fbpx

ერთი თვე გოლის გაუშვებლად


გააზიარე სტატია



ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

როდესაც დარვინ ნუნიესმა „ლივერპულისა“ და „რეალის“ მატჩის დებიუტშივე ჩემპიონთა ლიგის ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა და ცოტა ხანში, ტიბო კურტუას შეცდომის შემდეგ, სალაჰმა მასპინძელთა უპირატესობა გააორმაგა, ალბათ  ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სულ რაღაც საათ-ნახევრის შემდეგ სახელოვანი „ლივერპული“ როგორც ჩემპიონთა ლიგის, ისე საკუთარ კლუბურ ანტირეკორდს დაამყარებდა და ერთ-ერთ სამარცხვინო ფურცელს გადაშლიდა არსებობის 130-წლიან ისტორიაში…

მატჩის მე-15 წუთზე, როდესაც ტაბლოზე ანგარიში 2:0 ენთო მასპინძელთა სასარგებლოდ, „ენფილდზე“ მისული გულშემატკივრები უკვე ფიქრობდნენ, რომ მათი საყვარელი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში დამარცხებისთვის ისეთ რევანშს აიღებდა, რომ მადრიდულ კლუბს ეს არასოდეს დაავიწყდებოდა, მაგრამ თურმე სულ სხვაგვარად ფიქრობდა სტუმართა მარცხენა გარემარბი ვინისიუს ჟუნიორი, რომელმაც მომდევნო 15 წუთის განმავლობაში წონასწორობა აღადგინა.

თავდაპირველად მან ისე ეშმაკურად და მოულოდნელად დაურტყა თანამემამულე ალისონს, რომ ამ უკანასკნელმა რეაგირება ვერ მოასწრო, ხოლო შემდეგ კი „ლივერპულისა“ და ბრაზილიის ნაკრების კარის დარაჯმა საკუთარ კოლეგა ტიბო კურტუას მსგავსი შეცდომა დაუშვა და გუნდებიც შესვენებაზე ორ-ორი გატანილი ბურთით გავიდნენ. 

ზემოთ ხსენებული ანტირეკორდები კი მეორე ტაიმში დამყარდა. კერძოდ,  „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე იქცა პირველ გუნდად, რომელმაც ორბურთიანი უპირატესობა სამბურთიან მარცხად აქცია. 

ამასთან ერთად, მერსისაიდელებმა ევროტურნირებზე, დაახლოებით 70-წლიანი ასპარეზობის მანძილზე, პირველად გაუშვეს საკუთარ მოედანზე ხუთი ბურთი.

მეორე ტაიმში ვინისიუსმა ესტაფეტა კარიმ ბენზემას გადასცა, რომელმაც უკვე თავის მხრივ შეასრულა დუბლი ამ შეხვედრაში. 

თავდამსხმელებს მილიტაომაც შემატა თავისი სადებიუტო გოლი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე და საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ ორმა ბრაზილიელმა სამჯერ დალაშქრა თანამემამულე გოლკიპერის კარი, რომელსაც არასოდეს დაავიწყდება 2023 წლის 21 თებერვლის კოშმარული საღამო…

მადრიდის „რეალის“ მსგავსად „ნაპოლიც“ „ცალი ფეხით“ უკვე მეოთხედფინალშია და ბუნებრივია, რომ ეს ხვიჩა კვარაცხელიას დიდი დამსახურებაცაა. 

„აინტრახტის“ სამწვრთნელო შტაბმა დაცვაში მაქსიმალური ყურადღება მოწინააღმდეგის შეტევის მარცხენა ფლანგზე გადაიტანა, სადაც ხვიჩა მუდმივი აქტიურობით მეტოქეს ოდნავი მოშვების საშუალებასაც არ აძლევდა. 

