fbpx

რა ხდება მზის ჩასვლისას აღმოსავლეთში?.. – ნიკა ხაბელაშვილის გამოფენა „გამრეკელი მოდერნში“


გააზიარე სტატია

 

ავტორი: თეონა ჯაფარიძე

გალერეა „გამრეკელი მოდერნში“ ნიკა ხაბელაშვილის გამოფენა მიმდინარეობს. (მუსიკა – ქეთევან გიორგაძე; გამოფენის კურატორი – ნინო გუჯაბიძე; თანაკურატორი – ნატალია ნიქაცაძე).

„ჩემი ინსპირაცია მოგზაურობაა. მე ვარ მხატვარი, რომელიც სულ მოგზაურობს და ამ მოგზაურობის მოგონებები (ანუ წარსული) ტრანსფორმირდება ჩემს შემოქმედებაში“. – მიხსნის მხატვარი.

„გამრეკელი მოდერნის“ საკმაოდ მასშტაბურ,  კლასიკურ (white Cube) სივრცეში   ერთი შეხედვით პეიზაჟის სრულყოფილი გამოფენის დახვეწილი ექსპოზიციაა წარმოდგენილი.

„პეიზაჟი“ – ამ  სიტყვის ხმარება არ მიყვარს იმ კონტექსტში, რასაც მე ვაკეთებ”, – ამბობს ნიკა. არადა, დიდ და პატარა ტილოებზე აკრილით შესრულებული  ნამუშევრებიდან   პასტორალური განწყობა მოდის. თუმცა კონტექსტს შეუძლია ტილოზე გამოსახული პეიზაჟები კონცეპტუალურ ნამუშევრად აქციოს:

„აღარ ვარ ისეთი, როგორიც 5 წუთის წინ ვიყავი, სამყაროს სხვაგვარად აღვიქვამ…

აღარ ვიქნები ხუთი წუთის შემდეგ ისეთი, როგორიც ახლა ვარ და სამყაროსაც სხვანაირად აღვიქვამ…

აწმყოდან წარსულის აწმყოდ გააზრებას მივყავარ იქ, სადავ ვყოფილვარ და ისე, როგორც არასდროს ვყოფილვარ“. – ვკითხულობთ გამოფენის კონცეფციაში და უკვე ვხვდებით, რომ ტექსტისა და ნამუშევრების ერთობლიობა დროის ვიზუალურად დაფიქსირების მცდელობაა, რასაც კიდევ უფრო აძლიერებს გამოფენისთვის შექმნილი ქეთევან გიორგაძის მუსიკა. 

ნინო გუჯაბიძე. გამოფენის კურატორი: „ნიკა აკადემიაში გავიცანი და ზუსტად მივხვდი, რომ ის ჩემი მხატვარია. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მას აქვს მკაფიოდ გამოხატული პოზიცია, რომელსაც ნამუშევრებში სხვადასხვა თემით – კონცეფციით „ათამაშებს“ და მნახველს უმარტივებს მისეული სახელოვნებო  ტექსტის „წაკითხვას“. 

კონკრეტულად ამ გამოფენის სურათხატებად ნიკა იყენებს ბუნებისა და ურბანულ პეიზაჟებს. სწორედ ამ ტრადიციული ფორმებით ის ქმნის მისეულ კონცეფციას, სადაც მხატვარი პედალირებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის სამყაროს მთლიანობის, მისი მუდმივობის განცდასთან ერთად  ყოველწუთიერი ცვალებადობა, ამ დინამიკაზე რეფლექსირება და მეხსიერებაში აღბეჭდვის სურვილი.“

ფაქტობრივად გამოფენა – 30-მდე ერთი შეხედვით დამოუკიდებელი ფერწერული ტილოთი –  ერთ სახელწოდებაში (ფრაზაში ) ერთიანდება – „იქ, სადაც არასოდეს ვყოფილვარ“ და  ერთ მთლიან საუნდ-ინსტალაციას წარმოადგენს, რომელიც დროს აფიქსირებს. დრო ჩანს  პატარა დეტალებშიც, მაგ., ერთ-ერთ მთების პეიზაჟზე პატარა მინაწერს ვპოულობთ:  „რა ხდება მზის ჩასვლისას აღმოსავლეთში?“..  და ჩვენ ვხვდებით, რომ მხატვარი მთების მიღმა დარჩენილ  იმ მოუხელთებელ მომენტს აღბეჭდავს, როცა აქ, მის პეიზაჟში, მზე უკვე მთების აქეთ არის და ჩადის. 

ბევრი მსგავსი  ნიუანსისა თუ დეტალის  აღმოჩენას შეძლებთ, თუ  გამოფენას ეწვევით, რომელიც 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.