fbpx

ზღაპრული მატჩი ლონდონში


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

2022/2023 წლების საფეხბურთო სეზონი კიდევ დიდხანს იქნება დისკუსიის საგანი მსოფლიო ჩემპიონატის გამო, რომელიც ამ ტურნირისთვის უჩვეულო პერიოდში ჩაერთო საკლუბო ორომტრიალში.

ჩვეული რიტმიდან ამოვარდნამ კი გააუარესა არაერთი ტოპ გუნდის თამაშის  ხარისხი იანვრის პერიოდში, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ტურნირის განახლებამდე, სასურველია, საკუთარ ჩემპიონატებში ქულათა მაქსიმალური რაოდენობის დაგროვება. 

ბუნებრივია, რომ შეიცვალა ამ გუნდების სათასო ტურნირებთან დამოკიდებულებაც და ამის ერთ-ერთი მაგალითი „მანჩესტერ სიტის“ ინგლისის ასოციაციის თასიდან გამოვარდნაა პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზე მყოფ „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ მატჩში.

მანჩესტერულ დერბიში მარცხის და გასულ კვირას „ტოტენჰემთან“ პირველი ტაიმის ანგარიშით 0:2 წაგების შემდეგ კი პეპ გვარდიოლას გუნდი ერთი კვირის მანძილზე ზედიზედ უკვე მესამედ მარცხდებოდა, რაც უდიდესი სენსაციის ტოლფასი იყო.

მაგრამ ამის ყველაზე ნაკლებად ალბათ ისევ „ტოტენჰემის“ მწვრთნელ ანტონიო კონტეს სჯეროდა, რომლის სახის გამომეტყველებაც მეორე ტაიმში ფეხბურთელების მოედანზე დაბრუნებისას ოპტიმისტურ ემოციებს ნამდვილად არ ამჟღავნებდა.

მასპინძლებმა მეორე ტაიმის დაწყებიდან სულ მალე აღადგინეს წონასწორობა, საბოლოოდ ანგარიშით 4:2 გაიმარჯვეს და ამით თითქოს გამოხატეს, რომ ჩავარდნა მოჩვენებითია და ექსტრემალურ პირობებში მათთვის „დიდი ექვსეულის“ წარმომადგენლის დამარცხებაც არ არის რთული. 

მანჩესტერელთა ძირითად შემტევ პოტენციალს მსოფლიო ჩემპიონი ალვარესიც შეემატა. 

სწორედ მან გაიტანა პირველი საპასუხო ბურთი „ტოტენჰემის“ კარში, მეორე გოლი ჰალანდის ანგარიშზეა, ხოლო მაჰრეზმა კი დუბლით დააგვირგვინა მეორე ტაიმში მასპინძელთა მიერ შექმნილი გრანდიოზული საფეხბურთო სპექტაკლი.

საგულისხმოა, რომ თამაშში მონაწილეობა ძირითადი შემადგენლობის კიდევ ერთ ფორვარდ ფილ ფოდენს და ნახევარდაცვის ბურჯ კევინ დე ბრიუინეს არ მიუღიათ. გუნდიდან წასვლის მსურველმა ბერნარდუ სილვამ კი მოედანზე მხოლოდ უკანასკნელი ათი წუთი დაყო. 

„მანჩესტერ სიტის“ მსგავსად, პირველი ტაიმი ანგარიშით 0:2 მადრიდის „რეალმაც“ დათმო. 

მისი მეტოქე ესპანეთის თასის მერვედფინალურ მატჩში „ვილიარეალი“ იყო, რომელმაც ცოტა ხნის წინ „რეალი“ ლა ლიგის დაპირისპირებაში დაამარცხა.

„რეალმა“ წინა კვირას ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაც წააგო „ბარსელონასთან“ და თუკი „ვილიარეალთან“ მეორე ტაიმში გასვლაზე თამაშის შემობრუნებას ვერ შეძლებდა, ეს მისთვის სამ სხვადასხვა ტურნირზე ზედიზედ მესამე მარცხი იქნებოდა და ამასთან,  იანვარში  ანჩელოტის გუნდი კვლავ მოგების გარეშე დარჩებოდა! 

როგორც ჩანს, სტუმრებმა შესვენებაზე სრულად გაიაზრეს თასიდან გამოვარდნის საშიშროება იმის გათვალისწინებითაც, რომ წლეულს სხვა ტურნირები შეიძლება ვერც მოიგონ. 

მატჩის მეორე ნახევარში ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ, „ვილიარეალს“ სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ, სადაც ამ კვირაში „ატლეტიკოს“ შეხვდებიან.

ესპანეთის თასის მეოთხედფინალის საგზური „ბარსელონამ“ და რაც მთავარია „ვალენსიამაც“ მოიპოვეს. გიორგი მამარდაშვილის გუნდმა გასვლაზე ანგარიშით 4:0 ხიხონის „სპორტინგი“ გაანადგურა და მომდევნო მატჩში იგი „ბილბაოს” უმასპინძლებს. 

„ვალენსიასგან“ განსხვავებით თასის ასპარეზობას „ნაპოლი“ გამოეთიშა. ხვიჩა კვარაცხელიას ზოგიერთ სხვა წამყვან თანაგუნდელთან ერთად, არ მიუღია „კრემონეზესთან“ მატჩში მონაწილეობა. 