ქართველი ფეხბურთელის მიმართ მასპინძელთა მხრიდან გაასმაგებულმა ყურადღებამ კი „ნაპოლის“ შემტევ მარჯვენა ფრთას მეტი თავისუფლება მიანიჭა და შედეგმაც არ დააყოვნა.

მატჩის პირველი ნახევრის მიწურულს ლოზანომ ზედიზედ ორჯერ გაატანინა ოსიმენს, მაგრამ მეორე შემთხვევაში ნიგერიელ ფორვარდზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა და „ნაპოლი“ პირველი ტაიმის მინიმალური ანგარიშით მოგებას დასჯერდა. 

მეორე გოლი კი „სკუდეტოს“ წლევანდელმა მთავარმა პრეტენდენტმა უკვე მეორე ტაიმში გაიტანა, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიამ კარგად შენიშნა „აინტრახტის“ საჯარიმო მოედანზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი დი ლორენცო და პარტნიორი შესანიშნავი საგოლე გადაცემით დაასაჩუქრა.

მეორე გოლმა იმ დროისათვის მოედანზე უკვე 10 კაცის შემადგენლობით მყოფ  მასპინძლებს საბრძოლო ფარ-ხმალი უკვე საბოლოოდ დააყრევინა. 

„ნაპოლის“ ფეხბურთელებსაც მაინცდამაინც აღარ მოუკლავთ თავი მესამე ბურთის გასატანად, რადგან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის მიერ წარმოთქმული აზრის მიუხედავად, რომ „გუნდების შანსები 50/50-ზეა“, გასაგებია, რომ „ლივერპულის“ მსგავსად, საოცრება თუ იხსნის „აინტრახტს“  გავარდნისაგან.

აი მეორე დღის თამაშებს კი წინასწარ ნამდვილად არ გადაუწყვეტიათ სავარაუდო მეოთხედფინალისტების ვინაობა.

„მანჩესტერ სიტი“ თითქოს კლასის ხარჯზე დაწინაურდა პირველ ტაიმში, „ლაიპციგთან“ გასვლითი შეხვედრისას, მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძელთა სრული უპირატესობა გარკვეული პერიოდის მანძილზე ბურთის ფლობის სტატისტიკაზეც  კი აისახა. 

საბოლოო ანგარიში 1:1 მცირეოდენ უპირატესობას თუ ანიჭებს პეპ გვარდიოლას გუნდს საპასუხო შეხვედრის წინ იმის გათვალისწინებით, რომ მას ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე ყოველთვის „რაღაც ემართება“. 

„ინტერის“ და „პორტოს“ დაპირისპირება კი უპირველეს ყოვლისა გამოხატული უხეშობიდან გამომდინარე აღმოჩნდა ყველაზე დაძაბული გასული კვირის პლეიოფის მატჩებს შორის.

მატჩის მიწურულს ლუკაკუს მიერ გატანილი ერთადერთი გოლი უაღრესად საჭირო შეიძლება აღმოჩნდეს „ნერაძურისთვის“ განმეორებითი მატჩის წინ, რადგან იტალიელებს თამაშის კონტრიერიშებზე აწყობის დიდი გამოცდილება აქვთ, რომ აღარაფერი ვთქვათ ბარელას, დარმიანისა და მათ ზოგიერთ თანაგუნდელთა სივერაგეზე, რის ნაკლებობასაც თავის მხრივ პორტუგალიელებიც არ უჩივიან…

აი ევროპის ლიგის მომდევნო ეტაპზე გასული გუნდების ვინაობა კი უკვე ცნობილია და მათ შორის ჩვენი წინასწარი ვარაუდისამებრ, ვერ ვხედავთ „ბარსელონას“.

რაშია საქმე? როგორ ხდება ისე, რომ „ბარსელონას“ ლა ლიგის გათამაშებაში ნათამაშევ 22 მატჩში სულ რაღაც შვიდი გოლი აქვს გაშვებული, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ სამი საათის განმავლობაში კი ოთხი? 

