fbpx

ქართული ბრენდის, Maroma Collection-ის წარმატება იაპონიის ბაზარზე


გააზიარე სტატია

 

 GAFA-ს წევრი კომპანია Maroma Collection  იაპონიის ბაზარზე შესასვლელად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მადო რომანიძის ბრენდი უკვე მეორედ წარდგა  ტოკიოს შოურუმზე შემოდგომა-ზამთრის კოლექციით. 

ამომავალი მზის ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი ინოვაციური იდეებითა და განვითარებით, ამავდროულად,  არასდროს ივიწყებს თავის ტრადიციებსა და კულტურას.  მადო რომანაძის ბრენდის მთავარი მიზანი კი ძველისა და თანამედროვეობის დაკავშირებაა. „მარომა ქოლექშენის“ კოლექციები იქმნება მოდის კვირეულებისათვის და ყოველთვის უკავშირდება ქართულ თემატიკას. ხევსურული ორნამენტებისათვის ახალი სიცოცხლის მინიჭებამ და საქართველოს ისტორიითა და  კულტურით ამგვარმა შთაგონებამ  შეძლო საერთაშორისო ბაზარზე იაპონიის მოდით დაინტერესებული პირების ყურადღების მიქცევა.

 „მარომა ქოლექშენის“ ახალი კოლექცია, სახელწოდებით „მუცო“, ხევსურეთის ულამაზესი სოფლისა და ისტორიულად ყველაზე ძლიერი ციხესიმაგრის სახელს ატარებს. “მარომა ქოლექშენი” პირველი ქართული ბრენდია, რომელიც ამ შოურუმზე წარდგა.

„მარომა ქოლექშენის“ მიზანი მაღალი ხარისხისა და განსხვავებული კოლექციის შექმნა იყო, რომელიც ქართული კულტურის ელემენტებსა და ქსოვილთან მუშაობის სხვადასხვა ტექნიკას შეითავსებდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – სამოსი, რომელსაც ეს ბრენდი ქმნის, ჰყვება ისტორიას და უცხო ქვეყნებს აცნობს საქართველოსა და მის ღირებულებებს. 

კოლექციიდან განსაკუთრებული წარმატებით ჯინსზე არსებული გამოსახულებები სარგებლობს, რომელიც ხევსურული ორნამენტებითაა შთაგონებული. მუცოს კოლექციაში არსებულ მოდელებზე შესაძლებელია ძველი ქართული ანდაზებიც იპოვოთ.    

ამჟამად კოლექცია ისევ ტოკიოს შოურუმში რჩება  და იაპონელების დაფინანსებით ორ დიდ ღონისძიებაზე  წარსადგენად ემზადება. 

მადო რომანაძის თქმით, იაპონიის ბაზრის მოთხოვნები საკმაოდ მაღალია და ბრენდისთვის აქ მოხვედრა დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. თუმცა ამაში მას ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ დაეხმარა. „მარომა ქოლექშენის“ ეს ქეისი, პროექტ „კლასტერები განვითარებისთვისმხრიდან, ქართველი დიზაინერების გაძლიერების კიდევ ერთ წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში შექმნილია საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია, რომელიც  არაერთ ქართველ ტანსაცმლის მწარმოებელსა და მოდის დიზაინერს  დაეხმარება.

ავტორი: თამუნა გეფერიძე

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.