fbpx

ის, რაც დისნეიმდე იყო, ლოტე რაინიგერის ჩრდილების ქვეყანა


გააზიარე სტატია

 თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გერმანელი ანიმატორის, ლოტე რაინიგერის ანიმაციური ფილმების ინსტალაციას წარმოგიდგენთ. 

 1926 წელს, მანამ სანამ დისნეი გაჩნდებოდა, ლოტემ შეძლო პირველი ანიმაციური ფილმის შექმნა, შავი ქაღალდისაგან ფიგურების ამოჭრა და მათი შუშაზე ამოძრავება. ამ ტექნიკით გაცოცხლებული სილუეტების სრულმეტრაჟიან ნამუშევრად ქცევას სამი წელი დასჭირდა. 

 ხშირად ფიქრობენ, რომ ანიმაცია მხოლოდ საბავშვო მედიუმია, მაგრამ გერმანელი ანიმატორის ნოვატორული შემოქმედება ბევრად უფრო დიდი აუდიტორიისათვის იყო გათვლილი. ფილმების სიუჟეტები მითებითა და იგავებით არის შთაგონებული და ასევე,  ირონიული ხასიათით არის გაჟღენთილი. თუმცა, გავრცელებული სტერეოტიპების გამო, რაინიგერის ნამუშევრები თავის დროზე დაუფასებელი დარჩა და დღეს მათი აღმოჩენა და შესწავლა თავიდან ხდება, რადგან შემდგომში ლოტემ საკმაოდ დიდი როლი ითამაშა  ანიმაციური ფილმის ესთეტიკისა და და ტექნიკის განვითარებაში. 

 ლოტეს შემოქმედება 60 ანიმაციურ შავ-თეთრსა და ფერად ფილმს ითვლის,  მაგრამ მათგან  11 დაკარგულად ითვლება და მხოლოდ 50 არის ცნობილი. ისინი ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიისა და ასევე კანადის არქივებშია დაცული. 

  „საქანიმას“ – საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, მარიამ კანდელაკის თქმით, პიონერი ანიმატორი ქალის ინსტალაციის ნახვა  ამ დროში, როდესაც სამყაროში ამდენი ომი და უბედურება ტრიალებს, საუკეთესო გზაა რაიმე ჯადოსნურისა და ზღაპრულის გასახსენებლად. თვითონ ლოტეც ოდესღაც განერიდა ფაშისტურ გერმანიას და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აგრძელებდა თავის ფილმებზე მუშაობას.   

 ინსტალაციის მუსიკალურ გაფორმებაზე ქართველმა მუსიკოსმა, გიორგი კობერიძემ იმუშავა და 11 ფილმის გასაერთიანებლად ერთი კომპოზიცია შექმნა. 

 გამოფენა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ასევე, თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. პარტნიორები კი გოეთეს ინსტიტუტი, ტიუპინგენის მუზეუმი და უკიო არიან. 




მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.