Pearl – თანამედროვე საშინელებათა კინო
ავტორი: თამუნა გეფერიძე
სანამ ჰოლივუდში უკვე არსებული, ძველი ფილმების რიმეიქების გადამღერება და ცნობილი ანიმაციური ფილმების გაცოცხლება მიმდინარეობს, 2012 წელს დაარსებული დამოუკიდებელი კინოსტუდია A24 კვლავ ინარჩუნებს უნიკალურობას და ორიგინალურ სცენარებს სთავაზობს მაყურებელს. კონკრეტულად კი იმ ჟანრს დასტრიალებს თავს, რომელსაც კინოფესტივალებზე დიდი ყურადღება არ ეთმობოდა ან საერთოდ არ ექცეოდა.
საშინელებათა ფილმები, ეგრეთწოდებული ჰორორი, ტრილერი – დიდი ხანია არ გაშლილა ასეთ მრავალფეროვან ფერებში და ამდენ ქვეჟანრად, როგორც A24-ის რეჟისორებისა და პროდიუსერების ხელში. თითქმის ყოველწლიურად რომელიმე ჰორორ ფილმის სახელი ხმამაღალი განხილვების თემად იქცევა მაყურებლებს შორის. 2022 წელს კი რეჟისორმა თაი ვესტმა ტრილოგიის პირველი და მეორე ნაწილი „X” და “Pearl” გამოუშვა, მესამე და საბოლოო სერიას მაყურებელი უკვე 2023-ში იხილავს, მაგრამ გადაღებული ამ ორი ფილმიდან 1918 წელს მცხოვრები მთავარი გმირი ტექსასის ფერმიდან, გოგონა, სახელად ფერლი, ჩემი აზრით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან მიუხედავად დროისა და ადგილმდებარეობის უზარმაზარი სხვაობისა, მსგავსი რელევანტურობა არასდროს მიგრძნია მეც და დარწმუნებული ვარ სხვა მაყურებლებსაც პერსონაჟისა თუ სიუჟეტის მიმართ.
ევროპაში პირველი მსოფლიო ომი მიმდინარეობს, პანდემია ახალი დასრულებულია, მაგრამ საზოგადოებას მაინც მწარედ ახსოვს მისი შედეგები და ყველა პირბადეს ატარებს ქუჩებში. უკვე ნაცნობია, არა? ფერლი გერმანელი ემიგრანტების შვილია, ტეხასის ფერმაში გაზრდილი. შექმნილი ვითარების გამო ოჯახი იზოლირებულად ცხოვრობს გარე სამყაროსგან, მისი ქმარი საომრად არის წასული, დედა კრძალავს სისხლისმღვრელ მოვლენებზე საუბარს და თავიდან ბოლომდე შრომაში და ავადმყოფი, დამბლადაცემული მეუღლის მოვლაშია ჩართული. რა თქმა უნდა, შვილსაც იმავეს სთხოვს. რუტინა, მუშაობა, მორჩილება, მიწაზე დაშვება და თვითგადარჩენა – ასეთია მისი სწავლება და მოთხოვნები, თუმცა ცხოვრება ასე თუ ისე მწყობრში დგება, ფერლი კი ოცნებობს, გახდეს სწორედ იმ ცოცხალი, მშვენიერი სამყაროს ნაწილი, რომელიც ფერმის იქითაა, გახდეს მოცეკვავე, გამოჩნდეს კინოეკრანებზე და იყოს ის, ვისაც ხედავს საკუთარ თავში, ნამდვილი ვარსკვლავი. გარკვეულ ასაკში, ამა თუ იმ ნიჭისა, თუ ინტერესების აღმოჩენისას ჩვენს გულში ყველას გვიჩნდება თვითრეალიზაციის სურვილი, ვისახავთ მიზნებს და ვოცნებობთ, ძალიან ბევრს ვოცნებობთ. ოცნებები განსხვავებულია, ზოგს დიდი გეგმები აქვს, ზოგს კი პატარა, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, სწორ გზაზე დადგომა და რეალიზაცია შევძლოთ. ფერლიც თითქმის განუწყვეტლივ ოცნებობს, წარმოიდგენს, როგორ ცეკვავს მაყურებლების წინაშე, როგორ იღებენ ფილმში, მასთან ერთად ჩვენც ჩაგვესმის იმ დროინდელი მუნჯური კინოსთვის დამახასიათებელი თანმხლები მუსიკა. ვარჯიშობს დედისგან მალულად და ცხოველების წინ მართავს წარმოდგენებს.
