fbpx

გამოფენა „ნულოვანი ზღვარი“ – Zero Verge – სახვითი ხელოვნების მუზეუმში


გააზიარე სტატია

პირველ მარტს, 18 საათზე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი (რუსთაველის გამზირი #7)  წარმოგიდგენთ ჯგუფურ გამოფენას „ნულოვანი ზღვარი,“ რომელიც 27 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ექსპოზიცია აერთიანებს განსხვავებულ არტისტულ თაობებს.

წარმოდგენილი ავტორები და მათი ნამუშევრები წარმოაჩენს მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე არსებულ ქართულ სახელოვნებო ხაზს. გამოფენის კონცეფციის ავტორი და კურატორი – კონსტანტინე ბოლქვაძე.

მონაწილე არტისტები:

  1. ქეთევან მაღალაშვილი – სერგო ჩახოიანცი
  2. გაიანე ხაჩატრიანი – თამარ ბოჭორიშვილი
  3. ირაკლი ფარჯიანი – სიმონ გერშოვი
  4. ანა შალიკაშვილი – სიმონ მაჩაბელი
  5. ესმა ონიანი – გიორგი კონტრიძე
  6. დიმიტრი ერისთავი – ანუკ ბელუგა
  7. თემო ჯაფარიძე – თამარ ნადირაძე
  8. დავით (დუდა) გაბაშვილი – ავთო მესხი
  9. გურამ (ხიტა) ქუთათელაძე – ლეილა შელია
  10. ალექსანდრე ბანძელაძე – ალიმ რიჟინაშვილი
  11. ლევან ჭოღოშვილი – თეო ბურკი

მოცემულ ვიზუალურ თხრობაში ასეთი მკვეთრი პერიოდული კონტრასტი არ იკითხება, ესთეტიკურ-ეპოქალური ზღვარი განულებულია. საგამოფენო ქსოვილი მოიცავს როგორც კლასიკოს მხატვრებს, ისე ახალი თაობის არტისტებს. ამ გზით – ერთგვარი ექსპერიმენტული შეკავშირებით – კიდევ უფრო საინტერესოდ იშლება სამუზეუმო კოლექცია და ხდება მისი თარგმანი ჩვენს თანამედროვეობაში. შეპირისპირება ნაწილობრივ გულისხმობს უხეშ, ამავე დროს, ფაქიზ პარალელებს. ზოგ შემთხვევაში ეს არის პირდაპირი მისადაგება, ზოგჯერ სამუზეუმო კოლექციის განვრცობა ან მასზე თხრობა თანამედროვე ხელოვნების საშუალებით.

ამ კონტრასტულ სინთეზსა თუ ერთგვარ „ვიზუალურ სასწორში“ წონადობას განაპირობებს შემდეგი ნიუანსები: პოეტურობა, ერთი სტილის, მაგრამ განსხვავებული არტისტული აღქმა, ეპოქა, სოციალური და კულტურულ-პოლიტკური ჭრილი, სიმბოლიზმი და ასე შემდეგ.

სამუზეუმო კოლექციის არტისტები უმთავრესად მოდერნიზმის და საბჭოთა პერიოდის ხელოვნებას ასახავენ, ხოლო ახალგაზრდები – თანამედროვე ხელოვნებას. შეწყვილებული ნამუშევრები სიუჟეტურ, სტილურ კონტრასტს ბადებს, თუმცა გამოფენის დრამატურგია და გადანაწილება ერთიან ხერხემალს ქმნის. კლასიკოსი ავტორების ამ მეთოდით საჯარო რეპრეზენტაცია გაზრდის და აამაღლებს საზოგადოების ცნობიერებას ქართულ ხელოვნებაზე.

ამ ფორმის „კონფლიქტური სინთეზი“ ზოგადად ახალისებს ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიის სისტემატიზაციისა და პოპულარიიზაციის პროცესს, რაც ასევე ინსტიტუციონალური კვლევების მიზანსაც წარმოადგენს.

ამ გამოფენაზე ქრება დრო, საზღვარი, სივრცეები და არტისტული იერარქიები. მსგავსი ძიებებით მხოლოდ ძლიერდება სამუზეუმო კოლექცია და ქართული ხელოვნება.  საკურატორო ხედვითა და ექსპერიმენტებით იქმნება უახლესი, დაუნაწევრებელი ისტორია, თვალსაჩინო ხდება თანამედროვე ქართული ხელოვნების ნამდვილი ევოლუცია. 

დამთვალიერებელი „ძველსა და ახალს“ განულებული პოზიციიდან უყურებს, რომლის შემეცნებითი ზღვარი არსებული გამოფენის მისეულად აღქმაა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.