fbpx

ფიფას ქართული ჯილდო


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

გასულ კვირას საფეხბურთო სამყაროს ყურადღება ფიფას დაჯილდოების ცერემონიალს მიეპყრო, რომელმაც ტრადიციულად საზეიმო ატმოსფეროში და ამა თუ იმ ნომინაციაში გამარჯვებულთა გამოცხადებასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობის ფონზე ჩაიარა.

ჩვენთვის სასიხარულო კი ისაა, რომ დარბაზში მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორების – მესის, სკალონისა თუ მარტინესის სახელებთან ერთად, ამჟამად „კრემონეზეში“ მოთამაშე ქართველ ფეხბურთელ ლუკა ლოჩოშვილის სახელიც გაისმა. 

საგულისხმოა ისიც, რომ ფიფას წლევანდელ ლაურეატთა შორის მხოლოდ საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის დასახელებას არ გამოუწვევია  იოტისოდენა აზრთა სხვადასხვაობაც კი, რაც განსაკუთრებით საამაყოა! 

ლუკამ წლის Fair Play-ის ჯილდო მოედანზე ფეხბურთელის სიცოცხლის გადარჩენისათვის დაიმსახურა. 

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ავსტრიის ჩემპიონატში მონაწილე „ვოლფსბერგერის“ ღირსებას იცავდა, როდესაც „აუსტრიასთან“ შეხვედრაში, თამაშის დროს უეცრად გრძნობადაკარგულ მოწინააღმდეგე ფეხბურთელ გეორგ ტაიგლს მან პირველადი დახმარება აღმოუჩინა და სიცოცხლე შეუნარჩუნა. 

ლუკა დაჯილდოების ცერემონიალს არ დასწრებია იტალიის ჩემპიონატის კალენდარული მატჩის გამო, რომელშიც „კრემონეზემ“ „რომასთან“ შეხვედრაში მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა.

ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც ტრავმის გამო საკმაო ხანია ვეღარ ვხედავთ მოედანზე, განაცხადში იყო შეყვანილი, რაც უახლოეს პერიოდში მისი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნების მანიშნებელია.

„კრემონეზე“ – „რომას“ მატჩში მასპინძელთა მოგების გარდა კი სასეირო მხოლოდ მეორე ტაიმის დასაწყისში მსაჯის შეურაცხყოფისთვის „რომას“ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს სათადარიგოთა სკამიდან ტრიბუნებზე გაძევება იყო. 

უფრო საინტერესო აღმოჩნდა ტურინული დერბი, რომელშიც „იუვენტუსმა“ „ტორინო“ ანგარიშით 4:2 მას შემდეგ დაამარცხა, რაც პირველი ტაიმის მიწურულს  ერთი ბურთის სხვაობით მარცხდებოდა.

იტალიის სერია A-ს გასული ტურის ცენტრალურ მატჩში კი „ნაპოლი“ სამწუხაროდ შინ, „ლაციოსთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა. 

ადრე თუ გვიან ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი უნდა დამარცხებულიყო, მაგრამ ალბათ უმჯობესი იქნებოდა, რომ ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ან შემდეგ მომხდარიყო და თანაც არა სატურნირო ცხრილში მესამე ადგილოსანი გუნდის წინააღმდეგ შეხვედრაში.

„ლაციო“ მაღალ დონეზე მოემზადა ლიდერთან მატჩისთვის და ერთადერთი გოლი, რომელიც ვესინომ აუღებელი დარტყმით შეხვედრის 67-ე წუთზე გაიტანა, სერია A-ს წლევანდელ გათამაშებაში უდავოდ ერთ-ერთი ულამაზესი აღმოჩნდა.

სპალეტიმ ბოლო წუთამდე შეინარჩუნა მოედანზე კვარაცხელია, რაც გაჭირვების ჟამს უფროსი მწვრთნელის განსაკუთრებული ნდობის ფაქტორზე მეტყველებს ქართველი ფეხბურთელის მიმართ.

„ნაპოლის“ ფეხბურთელები გაშვებული გოლის შემდეგ მხოლოდ ერთხელ იყვნენ ახლოს მიზანთან, რაც უფრო მათი ინერტული და ერთფეროვანი ქმედებების შედეგია, ვიდრე „ლაციოს“ მცველთა და ნახევარმცველთა დამსახურება. 

გასული კვირის გამორჩეულ საფეხბურთო მოვლენად კი „ელ კლასიკოს“ პირველი სათასო პაექრობა იქცა, რომელშიც „ბარსელონამ“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა თავისი დაუძინებელი მტერი – მადრიდის „რეალი“.

ამ დაპირისპირებას არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სამომავლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს, რადგან მან „სამეფო კლუბი“ ფსიქოლოგიური კრიზისის და მისი სახელოვანი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი თანამდებობიდან გათავისუფლების საშიშროების წინაშე შეიძლება დააყენოს.

სათასო შეხვედრაში გუნდები წლევანდელ სეზონში უკვე მესამეჯერ შეხვდნენ  ერთმანეთს. 

თავდაპირველად წარმატება „რეალის“ ფეხბურთელებს ხვდათ წილად, როდესაც მათ ლა ლიგის პირველი წრის მატჩში შინ საკმაოდ იოლად, ანგარიშით 3:1 დაამარცხეს ესპანეთის ჩემპიონატის ამჟამინდელი ლიდერი.

