გაბრიელ გარსია მარკესის „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ – მომავლის რწმენა, წარსულის ტყვეობა და მოლოდინი
ავტორი: მათე წიკლაური
„მე არა ვცრუობ, ადამიანობას რომ მინდა დავეხსნა, რომ ტყვედა ვყავარ, აგერ, უკვე ოთხმოცი წელი, მაგრამ ვინ ვიყო, რომ გამოვალ ამ ტყვეობიდან..?“
ბესიკ ხარანაული, „ბოლოშემართული შაშვი გრძნობას ვერ აგნებს“
შესანიშნავი ამერიკელ მწერალი, ჯონ სტაინბეკი, რომანს „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“ აპრილის მშვენიერი ოჯახური დილის აღწერით იწყებს: „როცა აპრილის მშვენიერმა ოქროს დილამ მერი ჰოული გააღვიძა, ქალი ქმრისკენ გადაბრუნდა და ნახა, რომ მას ნეკა თითებით პირი გაეჭიმა – ცოლს ბაყაყივით ეჭყანებოდა.“ გაბრიელ გარსია მარკესის მოთხრობაში “პოლკოვნიკს არავინ სწერს“ ცოლ-ქმრის დილა ასეთი საამური სულაც არაა, ამ წიგნში არავინაა ისეთი, ვისაც ხუმრობის ხალისი შერჩენია, ამიტომ ნაწარმოები პოლკოვნიკისა და მისი მეუღლის უმძიმესი მატერიალური ყოფის აღწერით იწყება – პოლკოვნიკი აღმოაჩენს, რომ თუნუქის ქილაში ერთი ჩაის კოვზი ყავაღაა დარჩენილი. გარსია მარკესი წარმოგვიდგენს ცოლ-ქმრის ისტორიას, რომელიც მოლოდინის, ცრუ და უტოპიური იმედების ამარაა დარჩენილი, მაგრამ მთავარი გმირი, პოლკოვნიკი, ვერ თავისუფლდება წარსულისგან და ამ გზაზე წარმოიშობა უზარმაზარი უფსკრული, მაშინ, როცა უნდა წარმოიშობოდეს დიდი ერთობა, რომელიც შვილის სიკვდილს უნდა ჩამოეყალიბებინა. „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ არაერთ სიუჟეტურ ხაზს შეიცავს, მაგრამ ერთ-ერთი ცენტრალური მაინც მოლოდინის ცნების განსაზღვრაა. ბესიკ ხარანაული წიგნში „უძებნი შვილი“ წერს: “როგორც მოლოდინი სჯობს მოსვლას, შენც ნატვრა გერჩიოს ნახვას…“ ვერ ვიტყვით, რომ გაბრიელ გარსია მარკესის გმირს მოლოდინი ცალსახად ურჩევნია მოსვლას, მაგრამ, ეჭვგარეშეა, რომ სწორედ ამ მრავალწლიანი მოლოდინით ახერხებს პოლკოვნიკი შეინარჩუნოს მომავლის რწმენა, რაც უნდა ძვირად უჯდებოდეს ის.
გაბრიელ გარსია მარკესის როლი მსოფლიოს ლიტერატურის ისტორიაში განუზომელია. კოლუმბიელი კლასიკოსი მკითხველისთვის არაერთი შედევრითაა ცნობილი, იქნება ეს „მარტოობის 100 წელიწადი“, „პატრიარქის შემოდგომა“, „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“, „იცხოვრო, რომ მოჰყვე“ თუ სხვა. გარდა რომანებისა, მარკესის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს იმ უაღრესად მაღალმხატვრული ოსტატობით შექმნილ რეპორტაჟებსა და ჟურნალისტურ გამოძიებებს, რომლებსაც იგი გაზეთებში მუშაობის დროს აქვეყნებდა. XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი 1927 წლის 6 მარტს დაიბადა. 1982 წელს მან ნობელის პრემია მიიღო და კოლუმბია ლიტერატურულ რუკაზე გააჩინა.
