fbpx

საპროტესტო მოძრაობის დოკუმენტური ქრონიკა ქართველი ფოტოგრაფებისგან


გააზიარე სტატია


ავტორი:  ნინო იმერლიშვილი

 

„თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმში“ მიმდინარეობს გამოფენა, სახელწოდებით Under the White Moon of March: The Chronicles of Protest, რომელიც 6 მარტს თბილისში დაწყებულ საპროტესტო მოძრაობას ასახავს. ფოტოგამოფენის იდეა მიმდინარე მოვლენების დინამიკის გათვალისწინებით, განსხვავებულ გარემოში გაჩნდა და ორგანიზების პროცესიც განსხვავებულად წარიმართა. ფოტოგრაფებისა და გამოფენის ორგანიზატორთა ცოცხალმა ჯაჭვმა და მოვლენებზე მყისიერი რეაგირების სურვილმა შექმნა ცოცხალი კონცეფციის ექსპოზიცია, რომელიც ჩანაფიქრშივე ისეთი ტრანსფორმირებადი უნდა ყოფილიყო, როგორც მოვლენების დინამიკა. 

ექსპოზიცია მოიცავს 15-ზე მეტი ფოტოგრაფის ნამუშევარს. თითოეული მათგანის  სერია პროტესტის დოკუმენტურ ქრონიკას ქმნის და ამ მოვლენას  სხვადასხვა ხელწერით ასახავს. 

დინა ოგანოვა, ფოტოგრაფი: 

იქიდან გამომდინარე, რომ მე ვარ დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, მსურს, ჩემი ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა აღვბეჭდო, ამიტომ ხშირად ვიღებ საპროტესტო გამოსვლებს. აქციაზე ვაკვირდები ხალხს, ემოციას, ხასიათს ვეძებ და ხანდახან მიმართლებს კიდევაც. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კადრი უბრალოდ დგას და მელოდება, როდის გადავიღებ. უნდა აღვნიშნო, რომ ეს საპროტესტო აქციები მკვეთრად გამორჩეული იყო ახალი სახეებით. აქამდე რა აქციებიც გადამიღია, იქ  ძირითადად სულ ერთნაირი  დინამიკა, ერთნაირი მუხტი, ერთი და იგივე ადამიანები მხვდებოდნენ, მაგრამ აქ მოხდა დიდი გარღვევა და ეს იყო ახალი თაობა. უფრო მეტიც – იყვნენ ზრდასრულებივით მოაზროვნე ბავშვები და გული მიჩუყდებოდა, რომ მათ პარლამენტთან მათ ვხედავდი. იქ იყვნენ ჩემი მეგობრების შვილები, რომლებიც უცებ გაიზარდნენ და დიდ ბრძოლაში გადაეშვნენ  ციფრული სამყაროდან. სრულიად ახალ საქართველოს ვხედავდი – განათლებულს, ლამაზს, თავისუფალს და ნამდვილად ევროპულს. ვხედავდი ბავშვებს, რომლებიც დაიბადნენ და გაიზარდნენ დამოუკიდებელ საქართველოში. 

გიორგი ნაკაშიძე, ფოტოგრაფი:

ბევრი აქცია გადამიღია და შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროტესტის მუხტი სრულიად განსხვავებული და გულწრფელი იყო. იქ მყოფ ხალხს ძალიან კარგად ჰქონდა გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თითოეული მათგანის ჩართულობა ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში. სწორედ ამიტომ იდგნენ ასე მტკიცედ. ჩემი, როგორც ფოტოგრაფის, მიზანი იყო, ფოტოებით ზუსტად ეს მუხტი და სიმტკიცე მეჩვენებინა, მიუხედავად ბევრი სირთულისა. ეს ყველაფერი ჩემთვისაც დიდი გამოცდილება იყო, არა მარტო როგორც ფოტოგრაფისთვის, არამედ  როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილისთვის. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ახალგაზრდების ჩართულობას. ექსტრემალურ გარემოში გადაღება დიდი გამოწვევაა, თუმცა პროტესტის დროს არსებული ენერგია იმდენად ძლიერი და მძაფრი იყო, რომ სწორედ ეს გახდა ჩემთვის მთავარი ინსპირაცია და შთაგონება. რეპორტაჟის გადაღებისას  ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად დაინახო და გაიაზრო მიმდინარე მოვლენები. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ კადრის გადასაღებად მოვლენების ეპიცენტრთან საკმარისად ახლოს იყო. ვფიქრობ, ფოტოგრაფისთვის გამოწვევა ისეთი კადრის გადაღებაა, რომელიც ნათლად გადმოსცემს გარემოების სიმძაფრეს და ისტორიას ქმნის.  

გიორგი გოგუა, ფოტოგრაფი:

2010 წლიდან ალბათ ყველა მნიშვნელოვანი აქცია მაქვს გაშუქებული, რაც კი ქვეყანაში მომხდარა. მიუხედავად ამისა, აქციის ნაწილი არასდროს ვყოფილვარ, მაშინაც კი, როცა იდეას ვეთანხმებოდი, რადგან  მგონია, რომ ჟურნალისტი დისტანცირებული უნდა იყოს მოვლენებისგან. ამ შემთხვევაში, ეს ამბავი ყველას გვეხებოდა, ერთ-ერთ პირველს – მედიას. იმის მიუხედავად, რომ პლაკატები არ მეჭირა და შეძახილებს არ ვყვებოდი, მაინც ამ აქციის ნაწილად მიმაჩნია თავი. 

