fbpx

გაზაფხულზე საკითხავი – რას ველოდოთ და უკვე რის კითხვას შევუდგეთ?


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მათე წიკლაური

გაზაფხული ადამიანებისთვის ზამთრის ცივი, სუსხიანი და დამქანცველი დღეებისგან გათავისუფლების სეზონია. ასეთმა დიდებულმა წელიწადის დრომ კი კარგი წიგნების წაკითხვის გარეშე არ უნდა ჩაიაროს, მითუმეტეს მაშინ, როცა ქართულმა გამომცემლობებმა მკითხველს არაერთი ბრწყინვალე საჩუქარი შესთავაზეს.  სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, შემოგთავაზოთ ის რამდენიმე ნაწარმოები, რომლებიც სულ მალე გამოვა და თქვენს გაზაფხულს კიდევ უფრო საინტერესოსა და მშვენიერს გახდის. 

 

„გზავნილი უკრაინიდან“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

წიგნი თანამედროვე თავისუფალი სამყაროს მთავარი მცველის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გადმოცემული უკრაინის ისტორიის შესახებაა. პრეზიდენტმა თავად შეარჩია თექვსმეტი გამოსვლა, რათა გადმოეცა გმირი უკრაინელი ხალხის ამბავი. პრეზიდენტის შესანიშნავ გამოსვლებთან ერთად წიგნში დაგხვდებათ ბრწყინვალე წინასიტყვაობა. 

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი 2019 წლიდანაა, 2022 წლის თებერვლიდან კი რუსეთის აგრესიისა და შემოსევისგან იცავს უკრაინას. 

გამომცემლობა „ინტელექტმა“ ქართველ მკითხველს ბრწყინვალე საჩუქარი შესთავაზა და გამოსცა გვანცა ჯობავას შესანიშნავი თარგმანი, რომელიც მან ინგლისური ენიდან შეასრულა.

 

„ალეფი“ – ხორხე ლუის ბორხესი

სულაკაურის გამომცემლობა“ არ ღალატობს ტრადიციას და ქართველ მკითხველს ხორხე ლუის ბორხესის შემოქმედებას უფრო და უფრო დეტალურად აცნობს. სულ ცოტა ხნის წინ სწორედ  ბორხესის მოთხრობათა ისეთი შესანიშნავი კრებულები გამოსცა, როგორებიცაა „ფიქციები“ და „ქვიშის წიგნი“. მალე  კი, „ლიტოდისეას“ სერიის ფარგლებში,  შევძლებთ გავეცნოთ, არგენტინელი კლასიკოსის მორიგ შედევრს – „ალეფი“. 

როგორც თავად ბორხესი ამბობდა, კრებულში გაერთიანებული მოთხრობები ფენტეზის ჟანრს განეკუთვნება. ბორხესის მკითხველმა კარგად იცის, რომ მწერალს ძალიან უყვარს ლიტერატურული ფაზლებისა და გამოცანების, დეტექტიური მაგიის საბურველში გახვეული მოკლე, სულ რამდენიმეგვერდიანი მოთხრობების წერა, „ალეფი“ კი გამონაკლისი სულაც არაა. კრებულში შემავალ მოთხრობებში თქვენ შეხვდებით მღვდლებს, მოუნანიებელ ნაცისტებს, ფანატ თეოლოგებსა და სხვა გასაოცარ პერსონაჟებს, რომლებიც თქვენზე უეჭველად საოცარ შთაბეჭდილებას  მოახდენენ. 

კრებული ქართულ ენაზე შესანიშნავად თარგმნა დოდო ყვავილაშვილმა და ქართველი მკითხველი ბორხესის მაგიურ სამყაროსთან კიდევ უფრო დააახლოვა.

 

ანდრეი პლატონოვი – რჩეული მოთხრობები  და რომანი „ჩევენგური“

ქართულ საგამომცემლო სპექტრში ლიტერატურულ სიახლეებზე საუბარი ანდრეი პლატონოვის ნაწარმოებთა გარეშე წარმოუდგენელია. „სულაკაურის გამომცემლობა“  რუსი მწერლის ცნობილ რომანს  – „ჩევენგურს“, – გამოსცემს. ნაწარმოების  სიუჟეტი მოგვითხრობს ბოლშევიკების სურვილზე – დაამყარონ კომუნიზმი.  რომანის გმირები ბურჟუების ჟლეტას იწყებენ და მხოლოდ პროლეტარებს არ ეხებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ადამიანმა არ უნდა იშრომოს. ნაწარმოების მთავარი ინტრიგა კი სწორედ ისაა, შეძლებენ თუ არა პლატონოვის გმირები ამ მიზნის მიღწევას…

გარდა რომან „ჩევენგურისა“, „სულაკაურის გამომცემლობა“ უახლოეს ხანებში ანდრეი პლატონოვის მეორე წიგნსაც გამოსცემს.   წიგნი მოთხრობებს აერთიანებს, მათ შორის ისეთ პოპულარულ ნამუშევარსაც, როგორიცაა „ქვაბული“. მოთხრობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მაღალმხატვრულ ოსტატობას ემატება ავტორის წინასწარმეტყველებაც საბჭოთა კავშირის დაშლის თაობაზე.  

