fbpx

მატჩის ბედი პირველ და ბოლო 20 წუთში წყდება


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებიდან სულ რაღაც სამიოდე თვეში ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩები დაიწყო და გულშემატკივრების ყურადღებაც სანაკრებო დაპირისპირებებზე გადაერთო.

დიდ ინტერესს იწვევდა იტალიის და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირება, რადგან ჯერჯერობით დავიწყებას არ მისცემია ამ გუნდებს შორის წინა ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი, რომელშიც იტალიელებმა „უემბლიზე“ თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლიეს ტურნირის მასპინძლებს და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

მას შემდეგ კი „სკუადრა აძურამ“ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ვერ შეძლო, ხოლო ინგლისელები მიუხედავად იმისა, რომ  ფრანგების წინააღმდეგ იბრძოლეს მეოთხედფინალში, როგორც ყოველთვის, გადამწყვეტ მომენტში დამარცხდნენ.

ნეაპოლში გასულ კვირას გამართულ მატჩს დამატებით ინტერესს სტატისტიკაც სძენდა, რომლის თანახმადაც ინგლისის ნაკრებმა უკანასკნელად ოფიციალურ მატჩში იტალიელებს შორეულ 1977 წელს  მოუგო. 

მაშინ გუნდები ერთ ჯგუფში აღმოჩნდნენ არგენტინის მე-11 მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში და მოგების მიუხედავად, ინგლისელები ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ, ხოლო „სკუადრა აძურამ“ კი მუნდიალზე ისე ითამაშა, რომ დღემდე მრავალი გულშემატკივარი სწორედ იმ ჩემპიონატის ხათრით შეინარჩუნა.

იტალიელებმა 1978 წელს მეოთხე ადგილი დაიკავეს, მოუგეს რა ჯგუფში მომავალ ჩემპიონ არგენტინის და საფრანგეთის ნაკრებებს, ხოლო ოთხი წლის შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ისე მოიპოვეს, რომ გზად არგენტინის, ბრაზილიის და გერმანიის ნაკრებები დაამარცხეს.

მაშინ „სკუადრა აძურას“ რიგებს პაოლო როსი, ბრუნო კონტი, მარკო ტარდელი, გაეტანო შირეა და ფეხბურთის სხვა დიდი ესთეტები ამშვენებდნენ, ახლა კი მათი ადგილი ბარელამ, ტოლოიმ, აჩერბიმ და დი ლორენცომ დაიკავეს. 

ეს უკანასკნელი შესანიშნავია „ნაპოლიში“, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გუნდში მას მხარს კვარაცხელია, ოსიმენი, ლობოტკა, ანგისა და კიდევ სხვა ლეგიონერები უმშვენებენ, რომელთა მსგავსნიც დღევანდელ იტალიის ნაკრებში არ მოიძებნებიან.

ამიტომ ბუნებრივია, რომ ინგლისელებთან მატჩში დი ლორენცოც თანაგუნდელთა ნაცრისფერ მასაში გაერია და ვერაფრით გაახარა ნეაპოლის სტადიონზე მისული საკუთარი გულშემატკივრები, რომლებიც გაწბილებულნი უცქერდნენ თავიანთი გუნდის უსახურ თამაშს უფრო ძლიერ ინგლისელთა წინააღმდეგ. 

სტუმრებმა სრულიად სამართლიანად დაამარცხეს პირველივე გასვლით მატჩში  ჯგუფის მთავარი მეტოქე და ამ მოგებით თავიდანვე გადადგეს სერიოზული ნაბიჯი ევრო 2024-ისკენ. 

პირველი სათამაშო დღის კიდევ ერთ ცენტრალურ მატჩში კი საფრანგეთის ნაკრებმა  ნიდერლანდების გუნდს უმასპინძლა, რომელშიც კატარის მსოფლიო ჩემპიონატის  ფინალისტებმა საუცხოო ფეხბურთი გადაუშალეს თვალწინ ფეხბურთის მოყვარულებს, გამოავლინეს რა უმაღლესი დონის სათამაშო კლასი და მონდომება. 

გამარჯვების განსაკუთრებული სურვილი კი იტალიელებისგან განსხვავებით ფრანგებს ნამდვილად ამოძრავებდათ, რადგან ნიდერლანდების ნაკრების განადგურებით მათ თავიდანვე იმედიანად განაწყვეს ევრო 2024-ისთვის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წაგებით გაწბილებული საკუთარი  გულშემატკივრები.

სწრაფი და მახვილგონივრული შეტევები, რომლებიც ფრანგებმა პირველი წუთებიდანვე „დააყარეს“ დაბნეულ და გაოგნებულ სტუმრებს, უკვე პირველი ტაიმის მე-20 წუთისთვის მეტოქის კარის ბადეში გატანილ სამ გოლში გარდაისახა.

მეოთხე ბურთი კი კილიან მბაპემ მატჩის მიწურულს ინერციით გაიტანა, რადგან მეორე ტაიმში თავი არც ფრანგებს მოუკლავთ და არც სტუმრებს უცდიათ მათთვის რაიმე სიახლის შეთავაზება, თორემ ამ შემთხვევაში მბაპე და მისი თანაგუნდელები შეიძლებოდა გაბრაზებულიყვნენ და არა 4:0, არამედ უფრო დიდი ანგარიშით მოეგოთ ნიდერლანდების შერცხვენილი ნაკრებისთვის. 

