fbpx

ამბის თხრობის ვიზუალური ხელოვნება – თინათინ ჯაბანაშვილის მობილური ფოტოგრაფია


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

მას შემდეგ, რაც ფოტოგრაფია ადამიანების ცხოვრებაში გაჩნდა, ის ამბის თხრობის  საუკეთესო გზად იქცა. ზოგჯერ ერთ კადრს შეუძლია ისტორია იმაზე სრულყოფილად მოჰყვეს, ვიდრე ხანგრძლივ ვიდეოჩანაწერს. ფოტოგრაფია ხელოვნების ის ფორმაა, რომელიც თავისი მრავალფეროვანი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არაერთ მედიუმთან და სხვადასხვა ინდუსტრიასთან დაკავშირდა. 

სოციალური მედიის და მობილური ტექნოლოგიის განვითარებამ ფოტოგრაფიისათვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა –  ჩვენ გარშემო არსებული სივრცისა და ნებისმიერი მოვლენის მყისიერად აღბეჭდვის საშუალება.  ამ შესაძლებლობებისა და კინემატოგრაფიული ხედვის თანხვედრით კი, არაერთი გამორჩეული ფოტოგრაფი საინტერესო კადრებს ქმნის და უკვე მრავალჯერ ნანახ ადგილებს ან პერსონებს სრულიად სხვაგვარი კუთხით გვაჩვენებს.  თინათინ ჯაბანაშვილი ფოტოგრაფია, რომელიც მობილურით იღებს და საკმაოდ შთამბეჭდავ კადრებს აღბეჭდავს. ცოტა ხნის წინ მისი ესთეტიკითა და ხელწერით გავლენიანი გამოცემა „გარდიანიც“ კი დაინტერესდა. 

თინათინისათვის ფოტოგრაფია ერთდროულად არის პროფესიად ქცეული ინტერესი, ჰობი, შემოქმედებითი ხედვის განვითარების მთავარი საშუალება, შემოსავლის წყაროც,  სამყაროს აღქმის საშუალებაც და ყოველდღიურად მიღებული შთაბეჭდილებების გადმოცემის მთავარი მედიუმიც. 

 

თინათინ ჯაბანაშვილი, ფოტოგრაფი: ფოტოების გადაღების ინტერესმა მიბიძგა, ხელოვნების ეს ფორმა უკეთ შემესწავლა და საკუთარ თავზე მემუშავა. პროფესიით იურისტი ვარ, თუმცა დღეს ფოტოგრაფია საქმიანობის ის სფეროა, რომელსაც საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ. ფოტოგრაფია ბევრი მიმართულებით ავითარებს ადამიანს – გასწავლის დეტალებზე დაკვირვებას და ისეთი მოვლენების შემჩნევას, რომელიც სხვა შემთხვევაში შესაძლოა, ყურადღების მიღმა დარჩეს. ვაკვირდები ადგილებს, ადამიანების ხასიათს, დეტალებს ქუჩაში და ვხვდები, რომ გარშემო უამრავი საინტერესო რამ არის, რასაც შეუძლია ინსპირაცია გააღვიძოს.

შემოქმედების განვითარებისათვის  ერთ-ერთი საუკეთესო თვისება ცნობისმოყვარეობაა, რაც ხელოვანებს ექსპერიმენტებისაკენ თავისთავად უბიძგებს. ასე მოხდა თინათინის შემთხვევაშიც – მისი შემოქმედებითი პროცესი საკუთარი ფოტოგრაფიული შესაძლებლობების აღმოჩენის კვალდაკვალ მიმდინარეობს. შედეგად,  მისი ნამუშევრები საკმაოდ მრავალფეროვანი, თუმცა ამავდროულად, დამახასიათებელი ხელწერითაა გამორჩეული. ის აერთიანებს ავტოპორტრეტებს, პორტრეტებს, დეტალებს, სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელ კადრებს, ქალაქის ურბანული გარემოს ამსახველ ფოტოებს. ის, რაც თინათინ ჯაბანაშვილის ყველა ფოტოს თან ახლავს,  შუქ-ჩრდილების, ფერებისა და კომპოზიციის ისეთი ერთიანობაა, რომელიც დანახვისთანავე სიმშვიდის განცდას აჩენს. 

