ამ მოგონებამ მიმიყვანა სხვა მოგონებამდე – ახალი გამოფენა თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში
ავტორი: ანო კლდიაშვილი
ფოტოები: გურამ კაპანაძე
**
„ფარდაა კედლის მაგიერ და ალბათ ნამდვილი მაგია ისაა, რომ ამ ფარდის უკან მე მართლაც ვქრები…
ის კვლავ აგრძელებს სიცოცხლეს,
სანამ მე მღვიძავს ფარდის მიღმა.“ – გ.ჯ.
23 თებერვალს, 18:00 საათზე თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, რომელიც მარჯანიშვილის 7 ნომერში მდებარეობს, გაიხსნა ახალი გამოფენა, სახელწოდებით „ამ მოგონებამ მიმიყვანა სხვა მოგონებამდე“. კარალიოკის ხე, ყოველდღიური ნივთები წარსულიდან, ტალღების შრიალი, გაზაფხულის თბილი დღეები და ზამთრის გრძელი ღამეები… თითოეული ნამუშევარი, რომელიც ამ სივრცეშია წარმოდგენილი, ნოსტალგიური და ჯადოსნურია, ყოველი მათგანი რაღაცას გახსენებს – მიძინებულ მოგონებებს აღვიძებს შენში.
გამოფენა ვიზუალური ხელოვნებისა და პოეზიის ერთობლივი ექსპოზიციაა – ნამუშევართა ერთობლიობა ერთგვარ ხიდად გვევლინება, რომელიც დამთვალიერებელს გონების ღრმა ლაბირინთებში მოგზაურობას სთავაზობს – ხან ლექსი აბრუნებს რეალობასთან, ხანაც ვიზუალური იმპულსი ან ხმა. მნახველი საგამოფენო სივრცეში წარსულის კვალს თითოეულ არტეფაქტში ხვდება, რითაც შინაგანი მოგზაურობის გარდაუვალი ქსელი ირთვება – ის ერთი მოგონებიდან მეორეში გადაეშვება.
სიტყვები, სურათები, მოძრავი და უძრავი კადრები ზემოქმედებენ ჩვენზე აწმყოში და ჩვენს გონებაში, როგორც სამხილები ისე შემოდიან, მოგონებებს და ახალ სივრცეებს ხსნიან. თითქოს სხვისი თვალიდან იყურები და ამ დროს აღმოაჩენ შენს გამოცდილებას, მეხსიერებაში დალექილ შთაბეჭდილებებს, მონატრებას, შიშს, გაოცებას, ტკივილს, ტკბობას… გამოფენაში მონაწილე ხელოვანები – ტატიანა ასათიანი, თეა გვეტაძე, სოფო კობიძე, დავით მესხი, მარიამ მუთიძე, ნინო ქვრივიშვილი, ვაჟიკო ჩაჩხიანი, ნინო ჩუბინიშვილი, ბუკა ღვაბერიძე, ანნა ჯიბლაძე და გ. ჯ – სივრცეში წარმოდგენილ ნამუშევრებში მეხსიერების თემატიკას ეხებიან და ჩვენს გონებაში მის შრეებს სხვადასხვა რაკურსით შლიან.
გამოფენის კურატორები მარიამ ლორია და მარიამ წიქარაძე არიან, მათ ექსპოზიციის კონცეფციაზე და ზოგადად, ვიზუალურ ხელოვნებასა და პოეზიას შორის არსებული ბმის შესახებ ვესაუბრეთ, რომელიც მთელი სიცხადით იგრძნობა თიბისი კონცეპტის სივრცეში:
გვიამბეთ ახალ გამოფენაზე: რა არის მისი კონცეფცია და რა პრინციპით შეარჩიეთ როგორც ლექსები, ასევე მხატვრული ნამუშევრები?
