fbpx

უიღბლო მბაპე რეკორდსმენი კეინი და საუკეთესო ხვიჩა


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრა გათამაშების ლიდერ „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მონპელიეს“ შორის საკმაოდ უცნაური სცენარით წარიმართა, მაგრამ საბოლოოდ პარიზელებმა მორიგი სამი ქულა მოიპოვეს და როგორც ჩანს, ლიგა 1-ის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში მათ წლეულსაც ვერავინ შეეცილება.

სერხიო რამოსმა მატჩის დებიუტშივე მოახდინა მეტოქის საჯარიმო მოედანზე პენალტის ინსცენირება, რომლის შესრულებაც მბაპემ ითავა. 

პარიზელთა ფორვარდს მეტოქის მეკარე ბენჯამინ ლეკონმა კუთხე გამოუცნო და ბურთი მოიგერია, მაგრამ ეპიზოდს გაგრძელება მოჰყვა, რადგან მსაჯმა მეკარის მიერ კარის ხაზიდან წინ გამოსვლა დააფიქსირა. 

მბაპემ ხელმეორედ დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა, კვლავ მას დაუბრუნდა, მაგრამ გოლზე დახარბებულმა ფორვარდმა იგი ცარიელ კარს ააცილა. 

მატჩის 21-ე წუთზე კი სტუმართა მე-7 ნომერს საერთოდ მოედნის დატოვება მოუწია, რადგან მეტოქე ბევრს და თანაც განზრახ უხეშობდა… 

„პარი სენ-ჟერმენმა“ სამივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანა, იქამდე კი მას VAR-მა ორი ბურთი  თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუუქმა. 

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ლიონელ მესის გოლი. არგენტინელმა ახლო მანძილზე მოხდენილი მოძრაობით აუარა გვერდი მეტოქის ორ მცველს, მასთან პირისპირ დარჩენილ მეკარეს კი ისღა დარჩენოდა, რომ ორიოდე წამში ბურთი საკუთარი კარის ბადიდან გამოეტანა…

მესიმ „ტულუზასთანაც“ გაიტანა, დააწინაურა რა საკუთარი გუნდი მატჩის 58-ე წუთზე საშუალო დისტანციიდან შესრულებული ჩახვეული დარტყმით. 

საუკეთესო კი მასპინძელთაგან ჰაკიმი იყო, რომელმაც გარდა იმისა, რომ მესის თანაშემწეობა გაუწია ამ გოლში, პირველ ტაიმში ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ გაათანაბრა ანგარიში. 

საფრანგეთის ჩემპიონატში ზედიზედ ორი მოგების მიუხედავად, „პარი სენ-ჟერმენი“ ჯერჯერობით ვერ უჩვენებს იმ თამაშს, რომელიც მას ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობის საფუძველს მისცემს. ფრანგებისთვის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ „ბაიერნთან“ პირველ მერვედფინალურ მატჩში მბაპე ვერ მიიღებს მონაწილეობას.

“ბაიერნი“ კი გერმანიის ჩემპიონატის განახლებისთანავე ზედიზედ სამჯერ ფრედ ნათამაშევი მატჩების მერე  გონს მოეგო და თასზე „მაინცის“განადგურების შემდეგ, ჩემპიონატში ბოლო ხანს მოძლიერებული „ვოლფსბურგი“ გასვლაზე ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

ამ მოგებით „ბაიერნმა“ ერთი დღით გალიდერებულ „უნიონს“ კვლავ გადაასწრო და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. 

გამარჯვების მიუხედავად, „ბაიერნის“ თამაშში კვლავ იგრძნობა ერთგვარი სპონტანურობა, რაც ამ მატჩის განვითარების სცენარშიც აისახა.

„რეკორდმაისტერი“ უკვე მე-20 წუთისთვის  3:0-ს იგებდა და თითქოს მეტოქეს მიწასთან გასწორება არ უნდა ასცდენოდა, მაგრამ ამის ნაცვლად 54-ე წუთიდან მოყოლებული „ბაიერნს“ ათი კაცის შემადგენლობით მოუწია თამაში.

საინტერესო ამბები დატრიალდა ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურში, სადაც მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი იწვნია ლონდონის „არსენალმა“. 

გათამაშების ლიდერი „ევერტონმა“ დაამარცხა, რომელმაც მოპოვებული სამი ქულით  სატურნირო ცხრილის უკანასკნელ ადგილს დააღწია თავი. ეს კი შეიძლება ახალ მწვრთნელ შონ დაიჩის დამსახურებაც იყოს. 

დაიჩმა ათი წელიწადი „ბარნლიში“ გაატარა, მაგრამ შარშანდელი წარუმატებელი ასპარეზობა მას არ აპატიეს და პრემიერლიგის სეზონის დასრულებამდე ერთი თვით ადრე გუნდიდან გაუშვეს. 