განსხვავებული ხედვისა და მსგავსი სტილის სიუჟეტთა გამო, პლატონოვის ნაწარმოებები რუსეთში მწერლის გარდაცვალებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ გამოქვეყნდა და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც პლატონოვმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა. 

გივი კიკილაშვილის თარგმანის საშუალებით ქართველ მკითხველს დიდი კლასიკოსის ნაწარმოებთა წაკითხვის საშუალება ეძლევა.

 

ერვე ლე ტელიე „ანომალია“

მათ ვისაც ისეთი ნაწარმოებები იტაცებთ, რომლებიც არაერთ ჟანრს აერთიანებს, ფრანგი მწერლის ეს წიგნი  არ უნდა გამორჩეს. ერვე ლე ტელიე არაერთი პროზაული და პოეტური ტექსტის ავტორია, მაგრამ მისი შემოქმედების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად „ანომალია“ მიიჩნევა – 2020 წელს მწერალს გონკურის პრემია მიენიჭა.

პარიზი-ნიუ-იორკის რეისი, დაქირავებული მკვლელი, ნიგერიელი პოპვარსკვლავი, ადვოკატი, მოკრძალებული მწერალი… ეს იმ პერსონაჟთა არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ნაწარმოებში ვხვდებით. ერვე ლე ტელიემ შეძლო და „ანომალიაში“ სამეცნიერო ფანტასტიკის, რომანტიკული ჟანრისა და ტრილერისთვის დამახასიათებელი ელემენტები გააერთიანა. 

გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ გამოცემული „ანომალია“ პაატა ჯავახიშვილმა თარგმნა. დარწმუნებული ვარ, რომ ის მისტიკა და დაძაბული განწყობა, რომელიც ნაწარმოებს თან სდევს, მკითხველს მოწყენის საშუალებას არ მისცემს და დაუვიწყარ სიუჟეტში ამოგზაურებს მას.

 

ერნსტ გომბრიხი – „მსოფლიოს მოკლე ისტორია“

„ხელოვნების ამბავი“  – ამ ძალიან საინტერესო წიგნით გაიცნო ქართველმა მკითხველმა ავსტრიელი ხელოვნების ისტორიკოსი – ერნსტ გომბრიხი. 1935 წელს გამოცემული, არაერთგზის გადამუშავებული „მსოფლიოს მოკლე ისტორია“ „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა. 

წიგნი ორმოც თავს მოიცავს და კაცობრიობის ისტორიის შესახებ გვიამბობს – ქვის ხანიდან ატომური იარაღის შექმნამდე. გომბრიხის გამორჩეულობა მის განსაკუთრებულ თხრობის მანერაშია. ერნსტი არასდროს სთავაზობს მკითხველს მშრალ, მხატვრულობისგან დაცლილ ისტორიებს, პირიქით – მისი ნამუშევრები ყოველთვის მაღალმხატვრული ოსტატობითაა დაწერილი და კითხვის პროცესს ძალიან სასიამოვნოს ხდის. 

ამდენად, ვფიქრობ, ნანა გოგოლაშვილის მიერ შესანიშნავად შესრულებული ეს თარგმანი არ უნდა გამოგვრჩეს და, ვცადოთ, ერნსტ გომბრიხის დახმარებით გავარკვიოთ, რა გზა გაიარა კაცობრიობამ უძველესი დროიდან დღემდე.

 

“მედეა“ –  ლევან ბერძენიშვილის ახალი თარგმანები

მსოფლიო ლიტერატურის უკვდავ პერსონაჟთაგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაინც, ალბათ, მედეაა. მასზე ანტიკური ხანიდან მოყოლებული ძალიან ბევრი ნაწარმოები და არაერთი განსხვავებული ინტერპრეტაცია შეიქმნა, – გამომცემლობა „ინტელექტმა“ ქართველ მკითხველს უდიდესი საჩუქარი მიუძღვნა. 

მოგეხსენებათ, მედეას პერსონაჟის მნიშვნელობას არაერთი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული მისი პოლარიზებული ხასიათია, როგორც შვილთა მკვლელისა და როგორც შვილების მოყვარულის. 

მედეას პერსონაჟის და მისი როლის მსოფლიო ლიტერატურაში განსასაზღვრად ლევან ბერძენიშვილმა შესანიშნავი წიგნი შეადგინა. მან თარგმნა ყველა ის ტექსტი, რომელიც კოლხ ასულს მიეძღვნა. წიგნში თავმოყრილია ჰომეროსის, ჰესიოდოსის, პინდაროსის, ევრიპიდეს, ჰეროდოტოსის, პიერ კორნელის, პუბლიუს ოვიდიუს ნასოს, ლუკიუს ანეუს სენეკას, ნეოფრონისა და ჟან ანუის ნაწარმოებები. 

წიგნში შესული ნაწარმოებები ლევან ბერძენიშვილმა ძველი ბერძნული, ლათინური და ფრანგული ენებიდან თარგმნა. მთარგმნელმა არ უღალატა ტრადიციას და წიგნს დაურთო ისეთი ამომწურავი კომენტარები და განმარტებები, რომლებთან ერთად პიესების კითხვა უფრო მარტივი და გასაგები ხდება. 

 

არ გამოგრჩეთ ეს წიგნები, მოიწყვეთ დაუვიწყარი გაზაფხულის დღეები დაუვიწყარ პერსონაჟებთან ერთად…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.