ასეთი  მუხტი, როგორც ამ აქციას ჰქონდა, მე პირადად არასდროს არ მინახავს. ბევრჯერ ვყოფილვარ სიტუაციაში, როცა არ იცი რეალურად რას უნდა ელოდო, მაგალითად, 2013 წლის 17 მაისს, ბასიანის დარბევების დროს, „გავრილოვის ღამეს“, უკრაინაში ევრომაიდანზე და ბუნებრივია, ვიზუალურად და ამბის თხრობის კუთხით ასეთ გარემოში მუშაობა საინტერესოა.  ამ აქციის დროს  მედიის მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ ზუსტად იმ კადრებმა, რომლებიც ფაქტობრივად მთელ მსოფლიოში გავრცელდა, დიდი გავლენა მოახდინა  შედეგზე. უკრაინიდან უამრავი ადამიანი მწერდა, ინსტაგრამზე სრულიად უცნობი ადამიანები მიკავშირდებოდნენ, მადლობას გვიხდიდნენ და მხარდაჭერას გვიცხადებდნენ. საპროტესტო აქციებზე, განსაკუთრებით ისეთებზე, სადაც დარბევაა მოსალოდნელი, მედიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომები –  სიფრთხილე, დისტანცია და წონასწორობის დაცვა, რომ ნაკლები ყურადღება მიიქციო, არ დაშავდე და თან ინფორმაცია მაქსიმალურად მოიპოვო. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ „ჟურნალისტები გმირები არიან” და ეს არასწორია. გმირობა არ არის ჟურნალისტის საქმე –  ჟურნალისტის მთავარი მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება და გმირობა ის არის, რასაც 15-17 წლის ახალგაზრდები აკეთებენ, როცა ცრემლსადენ გაზს წინ უდგებიან.

მარიამ გიუნაშვილი, ფოტოგრაფი: 

როცა აქციაზე ვიღებდი და ხელში ფოტოაპარატი მეჭირა, საფრთხეს ვერ აღვიქვამდი, ყველაფერი მოვლენების დასრულების შემდეგ გავიაზრე. მსგავს სიტუაციებში ფოტოგრაფს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები გაქვს, რადგან შენ ხარ ადამიანი, ვინც ამ  მოვლენებს აღბეჭდავს და სწორედ ამ პასუხისმგებლობების გააზრებამ და გადაღების  სურვილმა მოდუნების საშუალება არ მომცა. ეს აქცია ჩემთვის პირველი შემთხვევა იყო, როცა მსგავს ექსტრემალურ სიტუაციაში მომიწია გადაღება. ამ მუხტმა მეც მიბიძგა, რომ გამერისკა და მოვლენების ეპიცენტრში ვყოფილიყავი, რათა კადრები აღმებეჭდა.  იმ მომენტში  საფრთხეს ვერც ვიაზრებდი და ეს სწორედ საპროტესტო მუხტის დამსახურებაა, რომელმაც რაღაც ძალა მომცა. აქციაზე ბევრი ფოტოგრაფი მუშაობდა და სხვადასხვა ადგილიდან იღებდნენ. როცა გამოქვეყნებული ფოტოები ვნახე, მეც ბევრი ისეთი დეტალი და კადრი დავინახე, რაც იქ ყოფნისას არ მინახავს. როდესაც მსგავსი მოვლებების დოკუმენტურ მასალას ქმნი, როგორც ფოტოგრაფი, მხოლოდ იმაზე კი არ ხარ ორიენტირებული, რომ კარგი კადრი გამოგივიდეს, რეალურად შენ მსოფლიოს აწვდი ინფორმაციას, საზოგადოებას აჩვენებ იმ ფაქტებს, რომლებიც  შესაძლოა გამორჩათ.

თამარ ოქროპირიძე, ფოტოგრაფი:

აქციებზე ხშირად დავდივარ როგორც მოქალაქე და როგორც   ფოტოგრაფი. როდესაც შვიდ მარტს აქციაზე მივდიოდი,  წარმოდგენა არ მქონდა, თუ სიტუაცია ასე დაიძაბებოდა, რადგან აქამდე მსგავს ფაქტს არ შევსწრებივარ და ამგვარ ვითარებაში გადაღების გამოცდილებაც არ მქონია.  განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა რვა მარტის აქცია. ამ დღეს თითქოს უკვე შემზადებული გავედი, თუმცა უფრო ექსტრემალური გარემო აღმოჩნდა. იქ იყვნენ  ენერგიული და გამარჯვების წყურვილით სავსე ახალგაზრდები; მოხუცები, რომელთაც იმდენად სწყუროდათ გამარჯვება, რომ არც ცრემლსადენ გაზს უფრთხოდნენ და არც წყლის ჭავლს. ეს მოტივაციას  და ძალას მაძლევდა, რომ არაფრის არ უნდა შემშინებოდა.   

აქციის მსვლელობისას „რობოკოპებთან“ ახლოს ვიდექი, გაზის გაშვებისას თვალებდახუჭულიც ვიღებდი.  ჩემს თავზე მეტად ვფიქრობდი, რომ კამერას არაფერი მოსვლოდა, რადგან ეს ფოტოები ჩემთვის ბევრს ნიშნავს –  გაცნობიერებულად პირველად აღმოვჩნდი ასეთ საფრთხეში, თუმცა დრო რომ უკან დავაბრუნოთ, იმავეს გავაკეთებდი. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.