fbpx

თასები და ჩემპიონატები


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

გასულ კვირას მაყურებლებს არაერთი ცენტრალური მატჩის ყურების საშუალება მიეცათ, რადგან ეროვნულ ჩემპიონატებთან ერთად, სათასო შეხვედრებიც ჩატარდა, რამაც ევროპულ საკლუბო ფეხბურთს სიმძაფრე შემატა.

სამწუხაროდ, ესპანეთის თასისათვის ბრძოლას გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ დაემშვიდობა, რომელიც შინ პირწმინდად დამარცხდა ბილბაოს „ატლეტიკთან“ შეხვედრაში. 

ამ მატჩში ოთხივე ბურთი სტუმრებმა გაიტანეს, ოღონდ ერთ-ერთი საკუთარ კარში.

ქართველ მეკარეს არცერთ გოლში ბრალი არ მიუძღვის. უბრალოდ საწყენია, რომ თერთმეტმეტრიანი დარტყმის მიმართულება კი გამოიცნო, მაგრამ მისი მოგერიება ვეღარ მოახერხა. 

პენალტების ზუსტად შესრულებისთვის და მათი მოგერიებისთვის მზადებას კი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ახლავე უნდა შეუდგნენ, რადგან მომავალ წელს უკვე ერთა ლიგის ლეიოფის მატჩებია დაგეგმილი.

ანალოგიური ანგარიშით 3:1 მადრიდის „რეალმა“ „ატლეტიკო“ დაამარცხა, ოღონდ მასპინძლებმა ამის გაკეთება ამ წყვილის პლეიოფებისათვის დამახასიათებელ დამატებით დროში შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ მატჩი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩატარდა და იქ მისულ მაყურებელს თვალწინ შესანიშნავი სანახაობა გადაეშალა.

მთავარი ეფექტი „რეალის“ ორმა ჭეშმარიტად ბრაზილიურმა გოლმა მოახდინა, რომლებიც როდრიგომ და ვინისიუსმა „ცეკვა-ცეკვით“ გაიტანეს მადრიდის „ატლეტიკოს“ ნაქებ მცველებთან პაექრობაში.

ამრიგად, თუკი პელეს პერიოდის ტრადიციული „ჯინგას“ შესრულებას ბრაზილიელი ფეხბურთელები ნაკრებში ვეღარ ახერხებენ, ამის დემონსტრირებას ისინი მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში ახდენენ.

ამ ცოტა ხნის წინათ „არსენალის“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაპირისპირების მსგავს, თავზეხელაღებულ საფეხბურთო სპექტაკლს გულშემატკივრები შეიძლება „მანჩესტერ სიტის“ და „არსენალის“ სათასო შეხვედრაშიც ელოდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში პრაგმატიზმმა იმარჯვა და თამაში პეპ გვარდიოლას გუნდის კარნახით წარიმართა, რომელმაც ანგარიში მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე გახსნა და ამის შემდეგ პრემიერლიგის ლიდერი საკუთარი კარის სიახლოვეს პრაქტიკულად აღარ მიუშვა.

მასპინძლებმა მთელი მატჩის მანძილზე საუცხოოდ დაბალანსებული ფეხბურთი აჩვენეს. 

ერთადერთ გოლში კი მთავარი დამსახურება ჯეკ გრილიშს მიუძღვის, რომლის მიერ აკეს მისამართით განხორციელებული მყისიერი და მოულოდნელი საგოლე გადაცემა შეუმჩნეველი აღმოჩნდა როგორც საჯარიმო მოედანზე მყოფი „არსენალის“  მცველებისთვის, ისე  მეკარისთვის. 

აწი ეს გუნდები ერთმანეთს ლონდონში 15 თებერვალს, უკვე პრემიერლიგის ეგიდით დაუპირისპირდებიან. 

„არსენალი“ ყველანაირად ეცდება საკუთარ სტადიონზე „მანჩესტერ სიტიზე“  რევანშის აღებას და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემდეგ, მის დამარცხებასაც.

ასოციაციის თასზე „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად პრემიერლიგის წამყვანი გუნდებიდან მომდევნო ეტაპზე მხოლოდ „ტოტენჰემი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ გავიდნენ, „ლივერპული“ კი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად მოასპარეზე „ბრაიტონმა“ გამოაგდო. 

ინგლისის ლიგის თასის ფინალში დიდი ალბათობით ერთმანეთს „ნიუკასლი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაუპირისპირდებიან, რადგან მათ პირველ რაუნდში გასვლით შეხვედრებში დაამარცხეს შესაბამისად – „საუთჰემპტონი“ და „ნოტინგემ ფორესტი“.

უცნაურად ვითარდება მოვლენები გერმანიის ბუნდესლიგაში, რომლის განახლების შემდეგაც მიუნხენის „ბაიერნმა“ ზედიზედ სამი მატჩი ფრედ – 1:1 დაასრულა. 

„ბაიერნს“ მსგავსი შედეგი პირველ წრეშიც ჰქონდა დაფიქსირებული, მაგრამ გუნდმა თანდათანობით გააუმჯობესა თამაშის ხარისხი და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მისთვის ჩვეულ რიტმში მოიპოვა ლიდერის პოზიცია.

