fbpx

წინ სკუდეტო და მეოთხედფინალია!


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ალბათ გაგვიჭირდება მსოფლიო საფეხბურთო ისტორიაში „პარი სენ-ჟერმენის“ მსგავსი კლუბის პოვნა, რადგან იმდენად მრავალფეროვანია მისი ვარსკვლავური შემადგენლობა, რამდენადაც ერთფეროვანი ჩემპიონთა ლიგის ტურნირიდან ყოველწლიური გამოვარდნის სცენარი.

გამონაკლისია 2019-2020 წლების სეზონი. მაშინ პარიზელებმა ფინალამდე მიაღწიეს და მიუნხენის „ბაიერნთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. 

„რეკორდმაისტერთან“ ასეთივე ანგარიშით მათ წლევანდელი გათამაშების მერვედფინალური მატჩიც წააგეს და ამიტომ საპასუხო შეხვედრაში ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ რევანშისთვის, მაგრამ ეს ასე რომ არ იქნებოდა, მთლიანმა მატჩმა დაგვანახვა.

პირველ ტაიმში იყო ეპიზოდი, როდესაც „ბაიერნის“ ცენტრალურმა მცველმა მატიას დე ლიხტმა თავგანწირულ ნახტომში ცარიელი კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი და მასპინძლები აშკარა გოლს გადაარჩინა, მაგრამ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა „პარი სენ-ჟერმენის“ დაწინაურებას?

სავარაუდოდ, „რეკორდმაისტერის“ ნაადრევი განრისხება და აქედან გამომდინარე, საფრანგეთის ჩემპიონის არა  2:0-ით, არამედ უფრო დიდი სხვაობით მარცხიც კი, იმდენად უუნარონი ჩანდნენ მესი, მბაპე, რამოსი და მათი თანაგუნდელები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ ადგილზე ნებისმიერი თავმოყვარე კლუბი თამაშში გარდატეხის შეტანას და თუნდაც პრესტიჟის გოლის გატანას თავს შეაკლავდა.

აი ასე უშინაარსოდ მოხდა წლევანდელ სეზონში ლიონელ მესისთან დამშვიდობება ფეხბურთის რიგითი გულშემატკივრებისთვის, რომლებიც აწი მის ღირებულ თამაშს არგენტინის ნაკრებში თუ ელიან, თორემ კიდევ ერთი სეზონი „პარი სენ-ჟერმენში“ უპირველეს ყოვლისა თვით არგენტინელმა უნდა გამორიცხოს. „ბარსელონას“ კი მესისთვის ამჟამად თავსმოხვეული პრობლემებიდან გამომდინარე, არ სცალია.

ამასობაში „ბაიერნი“ 2019-2020 წლების სეზონის მსგავსად განაგრძობს ასპარეზობას  და  ტურნირზე საბოლოოდ ყველა მატჩი მოიგო. ვინ შეაჩერებს წლეულს „რეკორდმაისტერს“? 

ჯერჯერობით გამოვლენილი მეოთხედფინალისტებიდან ამის უნარი ყველაზე მეტად ალბათ ისევ „ჩელსის“ შესწევს, რომელმაც დიდი ძალისხმევა გასწია „დორტმუნდზე“ რევანშისთვის და პრემიერლიგაში გამორჩეულად სუსტი ასპარეზობის ფონზე, ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე მეოთხედფინალში გასვლით მაინც გაახარა საკუთარი გულშემატკივრები.

აი მეორე ინგლისური კლუბი „ტოტენჰემი“ კი საუკეთესო გოლეადორ ჰარი კეინის თავგანწირული თამაშის მიუხედავად, ვერაფერს გახდა „მილანთან“ დაპირისპირებაში და „პარი სენ-ჟერმენის“ მსგავსად, მერვედფინალიდან მეტოქის კარში გატანილი გოლის გარეშე გამოვარდა.

მეოთხედფინალის საგზური ყველაზე იოლად „ბენფიკამ“ მოიპოვა, რომელმაც ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 7:1 გაანადგურა „ბრიუგე“. 

ასეთი შედეგი კი უფრო პორტუგალიის ჩემპიონის სიძლიერეზე მეტყველებს, ვიდრე მეტოქის სისუსტეზე. გავიხსენოთ, რომ „ბრიუგემ“ შესანიშნავად იასპარეზა ჯგუფურ ეტაპზე, სადაც თვით მადრიდის „ატლეტიკო“ ჩატოვა და გასვლაზე ანგარიშით 4:0 გაანადგურა „პორტო“.

„ბაიერნის“ პოტენციურ მეტოქეთა შორის „ნაპოლიცაა“, რომელიც, სავარაუდოდ, ამ კვირაში  გაიფორმებს მეოთხედფინალის საგზურს.

„აინტრახტთან“ განმეორებითი მატჩის წინ კი ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი შინ ბერგამოს „ატალანტას“ დაუპირისპირდა. 

გულშემატკივრებს კარგად ახსოვდათ პირველ წრეში „ნაპოლის“ მიერ შესანიშნავ სტილში მოგებული ზედიზედ ორი გასვლითი შეხვედრა „ლაციოსთან“ და „ატალანტასთან“ და ამიტომ რომაელებთან წინა ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, განსაკუთრებულ  ინტერესს ავლენდნენ ბერგამოელებთან მატჩის მიმართ. 

