fbpx

ავანგარდული მოდა და მისი ქვიარ ტონალობები თბილისში 90-იანებიდან დღემდე


გააზიარე სტატია

 

მწერალი გიულა მუსკოვიჩი ქართულ ავანგარდულ მოდას პოსტკომუნისტური პერსპექტივიდან უყურებს, რომელიც დაიწყო 91-ში და დღემდე გრძელდება. იგი თანამედროვე დიზაინერების ექსპერიმენტულ ნამუშევრებში გვაჩვენებს, თუ როგორ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ ტრადიციული ღირებულებები, ამავდროულად, მოკლედ აღწერს იმ სოციალურ ყოფას, რომელიც აღმოცენებულია ადამიანთა ქვიარ ფანტაზიებში. მწერალი აცნობიერებს, რომ ამ ყველაფრის უკან მთელი ისტორია დგას, რომელიც ჯერ კიდევ აღმოსაჩენია. ინტერვიუებსა და არქივზე დაყრდნობით, იგი თბილისის ავანგარდული მოდის ინსაითებს წარმოგვიდგენს.

დაკარგული თაობა?

2010-იანი წლების ბოლოსკენ პოსტსაბჭოთა მოდა აღმოცენდა, რომელიც ინსპირირებულია აღმოსავლურ-ევროპული და დასავლურ-ევროპული ტენდენციებით. აღსანიშნავია, რომ პოსტსაბჭოთა მოდამ საერთაშორისო ხილვადობა მიანიჭა რეგიონის ნაკლებად ცნობილ კრეატიულ სცენებს.

ამ სტატიით შევეცდებით, ახლოს გავიცნოთ ხელოვნება და მოდის საზოგადოება, დიზაინერები და არტისტები, რომლებიც საქართველოს დედაქალაქ თბილისში და მის შემოგარენში ცხოვრობენ და მონაწილენი არიან აქ მიმდინარე პროცესების.

რადგან ჰომოფობია და დისკრიმინაცია ხშირადაა გამოყენებული ლგბტ+ საზოგადოების წინააღმდეგ, აღნიშნული ტექსტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ გახდა მოდა, განსაკუთრებით კი ავანგარდული მოდა, ერთგვარი პლატფორმა ქვიარ საზოგადოებისთვის.

პოდიუმის გაქვიარება

როცა ქართულ მოდაზე ვლაპარაკობთ, მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის გამოტოვება შეუძლებელია. გარდა იმისა, რომ აღნიშნული ღონისძიება დიზაინერებს საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებაში ეხმარება, ასევე ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას აძლევს ახალბედებს.

აკა ფროდიაშვილმა, ერთ-ერთმა ახალგაზრდა დიზაინერმა, რომელიც ბინარულობის მიღმა დგას, სადებიუტო ნამუშევრები 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციით წარადგინა. ინსპირაცია მან დრეგ კულტურისაგან მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ქვიარ საზოგადოების დისკრიმინაცია კანონით აკრძალულია საქართველოში, ამ საზოგადოების წევრები ჯერ კიდევ განიცდიან ზეწოლას. ფროდიაშვილმა ჰეტერონორმატიულ რეალობას დააღწია თავი და ტკივილი პროტესტად და ენერგიად გარდაქმნა.

მსგავსი საქმიანობით არის დაკავებული კიდევ ერთი ახალგაზრდა დიზაინერი ლევაუ შველიძე, რომელიც საქმიანობას აქტივიზმად გარდაქმნის და ცდილობს, სათქმელი ქართულ საზოგადოებაში გაავრცელოს. მისი გროტესკული ნამუშევრები ინსპირირებულია ხალხური ზღაპრებითა და ხშირად მისი პირადი კოშმარებით.

ეთიკური მოდის ღირსეული წარმომადგენელი ახალგაზრდა დიზაინერებს შორის არის ნინი გოდერიძე, რომელმაც შექმნა ბიოდეგრადირებადი ვეგანური ტყავი. თავის შემოქმედებაში, რომელიც იწყება კოსტიუმების დიზაინით და მთავრდება ინსტალაციებით, იგი სხეულს ხედავს, როგორც ობიექტს ორგანული სახელოვნებო მედიუმის შესაქმნელად. ნინის ტექნოლოგიურად ქვიარ სამყაროში ადამიანები არიან უსქესო კიბორგები, ბუნებრიობისა და სინთეტიკის ჰიბრიდები. 