ნაწარმოების კითხვისას მკითხველს ნელ-ნელა უჩნდება შეკითხვები. თითქოს მთავარი გმირის პოვნა მარკესის ამ მოთხრობაში რთული სულაც არაა, მაგრამ საინტერესოა, რომ მწერალი ცოლ-ქმარს ერთ მთლიანობად განიხილავს და წარმოგვიდგენს პროცესს, რომელიც ასახავს, თუ როგორ გაჩნდა მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ძალიან ღრმა უფსკრული. შვილის სიკვდილისაგან გაჩენილი ტკივილი, მატერიალური პრობლემები და პოლკოვნიკის დაუფასებლობა, ერთი მხრივ, საერთო პრობლემის ქვეშ აქცევს პოლკოვნიკსა და მის მეუღლეს, მაგრამ, მეორე მხრივ, ხელს უშლის რეალობის სწორად აღქმასა და პრობლემების პრაგმატული გზებით გადაჭრაში.
პირველი ინფორმაცია, რომელსაც უშუალოდ პოლკოვნიკზე ვიგებთ ისაა, რომ ორმოცდათექვსმეტი წლის წინ ის სამოქალაქო ომში იბრძოდა და ომის დასრულების შემდეგ ლოდინის მეტს არაფერს აკეთებს. მის ცოლს ასთმა აქვს, პოლკოვნიკის ჯანმრთელობაც შერყეულია, მაგრამ, მიუხედავად მთელი რიგი ნეგატიური გარემოებებისა, პოლკოვნიკი არ კარგავს ადამიანურ სახეს, მასში მზრუნველობის, მოთმინებისა და ოპტიმიზმის ძალა არასოდეს განელებულა, თუნდაც ეს ცრუ მოლოდინებზე იყოს აგებული. მწერალი ნაწარმოებში მკითხველს ძალიან მძაფრი ფონის შექმნით ითრევს: „ქალაქში მიცვალებულია“, ოქტომბერია, რომელიც ძალიან მძიმე გადასატანი თვეა და მხოლოდ ნებისყოფით შეიძლება მასთან გამკლავება, – პოლკოვნიკის ტრაგედია ისაა, რომ შემოდგომაზე მას ავიწყდება მომავალი ზამთრის საფრთხე და მხოლოდ და მხოლოდ აწმყოზე დაყრდნობით განაგრძობს ცხოვრებას. პოლკოვნიკის პერსონაჟი არის ერთგვარი გამოცანა, რომელზე ფიქრის დროსაც უნდა დავადგინოთ, აწმყოთი ცხოვრობს ის თუ მომავლით, თუ სულაც ორივეა მასში გაერთიანებული? მოთხრობაში გვხვდება მთელი რიგი ეპიზოდები, რომლებიც სამივე ზემოთ თქმულ მოსაზრებას გვიდასტურებს, მაგრამ, ალბათ, პოლკოვნიკის პერსონაჟის გენიალურობას მასში არეული აწმყო, როგორც ბორკილი, და მომავალი, როგორც იმედი, განაპირობებენ. ახალგაზრდა, რომლის გარდაცვალებითაც მოთხრობა იწყება, პირველია, ვინც თავისი სიკვდილით გარდაიცვალა, სამძიმარზე კი პოლკოვნიკი გუბეზე ხტუნვა-ხტუნვით მიდის, რაც მისი, როგორც პერსონაჟის მიმართ სევდას აჩენს – პოლკოვნიკი სოფლის საერთო კონტექსტიდან ამოგლეჯილია, მას სარკეც არ აქვს, ამიტომ პირის გაპარსვას ძალიან რთულად ახერხებს, საკუთარ თავზე დაკვირვებაც არ შეუძლია, მაგრამ მასში არის რაღაც, რაც იმარჯვებს ამ უმძიმეს მორალურ-მატერიალურ პრობლემებზე და აცოცხლებს მას – სიამაყე და რწმენა. გარსია მარკესი პოლკოვნიკისა და მისი მეუღლის ოჯახურ ტრაგედიას ახლად დაღუპული ახალგაზრდის დაკრძალვის სცენის აღწერით ამძაფრებს და პოლკოვნიკს სინამდვილესთან აბრუნებს. მოულოდნელად ნაწარმოებში მამალი ჩნდება…