საბოლოოდ „ბარნლი“ გავარდა და მწვრთნელიც თითქმის ერთი წლის მანძილზე კლუბის გარეშე იმყოფებოდა.

მაგრამ მთავარი ამბები თურმე წინ იყო, როდესაც „არსენალის“ წაგების მცოდნე „მანჩესტერ სიტიმ“ მეორე დღეს, ასევე ანგარიშით 0:1 დათმო შეხვედრა ლონდონის „ტოტენჰემთან“.

ეს მატჩი პეპ გვარდიოლას გუნდის მოულოდნელი წაგების გარდა, ერთი განსაკუთრებული მოვლენითაც აღინიშნა. 

კერძოდ, შეხვედრის მე-15 წუთზე გატანილი გოლი ჰარი კეინის საფეხბურთო კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა, რადგან 267 ბურთით იგი „ტოტენჰემის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიას ჩაუდგა სათავეში.

პრემიერლიგის ლიდერების შეხმატკბილებულ წაგებებთან ერთად, გაკვირვებას იწვევს „ლივერპულის“ დიდი ანგარიშით 0:3 მარცხი „ვულვერჰემპტონთან“, რადგან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილი და ათქულიანი ჩამორჩენა თუნდაც მეხუთე ადგილოსან „ტოტენჰემთან“, მერსისაიდელთა საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის ყოველგვარ შანსს გამორიცხავს.

„ლივერპულს“ შარშანაც ჩავარდნილი სეზონი ჰქონდა, მაგრამ გუნდმა მობილიზაცია მოახდინა და საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. ამჟამად კი იგი ამას მხოლოდ წლევანდელი ტურნირის მოგებით თუ შეძლებს, რისთვისაც უპირველეს ყოვლისა მერვედფინალში მადრიდის „რეალი“ ეყოლება დასამარცხებელი.

შეძლებს კი „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის და შარშანდელი  გათამაშებების ფინალებში „სამეფო კლუბთან“ მარცხზე რევანშის აღებას?

დღევანდელი გადასახედით ამაში იურგენ კლოპის გუნდს ისევ „რეალი“ თუ დაეხმარება, რომელმაც ბოლო ტურში გასვლაზე „მალიორკასთან“ წააგო და „ბარსელონასთან“ ჩამორჩენა უკვე რვა ქულამდე გაზარდა.

ჩვენთვის კი მთავარი ისაა, რომ „სკუდეტოსკენ“ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა „ნაპოლიმ“, რომელმაც გასვლაზე დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა „სპეცია“.

სტუმართაგან საუკეთესო იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მეორე ტაიმის დებიუტში პენალტით გახსნა ანგარიში და გარდა ამისა, ოსიმენის მიერ გატანილ ორივე გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა.

მწვრთნელმა სპალეტიმ ხვიჩა ტრადიციულად მომდევნო მატჩებისთვის დაზოგა და მესამე საგოლე გადაცემის შესრულებისთანავე, შეხვედრის დასრულებამდე 25 წუთით ადრე დაატოვებინა მას მინდორი. 

21 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ უახლოეს მდევარ „ინტერს“ 13 ქულით უსწრებს და მის ჩემპიონობაში ეჭვი ალბათ უკვე თვით „ნერაძურის“ გულშემატკივრებსაც აღარ ეპარებათ.

საპირისპირო მდგომარეობაა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში“, რომელიც მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გატუზოს წასვლის შემდეგ საერთოდ გუნდს აღარ ჰგავს და უკანასკნელ ორ შეხვედრაში თამაშის ოდნავ გამწვავებასაც კი ვერ ახერხებს. 

„ვალენსიამ“ ვერც „რეალს“ გაუტანა და ვერც „ხირონას“ და რომ არა მამარდაშვილის აკრობატული ნახტომები, მისი გუნდი ალბათ ორჯერ მეტ ბურთს გაუშვებდა.

განსაკუთრებით საგანგაშო „ვალენსიასთვის“ „ხირონასთან“ მარცხია, რადგან ამ წაგების შემდეგ ლა ლიგის დებიუტანტმა სატურნირო ცხრილში მას უკვე ოთხი ქულით გაუსწრო.

„ვალენსიას“ ესპანეთის ჩემპიონატში უკანასკნელად გასული წლის ნოემბერში, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე აქვს მოგებული და თუ ასე გააგრძელებს, შეიძლება მეორე დივიზიონში დაქვეითება მოუწიოს, რადგან თამაშის მოგებას უკვე გამოხატული აუტსაიდერი „ელჩეც“ კი ახერხებს, რომელმაც გასულ ტურში, მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მეხუთე ადგილოსან „ვილიარეალთან“ შეხვედრაში იზეიმა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.