გამოფენის კონცეფცია მეხსიერებასა და გონების სხვადასხვა შრეებში მოგზაურობას ეხება. იდეა მარსელ პრუსტის რომანიდან “დაკარგული დროის ძიებაში” წამოვიდა. რამდენიმე წელია ამაზე ვფიქრობთ – მე და მარიამ ლორია კურატორულ დუეტში ვმუშაობთ უკვე 10 წელია, თუმცა პანდემიის დროს პაუზა გვქონდა და ეს გამოფენა ჩვენთვის ბოლო პერიოდის შესახებაცაა. საგამოფენო საქმეებში შესვენების აღება მოგვიწია, მაგრამ შინაგანი მოგზაურობებისათვის მეტი დრო გაჩნდა.
პრუსტი თავის რომანში მეხსიერებას იკვლევს – აწმყოდან მიღებული იმპულსების მეშვეობით მოგზაურობს გონების ლაბირინთებში. ერთი მოგონებიდან მეორესთან მიდიხარ, მეორიდან კიდევ სხვასთან… აღქმული იმპულსები ისე ჩნდებიან მის წიგნში, როგორც სამხილები. ეს ხაზი ჩვენთვის მომხიბვლელია, თამაშივით რაღაცას გვთავაზობს თითქოს. ხელოვანებიც ამ იდეასთან კავშირის არსებობის საფუძველზე შევარჩიეთ – თვითრეფლექსიისა და წარსულის კვლევის თემა ყველა მათგანთან სხვადასხვანაირად არის გაშლილი. აღმოჩნდა, რომ ეს წიგნი ბევრი მათგანისთვისაც იყო საინტერესო და ახალი პროცესებისთვის იმპულსის მიმცემი.
გონების ეს თამაში, ერთი მხრივ, ყოველდღიური პროცესია, რომელიც სხვადასხვა შთაბეჭდილებიდან მოგონებების გაღვიძებით იწყება, მაგრამ თან ძალიან პოეტურიც შეიძლება იყოს – თავისი რიტმი, პულსი ჰქონდეს. ხელოვანების შერჩევა თითქოს თავისთავად მოხდა. ყველა მონაწილე გადაიკვეთა მოგონებების და სხვადასხვა იმპულსებით გონებაში მიმდინარე პროცესების კვლევის თემასთან. ვიზუალური კონცეფციაც თავისით შეიკრა. ბოლო დროს ინსტაგრამზე შეგვხვდა უახლესი ქართული პოეზია და ესეც დავუკავშირეთ გამოფენის იდეას. ვფიქრობთ, რომ სიტყვებში თარგმნილი ის შთაბეჭდილებები, განცდები, რაც ლექსებშია, ბევრ თანამედროვე მოვლენასთან აჩენს კავშირს. ლექსები ერთდროულად არის ინდივიდუალური, პირადი გამოცდილებების და ბოლოდროინდელი სოციალური მოვლენების ამრეკლავი. ამიტომაც ვიზუალურ სამხილებთან ერთად ლექსებიც გადმოვიტანეთ რეალურ სივრცეში.
რატომ გადაწყვიტეთ ერთმანეთისთვის შეგერწყათ პოეზია და მხატვრობა? იმ კავშირსა და სინთეზზე რომ მოგვიყვეთ, რასაც ამ ორი ტიპის ნამუშევრები ქმნიან გამოფენაზე.
გამოფენაზე წარმოდგენილ თითოეულ ვიზუალურ ხელოვანს ძლიერი ინდივიდუალური ხასიათი აქვს და თავისი მიმართულებით მიჰყავხარ. ისინი სხვადასხვა მედიუმში მუშაობენ – სოფო კობიძისა და თეა გვეტაძის ფერწერა, ნინო ქვრივიშვილის ქაღალდზე ნახატები და მზა ობიექტები, ნინო ჩუბინიშვილის კერამიკული ქანდაკება და ქსოვილი, დათო მესხის ფოტო, ვაჟიკო ჩაჩხიანის მედიტაციური ფილმი… პოეტური ჩანართებით კი მთლიანობა იქმნება ექსპოზიციაში – ლექსები, ერთი შეხედვით, უფრო კონკრეტულია და თანამედროვე ადამიანების ყოველდღიურ გამოწვევებს ეხება; თან პირდაპირ ჩვენი დროის პულსირებას გადმოსცემს და თან მხატვრული სახეებია, რომლებსაც ვიზუალურ ხელოვნებასთან დიალოგით ახალი შრეების გახსნა შეუძლია დამთვალიერებლების გონებაში.
