fbpx

22X22: 22-ე დაბადების დღე 22-ე წუთზე გატანილი გოლით


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

როდესაც „კრემონეზესთან“ მატჩის 22-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ფლანგიდან ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ „ნაპოლი“ დააწინაურა, სტადიონზე მისული 50 000-მდე მაყურებელი ერთბაშად ფეხზე წამოიჭრა ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელისთვის 22-ე დაბადების დღის მისალოცად.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებს იქამდე შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ და კვარაცხელიას გოლმა მის თანაგუნდელებს თავდაჯერება შემატა ძალების მაქსიმალური მობილიზებით მოქმედ მეტოქესთან ჭიდილში, რომელსაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, დასაკარგი არაფერი ჰქონდა.

დანარჩენი ორი ბურთი ოსიმენმა და ელმასმა მეორე ტაიმში გაიტანეს, როდესაც „კრემონეზეს“ მხრიდან კონტრთამაშის ნატამალიც აღარ შეინიშნებოდა და სერია A-ს აუტსაიდერს მოედანზე საერთოდ აღარაფერი გამოსდიოდა. 

ხვიჩა ამჯერად 83-ე წუთზე შეცვალეს გაცილებით მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მისი შენარჩუნების მიზნით. 

სამწუხაროდ, „კრემონეზეს“ მდგომარეობას ლა ლიგაში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ უახლოვდება, რომელიც გასულ კვირას მიმდინარე სეზონში პირველად აღმოჩნდა გასავარდნ ზონაში.

ეს ამბავი გუნდში უკანასკნელ ხანს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო; თუმცა საკვირველი ისაა, რომ „ბილბაოსთან“ მატჩში „ვალენსიას“ ცუდად არ უთამაშია. 

მასპინძლებმა ანგარიშიც გახსნეს, მაგრამ საბოლოოდ ორი ბურთი გაუშვეს და ისევე როგორც თასის მეოთხედფინალში, ამჯერადაც დამარცხდნენ ბასკურ კლუბთან, რომელმაც მთელი შეხვედრის განმავლობაში სულ სამჯერ დაარტყა მამარდაშვილის კარის მიმართულებით და აქედან ორჯერ გაიტანა. 

ქართველ მეკარეს დანაშაული გაშვებულ ბურთებში ნამდვილად არ მიუძღვის, ბილბაოელთა კარის დარაჯმა უნაი სიმონმა კი რამდენიმეჯერ გადაარჩინა თანაგუნდელთა კარის ბადე აშკარა გოლისაგან და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ესპანეთის ნაკრებს სანდო გოლკიპერი ჰყავს.

ლა ლიგის გათამაშების 21-ე ტურში მონაწილეობა არ მიუღია მადრიდის „რეალს“, რომელმაც მაროკოში მოლოდინისამებრ მოიგო კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატი. ამხანაგური ყაიდის ფინალურ შეხვედრაში „სამეფო კლუბმა“ ანგარიშით 5:3  დაამარცხა „ალ აჰლი“.

ორივე გუნდს ერთი სული ჰქონდა, როდის დასრულდებოდა მატჩი. მოჩვენებითი დაძაბულობა კი ფეხბურთელებმა უხვგოლიანობით შექმნეს, რასაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ელის მასობრივი მაყურებელი. 

 მაგრამ „რეალს“ სახუმაროდ სულაც არ აქვს საქმე და თუკი თამაშის ხარისხს არ გააუმჯობესებს, მისთვის სეზონი უახლოეს პერიოდშივე ყოვლად უშინაარსოდ შეიძლება დასრულდეს.

„სამეფო კლუბს“ გაზაფხულზე სამი „ელ კლასიკო“ ექნება ჩასატარებელი. პირველ მათგანში წარუმატებლობის შემთხვევაში იგი, სავარაუდოდ, ლა ლიგის მოგების ყოველგვარ შანსს დაკარგავს, ხოლო ორი სათასო დაპირისპირება კი იმ ფინალისტის ვინაობას გამოავლენს, რომელიც გადამწყვეტ მატჩში „ოსასუნა“ – „ბილბაოს“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

„რეალის“ არყოფნაში კი „ბარსელონა“ დროს ტყუილად არ კარგავს და ქულებს აგროვებს. 

21-ე ტურში გასვლაზე „ვილიარეალის“ დამარცხების შემდეგ, კატალონიურმა კლუბმა მადრიდელებს უკვე 11 ქულით გაუსწრო, რაც ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ მოახლოებული დაპირისპირების ფონზე, ნამდვილად არ აყენებს სახარბიელო მდგომარეობაში კარლო ანჩელოტის გუნდს.

„ბარსელონას“ თავის მხრივ უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის ამ კვირაში ევროპის ლიგაზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“, რომელსაც ამ ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ მოუწია „ლიდსთან“ თამაში.

პირველი დაპირისპირება „ოლდ ტრაფორდზე“ მოულოდნელად ფრედ 2:2 დასრულდა, რამაც მასპინძლებს სატურნირო ცხრილში „მანჩესტერ სიტისთან“ ქულების გათანაბრების დიდებული შანსი დაუკარგა.