მაგრამ რა ხდება ახლა? დაკვირვებულ თვალს „რეკორდმაისტერის“ ამჟამინდელი „პერფორმანსი“ აუცილებლად მოაგონებს სწორედ რომ კატარის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ყოვლად გაუაზრებელ, სპონტანურ და უსისტემო ნამოღვაწარს.

საკვირველი კი ისაა, რომ „ბაიერნს“ მეტოქის კართან სახიფათო მომენტების შექმნა უჭირს, ხოლო მისი კონტრშეტევაზე გამოჭერა კი მაინცდამაინც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

სწორედ ასე მოიქცა უკანასკნელ ტურში ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ მეტოქე „აინტრახტი“, რომელმაც წონასწორობა მატჩის 69-ე წუთზე აღადგინა და იმის თავხედობაც ეყო, რომ დარჩენილი დრო შეტევებში გაეტარებინა.

სხვა სცენარით წარიმართა წინა შეხვედრა „ბაიერნსა“ და მე-12 ადგილზე მყოფ „კიოლნს“ შორის, რომელშიც სტუმრებმა პირველი წუთებიდანვე შეუტიეს მრისხანე მეტოქეს და თავიდანვე დაწინაურდნენ. 

უნიათო „რეკორდმაისტერი“ წაგებას მატჩის მიწურულს კიმიხის მიერ საშუალო მანძილიდან შესრულებულმა დარტყმამ გადაარჩინა, რის შემდეგაც გამარჯვების გოლის გატანა მასპინძლებმა ფიზიკურად გათანგული საშუალო კლასის გუნდის კარში ვეღარ მოასწრეს.

„ბაიერნი“ შეიძლება მომდევნო ტურში მოეგოს გონს და მისი რისხვა თავს ბუნდესლიგის განახლების შემდეგ პირველ ორ მატჩში შესაბამისად – ანგარიშებით 6:0 და 5:0 მომგებ „ვოლფსბურგს“ დაატყდეს, რომელსაც 2019 წელს „რეკორდმაისტერიდან“ სკანდალით გაშვებული ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემის“ ანგარიშით 7:2 მომგები ხორვატი ნიკო კოვაჩი წვრთნის.

იმ მატჩში სერჟ გნაბრიმ „პოკერი“ შეასრულა, ბუნდესლიგის აქ ნახსენები სამი შეხვედრიდან კი მას თავიდან ბოლომდე ერთშიც არ მიუღია მონაწილეობა, რომ აღარაფერი ვთქვათ თამაშის ხარისხზე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენების მსგავსი იყო…

გნაბრის და მის თანაგუნდელთა მიერ უკანასკნელ სამ ტურში გატანილი სამი და ამდენივე გაშვებული გოლით კი „უნიონმა“, „ლაიპციგმა“, „ფრაიბურგმა“, „დორტმუნდმა“ და „აინტრახტმა“ ისარგებლეს, რომლებიც ბუნდესლიგის ყველაზე სახელოვან გუნდს სატურნირო ცხრილში უკიდურესად მიუახლოვდნენ.

აი იტალიის სერია A-ს კი „ნაპოლის“ სახით ტოპ ჩემპიონატებს შორის ყველაზე მეტად გამოხატული ლიდერი ჰყავს. 

„რომასთან“ მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდა „მილანისგან“, რომელიც შინ „სასუოლოსთან“ დიდი ანგარიშით 2:5 დამარცხდა.

როგორც ვხედავთ, „როსონერის“ კრიზისული მდგომარეობა გრძელდება და მის მიერ „სკუდეტოს“ მოპოვების შანსი ლამის სატურნირო ცხრილში 15 ქულით დაქვეითებულ ტურინის „იუვენტუსისას“ უთანაბრდება, რომელმაც თავის მხრივ შინ „მონცასთან“ 0:2 წააგო.

„რომასთან“ შეხვედრაში კი „ნაპოლიმ“ ანგარიში პირველი ტაიმის მე-17 წუთზე გახსნა, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემა ვიქტორ ოსიმენმა საოცრად ეფექტური გოლით დააგვირგვინა.

მატჩის დასრულებამდე 25 წუთით ადრე ხვიჩა შეცვალეს და დარჩენილ დროში ჯერ ელ შაარავიმ აღადგინა წონასწორობა, ხოლო შემდეგ კი მოედანზე შესულმა ჯოვანი სიმეონემ კვლავ დააწინაურა მასპინძლები.

მორიგი სამი ქულის მოპოვებით „ნაპოლიმ“ სერიოზული ნაბიჯი გადადგა  ჩემპიონობისკენ, რადგან უახლოეს მდევარ „ინტერს“ იგი 13 და მომდევნო სამ გუნდს 15 ქულით უსწრებს.

იტალიის ჩემპიონატში უახლოესი მატჩები ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს „სპეციას“, „კრემონეზეს“ და „სასუოლოს“ წინააღმდეგ ელის. 22 თებერვალს კი იგი ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში გასვლაზე „აინტრახტს“ დაუპირისპირდება. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.