fbpx

ბაიერნის მიონხენგლადბახური კოშმარი


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩებით დაიწყო მიმდინარე სეზონის დასკვნითი სტადია, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის მოგონებები თანდათანობით წარსულს ბარდება და მაყურებელთა თვალწინ ახალი საფეხბურთო რეალობა იშლება.

„პარი სენ-ჟერმენის“ და „ბაიერნის“ პირველი დაპირისპირება საკმაოდ დამაფიქრებელია მოაზროვნე გულშემატკივრისთვის და არა რომელიმე „ფანისთვის“, რადგან ფრანგული კლუბის გავარდნის შემთხვევაში მას კიდევ კარგა ხნით წაერთმევა ლიონელ მესის ტექნიკით დატკბობის საშუალება. ამის მიზეზი კი მარტივია. 

სანამ არგენტინელი ვარსკვლავი „ბარსელონაში“ თამაშობდა, ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის წარუმატებლობის შემთხვევაში მისი ხილვა თუნდაც „ხეტაფეს“ ან „სელტას“ წინააღმდეგ მატჩებში შეიძლებოდა. მაგრამ ვის დააინტერესებს „პარი-სენ ჟერმენის“ დაპირისპირება „ლორიანთან“ ან „ლანსთან“, როდესაც თვით მესისაც არ აინტერესებს?!

„ბაიერნის“ წინააღმდეგ მასპინძლები მხოლოდ მატჩის მიწურულს გამოფხიზლდნენ. იმ დროისათვის მოედანზე მყოფი ნახევრად ტრავმირებული კილიან მბაპეს ძალისხმევით მათ მთელი 90 წუთის განმავლობაში მეტოქის კართან ერთადერთი სახიფათო მომენტი შექმნეს და გოლიც გაიტანეს, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა…

„ბაიერნს“ კი კომანის ერთადერთი გოლის გარდა, კიდევ არაერთხელ შეეძლო მასპინძელთა კარის აღება და რომ არა რამდენიმე ეპიზოდში გოლკიპერ დონარუმას თავგანწირული თამაში, პარიზელები უხერხული ანგარიშითაც შეიძლებოდა დამარცხებულიყვნენ.

გაშვებული გოლი კი დონარუმას შეცდომის შედეგია, რომლის ყოფილმა „მილანმა“ 2013 წლის 20 თებერვლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ლეიოფის სტადიაზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

მაშინ „როსონერიმ“ ანგარიშით 2:0 „ბარსელონა“ დაამარცხა, ახლა კი იტალიის შარშანდელმა ჩემპიონმა მინიმალური ანგარიშით 1:0 „ტოტენჰემს“ სძლია.   

უხვგოლიანობით არც მეორე სათამაშო დღე გამოირჩეოდა, როდესაც „ბენფიკამ“ გასვლაზე ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა „ბრიუგე“ და „დორტმუნდმა“ პოპულარული ანგარიშით 1:0 სძლია „ჩელსის“, რომლის თამაშშიც ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ჩადებული ასტრონომიული თანხის მიუხედავად, ჯერჯერობით სრული რეგრესი შეინიშნება.

„ჩელსის“ ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში წვალობდნენ, რომ მეტოქის კარში როგორმე ერთი ბურთი მაინც გაეტანათ, მაგრამ „დორტმუნდი“ უფრო ახლოს იყო მეორე გოლთან, ვიდრე სტუმრები პირველთან.

მთავარი სიურპრიზი კი „ჩელსის“ გულშემატკივრებს უიკენდზე პრემიერლიგის გათამაშების აუტსაიდერ „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ მატჩში ელოდათ, რომელიც ლონდონელებმა საკუთარ „სტემფორდ ბრიჯზე“ ასევე ანგარიშით 0:1 დათმეს. 

მოლოდინისამებრ საინტერესო გამოდგა ევროპის ლიგის დაპირისპირება „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა.

ერთი მხრივ, მატჩი სანახაობრივი თვალსაზრისით შესანიშნავი გამოდგა, მაგრამ, მეორე მხრივ, მან დაგვანახვა, რომ „ბარსელონამ“ წლის ბოლომდე ლა ლიგაში ყველა თამაში რომც მოიგოს და ევროპის ლიგის გამარჯვებულიც გახდეს, დღევანდელი თამაშის ხარისხით ის უფრო ახლოს დგას იმ გუნდთან, რომელიც „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მარცხდებოდა, ვიდრე მას წლების წინ უგებდა… 

ამრიგად, „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში მესის ჩაკარგვასთან ერთად, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა არგენტინელის პერიოდის დიდი „ბარსელონა“, რომლის აღზევებაც ამ კლუბში მისი დაბრუნების შემთხვევაში თუ მოხდება…

ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ კი ევროპის ლიგის მოგება დაუსახა მიზნად მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის, რადგან „ბებერი ქალბატონი“ სერია A-ში 15 ქულის დაკლების შემდეგ, მომავალ წელს სხვა გზით ვერ მოხვდება ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე.

პირველ დაპირისპირებაში საფრანგეთის ჩემპიონატის მე-13 ადგილოსან „ნანტთან“ ნათამაშევი ფრე კი ამ მიზნის შესრულებაზე ოდნავადაც არ მეტყველებს. 

