fbpx

ჯეიმს ჯოისი – „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ და არამარტო…


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მათე წიკლაური

 

მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში, ალბათ, ძალიან ცოტა ავტორს თუ აქვს ისეთი მკაფიო, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხელწერა, როგორც ჯეიმს ჯოისს… მისი შემოქმედება ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან ლიტერატურულ მემკვიდრეობად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ჯოისის  ნაწარმოებებს ყოველთვის თან სდევს ირლანდიური განწყობა და მშობლიურ დუბლინთან დაკავშირებული მოგონებები. ქართველი მკითხველი ჯეიმს ჯოისს ძირითადად ისეთი პროზაული ტექსტებით იცნობს, როგორებიცაა: „ულისე“, „ფინეგანის ქელეხი“, „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“, „დუბლინელები“ და „ჯაკომო ჯოისი“, მაგრამ მის შემოქმედებაზე საუბრისას არც პოეტური  შემოქმედება  უნდა დავივიწყოთ. მაგალითად,  „კამერული მუსიკა“ 36 მოკლე ლექსისგან შემდგარი პოეტური კრებულია, რომელშიც ჯოისი კელტური აღორძინების ხანის ლიდერად გვევლინება. მართლაც, ჯოისის შემოქმედება სავსეა თავბრუდამხვევი ლაბირინთებითა და ურთულესი ლიტერატურული ჩანაფიქრებით, რის გამოც მისი რომანების წაკითხვა მკითხველისათვის არც ისე მარტივია. ჯოისის შემოქმედებაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, მისი თითოეული ნაწარმოები ძალიან ვრცელი განხილვის საგანია.  ეს წიგნები რაღაცნაირად ჰგავს  ირლანდიელ გენიოსის ცხოვრებას, რომელიც სავსეა ძალიან საინტერესო ფაქტებითა და ეპიზოდებით.

ჯეიმს ჯოისი 1882 წლის 2 თებერვალს დუბლინის ერთ-ერთ გარეუბანში დაიბადა. მოდერნიზმის გამორჩეულმა ავტორმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ირლანდიის საზღვრებს გარეთ გაატარა, თუმცა მის შემოქმედებაში ირლანდიური სული არასოდეს განელებულა. ამ სტატიაში მინდა, რამდენიმე ძალიან საინტერესო ფაქტის შესახებ გიამბოთ:

 

  • ჯეიმს ჯოისი და ვირჯინია ვულფი ერთ წელს  დაიბადნენ

გარდა იმისა, რომ ამ ორი კლასიკოსიდან ორივე 1882 წელს დაიბადა, მათ შორის საერთო კიდევ ბევრია: ვირჯინია ვულფსა და ჯეიმს ჯოისს საერთო აქვთ გარდაცვალების თარიღიც (1941 წელი). ჯოისის შედევრში ,„ულისე“  მოქმედება ივნისის შუაში ხდება, ზუსტად ისე, როგორც  ვირჯინია ვულფის რომანში  „მისის დოლოვეი“, ამასთან საინტერესოა ისიც, რომ ორივე ნაწარმოებში მოქმედების ერთი დღეა მხოლოდ აღწერილი, ორივე რომანი  მოდერნისტული ლიტერატურის შედევრადაა მიჩნეული  და ორივე მწერალი ცნობიერების ნაკადის ტრადიციის ფუძემდებლადაა  აღიარებული.  

 

  • ლათინური ენის სპეციალისტი

მიუხედავად იმისა, რომ ჯოისი უკიდურეს სიღარიბეში იზრდებოდა, ის მაინც თავს არ ზოგავდა და განუწყვეტლივ მეცადინეობდა. საბოლოოდ მან უმაღლესი სასწავლებელი ლათინური ენის განხრით დაასრულა. 

 

  • ჯეიმს ჯოისი კი არა, სტივენ დედალოსი…

იყო დრო, როცა ჯეიმს ჯოისი მოთხრობებს აქვეყნებდა ფსევდონიმით – სტივენ დედალოსი.  მაგალითად, მოთხრობები „ეველინი“, „დები“ და „რბოლის შემდეგ“ ამ  ფსევდონიმითაა გამოქვეყნებული. მოგვიანებით  აღნიშნულმა მეტსახელმა ჯოისის შემოქმედებაში დიდი ადგილი დაიკავა და რომანების – „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“, „ულისეს“ და საერთოდ, მთელი შემოქმედების განუყოფელ ნაწილად დარჩა. 

 

  • ცუდი მხედველობა 

ჯეიმს ჯოისი ძალიან ცუდად ხედავდა. მას 25 ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ, მიუხედავად სამედიცინო ჩარევისა, 1930 წელს მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა, მარჯვენა თვალით  კი ძლივს ხედავდა.  ამან წერის პროცესი საგრძნობლად გაართულა, მხედველობადაკარგულ ჯოისს ქალიშვილი ეხმარებოდა გადაწერაში. 