საწოლის ფეხზე მიბმული, მოჩხუბარი მამალი ნაწარმოების ცენტრალური ნაწილია. ვაჟიშვილის დაღუპვის შემდეგ პოლკოვნიკი იტოვებს მამალს, რადგან სჯერა, რომ ის ყველა სხვა მამალს მოერევა და მის სიღარიბეს ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს, მაგრამ პირველივე გვერდებიდანვე ცხადი ხდება ისიც, რომ მთავარი გმირის ეს ხედვა ყველასათვის მოსაწონი სულაც არაა. მარკესი ჩქარ-ჩქარა აცნობს მკითხველს პერსონაჟის ახალ-ახალ პრობლემებს: არ მოდის პენსია, არ მოდის წერილი. ყოველი პარასკევი ახალი იმედია პოლკოვნიკისთვის, ის უტეხად მიდის ფოსტის კატერის დასახვედრად, რომ ეგებ მეათასედ მაინც გაუმართლოს, მაგრამ იქ მისულს მუდამ ერთი პასუხი ხვდება: „პოლკოვნიკისთვის არაფერი არ არის.“ პოლკოვნიკის განცდები და დამოკიდებულებები სიცრუიდან სინამდვილეში ქაოსურად მოძრაობენ. პოლკოვნიკმა შესანიშნავად იცის, რომ არანაირი წერილი არ დახვდება, რაც ადასტურებს, რომ მას რეალობის აღქმა ჯერ კიდევ არ დაუკარგავს, მაგრამ, პარალელურად, მასში იმედი და ჟინი არასოდეს მომკვდარა – ამიტომაცაა, რომ ყოველ პარასკევს ნატკენ გულს თავის მოტყუებით ირჩენს: „მე არაფერს ველი…“ უზარმაზარი ისტორიის, ომგამოვლილი კაცი იქცა მარტოხელა არსებად, რომელსაც წერილის დალოდების მეტი არაფერი ევალება, ამის პარალელურად კი ცოლთან უჩნდება უზარმაზარი უფსკრული, რომელიც ყოველდღე ღრმავდება, რომელთან კამათის დროსაც, თითქოს პრაგმატულობა და ემოცია ეჯახებიან ერთმანეთს. ცოლი ხვდება, რომ მამლის შენახვა და ისედაც ძალიან მცირე ქონების ნახევრის ამაში დახარჯვა აბსურდია, მაგრამ მეორე მხარესაა ემოცია, მამალი, რომელიც მას წარსულში აბრუნებს, მაგრამ ამავდროულად, უნათებს მომავლის გზებსაც. პოლკოვნიკი წარსულის ტყვეობაშია – მამლის გაყიდვა მისთვის გარდაცვლილ შვილთან და საკუთარ თავთან განშორებას ნიშნავს. ეს წარსულის ბორკილები პოლკოვნიკს იმედს აძლევს და უმტკიცებს, რომ, მართლაც, აქვს მოლოდინს აზრი. მას სამოქალაქო ომი აქვს გამოვლილი, დამარცხება იგემა და გამარჯვების ჟინითაა შეპყრობილი, სწორედ ამიტომ, ძალიან უნდა, რომ თავისმა მამალმა გააკეთოს ის, რაც წლების წინ თვითონ ვერ შეძლო, – გაიმარჯვოს და შეძლოს გამოასწოროს მისი მატერიალური მდგომარეობა. მარკესი ძალიან ღრმა ადამიანურ შრეებში შედის – პოლკოვნიკს სჯერა, რომ ეკუთვნის ჯილდო და, თუკი სახელმწიფო არ დაუფასებს მას არაფერს, იქნებ მისივე გაზრდილი მამალი იყოს პოლკოვნიკისთვის კეთილდღეობის მომტანი. მასში ერთმანეთს პესიმიზმი და ოპტიმიზმი, რაციონალური და ემოციური საწყისები ებრძვიან, მაგრამ პოლკოვნიკისთვის ეს უბრალოდ მამალი კი არა, უმნიშვნელოვანესი წარსულისა და ამ წარსულით ნათელი მომავლის დაბადების სიმბოლოა. ამ გზაზე პოლკოვნიკი უამრავ სირთულეს წააწყდება, გაიხსენებს, რომ ყველა მისი მეგობარი ამ ჯილდოს მოლოდინს შეეწირა, შეიგრძნობს მარტოობას მთელი თავისი სიცხადითა და ტრაგიზმით, მაგრამ მაინც არ დანებდება.