მბაპემ დიდებული მატჩი ჩაატარა ნაკრების შემადგენლობაში და დუბლთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა, მაგრამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი ალბათ მაინც გრიზმანის მიერ გატანილი პირველი ბურთია, რადგან ფორვარდმა მეტოქის საჯარიმო მოედნის სიახლოვეს ვარდნაში მოიპოვა ბურთი და წამოიწყო საგოლე კომბინაცია, რომელიც თავადვე დააგვირგვინა ზემოთ ხსენებული მბაპეს გადაცემის შემდეგ.

ზოგადად, გრიზმანის პატივსაცემად უნდა ითქვას, რომ იგი ტიპური „სანაკრებო ფეხბურთელია“ და კარიმ ბენზემასგან განსხვავებით, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში გუნდში სიტუაციის  ამრევის სახელს თუ დაიმკვიდრებს, გრიზმანს თანამემამულე გულშემატკივრები ყოველთვის თბილად გაიხსენებენ და არასოდეს დაივიწყებენ მის ღვაწლს ნაკრების შემადგენლობაში. 

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებს ნიდერლანდელების სახით შეიძლება არც ჰყოლიათ ბევრი სუპერვარსკვლავით  დაკომპლექტებული მეტოქე, მაინც გაკვირვებას იწვევს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვან გაალის ნაცვლად, რონალდ კუმანის არჩევა ცოტა ხნის წინათ დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე საკმაოდ მაღალ დონეზე მოასპარეზე „ნარინჯისფერთა“ ხელმძღვანელად.

ფეხბურთის მოყვარულებს მშვენივრად ახსოვთ, რომ კუმანმა ახლო წარსულში  იმდენად მოაძლიერა კრიზისში მყოფი ნიდერლანდების ნაკრები, რომ მას მყისვე „ბარსელონაში“ დაუძახეს და ამით დიდი შეცდომაც დაუშვეს, რადგან კატალონიელთა ამჟამინდელი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი დღემდე იმკის „ბარსელონაში“ მისი ნამოღვაწარის შედეგებს. 

ამიტომ საფიქრებელია, რომ კუმანმა ამოწურა სამწვრთნელო პოტენციალი და დროა არა მისი, არამედ მის თანამემამულე ერიკ ტენ ჰააგის კვალიფიკაციის მწვრთნელის მოძებნა მსოფლიოს სამგზის ვიცე-ჩემპიონი ნაკრებისთვის. 

ახალი მწვრთნელი ჰყავს ესპანეთის ნაკრებსაც, რომელმაც პირველივე მატჩში ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე, ნორვეგიის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა. 

ლუის დე ლა ფუენტე ნამდვილი სანაკრებო მწვრთნელია, რადგან იგი 2013 წლიდან მოყოლებული 2021 წლის ჩათვლით, ქრონოლოგიურად უძღვებოდა ესპანეთის U19, U21 და U23 ნაკრებებს, რომელთაგან ამ რვაწლიან პერიოდში პირველ ორს ევროპის ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული, ხოლო მესამემ კი ტოკიოს ოლიმპიადაზე ფინალი დათმო ბრაზილიის ნაკრებთან შესანიშნავად ჩატარებულ შეხვედრაში. 

ამიტომ დე ლა ფუენტეს ხელმძღვანელობით მოსალოდნელია ესპანეთის ნაკრების წინსვლა, რაც მას ჯგუფის აშკარა ფავორიტად წარმოაჩენს.

ნორვეგიელებთან მატჩში „ფურია როხას“ მხრიდან მთავარი სიურპრიზი შეხვედრის 84-ე წუთზე მოედანზე 32 წლის დებიუტანტ ხოსელუს გამოჩენა იყო. 

„ესპანიოლის“ თავდამსხმელმა გამოსვლისთანავე ორი წუთის მანძილზე დუბლი შეასრულა, მოუსპო რა ნორვეგიელებს ანგარიშის გათანაბრების ყოველგვარი შანსი. 

A ჯგუფს ესპანელებთან ერთად პირველი ტურის შემდეგ სათავეში შოტლანდიის ნაკრები ჩაუდგა, რომელმაც ასევე ანგარიშით 3:0 კვიპროსის ეროვნული გუნდი დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ის პირველ სათამაშო დღეს დასვენება მოუწია და მის მეტოქედ ამხანაგურ მატჩში მონღოლეთის ნაკრები იქცა, რომელიც ჩვენმა გუნდმა ანგარიშით 6:1 გაანადგურა.

სენსაცია კი ფეხბურთის მოყვარულებს მეორე სათამაშო დღეს ელოდათ, როდესაც ყაზახეთის ნაკრებმა შინ ანგარიშით 3:2 თვით დანიის ნაკრები დაამარცხა, ისე რომ პირველი ტაიმის შემდეგ ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა.

საგულისხმოა, რომ თუკი ფრანგებმა ნიდერლანდელებთან მატჩის ბედი საწყის 20 წუთში გადაწყვიტეს, ყაზახებმა დანიელებთან თამაში თავიანთ სასარგებლოდ უკანასკნელ 20 წუთში მოაბრუნეს და სლოვენიასთან მარცხის შემდეგ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.

ყაზახების წარმატება საუკეთესო მაგალითია ნორვეგიელებთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრებისთვის, რომელსაც კატარის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მასზე ძლიერი კიდევ ერთი სკანდინავიური გუნდისთვის, შვედეთის ნაკრებისთვის აქვს მოგებული.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.