თინათინი ამბობს, რომ მისთვის, როგორც ფოტოგრაფისათვის, დამთვალიერებელთან ურთიერთობა,  საკუთარი ნამუშევრების გაზიარება უმნიშვნელოვანესი პროცესია. თანამედროვე ციფრულ სამყაროში ხელოვანსა და აუდიტორიას შორის კომუნიკაცია სოციალურმა ქსელებმა არა მხოლოდ გაამარტივა, არამედ შეუქცევად პროცესად აქცია. 

ფოტოების გაზიარების ძირითად პლატფორმად ინსტაგრამს ვიყენებ. სოციალური ქსელები დამეხმარა, რომ ჩემი ნამუშევრებით დაინტერესებული აუდიტორია აღმომეჩინა. როცა ხედავ, რომ ადამიანებს შენი გადაღებული კადრები მოსწონთ, აინტერესებთ და თვალს გადევნებენ, უფრო  მოტივირებული ხდები. ასეთ დროს ნამდვილად ხვდები, რომ ეს ჰობიზე ბევრად მეტია და თითოეულ კადრს სერიოზული პასუხისმგებლობით ეკიდები.“ – თინათინ ჯაბანაშვილი

ფოტოგრაფია წარმავალი მომენტის დაფიქსირების ხელოვნებაა, ეს პროცესი კი უფრო მეტად ექსტრემალური ხდება მაშინ, როცა საქმე ქუჩის ფოტოგრაფიასთან გვაქვს. თინათინ ჯაბანაშვილის ნამუშევრები ქუჩის ფოტოგრაფიის მიმართულებასაც მოიცავს. როგორც თავად ამბობს, ქუჩის ფოტოგრაფია ბევრ შესაძლებლობას აჩენს, პროცესს უფრო დინამიკურს და თავგადასავლებით სავსეს ხდის, თუმცა, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაც ახლავს. 

ქუჩის ფოტოგრაფია თავის თავში ბევრ გამოწვევას გულისხმობს. მაგალითად, ქუჩაში შესაძლოა, იმდენად საინტერესო პერსონა დაინახო, რომ მისი გადაღება მოგინდეს. ასეთ დროს თავს ბევრი ეთიკური ფაქტორი თავს. ამავდროულად, თუკი ჯერ ნებართვას ითხოვ და შემდეგ გადაიღებ, შეიძლება, კადრი გაფუჭდეს და ის ემოცია და გამომეტყველება დაკარგო, რაც სახასიათო ფოტოს განაპირობებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოქვეყნება ნებართვის გარეშე არ შეიძლება. Ამ დროს ფოტოგრაფმა კადრთან ერთად, შესაბამის წესებზეც უნდა იფიქრო.“ – თინათინ ჯაბანაშვილი

2022 წლის დეკემბერში თინათინ ჯაბანაშვილის შესახებ გავლენიან გამოცემა Guardian-ში დაიწერა. მედია პლატფორმამ თინათინის ფოტო მობილური ფოტოგრაფიის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად დაასახელა. როგორც თინათინი Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, ფოტოგრაფია მას თავისუფლების შეგრძნებით ავსებს. 

Guardian ჩემი ფოტოებით სრულიად მოულოდნელად დაინტერესდა. თავდაპირველად  გამოცემის ერთ-ერთმა რუბრიკამ ჩემი ინსტაგრამგვერდი გამოიწერა, შემდეგ უკვე მეილით დამეკონტაქტნენ და მომწერეს, რომ ჩემი ნამუშევრებით იყვნენ დაინტერესებული. Სსაწყის ეტაპზე ორი ფოტო ჰქონდათ შერჩეული, საბოლოოდ კი არჩევანი ჩემს ერთ-ერთ ავტოპორტრეტზე შეაჩერეს და სტატიაც გამოაქვეყნეს.“ – თინათინ ჯაბანაშვილი

თინათინისათვის ყოველი დღე, ქალაქის ქუჩებში ყოველი გასვლა და თითოეული ახლად აღმოჩენილი ადგილი, კიდევ ერთი კადრის აღბეჭდვის უნიკალური შესაძლებლობაა.  თინათინისათვის ფოტოგრაფია თანდათან ამბის თხრობის იმ მედიუმად იქცა, როცა ზედაპირზე ნაჩვენები ვიზუალის მიღმა ხასიათი უნდა გადმოსცეს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.