ჩვენ ვიკვებებით და ვიზრდებით საწამლავით

სოციალური კონტექსტის გათვალისწინება აუცილებელია, რათა  სწორად გავიგოთ მიმდინარე პროცესები. მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა 2021 წლის თბილისი-პრაიდი. ძალადობრივი კონტრაქციის შედეგად, ღონისძიების გაუქმება გახდა საჭირო. იყო ძალადობის ფაქტები მართული და წახალისებული ქართული ორთოდოქსული ეკლესიის მიერ. ჰომოფობები თავს დაესხნენ მათ, ვისაც შეუსაბამოდ მიიჩნევდნენ ჰეტეროსექსუალი მამაკაცის იდეალთან, განსაკუთრებით მათ, ვისაც საყურე ანდა შეღებილი თმა ჰქონდათ. ერთ-ერთი ტელევიზიის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ამ ამბავს შეეწირა.

ისეთ სოციალურ გარემოში, სადაც განსხვავებულობას ამდენი და ამხელა ტკივილი მოაქვს, მოდა და სტილი, როგორც კომუნიკაციის ფორმა, შესაძლოა, გახდეს შვების მომტანი. ეს ხსნის იმ ფაქტსაც, თუ რატომ განიხილებიან ზემოთ ჩამოთვლილი დიზაინერები თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მნიშვნელოვან აქტორებად ქალაქის ქვიარ საზოგადოებაში.

თბილისის ქვიარ კულტურა საწამლავით საზრდოობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ მსოფლიო დონის ღამის კლუბი ბასიანი და სხვა პატარა სივრცეები ამ საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ესენი  ერთგვარი უტოპიური სივრცეებია რადიკალური თვითგამოხატვის, კრეატიულობისა და კოლექტიურობისათვის, რომლებიც ადამიანებს სთავაზობენ კონსერვატიული ისთებლიშმენტის წარმოსახულისაგან განსხვავებულ მომავალს.

სიბნელის დეკადაში

პერსონა, რომელიც აგებს ხიდს დღევანდელ ქვიარ არტ სცენასა და ავანგარდულ მოდას შორის, არის მულტიმედია არტისტი და კოსტიუმების დიზაინერი უტა ბექაია. ნიუ-იორკში 20-წლიანი ცხოვრების შემდეგ, 2017-ში იგი თბილისში დაბრუნდა და მალევე გადაიქცა ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად იმ საზოგადოებისა,  რომელმაც დააარსა პროექტი ფუნგუსი. 2019 წელს მასთან საუბრისას ბექაიამ აღნიშნა, რომ აურა (დაარსებული 1996 წელს) იყო ერთადერთი პროტოტიპი „უსაფრთხო“ სივრცისა, სადაც „ფართი“ კულტურა ერწყმოდა პერფორმანსის ხელოვნებასა და მოდას. ეს არაოფიციალურად ქვიარ სივრცე რესპუბლიკის მოედანზე მდებარე შენობის მინუს მესამე სართულზე იყო მოწყობილი, და, როგორც კვლევისას აღმოჩნდა, მხოლოდ ძალიან ცოტა ადამიანს ახსოვს ბუნდოვნად მის შესახებ.

„იქ ყველა ისე გამოიყურებოდა, როგორც საპირისპირო სქესის წარმომადგენელი. გოგოებს ულვაშები ჰქონდათ, ბიჭები პარიკებით დადიოდნენ…“ – იხსენებს ლგბტ+ აქტივისტი პაატა საბელაშვილი. მან ასევე აღნიშნა, რომ აურა ბევრი მუსიკოსისა და არტისტისთვის იყო ერთგვარი სამოთხე, ისევე, როგორც მაშინდელი ქვიარ საზოგადოებისთვის. დროდადრო ბექაია თავის მეგობარ ზალიკო ბერგერთან ერთად იპყრობდა პოდიუმს თავისი ბრჭყვიალა კოლექციით, რომელიც შექმნილი იყო ნაპოვნი და გადამუშავებული მასალით, ინსპირირებული გერმანელი რეჟისორის ფილმით Wings of Desire. ამ კოლექციის რამდენიმე ნიმუში ირაკლი ჩარკვიანის ერთ-ერთ ვიდეოშიც ჩანს. „ამ აურის წარმოუდგენლად გიჟური ვაიბები უდიდეს კონტრასტს ქმნიდა იმ რეალობასთან, რაც თბილისის ქუჩებში ხდებოდა. რადგან ტაქსი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობდა, ტანსაცმელს გრძელი პალტოებით, ხოლო მაკიაჟს ფართო კაპიუშონებით ვიფარავდით“, – აღნიშნა საბელაშვილმა.

ეს იყო სიბნელის დეკადა – სამოქალაქო ომის შემდგომი პერიოდი. 90-იანების ხასიათში იჯდა შიში, გლოვა, ნარკოდამოკიდებულება, შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფებები. ადამიანები ქუჩაში კალაშნიკოვებით დადიოდნენ და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. მაშინდელი ავანგარდული ახალგაზრდობა კი ანდერგრაუნდ სივრცეებში და კერძო სახლებში იკრიბებოდა. ერთ-ერთი ასეთი სახლი როკმუსიკოს ლადო ბურდულს ეკუთვნოდა. 