„ოლდ ტრაფორდზე“ მარცხი „ბარსელონას“ გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული „ენფილდზე“ „რეალის“ მიერ „ლივერპულის“ განადგურების შემდეგ აღმოჩნდა. მაგრამ ვინ წააგო ეს მატჩი – მწვრთნელმა, გუნდმა, თუ ორივემ ერთად?

ალბათ უპირველეს ყოვლისა მწვრთნელმა, რადგან პირველი მატჩის მსგავსად, მეორეშიც გადამწყვეტ მომენტში გოლები „მანჩესტერ იუნაიტედს“ გაჰქონდა, რომელმაც ამჯერადაც შეძლო გაშვებული ბურთის შემდეგ დაწინაურება და ანგარიშის ბოლომდე შენარჩუნება.

თამაში უაღრესად მაღალ ტემპში წარიმართა და გუნდებმა ერთიმეორის კართან არაერთი საგოლე ეპიზოდი შექმნეს. 

„ბარსელონამ“ პირველი ტაიმი ლევანდოვსკის თერთმეტმეტრიანით მოიგო, მაგრამ მასპინძლებმა ანგარიში შესვენების შემდეგ, უმალვე ფრედის გოლით გაათანაბრეს. 

მატჩის 73-ე წუთზე მეორე ტაიმში შეცვლაზე შესული კიდევ ერთი ბრაზილიელის – ანტონის გოლზე პასუხის გაცემა კი სტუმრებმა ვერ შეძლეს. 

აღსანიშნავია, რომ ბარსელონელ ბალდეს, ნაცვლად იმისა, რომ ანტონის დარტყმა საკუთარ თავზე მიეღო, რატომღაც შეეშინდა, უხერხული მოძრაობით ბურთს მოერიდა და მეკარე ტერ შტეგენსაც მაქსიმალურად შეუშალა ხელი რეაგირებაში…

მერვედფინალში აღმოჩნდა ტურინის „იუვენტუსი“.  მან  გასვლაზე ერთი შეხედვით იოლად კი დაამარცხა „ნანტი“, მაგრამ სინამდვილეში რომ არა ანხელ დი მარია, რომელმაც ჯერ ულამაზესი ჩახვეული დარტყმით „ჩახატა“ გოლი მასპინძელთა კარის ცხრიანში, ხოლო შემდეგ კი „გაისეირნა“ ფრანგების საჯარიმო მოედანში, თანაც ისე, რომ მეტოქეს პენალტი აჰკიდა, ათი კაცის შემადგენლობით დატოვა და პენალტი თავადვე გამოიყენა, კაცმა არ იცის შეხვედრა როგორ დასრულდებოდა, რადგან პირველ გოლამდე მხოლოდ „ნანტის“ ფეხბურთელები უტევდნენ და მომენტებსაც ქმნიდნენ…

„ემპოლის“ წინააღმდეგ სერია A-ს გათამაშების 24-ე ტურის მატჩში კი 68-ე წუთიდან მოყოლებული ათი კაცის შემადგენლობით უკვე „ნაპოლი“ დარჩა.

იმ დროისათვის სტუმრები ანგარიშით 2:0-ს იგებდნენ და ხვიჩა კვარაცხელიას მონაწილეობა ამ ორივე გოლში ჰქონდა მიღებული.

საინტერესოა, რომ მასპინძლებს მოედნიდან მარიო რუის გაძევების შემდეგაც არ შეუწყვეტიათ მეტოქეზე ზეწოლა და სახიფათო ეპიზოდების შექმნა მის კართან. „ემპოლი“ კი ის გუნდია, რომელმაც ამ ცოტა ხნის წინათ გასვლაზე „ინტერი“ დაამარცხა. 

მაგრამ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამას გუნდისთვის, რომელსაც უკანასკნელ ხუთ მატჩში საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია და ნებისმიერ მეტოქეს შიშის ზარს სცემს?!


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.