მაგრამ საათის მექანიზმივით აწყობილი, თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებადი „რეალი“ თანდათანობით პოზიციებს თმობდა და იანვარში  იგი ანალოგიური ანგარიშით, მაგრამ კიდევ უფრო იოლად დამარცხდა ჩავი ერნანდესის გუნდთან.

ეს ესპანეთის სუპერთასის ფინალში მოხდა, რასაც ამ კლუბების ტრადიციული მეტოქეობიდან გამომდინარე, მეორეხარისხოვანს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

საგულისხმოა, რომ ევროტურნირებზე „რეალის“ წარმატებული და „ბარსელონას“ წარუმატებელი ასპარეზობის მიუხედავად, ესპანეთის ჩემპიონატის საკმაო დაქვეითების ფონზე, ევროპის საკლუბო ასპარეზობები „ბარსელონამ“ „რეალისგან“ განსხვავებით განვითარებისთვის, განსაკუთრებით კი დაცვითი ხაზის გამაგრებისათვის გამოიყენა.

მეხსიერებას თუკი მოვიშველიებთ, შევნიშნავთ, რომ „ბარსელონამ“ პირველი მარცხი „რეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ და „ინტერთან“ განცდილი ფიასკოს შემდეგ აგემა, ხოლო მეორე მატჩში კატალონიელთა წარმატებას კი წინ უძღოდა ევროპის ლიგაზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გამოვარდნა.

ჩავი ერნანდესის გუნდმა ინგლისელებთან დაწინაურება ორივე შეხვედრაში შეძლო, მაგრამ საბოლოოდ ორივეჯერ ორ-ორი ბურთი გაუშვა და ტურნირს ისე დაემშვიდობა.

აი „რეალთან“ გასვლით მატჩში კი „ბარსელონა“ პირველი ტაიმის 26-ე წუთზე დაწინაურდა და მინიმალური ანგარიში ბოლომდე ისე შეინარჩუნა, რომ ძლევამოსილ მასპინძლებს მთელი მატჩის განმავლობაში საკუთარი კარის მიმართულებით ერთხელაც არ დაარტყმევინა!

„რეალისთვის“ განსაკუთრებით მტკივნეული კი ისაა, რომ მეტოქემ იგი საკუთარ კედლებში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ და თანაც ავტოგოლით დაამარცხა.

გუნდები წლის ბოლომდე კიდევ 20 მარტს ლა ლიგის გათამაშებაში და 6 აპრილს თასის საპასუხო შეხვედრაში, ორივეჯერ „კამპ ნოუზე“ დაუპირისპირდებიან, რაც კატალონიელებს წარმატებისათვის დამატებით სტიმულს ანიჭებს. 

წარუმატებლობები კი „რეალს“ მიმდინარე სეზონში ტიტულის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დააყენებს, რადგან ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგება შეიძლება უფრო რთული ამოცანა იყოს, ვიდრე ესპანეთის ჩემპიონატში „ბარსელონას“ გადასწრება ან თასის განმეორებით ნახევარფინალში ჯერ კატალონიელთა და შემდეგ კი ფინალში „ბილბაო“ – “ოსასუნას“ წყვილში გამარჯვებულის ძლევა.

„რეალისგან“ განსხვავებით, მთავარ კონკურენტთან მარცხის აჩრდილიდან თავს აღწევს ლონდონის „არსენალი“. 

პრემიერლიგის ლიდერმა უკანასკნელ ტურში „ბორნმუთთან“ ორბურთიანი სხვაობა აღმოფხვრა და გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მე-7 წუთზე გაიტანა.

გავიხსენოთ, რომ ბოლო დარტყმით, ოღონდ ანგარიშით 4:2 „არსენალმა“ ამ ცოტა ხნის წინათ „ასტონ ვილაც“ დაამარცხა. ამ მოგებებმა კი არტეტას გუნდს „მანჩესტერ სიტისთან“ ხუთქულიანი უპირატესობის აღდგენის საშუალება მისცა.

ამასობაში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტან მეოთხე ადგილს გამოტოვებულ შეხვედრაში მოგებაღა აშორებს „ლივერპულს“. 

გასული ტურის ცენტრალურ მატჩში უაღრესად მონდომებულმა მერსისაიდელებმა შინ „ენფილდზე“ ანომალიური ანგარიშით 7:0 თვით „მანჩესტერ იუნაიტედი“ გაანადგურეს. 

საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში მასპინძელთა სამივე ფორვარდმა – გაკპომ, სალაჰმა და ნუნიესმა – დუბლი შეასრულა, ხოლო მეშვიდე გოლი კი ასევე ფორვარდ ფირმინოს ანგარიშზეა, რომელმაც მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ნუნიესი შეცვალა.

გერმანიის ჩემპიონატს 23 ტურის შემდეგ „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“ ლიდერობენ, რომლებიც ერთმანეთს 1-ელ აპრილს მიუნხენის „ალიანს არენაზე“ დაუპირისპირდებიან. 

საინტერესო ვითარებაა გასავარდნ ზონაშიც, სადაც ერთბაშად ოთხ გუნდს – „შტუტგარტს“, „ჰოფენხაიმს“, „შალკეს“ და „ბოხუმს“ –  19 ქულა აქვს და ასეთი დაძაბულობა სავარაუდოდ სეზონის ბოლომდე გასტანს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.