ფერები, დეკორაცია, მხატვრობა, განათება, მსახიობების თამაშის მანერაც, ყველაფერი კიტჩურია, თითქოს სასაცილოდ დადგმულ სპექტაკლს უყურებ, მაგრამ სწორედ ეს ქმნის იმ განსხვავებულ და შემაძრწუნებელ გარემოს, რომელიც უცნაურ დისკომფორტსა და აღელვებაში გაგდებს. ფერლი თითქოს ფილმ „ოზის ჯადოქარში“ ცხოვრობს, მაგრამ კინოსურათი პირქუშ რეალობაზე გვიყვება, როგორი იქნებოდა დოროთის ბედი, მოვლენები ზღაპარში რომ არ განვითარებულიყო. ოცნებების ასახდენად ფერლი სახლიდან მალულად იპარება, გაქცევას ლამობს ამერიკიდან, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფერმიდან თავის დაღწევის ხელჩასაჭიდს ეძებს, როცა ჩვენ ყველაფერზე მივდივართ, რათა პირიქით, ამერიკაში აღმოვჩნდეთ. ფერლი საფრანგეთზე ოცნებობს, თუმცა კი არასდროს ყოფილა იქ და ბევრი არაფერი იცის იქაურობის შესახებ, მხოლოდ სმენია, როგორ ცეკვავენ იქ, როგორ იღებენ ფილმებს, როგორ ხდებიან მისი თანატოლი გოგონები ნამდვილი ვარსკვლავები.
სოციალურ ქსელში დღესდღეობით ვირუსულადაა გავრცელებული ფილმის ერთ-ერთი სცენა და აუცილებლად გექნებათ ნანახი, მოსმენილი ან სულაც წაკითხული NO, I AM STAR! PLEASE I AM STAR! -ეს ფერლის განწირული, სასოწარკვეთილი ყვირილია, როცა აცნობიერებს, რომ მის წინ მისი იმედები დაიმსხვრა, ოცნებები მარტივად არ ხდება და არც გასაქცევი ჩანს სადმე. უკვე მანამდეც მაყურებელი ნელ-ნელა თვალს ადევნებს და ხვდება, თუ რა ამაზრზენ სიგიჟედ იქცევა ფერლის ფერადი სამყარო და ის სულაც არ არის ჯადოსნური, როგორც თავდაპირველად ჩანს, როგორი მოჩვენებითია მისი ღიმილი და რა იმალება მის უკან. თი ვესტის ტრილოგიის მეორე ნაწილი ფსიქოლოგიური ჰორორია, რად შეიძლება იქცეს ადამიანი, რომელიც გალიაში გამოამწყვდიეს და ყველაფერი წაართვეს, როგორ იშლება მის მიერ აგებული სამყარო და რჩება შემაძრწუნებელი რეალობა, რომელსაც კვლავ თეატრალურად უძღვება და ილუზიებს არ ნებდება.
“Pearl” ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოდ გაშლილი ფსიქოლოგიური დრამა და ტრილერია საშინელებათა ფილმების ჟანრში, იგი რელევანტურია, ვიზუალურად განსხვავებული და ესთეტიკურად სასტიკი. ყველაზე საინტერესო ალბათ ამ ფილმში ეს ბოლო მონოლოგია, სადაც მთავარი გმირი პირველად და უკანასკნელად იხსნის ნიღაბს, რეალობას ნებდება, ყველა თავის დანაშაულს აღიარებს, ბავშვობის ტრავმებს იხსენებს და საკუთარ თავს განიკითხავს, ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ 8 წუთის განმავლობაში, როცა ჩვენი თვალი თანამედროვე კინოში მიჩვეულია კადრისა და რაკურსის რამდენიმე წამში ცვლილებას, კამერა არ იძვრის, მსახიობის ერთ გამოსახულებას შეჰყურებ და ისმენ, ეს, რა თქმა უნდა, ემოციური ტექსტისა და მსახიობის, მია გოთის დამსახურებაა, რომელიც ისე ასრულებს ამ მონაკვეთს, რომ ვერც კი ამჩნევ, როგორ სწრაფად სრულდება ეს რვა წუთი. კათარსისი მიღწეულია, მაგრამ ამის შემდგომ ფერლი კვლავ თავის ბუნებას უბრუნდება და მაყურებელს ასევე რამდენიმეწუთიანი უწყვეტი ღიმილით ემშვიდობება ტიტრების თანხლებით, ღიმილით, რომელიც ტკივილს უფრო ჰგავს, ღიმილით, რომელიც შიშის ზარს გცემს.
ყოველ შემთხვევაში, როგორც უნდა უყურებდე ამ კონკრეტულ ჟანრს, დღესდღეობით მისი განვითარების არაღიარება შეუძლებელია და თუ მისი გაცნობა უკეთ გსურთ, “Pearl“ ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. კინოინდუსტრიაც ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნებოდა, თუ მსგავსს ნამუშევრებს მეტი ყურადღება დაეთმობოდა, რადგან შრომა, რომელსაც მთელი გადამღები ჯგუფი დებს ამ ფილმებში, ნამდვილად დასაფასებელია, ხარისხი ბევრად ამაღლებული და დახვეწილია, წინა წლების საშინელებათა ჟანრის კინოსურათებთან შედარებით, მაგრამ სოციალური ქსელის მეშვეობით, რომელიც უამრავ მიმს ქმნის, „Pearl“ მაინც იღებს შესაფერისს ყურადღებასა და დაფასებას.