რას გავიგებ დღეს? – ახალი წლიდან “ვეფხისტყაოსნამდე”
ავტორი: ქეთი ბზიკაძე
ვფიქრობდი წინა წლის შეჯამების სტატია შემომეთავაზებინა, მაგრამ, ჩვეულებისამებრ, ძიებ-ძიებაში ოდნავ გადავუხვიე და როგორც მჩვევია, ათას რამეს მივედ-მოვედე.
დავიწყოთ იმით, რომ 195 ქვეყნიდან, სადღაც ახლა 2565 წელია, ზოგიერთთან ექვსი საათით ადრეა და ზოგთან – გვიან, ვიღაც სიზმარს ნახულობს და სულ სხვა რეალობაშია, ზოგიც ოცნებობს და ცივი ზამთრის მაგივრად ეთიოპიაში, დანაკილის დაბლობზეა და სხვა პლანეტაზე ჰგონია თავი. ისე, ეთიოპიაში ახლა 2015 წელია, თან თორმეტი ოცდაათდღიანი თვე და ბონუსად პაგუმინი – მეცამეტე ხუთდღიანი თვე აქვთ. მოკლედ, ყველა სხვადასხვა დროს, ადგილას და თავისებური საცივით აღნიშნავს ჯადოსნურ ახალ წელს.
მთვარის ჩინურ კალენდარზე ვკითხულობდი ზოგად ცნობებს. ვფიქრობ, ახალ წელს რა ინფორმაცია მოუხდება, ვუყურე ოთხ ფილმს, გავეცანი ახალ არქიტექტორებს, ვიზუალური ხელოვნების მარგალიტებს, ოთხ-ხუთ ახალ მუსიკოსს, დავიწყე ახალი წიგნი, მოვნიშნე რამდენიმე ადგილი დედამიწაზე, სადაც უნდა აღმოვჩნდე, სანამ მოვკვდები, გავაკეთე სამი ახალი კერძი, მოკლედ, ბევრი რამ ვქენი კიდევ ამ ორ დღეში (ჩემი სოციალური ელემენტის ამბავი თუ გახსოვთ წინა სტატიიდან, დამჯდარია და სახლში ვტენი, შესაბამისად, უამრავი დრო მაქვს) იმის იმედით, რომ რამე შთამაგონებდა და მარტივად წასაკითხ შემეცნებით სტატიას მოგაწვდიდით.
ჰოდა, ვკითხულობ ჩინური ტრადიციული მუსიკის (Hong Ting-ის შესრულებით) ფონზე მოსაწყენ სტატიას მთვარის კალენდარზე, რომლის მიხედვითაც 2023 წელი არის კურდღლის, წინა – ვეფხვის, შემდგომი კი – დრაკონის, ეს მიმდევრობა კი ცხოველების წვეულებაზე მისვლის პუნქტუალობის ლეგენდის მიხედვით დალაგებულა, დავიღალე და შევეშვი. ჩინეთს არ ვუღალატე და აი ვეივეის (Ai Weiwei) საფუძვლიანად გაცნობა გადავწყვიტე.
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჩინელ კონცეპტუალურ არტისტსა და დაუღალავ აქტივისტზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მისი მასშტაბური, მრავალფეროვანი ნამუშევრები ძირითადად სოციალურ და კულტურულ საკითხებს ეხმიანება. ვეივეის ნამუშევრებში, მაგალითად, Life Cycle, Circle of Animals/Zodiac Heads და Tiger, Tiger, Tiger, გვხვდება ზოომორფული ფიგურები, რაც ზოდიაქოსთან, ჩინურ კალენდარსა და ზოგადად, კულტურასთანაა მჭიდრო კავშირში.
როგორც ხელოვნების მოყვარულმა და ახალი წლის სტატიის გაგრძელებაზე კონცენტრირებულმა, აისთან ვიპოვე შთაგონება: ჩინური კალენდრის მიხედვით, ახალი კურდღლის წელი დავაკავშირე მის ნამუშევრებთან და ძიებ-ძიებაში ძალიან კარგ პროექტს მივაგენი.
Tomorrow’s Tigers, ანუ “ხვალინდელი ვეფხვები” WWF-ის, Sotheby’s-ის და Artwise-ის მხარდაჭერით შექმნილი საქველმოქმედო პროექტია გადაშენების პირას მყოფი, გასულ საუკუნეში 95%-ით შემცირებული ვეფხვების პოპულაციისთვის. Tomorrow’s Tigers: our latest project with Sotheby’s | WWF “ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ვეფხვი გახდეს მითური და ზღაპრული არსება. ამ დიდებულმა ცხოველებმა უნდა განაგრძონ არსებობა, რომ გვახსოვდეს რეალობის ჯადოსნურობა”. – ამბობს ინგლისელი ხელოვანი გერი ჰიუმი.
პროექტის ფარგლებში თორმეტმა მიწვეულმა ცნობილმა არტისტმა შექმნა სახელგანთქმული ტიბეტური ხალიჩით ინსპირირებული, ტრადიციული ტექნიკით ნაქსოვი მცირე რაოდენობის ხალიჩები. მათი გაყიდვიდან შემოსული თანხა ვეფხვების პოპულაციის გაორმაგებას მოხმარდება.