„ნაპოლის“ წინა დღით შესანიშნავი საჩუქარი უძღვნა  მილანის „ინტერმა“, რომელმაც სამი ქულის მოპოვების დიდი სურვილის მიუხედავად, თავის ისტორიაში პირველი მარცხი იწვნია „სპეციასთან“ შეხვედრაში.

„ნერაძური“ განუწყვეტლივ უტევდა, მაგრამ ძირითადად სპონტანურად და გაუაზრებლად, რისი გამოძახილიც ლაუტარო მარტინესის მიერ მატჩის დებიუტშივე გამოუყენებელი პენალტი იყო.

როგორც ჩანს, „ინტერის“ ფეხბურთელები იმდენად უფრთხიან ჩემპიონთა ლიგის კარსმომდგარ დაპირისპირებას „პორტოსთან“, რომ იტალიის სერია A-ს მე-17 ადგილზე მყოფ  გუნდთან თამაშისთვის სათანადოდ მომზადების ნებისყოფა  არ აღმოაჩნდათ. 

ასე დაემართა „ლივერპულსაც“, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ანგარიშით 7:0 განადგურების შემდეგ, გასვლაზე პრემიერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ „ბორნმუთთან“ დამარცხდა. მერსისაიდელთა შემადგენლობაში თერთმეტმეტრიანი, ლაუტაროს მსგავსად, სალაჰმა ვერ გამოიყენა. 

საინტერესოა, რომ „ლივერპულს“ აქამდე ზედიზედ შვიდი მატჩი ჰქონდა მოგებული „ბორნმუთთან“. მათ შორის უკანასკნელი ანგარიშით 9:0. 

ნუთუ იურგენ კლოპის გუნდი „რეალის“ ოთხბურთიანი სხვაობით დამარცხებას აპირებს საპასუხო შეხვედრაში? 

რა თქმა უნდა, გვახსენდება „ლივერპულის“ ანალოგიური რევანში მესის პერიოდის „ბარსელონასთან“, მაგრამ ის მატჩი მან ხომ შინ, „ენფილდზე“ მოიგო. 

აი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ამის გაკეთება კი, ერთი მხრივ, თითქოს ფანტასტიკის სფეროდანაა, მაგრამ, მეორე მხრივ, „ნაპოლისთან“ „აინტრახტის“ რევანშთან შედარებით, რეალური…

ხვიჩა კვარაცხელია „ატალანტასთან“ შეხვედრაში მოედანზე იტალიის სერია A-ს თებერვლის  საუკეთესო მოთამაშის სტატუსით გამოვიდა. 

გარდა ამისა, ახალგაზრდა ფეხბურთელს ზურგს უმაგრებდა ევროპული მომავლისკენ მიმართული ქართული პროგრესული აზრის მხარდამჭერი განცხადება, რომელსაც თავის მხრივ მხარი მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ და ჩავთვალოთ, რომ მთელმა ნეაპოლმა დაუჭირა!

„ატალანტასთან“ მატჩის 59-ე წუთზე კი ქართველმა ფეხბურთელმა ერთბაშად სამი მოწინააღმდეგე  გააბითურა მეტოქის საჯარიმო მოედანზე და საბოლოოდ, მეკარის ჩათვლით რვა ბერგამოელის გარემოცვაში, აუღებელი დარტყმით გახსნა ანგარიში!

ასეთი მახვილგონივრული გოლის აღმოჩენა არამცთუ სერია A-ს, არამედ ზოგადად, ევროპულ საფეხბურთო არქივებშიც გაჭირდება, რადგან ეს იყო ქართული გენეტიკით გამსჭვალული გოლი, რითაც აუცილებლად იამაყებდნენ ხვიჩა კვარაცხელიას დიდი საფეხბურთო წინაპრები. 

საბოლოოდ, „ნაპოლიმ“ ანგარიშით 2:0 მოიგო და „აინტრახტთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი შეხვედრის წინ ომახიანი განწყობა შეიქმნა. 

„ატალანტასთან“ მოგებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რადგან აწი „ნაპოლის“ თითოეული ფეხბურთელისთვის საბოლოოდ გაირკვა, რომ წინ „სკუდეტო“ და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალია!

„აინტრახტი“ კი, როგორც ჩანს, საკმაოდ დაბნეულია, რადგან შინ უღიმღამო ფრეს დასჯერდა გერმანიის ბუნდესლიგის გასავარდნ ზონაში მყოფ „შტუტგარტთან“ შეხვედრაში.

ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე დანარჩენმა გუნდებმა – „რეალმა“, „მანჩესტერ სიტიმ“, „ლაიპციგმა“ და „პორტომ“ კი „ნაპოლის“ მსგავსად, თავ-თავიანთი მატჩები მოიგეს. 

თუკი „ნაპოლი“ პრაქტიკულად უკვე იტალიის ჩემპიონია, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ესპანეთის ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.  

განვლილ ტურში „ვალენსია“ „ოსასუნას“ მასპინძლობდა და „სოსიედადთან“ წინა საშინაო შეხვედრის მსგავსად, ამჯერადაც სამი ქულის მოპოვება მისთვის უმნიშვნელოვანესი იქნებოდა. 

„ვალენსიამ“ მოახერხა ამ ამოცანის შესრულება და დააღწია კიდეც თავი გასავარდნ ზონას, მაგრამ ესპანეთის ლა ლიგის სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში ისეთი სიმჭიდროვეა, რომ წინასწარი ვარაუდით, მომავალ წელს დანამდვილებით მხოლოდ ბოლო ადგილზე მყოფ  „ელჩეს“ თუ ვიხილავთ მეორე დივიზიონში. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.