გაბრიელ გარსია მარკესი მთელი მოთხრობის განმავლობაში ადამიანურ გამოწვევებსა და ტრაგედიებზე გვიამბობს, მაგრამ არასოდეს ავიწყდება აქცენტის გადატანა პოლკოვნიკის თვისობრივ დახასიათებაზე. ვეტერანი ძალიან პატიოსანი კაცია. მისი მთავარი ამოცანაა, რომ უსამართლოდ არავის არ მოექცეს და შეძლოს, ზოგჯერ მაინც, პოზიტიური განწყობა დაუპირისპიროს ძალიან სევდიან და ტრაგიკულ ამბებს. ვინც დიდხანს იცდის, ცოტასაც მოითმენსო – ამ შინაარსის ფრაზას ამბობს პოლკოვნიკი და მკითხველი ბევრ სხვადასხვა ავტორთან გადაჰყავს. ეს მიდგომა ხომ ბეკეტის გმირებსაც გამოადგებოდათ გოდოს ლოდინისას, მსგავსი აზრი ხომ ბესიკ ხარანაულისგანაც მოვიშველიეთ…
ისევ წარსულს უნდა დავუბრუნდეთ: „ვეუბნებოდით პოლკოვნიკ აურელიანო ბუენდიას, არ დანებებულიყო.“ ნაცნობი სახელი და გვარია, მასზე ძალიან ბევრი გვსმენია, მაკონდო გაგვახსენდება, იქ ახლაც წვიმაა… მარკესის გმირები დადიან მოთხრობიდან მოთხრობაში და არასოდეს ავიწყებენ მკითხველს თავს… წარსულის ტყვეობაში ჩავარდნილი პოლკოვნიკი ზამთრის წინაშე დგება და კვლავ უტეხად არწმუნებს საკუთარ თავს, რომ ეს ყველაფერი, მისი ჯანმრთელობის გაუარესებაც, – ზამთრის ბრალია. ზამთარმა უფსკრული გააღრმავა, უფრო გააბუნდოვანა, როგორ უნდა გაძლოს ასთმიანმა, მამლის გასაყიდად მომართულმა ცოლმა წარსულის საკანში გამომწყვდეულ, ამაყ და შეუვალ მეუღლესთან, მითუმეტეს მაშინ, როცა მხოლოდ თვალებიღა დარჩათ ერთნაირი ფერისა, მათ შორის უზარმაზარი ხრამია გაჩენილი, მხოლოდ მრავალწლიანი თანაცხოვრებისა და ერთმანეთთან შეჩვევის ასპექტი იბრძვის ამ უფსკრულის ამოსავსებად. პოლკოვნიკს აძალებენ, გაყიდოს ნივთები, მას ეს ძალიან არ უნდა, მაგრამ მამლის გაყიდვა ურჩევნია. ერთ-ერთ ეპიზოდში ვერ ამხელს მეზობელთან, რომ საათი გასაყიდად მიაქვს და ხელოსანს უნდა გავაკეთებინოო, – ცრუობს.
