fbpx

ლეგოს „წყლის შროშანები“ – ლონდონში აი ვეივეის მასშტაბურ გამოფენას ელოდებიან


გააზიარე სტატია

ავტორი: თეონა ჯაფარიძე

ვიდრე მსოფლიო  პუტინი-სი ძინპინის შეხვედრის ნიუანსებს განიხილავს, ლონდონში მოუთმენლად ელოდებიან მონეს „ცნობილი „წყლის შროშანების“ რეკრეაციის (მე დავამატებდი რეინკარნაციის) ნახვას: აი ვეივეის მიერ ლეგოსგან შექმნილ 15-მეტრიან ნამუშევარს, რომელსაც ჩინელმა არტისტმა Water Lilies #1 დაარქვა. 

სწორედ ამ ნამუშევრით ანონსდება ვეივეის მომავალი მასშტაბური გამოფენა თითქმის ყველა სახელოვნებო გამოცემაში (The Guardian; ARTnews), რომელიც 7 აპრილს გაიხსნება.

„ეს არის მონუმენტური და ძლიერი ნამუშევარი და ჩვენ ვამაყობთ, რომ ეს პირველი მუზეუმია, რომელიც მას გამოფენს“. –  ამბობს ჯასტინ მაკგირგი (Justin McGuirk) – ლონდონის დიზაინის მუზეუმის მთავარი კურატორი.

ნამუშევარი იმდენად დიდია, რომ იგი  ლონდონის დიზაინის მუზეუმის გალერეის ერთ-ერთი კედლის მთელ სიგრძეს – 15მ-ს  იკავებს. ის მთლიანად  ლეგოსგან არის შექმნილი და  სრულიად ახალ განზომილებასა და იერს ანიჭებს ფრანგი იმპრესიონისტის  ცნობილ ნახატს.

ჩინელმა არტისტმა  მონეს ფუნჯის შტრიხები, მონასმები და ზეთის საღებავი ინდუსტრიული მედიუმით –  ლეგოს 650 000 კუბით შეცვალა, ხოლო  ჟივერნიში  მონეს ხელით შექმნილი და შემდეგ ტილოზე  გადატანილი  შროშანებიანი ტბორის მომწვანო ლურჯი და ლავანდისფერი ფერები, რომელსაც მონე  განუწყვეტლივ ამუშავებდა 1914-იდან გარდაცვალებამდე – 1926 წლამდე – თავის შროშანების სერიებში აი ვეივეიმ ლეგოს მჭახე 22 ფერით ჩაანაცვლა, რომელიც ძალიან ჰგავს პიქსელებს და ციფრულ სამყაროს.  

 

უფრო მეტიც, ვეივეიმ 10 პანელისგან შექმნილ  ლეგოს  შროშანებს თავისი პერსონალური ისტორიის კვალიც კი დაადო დამღასავით  და ნამუშევრის მარჯვენა მხარეს  ბრუტალურ „წყლის სამოთხეს“ შავი ლაქაც დაამატა –  დისიდენტ პოეტ მამასთან ერთად  სინძიანის პროვინციაში „ხალხის მტრის“ ოჯახის იძულებით გადასახლების მოსაგონებლად,   სადაც უდაბნოში მის ბავშვობისდროინდელ  მიწურ სახლს ამ  შავი პორტალივით  შავი კარი ჰქონდა. 

 

„ერთი მხრივ, მან პერსონალიზება მოახდინა სინძიანის  უდაბნოში ბავშვობის სახლის კარის ჩასმით, მეორე მხრივ, გამოიყენა მოდულარული ლეგოს კუბიკების ინდუსტრიული ენა”.  – აღნიშნავს Justin McGuirk – ლონდონის დიზაინის მუზეუმის მთავარი კურატორი.

მნიშვნელოვანია, რომ აი ვეივეის ეს გამოფენა ლონდონის დიზაინის მუზეუმში  სწორედ დიზაინზე აკეთებს აქცენტს და წლების მანძილზე არტისტის მიერ შეგროვილ უზარმაზარ კოლექციებს ექსპოზიციაში დიზაინის ცნების კონცეფციის ირგვლივ აერთიანებს:  მასშტაბური ინსტალაციები დამონტაჟებულია მუზეუმის სხვადასხვა სივრცეში (გალერეაში, გალერეის იატაკზე თუ ღია სივრცეებში).

ექსპოზიციაზე ათეულობით ობიექტი გალერის იატაკზე იქნება გაშლილი სერიებად  –  5 ვრცელ  „ველზე“, როგორც მას ვეივეი უწოდებს. ეს ნივთები აი ვეივეის მიერ 1990 წლიდან არის შეგროვებული და  მისი არტეფაქტებითა და ტრადიციული რეწვით გატაცების შედეგს წარმოადგენს. ისინი ადამიანის გამომგონებლობის ისტორიის ათასწლეულებს მოიცავს, რომელიც ახლა ვეივეიმ „საიტის სპეციფიკით“ გალერეის იატაკზე გამოფინა,  როგორც იმ ველში – სადაც გვიანი ქვის ხანის სამუშაო იარაღის (ქვის ცულების) დიზაინია წარმოდგენილი.  

 

მე-4 “ველში“  „სპოუტებია“  –  ეს არის 200 000 გადაგდებული ფაიფურის სპოუტი სუნის დინასტიიდან, როგორც ჩინური ფაიფურის წარმოების მასშტაბის გამოსახულება.

ცალკე „ველში“ წარმოდგენილია  ათასობით ფაიფურის სკულპტურის ფრაგმენტები აი ვეივეის პეკინის left Right Studio-დან. ეს პეკინის ძველი ისტორიული ნაწილის ნანგრევებია, რომელიც ჩინეთის ხელისუფლებამ   2005 წელს დაანგრია და მის ადგილზე მრავალსართულიანი შენობები ააშენა. ნანგრევების ფრაგმენტები ვეივეიმ შეაგროვა, როგორც მომავალი ნამუშევრების მასალები.

ერთ-ერთი „ველია“ „Lego incident“ და მოიცავს ათასობით ლეგოს კუბს, რომელიც საზოგადოების შემოწირულებას წარმოადგენს, მას შემდეგ, რაც 2014 წელსს LEGO-მ უარი უთხრა  არტისტს  პროდუქციის მიყიდვაზე, როცა ვეივეი აპირებდა პოლიტიკური დისიდენტების პორტრეტების სერიის შექმნას.   მაშინ LEGO-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ ის არავის მიჰყიდდა თავის პროდუქციას, პოლიტიკური განცხადების გასაკეთებლად.

„ეს „ველები” არის მედიტაცია ღირებულებების და უნარების  დავიწყებულ ისტორიებსა და  კონფლიქტზე ინდუსტრიულსა და handmade-ს შორის.  მათი მასშტაბები შემაშფოთებელია.  ამ ნამუშევრების გაგების მცდელობისას მნახველი გამოწვევის წინაშე დგება – რომ იფიქროს  იმაზე, თუ რას ვაფასებთ და რას ვანადგურებთ”.  – ამბობს გამოფენის კურატორი Justin McGuirk.

გამოფენა   – Ai Weiwei:  Making Sense – 30 ივლისამდე გასტანს კენსინგტონში, ლონდონის დიზაინის მუზეუმში.  

წყარო:
https://www.designboom.com/
https://www.artnews.com/
https://www.theguardian.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.