fbpx

როგორ იქცა ვიდეოთამაში წლის საუკეთესო სატელევიზიო შოუდ


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

წიგნის ადაპტაცია ყოველთვის აშკარა მიზანს ემსახურება: ის ჩვენს წარმოსახვას რეალობად აქცევს. „სამეფო კარის თამაშების“ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი დრაკონების ეკრანზე ნახვა, ან თუნდაც The Rains of Castamere-ს მელოდიის პირველად მოსმენა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის „წითელი ქორწილის“ სისასტიკეს მოასწავებდა. ვიდეოთამაშის ადაპტაცია შედარებით განსხვავდება. ცოტა მათგანმა თუ შეძლო საწყის მასალასთან გათანაბრება, რომ აღარაფერი ვთქვათ მის გაუმჯობესებაზე. 

The Last of Us (“უკანასკნელი ჩვენგანი”) 2013 წელს PlayStation 3-ზე გამოვიდა და ის ერთ-ერთ საუკეთესო ვიდეოთამაშად ითვლება, რომელიც ოდესმე შექმნილა. რა მოხდება, თუკი კაცობრიობას არა გრიპის მსგავსი ვირუსი, არამედ პარაზიტული სოკოვანი ინფექცია დაემუქრება, ტემპერატურის მატებიდან გამომდინარე, ჭიანჭველებიდან ადამიანებზე გადაინაცვლებს და მათ ზომბის მსგავს არსებებად აქცევს? სწორედ ეს არის The Last of Us-ის შემზარავი წინაპირობა – კიდევ ერთი პოსტაპოკალიფსური პრესტიჟული დრამა სატელევიზიო ლანდშაფტში. მიუხედავად იმისა, რომ სერიალის კონცეფცია ავტომატურად ავლებს პარალელს The Walking Dead-თან, HBO-ს უახლესი ჰიტი გაცილებით ემოციურ, ღრმა, კომპლექსურ და ჰუმანისტურ იდეებს ეფუძნება. 

სატელევიზიო შოუ თამაშის, ნილ დრუკმანის და „ჩერნობილის“ შემქმნელის, კრეიგ მაზინის მიერ არის ადაპტირებული. აღნიშნულმა კომბინაციამ, შეიძლება ითქვას, რომ ვიდეოთამაშების წარუმატებელი ადაპტაციის ტრენდი დაამსხვრია. The Last of Us-ის პრემიერა HBO-ზე 15 იანვარს შედგა. სერიალში მოქმედება ეპიდემიის აფეთქებიდან ოცი წლის შემდეგ ვითარდება და ის კონტრაბანდისტი ჯოელის, რომელმაც ქალიშვილი პანდემიის დასაწყისში დაკარგა და კაცობრიობის ერთადერთი იმედის, 14 წლის ელის გარშემო ტრიალებს. სერიალში მთავარ როლებს პედრო პასკალი და მისი „სამეფო კარის თამაშების“ კოლეგა, ბელა რამსი ასრულებენ. რამსის პერფორმანსი იმდენად ავთენტურია, მისი ყურებისას საერთოდ გვავიწყდება, რომ ის პერსონაჟს განასახიერებს.  

როგორც თამაშს, ასევე სერიალს განსაკუთრებულს მთავარ პერსონაჟებს, ჯოელსა და ელის შორის კლასიკური დინამიკა ხდის: შუა ხნის უხეში და ტრავმირებული მამაკაცი, რომელსაც უდანაშაულო და იმედით სავსე მოზარდი სიცოცხლის სურვილს დაუბრუნებს. პერსონაჟების ურთიერთობის განვითარება The Last of Us-ის გარდამტეხი ელემენტია, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი ბანალური სენტიმენტალური სიუჟეტისადმი წინააღმდეგობის გაწევა და ამავდროულად, მასში სულის პოვნაა. გარდა ამისა, ის მოთამაშეებსა და სატელევიზიო შოუს მაყურებლებს მუდმივად მორალური დილემის წინაშე აყენებს: „როდესაც სატელევიზიო შოუს ვუყურებთ, ჩვენი მორალური კომპასი საყვარელი პერსონაჟებისადმი ემოციური მიჯაჭვულობით განისაზღვრება. მათ მაშინაც ვგულშემატკივრობთ, როდესაც საეჭვო გადაწყვეტილებებს იღებენ“, – განაცხადა მაზინმა და მაგალითად Breaking Bad-ის უოლტერ უაიტის ანტიგმირიდან ბოროტმოქმედად ტრანსფორმაცია მოიყვანა. 

სერიალი თამაშის კომპლექსურ მორალურობას იმეორებს: საყვარელი ადამიანების დაცვა საყოველთაო კეთილდღეობის ხარჯზე. ჯოელი და ელი გზად ხვდებიან პერსონაჟებს, რომლებიც მზად არიან მოკლან ძმისთვის, სიყვარულისთვის ან შვილისთვის, თუნდაც ეს კაცობრიობის გადარჩენას უქმნიდეს საფრთხეს. თუკი აპოკალიფსურ ჯოჯოხეთში ყველა საკუთარი ინტერესების დაცვას ანიჭებს უპირატესობას, კეთილი და ბოროტი წვეტს არსებობას. აღარ არსებობს სოციალური და მორალური კონტრაქტი, მხოლოდ გადარჩენა და შურისძიება. შესაბამისად, ჩნდება მნიშვნელოვანი შეკითხვა: ვინ არის ნამდვილი მონსტრი, ზომბი თუ ადამიანი? მიუხედავად ამისა, მაზინი ამტკიცებს, რომ თამაში და შოუ რეალურად სიყვარულის ისტორიაა: The Last of Us სიყვარულის ნათელ და ბნელ მხარეებს წარმოაჩენს. სიყვარული ყველაზე ძლიერი ადამიანური ემოციაა, რომელიც გვაიძულებს შევქმნათ სიცოცხლე, გავავრცელოთ სიხარული, სინათლე და მშვიდობა. მაგრამ თუ ქსენოფობიის, რასიზმის ზედაპირს გადაფურცლავ, სიყვარულს იქაც იპოვი“.  მსგავსი ბუნდოვანი მორალური ფილოსოფია სერიალის თითქმის ყველა პერსონაჟს ეხება. 

მაზინი და დრუკმანი თამაშის სიუჟეტის ჯოელისა და ელის მოგზაურობის დროებით გადახვევით აფართოებენ, კერძოდ, მესამე სერიაში, რომელიც  ყურადღებას ბილსა (ნიკ ოფერმენი) და ფრენკზე (მიურეი ბარტლეტი) ამახვილებს. ორი მსახიობის პერფორმანსი შოუში ემის ჯილდოს ღირსეულ მომენტებს ქმნის. ბილი მზად არის სამყარო გადაწვას, რათა დაიცვას ადამიანი, რომელსაც მის სამალავში გადააწყდა. ეს არის მშვენიერი და გულისამაჩუყებელი სიყვარულის ისტორია. კრიტიკოსების განცხადებით, აღნიშნული სერია არა მხოლოდ სერიალის, არამედ სატელევიზიო შოუების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ეპიზოდია. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.