fbpx

თიბისი კონცეპტმა Coaching Lab-ის სატრენინგო შეხვედრებს უმასპინძლა


გააზიარე სტატია

ავტორი: მარიამ გაბედავა

ფოტოები: გურამ კაპანაძე

 

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურმა სივრცემ Coaching Lab-თან პარტნიორობის ფარგლებში პროგრამის – „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“  სატრენინგო შეხვედრებს უმასპინძლა.

„ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“ საერთაშორისო ბიზნეს ქოუჩინგის უნივერსიტეტის, IBCU-ის საავტორო პროგრამაა. ის ICF-ის მიერ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისადაა აკრედიტებული, რაც შესაძლებლობას გაძლევთ, გახდეთ პროფესიონალი ბიზნეს ქოუჩი. ვრცლად პროგრამის შესახებ პროგრამის ქოუჩ-ტრენერები და პირველი ნაკადის კურსდამთავრებულები მოგვიყვებიან.

ეკატერინე ბაბუნაშვილი – ქოუჩინგ ლაბის მმართველი პარტნიორი, სერტიფიცირებული ბიზნეს ტრენერი, PCC ქოუჩი 10-წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით, ICF საქართველოს წარმომადგენლობის თანადამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი.

საიდან გაჩნდა ბიზნეს ქოუჩინგის სწავლების იდეა და რა არის მთავარი, რის გამოც უნდა დაინტერესდნენ ამ  კურსით?

ბიზნეს ქოუჩინგის სწავლების მხრივ  საქართველოში ბევრი შესაძლებლობა არ  არსებობდა. შესაბამისად,  დიდი სურვილი გვქონდა ამ მიმართულებით პროგრამები განგვევითარებინა.  გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნეს ქოუჩინგის პროგრამა ჩვენთან არ იყო ათვისებული, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ მიმართულებაზე გაგვეკეთებინა აქცენტი. ჩვენი პროგრამა მომართულია საიმისოდ, რომ ბიზნესს მისცეს განვითარების შესაძლებლობა. ამაში ქოუჩინგი დიდ როლს თამაშობს. არსებობს კვლევები, რომელსაც  “ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია” (ICF) აწარმოებს ავტორიტეტულ ორგანიზაციებზე დაყრდნობით, სადაც ჩანს, რომ ბიზნეს ქოუჩინგის როლი ბიზნესის განვითარებაში, წინსვლასა და წარმატებაში ყოველთვის ამართლებს. კვლევები გვიჩვენებს, რომ ლიდერების 80%-ზე მეტს აუმაღლა  თვითდაჯერებულობა, 61% -მა აღნიშნა, რომ გაიზარდა მათი მუშაობის ეფექტიანობა. გარდა ამისა,  ბიზნესის ზრდაზე აისახა ის ინვესტიცია, რაც  კონკრეტულ თანამშრომელს მოხმარდა და ეს ამონაგები კომპანიის ეფექტიანობის ზრდის ხარჯზე  ძალიან მაღალია – 500-იდან 700%-მდე. აი, სწორედ ეს მიმართულება შემოვიტანეთ საქართველოში და ჩვენ ვართ პირველები, ვინც ბიზნეს ქოუჩინგის პროგრამას სთავაზობს დაინტერესებულ პირებს. ამ პროგრამით დაინტერესებულნი არიან სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომლებიც ბიზნეს ქოუჩინგს იყენებენ მართვაში,  ორგანიზაციული სისტემებისა და კულტურის განვითარებაში.

როგორია პროგრამის სტრუქტურა?

პროგრამა ოთხი მოდულისგან შედგება: 1) კულტურა, 2) ორგანიზაცია, 3) მართვა და 4) ადამიანი. ეს ოთხი ყველაზე საკვანძო კომპონენტი გვაქვს გათვალისწინებული და ის, როგორ შეიძლება ამისათვის  ეფექტურად გამოვიყენოთ ქოუჩინგი. მრავალ თეორიულ, საუნივერსიტეტო სწავლების პრინციპებზე აგებულ მეთოდთან ერთად, ჩვენი პროგრამა არის პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებული და შესაბამისად, ეს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენს კურსს.

