგნით შეიარაღებულმა, ლაშქრობებისას შევაგროვო ტყის ნობათი და ყოველდღიურობაში მოვიხმარო მურაბების (ეს სიტყვა რო არაბულია, იცოდეთ მაინც) და ნაყენების სახით.

მცირე კვლევის შედეგად აღმოვაჩინე, რომ დღეს ასკილის მეშვეობით მივიღე ოცჯერ მეტი C ვიტამინი, ვიდრე ფორთოხლის წვენით, ავიტამინოზის და სკლეროზის პრობლემა, რომლებიც, იმედია, არ მაქვს – კიდევ უფრო მოვიშორე, ქოლესტერინის რაოდენობაც შევიმცირე. რაც შეეხება კუნელს, სისხლის მიმოქცევა გავიუმჯობესე და შფოთვები ავიცილე, ცხადია, ერთ საღამოს და მარტო ასკილ-კუნელის ნაყენით ყველა პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ ტყეში სიარული, მისი სიმდიდრის გამოყენება და მრავალფეროვანი სითხეების მიღება სწორი დანიშნულებით მინიმუმ სიამოვნებისთვის და სიახლისთვის არ გვაწყენს. ასკილის ნაყოფს აგროვებენ ყინვების დადგომამდე, სანამ მაგარია და ბოლომდე დამწიფდება, ამიტომ კიდევ შეგვიძლია ტყეში სუფთა ჰაერი ჩავყლაპოთ, იოგები და კუნთები გავავარჯიშოთ და ასკილიც სასწრაფო წესით გავაშროთ. 

27 ნოემბრის აღმოჩენა N2

ამ გემრიელ საშემოდგომო ნაყენს ტიმოთესთან ერთად მივირთმევდი. 11 წელია “ვიცნობ”, მაგრამ პირველად დღეს ველაპარაკე და თან რაზე აღარ. 

ტიმოთე წარმოშობით ამერიკელია, ქართულად გადასარევად მეტყველებს, თბილისის ეკოსისტემას შეისწავლის და ლოკალების ცნობიერების ამაღლებასაც ცდილობს. დიდი ხანია მოგზაურობს და საცხოვრებლად ჩვენი ნაყოფიერი მიწა აირჩია. ბევრი რამ მიამბო თავის შესახებ, მაგრამ ჩემთვის მისი ყველაზე გასაოგნებელი სტატუსი – “თბილისის მდინარეების მკვლევარი” იყო. დაახლოებით ა ს ი მდინარე რომ ყოფილა თბილისში, იცოდით? 

Riversoftbilisi მისი აუცილებლად დასათვალიერებელი ინსტაგრამის გვერდია. პირობას გაძლევთ, რომ გული მოგიკვდებათ დაბინძურებული, კალაპოტშეცვლილი მდინარეების თვალიერებისას, მაგრამ გეამებათ საინტერესო, მრავალფეროვანი ინფორმაცია და იმედისმომცემი კონტენტი. 

კოლორიტული, ტემპერამენტიანი, სახეშეცვლილი თბილისი ახლებურად დავინახე: ბრუტალური შენობების და ასფალტის ქვეშ დაქსაქსული პატარ-პატარა მდინარეების ბადე, რომლებიც ურთულესად იკვალავენ გზას სოციალურ და კულტურულ ღირებულებადაკარგული, კანალიზაციად ქცეული მტკვრისკენ. ურბანული ცვლილებები ამ ქალაქში სხვადასხვა პერიოდში ხდებოდა, ყოველმა ეპოქამ თავისი კვალი დაამჩნია თბილისს და უფრო დააშორა ის ბუნებრივ ლანდშაფტს.

გარდა ემოციური აღწერის და დეტალური ინფორმაციისა, ტიმოთეს ექაუნთზე ძველი თბილისის ფოტოებსაც ვაწყდებით, სადაც, მაგალითად, ჩანს კეკელიძეზე ამდენი ხიდი მდინარე ვარაზის გამო რომაა, ვარაზისხევი – რომ პირდაპირ წყალთან ასოცირებული ტოპონიმია ეგ არც გვახსოვს. მდინარე ქვაფენილით გადაიფარა, ვერას და ვაკეს წყალი აღარ ყოფს, კორპუსები კანიონების ხარჯზე შენდება და შენდება, ტყეებიც იჭრება, ჰოდა, სავალალო შედეგებიც არაერთხელ გვინახავს უკვე. 

 

ორი კვირის შემდეგ

ოთხი დღე ვიყავი ტყეში.

ვნახე შუქზე მბრწყინავი ჯადოსნური თრთვილი, მოვისმინე უამრავი ჩიტის ჟღურტული, შევაგროვე თავშავა და ასკილი, ცეცხლთან გათბობისას მოვამზადე ბოსტნეულის წვნიანი, დავენახე მზეს, ვისუნთქე უსუფთავესი ჰაერი, სხეულის თერმორეგულაციას შევეცადე, გავკაჟდი, ვიხტუნავე მდინარის ქვებზე, ბუნების საოცარი პატერნებით აღვფრთოვანდი, დავმშვიდდი და დავიტენე. 

სიმშვიდისთვის გაგიზიარებთ რამდენიმე ხელოვანის ნამუშევარს და ჩემ მიერ აღმოჩენილ ხელთუქმნელ საოცარ პატერნებს ზამთრის ტყეში:

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.