fbpx

„გაგა ფრანის“ სადებიუტო ფირფიტა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ლაშა გაბუნია

 

არის სიმღერები, რომელთა მოსმენისთანავე გრძნობ, რომ მთელი სულითა და გულითაა დაწერილი, – როგორც ქართველები ვამბობთ ხოლმე, – ჯიგრით. ეს სიმღერები განსხვავდება იმათგან, როცა არტისტი რაღაც ვალდებულების გამო წერს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ მუსიკოსს ალბომის ჩაწერა ლეიბლთან ხელშეკრულებით აქვს დაკისრებული და ამ დროს, შესაძლოა, საერთოდ არც ეწერება. ამის შემდეგ იგი თითიდან გამოწოვილ თემებზე სიმღერების წერას იწყებს, ანუ თავს ძალას ატანს ხოლმე. ასეთ მუსიკას „კოჭებში“ ეტყობა, რომ ნაძალადევია. ხელოვნურობა ყურს ჭრის, ხშირად მეტისმეტად დაშაქრულია, აქვს სტანდარტული, გაცვეთილი სიტყვებით დახუნძლული ტექსტები და შემსრულებლის მერკანტილური მიზნებიც კარგად იკითხება. 

დღეს მინდა ისეთ ჩანაწერზე დავწერო, რომელიც სწორედ სულითა და გულითაა შექმნილი და ნამღერი. ესაა „გაგა ფრანის“ სადებიუტო ვინილის დისკი, ანუ როგორც ადრე ვუწოდებდით – ფირფიტა. მისი საერთო ხანგრძლივობა 24 წუთს არ აღემატება, რაც არც სრულყოფილი ალბომის (LP) და არც მინიონის (EP) დროის სტანდარტებში არ ჯდება – სადღაც შუაშია. ეს იმას მიანიშნებს, რომ ფირფიტა კომერციული მიზნებისთვის არ შექმნილა. ავტორმა აარჩია ზუსტად იმდენი მასალა, რამდენიც საჭირო იყო და გავრცელებულ სტანდარტებს ყურადღება არ მიაქცია. მახსოვს, ადრე ერთ ძალიან კარგ ქართულ ფირფიტაზე, მსგავს კლიშეებში რომ მოექციათ და დროის ხანგრძლივობა გაეზარდათ, ერთი და იგივე სიმღერა ორჯერ დაიტანეს, ერთხელ თავში და მეორედ ბოლოში. 

„გაგა ფრანი“ მუსიკოსისა და ავტორ-შემსრულებლის, გაგა ჩიხლაძის მეორე პროექტია. მის პირველ ჯგუფს „ფრანი“ ერქვა და 2000-იან წლებში შეიქმნა. ჩვენმა მსმენელმა იგი ძლიერ შეიყვარა, თუმცა გაგამ 2010-იანების ბოლოს უკვე „გაგა ფრანი“ ჩამოაყალიბა და დღემდე მხოლოდ სინგლებს უშვებდა. ფირფიტის პრეზენტაციაზე გაგამ ბევრ საინტერესო რამეზე ილაპარაკა. მის ცხოვრებაში ფირსაკრავი და ფირფიტები ბავშვობიდან შემოვიდა. იგი ოჯახის კოლექციიდან უსმენდა მუსიკას, ზღაპრებს და 8 წლის ასაკში ინატრა, რომ მისი ხმა ოდესმე ამ ჯადოსნურ ფირფიტაზე მოხვედრილიყო. გაგას ოცნება 30 წლის შემდეგ აუხდა და საკუთარი ხმა ფირსაკრავიდან გაიგონა. 

„გაგა ფრანის“ პირველ ფირფიტაზე 7 სიმღერაა.  ყველა მათგანის მუსიკისა და ტექსტის ავტორი გაგაა, გამონაკლისია მხოლოდ ფირფიტის მეორე გვერდის მეორე აუდიო-ბილიკი „მზეო დაბრუნდი“. ეს სიმღერა მომღერალმა ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსზე დაწერა. ნაწარმოების მელოდიის შთამაგონებელი კი გაგას პატარა შვილი აღმოჩნდა, როდესაც ბაღიდან სახლში დაბრუნებულმა, ამ ლექსის მოყოლა დაიწყო. არ ვიცი, ამ მეტად ემოციურ ლექსზე ამაზე ზუსტი და ამაღელვებელი მელოდია როგორ უნდა დაიწეროს. თუმცა ემოციური ფონი და მელანქოლია გაგას არცერთ სიმღერას არ აკლია. ცრემლიც კი შეიძლება წაგსკდეთ, როდესაც მოუსმენთ სიმღერებს: „შენ ხომ იცი“, „შემოდგომა“, „მარტი მოვიდა“, რომელიც მუსიკოსმა პირველად დედას ტელეფონიდან უმღერა, ან თუნდაც „ეს მე ვარ“… მიუხედავად დიდი ემოციური მუხტისა და სევდისა, რომელიც მთელ ალბომს თან სდევს, იგი არაა გოტიკური როკივით პირქუში და ნისლიანი, პირიქით, უმეტესად ოპტიმისტური და ხალასია, რომელიც მსმენელს განცდებთან ერთად პოზიტიურ განწყობაზე დააყენებს. 

გაგა შესანიშნავი მომღერალია, რომელსაც შეუძლია საკუთარი სიმღერების სიწრფელე და მუხტი თავისი ხმით თავისუფლად გადმოსცეს. ფირფიტა სახლში რომ მოვიტანე, პირველად დედაჩემს მოვასმენინე, რომელმაც თქვა, რომ ტყუილად არ უყვარს გაგა, როგორც მუსიკოსი და აღნიშნა, რომ ძალიან ემოციურად და სუფთად მღერის. მართლაც, რომ ვაკვირდები, „გაგა ფრანის“ მუსიკა თანაბრად მოსწონს სხვადასხვა თაობის ადამიანს. მისი ნათელი (თუ შეიძლება ასე ითქვას) მუსიკა ქართული ფოლკიდან (ქალაქური მუსიკიდან) და როკიდან იკვებება. 

ერთი შენიშვნა მაქვს და აუცილებლად მინდა დავწერო. ფირფიტის ყდაზე სრული ინფორმაცია არაა დატანილი, ანუ მის უკანა მხარეს არ იძებნება ინფორმაცია მუსიკოსების, გაფორმების, ტექპერსონალის და სხვათა შესახებ. ძალიან მომწონს ფირფიტის გაფორმების შავ-თეთრი დიზაინი – სავარაუდოდ, „გაგა ფრანის“ ერთგვარი ლოგო და თავად ვინილზე დაკრული ე.წ. ლეიბლები. სხვათა შორის, ამ გაფორმების დეტალები მუსიკოსს ხელზეც აქვს ამოსვირინგებული. ალბომში შესული მუსიკალური მასალა მთლიანად ჩაწერილია „33 ა“-ს სტუდიაში.

ეს სადებიუტო ალბომი წარმოადგენს გაგა ფრანის ცხოვრების ფრაგმენტებს, სხვადასხვა ეპიზოდებს, მის განცდებსა და ემოციებს, რომელიც მსმენელისთვისაც მეტად საინტერესო მოსასმენია. მასზე არის სიმღერა, რომელიც ცხოვრებაში პირველად დაწერა და კომპოზიციაც, რომელიც ახალია. ჩანაწერის ხარისხი მშვენიერია. ალბომი ძალიან კარგად ისმინება ფირსაკრავზე: „გაგა ფრანის“ თბილ მუსიკას ვინილი კიდევ უფრო მეტ სითბოსა და სიღრმეს აძლევს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.