ირინა ჭოჭუა – ქოუჩინგ ლაბის დამფუძნებელი პარტნიორი, სერტიფიცირებული ქოუჩი 10-წლიანი გამოცდილებით, ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში, TED-ის სპიკერი. 

ვის შეუძლია კურსის გავლა და როგორია შერჩევის პროცესი?

ჩვენი კურსის არსი ბიზნეს ქოუჩინგია. შესაბამისად, იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, ვინც ბიზნეს გარემოში და ბიზნეს კონტექსტში მუშაობს ან უნდა, რომ  სპეციალობად  აირჩიოს ბიზნეს ქოუჩინგის მიმართულება. გასაუბრებაზე ვარკვევთ მსურველის მოტივაციას – სად ხედავს მისი, როგორც ქოუჩის კარიერის გაგრძელებას. პროგრამაზე ყველა სფეროს წარმომადგენელი გვყავს:  HR-ები, კონსულტანტები, ტრენერები, ფინანსური მენეჯერები, იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელები, კომერციული დირექტორები და სხვა. ეს ცოდნა ეხმარებათ, რომ უკეთესი ლიდერები, უკეთესი მენეჯერები გახდნენ. პირველი ნაკადის სწავლება უკვე დასრულდა და  გამოვაცხადეთ მეორე ნაკადის მიღება. სწავლება 20 აპრილს დაიწყება. ამ ინფორმაციას ვავრცელებთ ქოუჩინგ ლაბის ვებგვერდზე, აქვე არის სარეგისტრაციო ფორმა.
შემდეგ ტარდება გასაუბრების ეტაპი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თიბისი კონცეპტთან ვთანამშრომლობთ, მათი მომხმარებლებისთვის ძალიან კარგი ფასდაკლება გვაქვს.

დეა ჩხაიძე – პროგრამის პარტნიორი და მენტორი, ფსიქოლოგი, PCC ქოუჩი, ადამიანებისა და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი.

რამდენად გაიზარდა ინტერესი საქართველოში ამ სფეროს მიმართ?

ადამიანი ძალიან შეიცვალა კოვიდპანდემიის შემდეგ. გარდა ამისა, ორგანიზაციებს  ცვალებად გარემოში უწევთ განვითარება. შესაბამისად, ბიზნესი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის ადამიანური რესურსის კუთხით. კადრების შენარჩუნება რომ მოხერხდეს, საჭიროა მართვის ქოუჩინგური მეთოდის დანერგვა, რომლის მიხედვითაც   გაინტერესებს თანამშრომლის შრომისუნარიანობა არა მხოლოდ სამუშაო საათებში,   არამედ   რამდენად კარგად გრძნობს ის თავს. სულ სხვა გამოწვევაა  ახალ თაობასთან მუშაობა. ძალიან რთულია მათი შენარჩუნება. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ორგანიზაციებში ქოუჩინგის შეთავაზებაზე, ეს ნიშნავს, გუნდის ლიდერმა შეძლოს თავისი გუნდის მოტივაცია, დაეხმაროს თანამშრომლებს გააცნობიერონ საერთო საქმის კეთების მნიშვნელობა. როცა ადამიანი თავს კარგად გრძნობს სამუშაო გარემოში, აქვს ზრდის და განვითარების შესაძლებლობა,   სამსახურიდან წასვლაზე აღარ ფიქრობს, რადგან ადამიანის მთავარი მოტივაციაა –  როგორ მიაღწიოს წარმატებას და  როგორ იყოს ბედნიერი. ამაში ეხმარება ლიდერი-ქოუჩი თავის გუნდის წევრებს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მენეჯერულ, ლიდერულ კომპეტენციებს ავითარებს ქოუჩინგი. გარდა ამისა, გუნდური მუშაობის ეფექტიანობა მატულობს.   ბოლო 5 წლის  მონაცემებით,  შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სულ უფრო იზრდება ამ სფეროს მიმართ ინტერესი. 