ტრადიციული ტიბეტური ხალიჩები
აი ვეივეის ხალიჩა ერთადერთი და განუმეორებელი ნამუშევარია, რომელიც ფირუზის მთიდან (ავღანეთი) მოწვეული მქსოველების მიერ ბუნებრივი საღებავებით და ტრადიციული ღაზანის (Ghazani) შალით შექმნილი ექსპონატი იყო.
აი ვეივეი ვეფხვების ასეთ სავალალო მდგომარეობას აღიქვამს, როგორც ბევრად დიდი პრობლემის პატარა ნაწილს. “სხვა არსებებს სიცოცხლის საშუალებას არ აძლევენ გაუმაძღარი ბუნების მქონე ადამიანები, რაც იწვევს უამრავი სახეობის გადაშენებას, მათ შორის ვეფხვების. ისტორიაში არასდროს ყოფილა განათლება ასეთ დონეზე და ამავდროულად, ცხოველებზე ძალადობა ამდენად გავრცელებული.
ადრე ძლიერი მისტიკური წარმოდგენების მქონე ადამიანი პატივისცემით ეპყრობოდა ცხოველებს და მათში ხედავდა გადარჩენის საერთო ინსტინქტს”. ხელოვანის აზრით, საქველმოქმედო გამოფენაზე წარმოდგენილი მისი ნამუშევარი The Tyger მხოლოდ ზღვაში წვეთი, ადამიანის კარგი ზრახვების სიმბოლო და ხელოვნების მეშვეობით სიცოცხლის სილამაზის ახსნის მცდელობაა.
გამოფენა-გაყიდვაში მონაწილე ხელოვანების ხალიჩები:
ტიბეტურ და ინდურ კულტურაში ვეფხვის მოტივი პოპულარულია, მათთვის ეს ცხოველი ძალაუფლების, სტატუსის, მრისხანების, გონიერების, დაცვის და სიმამაცის სიმბოლოა. ვეფხვის ტყავის გამოსახულება ხშირად გვხვდება ხალიჩებსა და თანგკებზე (აბრეშუმზე ან სხვა ქსოვილზე შესრულებული რელიგიური შინაარსის ნახატი, რომლის ფუნქციაც მათზე ასახული სიუჟეტების დიდაქტიკური შინაარსის გამო საგანმანათლებლო და შემეცნებითი იყო), სარიტუალო ტახტები დეკორირებული იყო ვეფხვის ტყავით, მეომრებიც ვეფხვის ბეწვით იყვნენ შემოსილები და მათ საფლავებზეც ცნობილი ზოლიანი პატერნი იყო დატანილი, ღმერთები ვეფხვებზე ამხედრებულები გამოიხატებოდნენ, თვით ღვთაება შივას ძირითადი სამოსი ვეფხვის ტყავია (რომელიც მან, ლეგენდის თანახმად, თვითონ დაამარცხა), ტიბეტელი ბერები მედიტირებდნენ ვეფხვის ტყავებზე, ითვლებოდა, რომ ვეფხვის ტყავი თავისი მრისხანებით მედიტაციისას იცავდა ბერებს გარემომცველი ზიანისგან, ვეფხვის ხალიჩებს ძირითადად საჩუქრად უძღვნიდნენ ლამებს (ტიბეტური ბუდიზმის სულიერი ლიდერი) და ფეხზე ვეფხვის ზოლებით შეგვიძლია ამოვიცნოთ დალაი ლამა სხვადასხვა რელიგიურ იმიჯებში, ვეფხვის ტყავით აფორმებდნენ მონასტრების შესასვლელ კარიბჭეებს, დაცვის სიმბოლიკით.
სხვადასხვა პერიოდის ტიბეტური, ინდური თანგკები
იოგები ვეფხვის გამოსახულებიან ხალიჩებზე
მოკლედ, ეს დიდებული ცხოველი ბუდიზმის და ინდუიზმის ერთ-ერთი დომინანტი სიმბოლოა. ჰოდა, ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ამდენჯერ ვეფხვის ტყავის ხსენებისას შოთა რუსთაველი გამახსენდა. ამ ასოციაციებზე და შესაძლო კავშირებზე ინდუიზმსა და “ვეფხისტყაოსანს” შორის ალბათ სხვა დროს გიამბობთ, ტარიელმაც ხომ გაატყავა ვეფხვი და მისი ტყავით იყო შემოსილი, თანაც წარმოშობით ინდოეთიდან იყო. ახლა კი მოვრჩი, ბოდჰისატვად (გასხივოსნებული ადამიანი, რომელიც სხვებს ეხმარება გასხივოსნებაში) ვიქეცი ამასობაში 🙂
P.S. თუ ეს სტატია წაიკითხეთ, მაშინ ბონუსად კიდევ ერთ ჩინელ არტისტს იმსახურებთ – Cai Guo-Qiang