იმის შესახებ, თუ როგორ მიესადაგა მათი ნამუშევრები გამოფენის კონცეფციას, რამდენიმე ხელოვანიც გვესაუბრა:
ნინო ქვრივიშვილი: გამოფენის თემიდან გამომდინარე, ნამუშევრები ბუნებრივად შეირჩა. ბოლო წლებია ვმუშაობ ნახატების სერიაზე, რომელიც წარსულის დაკარგულ მომენტებს ეხება. ნახატები ფრაგმენტებია გამქრალი ტექსტილის ინდუსტრიებიდან. კურატორების მთავარი ჩანაფიქრი სწორედ მოგონებების თემას უკავშირდება, რომელიც ასევე წარმოდგენილია ვიტრინის ობიექტში – ყოველდღიური ნივთები ერთი დიდი წარსულის ისტორიას ჰყვება.
ტატიანა ასათიანი: ლექსების წერა, ღრმა ბავშვობის შემდეგ, დაახლოებით ოთხი წლის წინ განვაახლე. ბოლო ერთი წელია, გარკვეული პირადი მიზეზების გამო ვეღარ ვწერდი და ხშირად ვუბრუნდებოდი ძველ ლექსებს გადასაკითხად. მათი კითხვა, ძველი ფოტოების თვალიერებასავით, მოგონებების ჯაჭვებს აღმიძრავდა. როდესაც გამოფენის კურატორები დამიკავშირდნენ, ვეცადე, ისეთი ლექსები შემერჩია, რომლებიც ყველაზე მეტად ინახავდა მოგონებებს და წარსულთან ემოციურად მაკავშირებდა.
სოფო კობიძე: სივრცეში გამოფენილ ჩემს ნამუშევარზე თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. ნამუშევრის სათაური “ღამე” იმ ამბებზე გვიყვება, რომლებიც სიზმრად ან თვალის წამიერად დახუჭვისას გაგვიელვებენ.
მარიამ მუთიძე: ბათუმში, ქალაქში, სადაც მე ვცხოვრობ, ყველაფერი სულ იცვლება და ყველაფერი ჩემთვის ცუდი მიმართულებით მიდის. ხანდახან მგონია, რომ მარტო ვარ ამ განცდებში და რეალურად ყველაფერი არც ისე ცუდადაა. შეიძლება უბრალოდ D ვიტამინი მაკლია, მაგრამ ყველა ფაქტს მიმდევრობით რომ ვალაგებ და ვაანალიზებ, ცხადია, რომ ასეა. ხანდახან არ გამომდის აზროვნების იმ ხაზის ვერბალურად გადმოცემა, რის გამოც ასე ვფიქრობ და ვხედავ ყველაფერს დრამატულად – ზოგჯერ ძალიან რთულია გონების ლაბირინთების თარგმნა სხვებისთვის გასაგებ ენაზე და ჩვენც ლექსების წერას ვიწყებთ.
ჩემი ის ლექსი, რომელიც გამოფენაზეა წარმოდგენილი, ამ სურვილის პოეტური გამოხატვაა. მინდა უბრალოდ ყველანაირი ახსნის გარეშე ვინმემ ჩემი თვალებიდან გამოიხედოს – გამოფენის კონცეფციასაც, ალბათ, ამის გამო დაუკავშირდა.
ექსპოზიციის დათვალიერება სტუმრებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 – 20:00 საათებში შეეძლებათ. გამოფენა 15 აპრილამდე გაგრძელდება.
**
„ყველაფერს ივიწყებ და მეკითხები:
– შენ სად ხარ ამ დროს?
– მუქ, კანისფერ ტანში,
– მუქ, კანისფერ ტანში“. – ბუკა ღვაბერიძე