ეკა ჯაიანი – ტრენინგის ასისტენტი

თქვენი აზრით, რა გამოარჩევს აღნიშნულ კურსს სხვა პროგრამებისგან? 

პროგრამას გამოარჩევს ის ფუნდამენტური ცოდნა და უნარები, რომელსაც მონაწილეები იღებენ, რათა ჩამოყალიბდნენ ნამდვილ პროფესიონალებად. მნიშვნელოვანი სარგებელია პროგრამის საერთაშორისო სერტიფიკაცია, რაც აძლევს მონაწილეებს უნიკალურ შესაძლებლობას – გამარტივებული გზით მოიპოვონ ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის, ICF-ის აკრედიტაცია.  

ქვარა გულედანი (პროგრამის მონაწილე)

რატომ დაინტერესდით ამ კურსით და გაამართლა თუ არა თქვენი მოლოდინი?

ქოუჩინგი ძალიან კარგი დამატებითი მეთოდია იმ სფეროში, სადაც მე ვმუშაობ. HR ვარ და ჩემთვის მთავარი ადამიანების ზრდისა და განვითარების ხელშეწყობაა.  ქოუჩინგი  ეხმარება  ადამიანის ნიჭის, პოტენციალის გახსნას. ეს კურსი ჩემთვის მნიშვნელოვანია იმით, რომ ზუსტად იმ ნაწილზე ფოკუსირდება, რაც ჩემი ინტერესების სფეროა, როგორც ორგანიზაციაში დასაქმებული HR-ის, რომელსაც აინტერესებს ორგანიზაციული მართვის ეფექტიანობბის ზრდა.  კურსმა ჩემი მოლოდინი, რა თქმა უნდა, გაამართლა და უდიდეს თეორიულ ცოდნასთან ერთად საოცარი პრაქტიკული გამოცდილებაც მივიღე.

მარიამ ტალახაძე (პროგრამის მონაწილე)

რა უნარ-ჩვევები გამოგიმუშავდათ აქ ყოფნის პერიოდში და მოგვიყევით იმ სიმბოლურ „ცოდნის მძივზე“, რომელსაც  კურსის განმავლობაში თქვენივე აღმოჩენების და დაკვირვებების შედეგად კინძავთ.

მე გახლავართ ბიზნეს კონსულტანტი და ყველაზე დიდი უნარი, რაც ამ კურსმა მომცა  კლიენტთან პარტნიორობაა  – როგორ მივცე ადამიანს იმის საშუალება, რომ  თავად  განვითარდეს. გარდა ამისა, ბევრი ტექნიკური მეთოდი ავითვისე,  რაც მანამდე არ მქონდა – მაგალითად, გრძნობებისა და ემოციების გაზომვა შედეგზე ორიენტირებული მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

„ცოდნის მძივს“ რაც შეეხება, დღის ბოლოს ჩვენი ახალი ცოდნის მიგნების სიმბოლოდ ვირჩევდით თითო მძივს, სახელს ვარქმევდით და ვკინძავდით  ზონარზე. შესაძლოა, ზოგს ერთი “გაცნობიერება” ჰქონოდა, ზოგს ათი. მთავარი ისაა, რომ ყველამ სხვადასხვა მნიშვნელობა ჩავდეთ ამ ყველაფერში და პირადად მე, რომ შევხედავ ხოლმე, მახსენდება, რომელი რა არის.

20 აპრილიდან თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში  მეორე ნაკადის სატრენინგო შეხვედრებს უმასპინძლებს.

თიბისი კონცეპტის და თიბისი ბიზნესის მომხმარებლებისთვის მოქმედებს 8%-იანი ფასდაკლება.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებმა პროგრამაზე დასარეგისტრირებლად და ფასდაკლების მისაღებად მიმართეთ კონცეპტ ასისტენტს:  +995 322 227 2700.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.