საბჭოთა მემკვიდრეობის შესაფასებლად კარგი მაგალითია მსოფლიო დონის რეჟისორის, სერგეი ფარაჯანოვის დაპატიმრება ჰომოსექსუალობის გამო ჯერ 1970-ში, ხოლო შემდეგ 1982 წელს. მისი ფილმები საბჭოთა რეალიზმის ასახვას და რეჟიმის წარმოჩენას ემსახურებოდა.

90-იანი წლებიდან მოდის დიზაინერებიც მეტ-ნაკლებად უპასუხებდნენ ქართული საზოგადოების ხასიათს, ზოგიერთი ამას მეტი ირონიით აკეთებდა. ერთ-ერთი კარგი მაგალითი ნინო ჩუბინიშვილია, იგივე ჩუბიკა. მისი მკვდარი არმიის კოლექცია, რომელიც, დაახლოებით, 30 ნამუშევრისგან შედგება, სწორედ მაშინდელი ქაოსითაა ინსპირირებული. ეს არის ჩუბიკას პირველი კოლექცია, რომელიც ავანგარდული მოდის ასამბლეაზე წარადგინა. 

ერთადერთი ნათელი წერტილი: ავანგარდული მოდის ასამბლეა
ავანგარდული მოდის ასამბლეა იყო გრანდიოზული მულტიდისციპლინარული ღონისძიება, რომელიც მოიცავდა ელექტრონულ მუსიკას, ხელოვნებას და მოდას. აქ არა მარტო სხეულები, ხელოვნების ჟანრებიც კი მრავალფეროვანი იყო. ბევრი ამბობდა, რომ ეს იყო სინათლე სიბნელეში. „ეს ერთკვირიანი დღესასწაული, ბრაზილიური კარნავალისა და სახელოვნებო დროსტარების მიქსი, იყო ერთადერთი ნათელი წერტილი მაშინდელი ნაცრისფერი გარემოსი.“ – იხსენებს წიბახაშვილი, რომლის ფოტოარქივი ამ სტატიის ვიზუალური საყრდენია.

ასამბლეა, რომელიც ქართველ და უცხოელ დიზაინერებს ერთ სივრცეში კრებდა, სულ სამჯერ ჩატარდა – 1995, 1996 და 1999 წლებში. ღონისძიება დააფინანსა ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოებამ.

5-დღიანი ღონისძიება 11 პავილიონში იმართებოდა და თითქოს იძლეოდა იმედს იმისა, რომ ყველაფერი თავის ადგილს მალე დაუბრუნდებოდა. რადგან თბილისში არაფერი მსგავსი ამ ღონისძიებისა არ ხდებოდა, სწორედ ეს გახდა თბილისელებისთვის მამოტივირებელი, რომ შეეწყვიტათ არსებობა და დაეწყოთ ცხოვრება. ავანგარდულმა მოდამ წარმოაჩინა ერთიანობის ძალა და ხმამაღლა ლაპარაკის აუცილებლობა.

მოდის კვირეულმა აჩვენა, რომ მასში მონაწილე დიზაინერები იმ დროისთვის არცთუ დახელოვნებული იყვნენ თავიანთ საქმეში და სწორედ ამიტომ გამოიწვია ღონისძიებამ ასეთი უკუკავშირი: რაც უფრო ნაკლებად გაწაფულია არტისტი, მით მეტად მყვირალა და ეპატაჟური გამოდის სამოსი. 

უტოპიის მშენებლები

ავანგარდული მოდის კვირეული და მსგავსი ღონისძიებები გვაჩვენებენ, რომ დომინანტური ისტორიული ნარატივის მიუხედავად, ქვიარ წარმოდგენები სხეულსა და იდენტობაზე გამორიცხული არ იყო ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში წარმოსახვის ძირითადი წყარო შიში იყო.

რაც შეეხება პოსტსაბჭოთა მოდის ტრენდებს, ვიტყოდი, რომ 90-იანელმა დიზაინერებმა შესაბამისად უპასუხეს საბჭოეთის დაცემას და მისი იდეოლოგიის დასუსტებას. მათ, როგორც შიზო-ანალიტიკოსებმა უპატრონო საზოგადოებისა, გააღეს ფანჯრები იმ რეალობის მისაღებად, რომელიც მანამდე მხოლოდ სიზმრებსა და ოცნებებში თუ არსებობდა. მათ საძირკველი მოუმზადეს ახალ თაობას, რომელთაც ახლა არანაკლები როლი აქვთ თბილისის კულტურულ განვითარებაში.  მათი ძალისხმევის შემდეგ, უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი არიან უტოპიის მშენებლები, რომლებმაც დაგვაჯერეს, რომ ყველაფერი, რასაც ვირწმუნებთ, შეიძლება გახდეს რეალური. ეს კი საზოგადოებრივი ცვლილებებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 


ორიგინალი: https://post.moma.org/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.