fbpx

ოსკარების 95-ე დაჯილდოება – 2023 წლის გამარჯვებულები


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

კინემატოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა – ოსკარების  95-ე  დაჯილდოება 13 მარტს Dolby-ს თეატრში ჩატარდა, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავები ტრადიციისამებრ გრანდიოზულ წითელ ხალიჩაზე კოვიდპანდემიის შემდეგ სრული შემადგენლობით წარდგნენ. ცერემონიას წამყვანის ამპლუაში კომიკოსი ჯიმი კიმელი დაუბრუნდა, რომელიც ოსკარს 2017 და 2018 წლებში წარმატებით გაუძღვა. გასული წლების მსგავსად, კინოაკადემიამ მთავარი აქცენტი წელსაც ინკლუზიაზე და პოლიტკორექტულობაზე გააკეთა.

საღამოს მთავარი ტრიუმფატორი  იყო დანიელ კვონის და დანიელ შაინერტის ფილმი, სახელწოდებით „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ (Everything Everywhere All at Once).  ფილმმა ექვს წამყვან ნომინაციაში გაიმარჯვა: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო მსახიობი ქალი;  ოსკარი კიდევ ერთი ისტორიული მოვლენის მოწმე გახდა – მიშელ იოუ  პირველი აზიელი ქალია, რომელსაც აღნიშნულ ნომინაციაში ოსკარი გადაეცა; საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში – ჯეიმი ლი კერტისი და კაცი – კე ჰიუ ქუანი, რომელმაც საკმაოდ ემოციურ სიტყვაში დედას მიმართა: „დედა, მე ოსკარი ავიღე!“ 

ფილმი ამერიკაში მცხოვრები ჩინელი ემიგრანტის შესახებ მოგვითხრობს. ის გიჟურ თავგადასავალში გაეხვევა და სამყაროს გადარჩენა მას სხვა სამყაროების შესწავლით და იმ ალტერნატიული ცხოვრების გზების დაკავშირებით შეუძლია, რომლებიც პერსონაჟს შეიძლებოდა გაევლო. „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ ისეთ თემებს აბალანსებს, როგორიც არის ინდივიდუალურობა, მემკვიდრეობა, თაობათა უფსკრული, ტრავმა, ნიჰილიზმი და სიყვარული. 

საუკეთესო მსახიობ კაცად ბრენდან ფრეისერი, დარენ არნოფსკის ფილმში, „ვეშაპი“ (The Whale) დასახელდა. ფილმი ჭარბწონიანი ინგლისურის მასწავლებლის შესახებ მოგვუთხრობს, რომელსაც ქალიშვილთან კავშირის აღდგენა სურს. აღნიშნულ ნომინაციაში გარდა ფრეისერისა, ერთ-ერთი აშკარა ფავორიტი ოსტინ ბატლერი იყო, რომელმაც ბაზ ლურმანის ბიოგრაფიულ ფილმში („ელვისი“) ელვის პრესლის როლი შეასრულა.

საუკეთესო ადაპტირებულ სცენარში გაიმარჯვა სარა მოლის ფილმმა – „ქალები საუბრობენ“ (Women Talking). ფილმი მირიამ ტეივზის 2018 წლის ამავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული, რომელიც იზოლირებულ რელიგიურ კოლონიაში ქალებზე სექსუალური ძალადობის  ისტორიას მოგვითხრობს. წიგნი რეალურ მოვლენებს Me Too და Time’s Up მოძრაობებთან პარალელით ეხმაურება.

რაც შეეხება საუკეთესო უცხოენოვან ფილმს, ოსკარი გადაეცა ედვარდ ბერგერის საომარ დრამას – „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ (All Quiet on the Western Front).  ფილმი ახალგაზრდა გერმანელი ჯარისკაცების თვალით დანახული პირველი მსოფლიო ომის გამოცდილებას ასახავს.

საუკეთესო ანიმაციურ ფილმად „გილერმო დელ ტოროს პინოქიო“ გამოცხადდა, რომელშიც რეჟისორი კომპლექსურ თემებს ზღაპრულ ჭრილში წარმოაჩენს.

სკანდალის გარეშე არც წლევანდელ ცერემონიას ჩაუვლია. მიშელ იოუს ნომინაციაში მისი მთავარი კონკურენტის, კეიტ ბლანშეტის შესახებ განცხადებას საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა. მსახიობმა ინსტაგრამის პოსტი გააზიარა, რომელიც იოუს უპირატესობას არა მისი პერფორმანსიდან, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე ანიჭებს და აღნიშნავს, რომ ორგზის ოსკაროსან ბლანშეტს „მისი სამსახიობო ოსტატობა დასამტკიცებელი აღარ აქვს.“ აღნიშნულმა საკითხმა ცხარე დისკუსია გამოიწვია, რადგან  ბლანშეტის შესრულებას ტოფ ფილის „ტარში“ (Tár) ბევრი უფრო ძლიერად მიიჩნევდა. 

ჯიმი კიმელი შარშანდელ ცერემონიაზე უილ სმიტის ინციდენტს გამოეხმაურა და ხუმრობით განაცხადა, რომ ძალადობის ავტორს პასუხად ოსკარი და ცხრამეტწუთიანი სამადლობელი სიტყვა ერგება.

საღამოს  ყველაზე დიდი იმედგაცრუება მარტინ მაკდონაჰის „ინიშერინის ბანშების“ (The Banshees of Inisherin) წამყვან ნომინაციებში გამარჯვებულების სიის მიღმა დარჩენა იყო. წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი  ირლანდიის სამოქალაქო ომის სიმბოლიზმს კოლინ ფარელისა და ბრენდან გლისონის პერსონაჟების მეგობრობის დასასრულით გამოხატავს. საინტერესოა, რომ რაღაც მომენტში კონფლიქტის წყარო რელევანტურობას კარგავს და მეტიც, დავიწყებულიც კია. ფილმის გამორჩეული მხარე გლისონს და ფარელს შორის ქიმია და უკანასკნელის პერფორმანსია, რომელმაც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარსულის ცოდვები, კერძოდ, ოლივერ სტოუნის „ალექსანდრე“ აღნიშნული როლით საბოლოოდ გამოისყიდა.

Old school Hollywood-ის და ოსკარის სულისკვეთებას ყველაზე მეტად სტივენ სპილბერგის ბიოგრაფიული ფილმი „ფაბელმენები“ (The Fabelmans) ასახავდა. ფილმი სპილბერგის მისი ხელობისადმი სასიყვარულო წერილია, რომელშიც მიშელ უილიამსი რეჟისორის დედით შთაგონებულ როლში შეუდარებელია. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.