fbpx

“მემუარი” ქუთაისში – სასტუმრო, რომელიც ისტორიას ინახავს


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი

 

2018 წელს ბრიტანულმა  “ტელეგრაფმა” პირველად დააყენა ქუთაისი მსოფლიოს ისეთი უძველესი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ათენი, თებე და არგოსი. ეს საოცარი ქალაქი თავისი ანტიკური ისტორიით, საზოგადო მოღვაწეებითა და ხალხის უჩვეულო გულღიაობითა და იუმორით, მომენტალურად უყვარდებათ ჩამოსულებს და მათზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. მე პირადად კარგა ხანი დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ გამეგო, როდის მელაპარაკებოდნენ სერიოზულად და როდის  – ხუმრობით, იმიტომ რომ ყველაფერს იუმორის თვალით უყურებენ.  


ხუმრობა იქით იყოს და ყველა ძალიან შეშფოთებულია გელათის ამბავთან დაკავშირებით, იმდენად, რომ ზუსტად არავინ იცის, რა უნდა გამოვიდეს და რა ბედი ელის “მეორე ათენად” და “მეორე იერუსალიმად” წოდებულ ძირძველ ძეგლს. 

ქუთაისს რომ მრავალსაუკუნოვანი წარსული აქვს, ამაზე ყველა ვთანხმდებით, ბოლოს და ბოლოს, იმასაც იძახიან, ოქროს საწმისი თავად ბალახვანში ინახებოდა, ასი კიბის თავზეო (მე კი მგონია, სულ დრაკონის ეშვებს  ვამარცხებ, რადგან ვარჯიშის წინ ამა კიბის არბენა მიწევს). ოქროს საწმისის და აიეტის არ ვიცი – როგორც იქნა, ჩავლილია ათენისა და კოლხეთის ქიშპობა. მას მერე ბევრმა წყალმაც ჩაიარა და თურმე, ახლანდელი მოცემულობით, ქუთაისისა და ნიუპორტის მეგობრობის ჯერიც დამდგარა, მთლად ახლანდელიც არ გამოდის, 1997 წელს დაიწყო ეგ ამბავი – ვისთვის ახალია, ვისთვის – ძველი. 

მოკლედ, სწორედ იმ ნიუპორტზე ვსაუბრობთ, რომელიც უელსის საგრაფოში მდებარეობს და ეს მეგობრობა, თავად ცხონებულმა ელისაბედ II-მ დაამტკიცა. ისევე როგორც ქუთაისშია ნიუპორტის ქუჩა, ასევე ნიუპორტშიც შეგიძლიათ ესტუმროთ ქუთაისის ქუჩას.

ნიუპორტის ქუჩა საკმაოდ მსუყე ისტორიით გამოირჩევა, სწორედ აქ შეხვდებით სინაგოგას. ქუჩის ძირითადი მცხოვრებლები ებრაელები არიან.  Მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი, ვინც გადარჩა, ქუთაისში აღარ დარჩა და გაიქცნენ, იქით-აქეთ მიმოიფანტნენ, როგორც იქნა, ამდენი იქით-აქეთ ხეტიალის შემდეგ საკუთარ სახელმწიფოს მიაშურეს. მეც  ეგრე ვარ, საკუთარი სახლი რომ მქონდეს, ცხვირს არ გამოვყოფდი იქიდან, ალბათ ყველა ასეა. 


ნიუპორტის ქუჩა ლამაზად მოკირწყლული, ძლივსშესამჩნევი შესახვევია თეატრთან, მაგრამ როგორც კი ქუჩას დაადგებით, შეამჩნევთ, რომ სასტუმროებს სოკოებივით წამოუყვიათ თავები. 

სწორედ აქ მივაგენით ერთ საინტერესო სასტუმროს, რომელსაც “მემუარი” ჰქვია. პირველად რომ შევედი, დიდად ვერაფერი გავიგე, თუმცა ინტერიერმა უმალ მიიქცია ჩემი ყურადღება. 

შენობის ისტორია საუკუნოვანია, შენობის მეპატრონეები კი ებრაელები ყოფილან. სასტუმროს კონცეფცია საზოგადო მოღვაწეებსა და მწერლებზეა ორიენტირებული. ვის ოთახს აღარ შეხვდებით აქ: დები იშხნელები, ვერიკო ანჯაფარიძე, ანტონ და მელიტონ ბალანჩივაძეები, ჯორჯ ბალანჩინი, ლადო მესხიშვილი, ცისფერყანწელები, აკაკი წერეთელი და ა.შ. ეგ კი არა და, მართალია, მერი შერვაშიძესა და გალაკტიონს სიცოცხლეში არაფერი გამოუვიდათ, თუმცა, ამ სასტუმროს ოთახში სამუდამოდ ერთად დაიდეს ბინა… მერისა და გალაკტიონის ოთახი. 

როგორც სასტუმროში მითხრეს, ძალიან მალე დაამატებენ საიტსაც და ოთახებში განათავსებენ ბარ-კოდებს, რომლის დასკანერების შემდეგაც სტუმრები ზუსტად მიიღებენ ინფორმაციას, თუ რომელი გამოჩენილი ადამიანის ოთახში იმყოფებიან და მათ ისტორიას გაეცნობიან. 

სასტუმროში აგრეთვე შეხვდებით ღვინის მარანსაც, სადაც, გარდა საკუთარი წარმოების ღვინისა, რომლის სახელწოდებაცაა – ”მემუარი”, აგრეთვე აქვთ მცირე და დიდი მეწარმეების  ქართული ღვინის ნაირსახეობები, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მაინც იმერული წარმოების სჭარბობს. 


ვერიკო ანჯაფარიძის ოთახიდან პირდაპირ ბაგრატის ხედს შევყურებთ, რომელიც ამაყად გადასცქერის ქუთაისს. ეს სანახაობა იმდენად შთამბეჭდავია, რომ ჯობს, საკუთარი თვალით იხილოთ. 

თუ გადაწყვეტთ უქმეებზე ამ ძირძველ ქალაქს და მეფეთა სამყოფელს ესტუმროთ, მაშინ ამ სასტუმროში დაბინავებას  დიდ რეკომენდაციას ვუწევთ.


სასტუმროს მიერ გაცოცხლებული მოგონებები და ძველი ისტორიები ნამდვილად არ დაგტოვებთ გულგრილს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.