სამაგიეროდ გამოცოცხლდა ევროპის ლიგის ექვს გზის გამარჯვებული „სევილია“, რომელმაც ანგარიშით 3:0 გაანადგურა „პსვ“ და „ბარსელონისგან“ და „მანჩესტერ იუნაიტედისგან“ განსხვავებით, „ცალი ფეხით“ უკვე მეოთხედფინალშია.

მესის პერიოდის „ბარსელონას“ კი სანახაობრივი თვალსაზრისით ამჟამად ყველაზე მეტად ალბათ „ნაპოლი“ ემსგავსება და ეს უპირველეს ყოვლისა ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა.

ხვიჩამ, ისევე როგორც წინა ტურში „სპეციასთან“, „სასუოლოსთან“ მატჩშიც ინდივიდუალური გოლით გახსნა ანგარიში. 

მაგრამ სერია A-ს გათამაშების 23-ე ტურში გატანილი ბურთი, სავარაუდოდ, „ნაპოლის“ ყველა დროის საუკეთესო გოლთა შორის დაიმკვიდრებს ადგილს, რადგან ქართველმა ფეხბურთელმა გადაჭრა რა ბურთით მოედნის ცენტრის სიახლოვეს, გზად დახვედრილ რამდენიმე მოწინააღმდეგეს იოლად აუარა გვერდი და იმდენად მახვილგონივრულად შეარჩია დარტყმის მიმართულება მეკარის მოტყუებით, რომ ამის გაკეთებას მხოლოდ უმაღლესი კლასის მქონე მოთამაშე თუ შეძლებდა!

„ნაპოლიმ“ „სასუოლოს“ წინააღმდეგ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. საკვირველი და სასახელო კი ისაა, რომ სტუმრებს ტაიმის ანგარიშით 2:0-ის მოგების შემდეგაც არ შეუმცირებიათ ზეწოლა მეტოქეზე და მათ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე უკვე შეცვლაზე შესული ფეხბურთელების ძალისხმევით მესამე ბურთიც კი გაიტანეს, რომელიც მილიმეტრების დონეზე დაფიქსირებული თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

ჩემპიონთა ლიგის მატჩების წინ კი, როგორც წესი, გუნდები ძალების დაზოგვაზეც ზრუნავენ ხოლმე, რაც თურმე სრულიად უცხო ყოფილა ევროპის ამჟამინდელი ყველაზე ხალისიანი კლუბისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ რომ ჰქვია.

„ნაპოლის“ მსგავსად ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა მისმა მეტოქემ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ფრანკფურტის „აინტრახტმა“, რომელიც ამჟამად მეექვსე ადგილზე იმყოფება ბუნდესლიგის გათამაშების სატურნირო ცხრილში.

ერთი შეხედვით „ნაპოლი“ ფავორიტია ამ წყვილში, მაგრამ მოწინააღმდეგე გუნდების ძალთა შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ „აინტრახტმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზური ევროპის ლიგის მოგებით მოიპოვა, სადაც შარშან მეოთხედფინალში თვით „ბარსელონა“ გამოაგდო.

გარდა ამისა, ამ გუნდის ღირსებას მარიო გიოტცეს სახით იცავს ფეხბურთელი, რომლის ერთადერთმა გოლმაც 2014 წელს გერმანიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონობა მოუტანა არგენტინელებთან ფინალურ შეხვედრაში.

„აინტრახტი“ „ბაიერნი“ არ არის, მაგრამ ალბათ საუკეთესო მეტოქეა დასაწყისისთვის იმ შემთხვევაში, თუკი „ნაპოლი“ მომავალში უმაღლესი რანგის გუნდების დამარცხებას და მიმდინარე სეზონში დუბლის შესრულებას აპირებს…  

გერმანიის ბუნდესლიგაში კი მთავარი ცვლილებები ცხრილის ზედა ნაწილში მოხდა, სადაც „ბაიერნის“ „მიონხენგლადბახთან“ წაგების შემდეგ მას ქულებით „დორტმუნდი“ და „უნიონი“გაუთანაბრდნენ.

„მიონხენგლადბახს“ სატურნირო ცხრილში ამჟამად მერვე პოზიცია უკავია, მაგრამ ეს მას ხელს არ უშლის „ბაიერნისთვის“ ტრადიციული კოშმარის მოწყობაში. 

აღსანიშნავია, რომ 2019-2020 წლების სეზონიდან მოყოლებული გუნდები 11-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და აქედან 6-ჯერ მოიგო „მიონხენგლადბახმა“, სამი მატჩი ფრედ დასრულდა და მხოლოდ 2 შეხვედრის მოგება შეძლო „რეკორდმაისტერმა“. 

ამასთან ერთად, „ბაიერნი“ უკანასკნელ 6 მატჩში ვერ ახერხებს ყველაზე უხერხული მეტოქის დამარცხებას. 

ამ გუნდების განვლილი უიკენდის დაპირისპირებაში საგულისხმო კიდევ ისაა, რომ „ბაიერნის“ კარს ამჟამად „მიონხენგლადბახის“ ყოფილი მეკარე იან ზომერი იცავს, რომელმაც პირველი წრის მატჩში 19-ჯერ(!) გადაარჩინა საკუთარი გუნდი მარცხისაგან. 

„რეკორდმაისტერის“ გოლკიპერის სტატუსით კი ყოფილ თანაგუნდელთა ძალისხმევით მას სამჯერ მოუწია კარის ბადიდან ბურთის გამოტანა…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.