გულშემატკივრებისთვის ალბათ გასაგებია „ნაპოლის“ ხელმძღვანელობის ამგვარი სტრატეგია, რადგან „სკუდეტოს“ და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბრძოლასთან ერთად, მესამე ფრონტის გაჩაღება საქმეს ნამდვილად გაართულებდა.

მწვრთნელმა სპალეტიმ ხვიჩა  სერია A-ს მე-16 ადგილოსან „სალერნიტანას“ წინააღმდეგ შეხვედრაშიც დაზოგა, რომელიც „ნაპოლიმ“ გასვლაზე ანგარიშით 2:0 მოიგო.

ევროპის ჩემპიონმა  დი ლორენცომ პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე უკანასკნელი დარტყმით ნოდაუნში ჩააგდო მასპინძლები, ხოლო ოსიმენმა კი მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მასპინძლებს მეორე გოლით ნოკაუტი აგემა, რითაც მორიგი სამი ქულა განაპირობა „ნაპოლისთვის“.

უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ტურინის „იუვენტუსი“, რომელსაც ფინანსური მაქინაციების გამო 15 ქულა ჩამოაკლდა და იმავდროულად, კლუბის ხელმძღვანელობაში მყოფ ყოველ ჩინოსანს სხვადასხვა ვადით აეკრძალა საფეხბურთო საქმიანობა.

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილ „ბებერ ქალბატონს“ მიმდინარე სეზონში აწი მხოლოდ იტალიის სათასო ასპარეზობა თუ გაამხნევებს, სადაც გუნდი „მონცას“ მინიმალური ანგარიშით დამარცხების შემდეგ, მეოთხედფინალში „ლაციოს“ უმასპინძლებს.

მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ყველაზე უკეთ ადაპტირებული კი გერმანიის ბუნდესლიგა გამოდგა, რომელშიც ტრადიციული ზამთრის შესვენება, ამჯერად „ლაიპციგსა“ და „ბაიერნს“ შორის ტურის ცენტრალურმა მატჩმა შეწყვიტა.

„ბაიერნს“ ამ შეხვედრაში იან ზომერის სახით დებიუტანტი გამოუჩნდა. შვეიცარიის ნაკრების მეკარემ ტრავმის გამო მანუელ ნოიერის ფეხბურთიდან გათიშვის შემდეგ, „რეკორდმაისტერთან“ ორწელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მატჩი მოლოდინისამებრ უაღრესად დაძაბული, მაგრამ საკმაოდ სპონტანური ხასიათისა გამოდგა, რაც ალბათ ფეხბურთელთა ჯერჯერობით არასათანადო დონეზე მომზადებას უნდა მიეწეროს. 

ამ შეხვედრის ფრედ დასრულებით ერთბაშად ორმა გუნდმა – „აინტრახტმა“ და „უნიონმა“ ისარგებლეს, სატურნირო ცხრილში თითო ქულით გადაუსწრეს „ლაიპციგს“ და „ფრაიბურგთან“ ერთად მე-16 ტურის შემდეგ „ბაიერნის“ უახლოეს მდევრებად იქცნენ.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ნაპოლის“  მეტოქემ დიდი ანგარიშით 3:0 მოუგო აუტსაიდერ „შალკეს“, „უნიონმა“ „ჰოფენჰაიმს“ სძლია (3::1), ხოლო „ფრაიბურგი“ კი „ვოლფსბურგმა“ გაანადგურა (6:0).

საინტერესოა, რომ ასევე ექვსი ბურთის სხვაობით, ოღონდ ანგარიშით 7:1, „კიოლნმა“ „ვერდერი“ გაასწორა მიწასთან. 

როგორც ვხედავთ, ბუნდესლიგაში მისი განახლებისთანავე უკვე ორი ანომალიური შედეგი დაფიქსირდა, რაც ამ ტურნირის ტრადიციულ ეგზოტიკურობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. თითოეულ მატჩში გატანილი გოლების რაოდენობამ კი საშუალოდ 4,5 შეადგინა!

ბუნდესლიგის ცენტრალური შეხვედრისგან განსხვავებით, ინგლისის პრემიერლიგის მთავარი მატჩი ლონდონის „არსენალს“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის აუცილებლად შევა ისტორიაში, როგორც ამ გუნდების ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება სანახაობრივი თვალსაზრისით. 

ზღაპრულ მატჩში, რომელშიც მაყურებლებმა ხუთი გოლი (3:2) იხილეს, „არსენალმა“ ნამდვილად დაიმსახურა მოგება.

შეხვედრა ედი ნკეტიას ბენეფისად იქცა, რომელმაც მანჩესტერელთა ფორვარდ რაშფორდის ულამაზესი ინდივიდუალური გოლის შემდეგ ჯერ გაათანაბრა ანგარიში, ხოლო შეხვედრის ბოლო წუთზე კი დუბლი მიითვალა, აღადგინა რა ამ გოლით სატურნირო ცხრილში „არსენალის“ ხუთქულიანი უპირატესობა „მანჩესტერ სიტისთან“, რომელმაც ერლინგ ჰალანდის „ჰეთთრიკის“ მეშვეობით „ვულვერჰემპტონი“ დაამარცხა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.