 

  • ჯეიმს ჯოისს ძალიან ეშინოდა ჭექა-ქუხილის

ირლანდიელ მწერალს ელვისა და ჭექა-ქუხილის შიში ბავშვობიდან მოჰყვებოდა. როგორც ამბობენ, ფობია კათოლიკე გუვერნანტის აზრს უკავშირდება. მან პატარა ჯოისს უთხრა, რომ როცა ქუხს, ღმერთი განრისხებულია და  ბრაზს გამოხატავს. 

 

  • ყველაზე გრძელი სიტყვა – 101 ასო

ჯოისი არა მხოლოდ ვრცელი რომანების, არამედ  ყველაზე გრძელი სიტყვის ავტორიცაა:  „bababadalgharaghtakamminarronnkonnbronntonnerronntuonnthunntrovarrhounawnskawntoohoohoordenenthurnuk“. ამ სიტყვას ჯოისის ცნობილ რომან „ფინეგანის ქელეხში“ ვხვდებით. ის სიმბოლურად განასახიერებს ხმას, რომელიც ჭექა-ქუხილის დრო წარმოიქმნება და სიმბოლურადვე უკავშირდება ადამს  და ევას.   ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსმა, სილვია პლათმა ავტობიოგრაფიულ რომანში ეს სიტყვა გამოიყენა – პლათის გმირი სწორედ  ჯოისის „ფინეგანის ქელეხს“ კითხულობს. 

 

  • Bloomsday – დღესასწაული „ულისეს“ შთაგონებით

კადრი დღესასწაულიდან

მოგეხსენებათ, რომანში „ულისე“ მხოლოდ  ერთი დღეა  აღწერილი – 16 ივნისი. ამ დღეს ირლანდიაში ჯოისის სახელთან დაკავშირებულ დღესასწაულს აღნიშნავენ. დღესასწაული ნაწარმოების პროტაგონისტის, ლეოპოლდ ბლუმის სახელს ატარებს. მისი  მიზანი და შინაარსი ირლანდიელი გენიოსის რომანში განვითარებული სიუჟეტის გახსენება და ჯოისის სახელის უკვდავყოფაა.

 

  • სადილი – პრუსტი, პიკასო, სტრავინსკი და ჯოისი

1922 წელს, როცა ჯოისის შედევრი „ულისე“ გამოიცა, მარსელ პრუსტი, პაბლო პიკასო, იგორ სტრავინსკი და ჯეიმს ჯოისი ერთმანეთს შეხვდნენ. იმავე წლის ნოემბერში მარსელ პრუსტი გარდაიცვალა. როგორ ამბობენ, 18 მაისის სადილზე პრუსტმა და ჯოისმა აღიარეს, რომ ერთმანეთის ნაწარმოებებს დიდად არ სწყალობდნენ. 

 

  • ჰემინგუეის მოგონება

ერნესტ ჰემინგუეი და ჯეიმს ჯოისი ალკოჰოლის დიდი მოყვარულები იყვნენ და ძალიან ხშირად პარიზის ბარებში ერთადაც სვამდნენ ხოლმე. ჰემინგუეიმ ჯოისი წიგნის მაღაზია „შექსპირი და კომპანიაში“  გაიცნო. პარიზული საღამოების შესახებ ჰემინგუეი წერს: „ერთხელ, ერთ-ერთი ჩვეულებრივი სმისას, ჯოისმა მითხრა, რომ ძალიან აწუხებდა მისი ნაწერის გარეუბნული სტილი… რაღაცების ეშინია, მაგალითად, ელვის, მაგრამ მშვენიერი კაცია. ჩვენს ამ შეხვედრას მისი მეუღლეც ესწრებოდა და იზიარებდა ჯოისის შენიშვნას თავისივე  ნაწარმოებებზე…  ასე, გამოვიდოდით ხოლმე სასმელად, ჯოისი დაუწყებდა ვიღაცას ჩხუბს, ხშირად ვერც ხედავდა მას და მე მეუბნებოდა: „გაუმკლავდი მას, ჰემინგუეი!“

 

  • 1941 წელი, ციურიხი

ჯეიმს ჯოისი 1941 წელს ციურიხში გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, მისი ბოლო სიტყვები იყო: „არავის ესმის?“. 

ჯოისის ცხოვრების შესახებ ლაპარაკი დაუსრულებლად შეიძლება. ძალიან საინტერესო და ღრმა იყო მისი სასიყვარულო ისტორიებიც, ის წერილები, რომლებსაც ჯოისი მეუღლეს წერდა… ჯეიმს ჯოისი ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია, მისი შემოქმედება კი უკვდავი და მარადიული. „დუბლინელებს“ – მოთხრობების კრებულს, რომელიც 22 წლისამ დაწერა, „ულისეს“ და სხვა რჩეულ ნაწარმოებებს ყველა თაობა უდიდესი ინტერესით კითხულობს და, ეჭვგარეშეა, რომ  ეს ინტერესი საუკუნეებს  გაუძლებს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.