მამალი 900 პესოდ გაიყიდება – ამდენი ფული პოლკოვნიკს არასოდეს უნახავს, მაგრამ თუ გაყიდის, მაშინ გამარჯვებას ვეღარ შეიგრძნობს, თავის გარდაცვლილ შვილს მოექცევა უდიერად, თავის წარსულსა და პრინციპებს შეურაცხყოფს… ამ ნაწარმოებში არ არის ხალისი, აქ მხოლოდ ორი ხუმრობაა, ორივე ნაძალადევი, ორივე უფრო სევდისმომგვრელი, ორივე ნაღვლიანი. აქ ისმის ცოლის უწყვეტი მითითება, რომელიც აბსოლუტურად გასაგებია, გაყიდოს მამალი, რათა დააღწიონ თავი ამ სიღარიბეს. სიღარიბე კი ძალიან დუხჭირია, მეზობლებისათვის სამარცხვინოდ მიუღებელიც კი – ამიტომაა, რომ ხშირად პოლკოვნიკის მეუღლე ცარიელ ქვაბს დგამს ცეცხლზე სტუმრების დასანახად, რათა შექმნას ილუზია, რომ სახლში საჭმელი მუდამ არის… მარკესი გვიამბობს, თუ როგორ ანადგურებს ოჯახს მატერიალური პრობლემები, რომლებიც ნაწარმოების ბოლოს მორალურ თავსატეხებად გადაიქცა. ამ ნაწარმოებს სწორედ სიღარიბე გასდევს რეფრენად, სიღარიბე, რომლის ყველაზე ცუდ თვისებად პოლკოვნიკს ტყუილების დაბადება ესახება, ის ცდილობს, არასოდეს უღალატოს თავის პრინციპებს, მაგრამ პარალელურად მატყუარად ყალიბდება, ის ცრუობს მაშინ, როცა იგონებს მიზეზს, თუ რატომ არ გაყიდა მამალი, რატომ არ გაყიდა ესა თუ ის ნივთი და ასე შემდეგ…
პოლკოვნიკის ცხოვრება ობობას ქსელში გახვეული ადამიანის ცხოვრების მსგავსია, – ის მსგავს სურათს სიზმრებშიც ხედავს. მას შემდეგ, რაც ნეერლანდია დათმეს, აღარ მოუსვენია. იმწამიდან დაიბადა მასში უზარმაზარი ტკივილი, რომელიც არასოდეს განელებულა. ნაწარმოების მეორე ნახევარში პერსონაჟებს საუბრის მანერაც ეცვლებათ. მაგალითად, პოლკოვნიკის საუბარში ცინიზმი და ბრაზი იმატებს და ასე ხდება სხვა პერსონაჟთა შემთხვევაშიც, მაგალითად, ექიმი ძალიან სარკასტულია, როცა დიაბეტის დამარცხების მეთოდად პაციენტს სიღარიბეს სთავაზობს, პოლკოვნიკზე კი ვიცოდით, რომ ის ძალიან ამაყია, რომ „ქუდს არ ატარებს, რათა ვინმეს არ მოუხადოს,“ მაგრამ მეუღლესთან საუბრებმა მკვეთრად იკლო და გაღიზიანებამ იმატა. მასში მოცემულობის მიღების უნარი გამომუშავდა. რაც არ არის, არ არის და პოლკოვნიკისთვის ეს უკვე პრობლემა აღარაა, რადგან დაიღალა მოლოდინით, წარსულითა და სამომავლო იმედებით.