მეორე მატჩი კი ტენ ჰააგის გუნდმა გაცილებით გონივრულად ჩაატარა და მეორე ტაიმში მეტოქის განუწყვეტელ შეტევებს უკანასკნელ ათ წუთში გატანილი ორი ბურთით უპასუხა. 

მანჩესტერელთათვის სასურველი შედეგით დასრულდა „ლესტერი“ – „ტოტენჰემის“ დაპირისპირება, სადაც ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ დაპირისპირებისაკენ ცალი თვალით მომზირალი ანტონიო კონტეს გუნდი დიდი ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

სამაგიეროდ კიდევ უფრო დაიძაბა ბრძოლა პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულისათვის, რადგან გათამაშების ლიდერმა ლონდონის „არსენალმა“ შინ ორი ქულა დაკარგა „ბრენტფორდთან“ მატჩში.

წლეულს „ბრენტფორდისთვის“ ლიდერების გამწარება ჩვეული ამბავია და ამიტომ ასეთი შედეგი მაინცდამაინც დიდ მოულოდნელობად არ უნდა ჩაითვალოს იმის გათვალისწინებითაც, რომ „არსენალს“ ამ ბოლო ხანს აშკარა ჩავარდნა აღენიშნება.

მიკელ არტეტას გუნდის შეფერხებით ისარგებლა „მანჩესტერ სიტიმ“, რომელმაც „ასტონ ვილას“ ანგარიშით 3:1 დამარცხების შემდეგ „არსენალთან“ ჩამორჩენა სამ ქულამდე დაიყვანა, თუმცა მასთან შედარებით ერთი შეხვედრით მეტი აქვს ჩატარებული. 

პეპ გვარდიოლას გუნდი უკვე პირველი ტაიმის შემდეგ იგებდა 3:0-ს. სტუმრები განადგურებისგან ვერც თერთმეტმეტრიანების მოგერიებით სახელგანთქმულმა მსოფლიო ჩემპიონმა გოლკიპერმა მარტინესმა იხსნა, რომელსაც მაჰრეზმა შესვენების წინ სწორედ პენალტი გაუტანა.

ანგარიში მასპინძლებმა კუთხურის ეფექტური შესრულების შედეგად გახსნეს, რომელიც როდრიგომ თავური დარტყმით დააგვირგვინა. მატჩის 39-ე წუთზე კი ჰალანდის ჩინებული გამჭოლი გადაცემა გიუნდოგანმა აქცია გოლად.

მეორე ტაიმში „მანჩესტერ სიტი“ თითქოს მოწყენილად გამოიყურებოდა, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს და მატჩის მიწურულს ჯერ გაიტანეს, შემდებ ბურთი ხარიხას გაარტყეს და საკმაოდ ანერვიულეს კიდეც მასპინძელთა გულშემატკივრები, რომლებსაც თავიანთმა გუნდმა მხოლოდ პირველ ტაიმში ასიამოვნა.

„გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკად“ შეიძლება შეირაცხოს „პარი სენ-ჟერმენის“ მარცხი „მონაკოსთან“, რადგან ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ დაპირისპირების მომლოდინე პარიზელებს ნამდვილად არ სცხელოდათ ამ მატჩისთვის.

საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერის პრობლემები ლიონელ მესის მცირე ტრავმამაც გაართულა. „პარი სენ-ჟერმენისთვის“ ერთადერთი ნათელი წერტილი კი ნეიმარის დაბრუნება იყო, რომელმაც მნიშვნელოვანი ვერაფერი შექმნა წასაგებად წინასწარ განწირულ შეხვედრაში.

„პარი სენ-ჟერმენისგან“ განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ დაპირისპირებას ომახიანად ხვდება მისი მეტოქე „ბაიერნი“, რომელმაც ბუნდესლიგის გათამაშების 22-ე ტურში შინ იოლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა მე-15 ადგილოსანი „ბოხუმი“. 

ბუნდესლიგის ლიდერს მდევრებიც არ ჩამორჩნენ. ტურის ცენტრალურ მატჩში „უნიონმა“ გასვლაზე „ლაიპციგს“ ანგარიშით 2:1 სძლია. 

სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში „დორტმუნდმა“ და „ფრაიბურგმაც“, რომელთაც შესაბამისად, „ვერდერი“ და „შტუტგარტი“ დაამარცხეს.

ჩვენთვის მაქსიმალურ ინტერესს კი ბუნდესლიგის გათამაშებაში ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ მომავალი მეტოქის – „აინტრახტის“ თამაში იწვევს, რომელიც განვლილ ტურში „კიოლნს“ ესტუმრა და შერცხვა კიდეც, რადგან დიდი ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

„ნაპოლი“ „აინტრახტს“ მომავალ კვირაში დაუპირისპირდება, იქამდე კი ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი „სასუოლოს“ ეწვევა სერია A-ს გათამაშების 23-ე ტურის შეხვედრაში. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.