რაც უფრო უახლოვდება მარკესი დასასრულს, მით უფრო ამძიმებს სიუჟეტს. პოლკოვნიკი ძალიან ცხადად დაინახავს შვილის მკვლელს და უმძაფრეს ემოციებს ეჯახება, ამას ემატება გულისმომკვლელი სცენა, როცა ის ფანჯრიდან უყურებს თოვას და ამბობს, ისეთი ამინდია ფოტოს გადაღება მოგინდებაო. პოლკოვნიკი ხვდება, რომ მის სახლში არაფერი აღარ დარჩა, ტრაგიკული მოვლენა, რომელიც ცოლ-ქმრის გამაერთიანებელი უნდა ყოფილიყო, უკიდურესმა მატერიალურმა სიღარიბემ, თითქოს, გვერდით ჩააჩოჩა და უფსკრული გააჩინა. პოლკოვნიკი ხვდება, რომ ცოლთან მისი დამაკავშირებელი მხოლოდ ერთნაირი თვალის ფერიღაა, რომ მხოლოდ ფოტო შეიძლება იყოს რაღაცის მაცოცხლებელი… ნაწარმოების ბოლოს კიდევ ერთ, უწერილოდ განვლილ პარასკევს, პოლკოვნიკს წარსული ახსენდება, შვილი, ცოლი, რომელმაც მოატყუა, იმ ბიჭის დედას უნდა მივუსამძიმროო, მაგრამ სულ სხვა საქმეზე წავიდა სახლიდან… დაბრუნდა, მაგრამ დაბრუნდა ხელმოცარული… მაგრამ ახსენდება წარსული, ის, რაც ყველაზე მძაფრადაა მასში.
გამარჯვებას მონატრებული, ამაყი კაცისთვის მეუღლესთან ურთიერთობა შეუძლებელი ხდება, რადგან მათი დიალოგები მხოლოდ პრეტენზიებზეღა დგას, პარალელურად მკითხველს კლავს ინტერესი, რა ბედი ეწია მამალს… ფიქრობს იმაზე, თუ როგორ იქცევა მატერიალური გასაჭირი თვისობრივ, პიროვნულ ტრაგედიად, როგორ გააჩენს უფსკრულებს, გააღრმავებს მათ და გამოაცლის ოჯახს სიმტკიცეს… ნაწარმოების ბოლოს მოლოდინი იმარჯვებს, პოლკოვნიკი დაუცდის, რას იზამს მამალი, მეუღლეს მოთმინება არ ეყოფა და დასვამს საბედისწერო შეკითხვას: „რა ვჭამოთ მთელი ეს დრო?“ – პასუხი კი სამოცდათხუთმეტი წელი მზადდებოდა, პოლკოვნიკი, გეგონება, უძლეველი გახდაო, უპასუხებს: „მძღნერი“. ამ დიალოგით მარკესი ქმნის ლეგენდარულ დასასრულს, ლეგენდარულ ისტორიას ოჯახურ, პიროვნულ ტრაგედიაზე, წარსულის ბორკილებსა და მომავლის განცდაზე, მოლოდინზე, რომელიც ვისთვის უმჯობესი იქნება, ვისთვის კი სიცოცხლის მომსპობად და გამამწარებლად იქცევა… პოლკოვნიკი იდეალებს, პრინციპებს, სიამაყეს ვერ მოერია და დალოდება გადაწყვიტა, ეს, ალბათ, მისი ბოლო შანსია შეიგრძნოს გამარჯვება და სიცოცხლის ბოლო წლებში განიცადოს ის, რასაც მთელი ცხოვრება ელოდებოდა. მისი პასუხიც ამიტომ იყო ასეთი ხისტი, ასეთი თავისუფალი და გულწრფელი…
ქალაქი კვლავ დუმილს აგრძელებს… ცოლ-ქმარს შორის უფსკრული ღრმავდება და ერთადერთი შანსი მათი გადარჩენისა მამალია, რომელმაც უთუოდ უნდა გაიმარჯვოს, სხვა გზა არ არის!..