ჟურნალ კინ-O-ს ახალი ნომრის გამოცემა გაურკვეველი ვადით შეჩერდა
“ეს რა დროა, როცა
ხეებზე საუბარი ლამის დანაშაულია,
რადგან ის იმდენ უსამართლობაზე გაჩუმებას მოიცავს!”
ბერტოლტ ბრეხტის ამ სიტყვებით უნდა დაწყებულიყო თეო ხატიაშვილის, ჟურნალ “კინ-O-ს” რედაქტორის სვეტი. თუმცა ჟურნალი, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრის დასაწყისში მომზადდა გამოსაცემად, ხოლო მის დასაბეჭდად საჭირო ბიუჯეტი 2022 წელს დამტკიცებული იყო, მკითხველს ჯერ არ უნახავს.
კინოცენტრის ყოფილი დირექტორის, გაგა ჩხაიძის ინიციატივით შექმნილი ჟურნალი “კინ-O” წელიწადში ორჯერ გამოიცემოდა და მთლიანად ეთმობოდა კინოხელოვნებას, რეცენზიებსა თუ ნათარგმნ ინტერვიუებსა და სტატიებს კინოს შესახებ. ჟურნალი მნიშვნელოვანი წყარო იყო არა მხოლოდ დარგის პროფესიონალებისთვის, არამედ სტუდენტებისთვის თუ, უბრალოდ, ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.
ბეჭდური ჟურნალი, რომელიც ონლაინაც ვრცელდებოდა, უფასოდ იყო ხელმისაწვდომი ყველა მსურველისთვის და მასში გამოქვეყნებული თარგმანები რამდენიმე უნივერსიტეტის ლექტორის სილაბუსშიც შედიოდა.
როგორც ჟურნალის მთავარი რედაქტორი თეო ხატიაშვილი ფიქრობს, ჟურნალის გაჩერების მიზეზი ახალი ნომრის თემა, განსაკუთრებით კი მასში შემავალი ორი სტატიაა – ბასტი მგალობლიშვილის “ნატყვიარები თავის ქალებზე” და გიორგი რაზმაძის “აპოლიტიკური კინო+პოლიტიკა”. 2022 წლის მეორე ნომრის თემა ხელოვნება და პოლიტიკა იყო.
ბასტი მგალობლიშვილის და გიორგი რაზმაძის წერილებში განხილულია საქართველოს უახლოეს წარსულში გადაღებული ფილმები, გაანალიზებულია კინო, როგორც პროპაგანდის საშუალება სხვადასხვა მმართველობის პერიოდში – მეოცე საუკუნიდან დღემდე.
თეო ხატიაშვილი: “სამწუხაროდ, ხშირად ჩვენთან პოლიტიკურობა პარტიულობაში ერევათ, არადა თანამედროვე სამყაროში არ არსებობს საზოგადოება პოლიტიკურობის გარეშე. ჩემს საავტორო სვეტშიც სწორედ ჰანა არენდტის იმ აზრს ვიხმობდი, რომ: “ტოტალიტარიზმს არა მხოლოდ და არა იმდენად ერთი ტირანი (ბელადი/ფიურერი) და მასთან დაახლოებული პოლიტიკური ელიტა აყალიბებს და აცოცხლებს, არამედ მისი არსებობისთვის სწორედ აპოლიტიკური მასაა აუცილებელი, რომელიც პოლიტიკური პროცესებისადმი ინდიფერენტიზმით ხასიათდება”.
სამწუხაროდ, ჟურნალის გამოცემის გაჩერებასთან დაკავშირებით ოფიციალური პასუხი არ აქვს რედაქტორს. არც ის იცის, როდის და რა ფორმით შეიძლება გამოჩნდეს ნომერი მკითხველისთვის.
“ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ დეკემბრიდან მოყოლებული პასუხი ვერ მივიღე გამოიცემა თუ არა. ფაქტია, რომ ამ ნომრის მომზადებაზე – ჰონორარებზე, ნომრის აწყობაზე – თანხა უკვე დახარჯულია. იმაზე მეტი, ვიდრე დაბეჭდვას სჭირდება. თუ არ გამოქვეყნდება ეს ნომერი, გამოდის, რომ ფული დაკარგულია. შევთავაზე, რომ ჩემი ხარჯებით გამოვცემდი, ან თუნდაც ისევ კინოცენტრის საიტზე განთავსებულიყო ჟურნალის ციფრული ვერსია, მაგრამ არც ამ წინადადებაზე მთანხმდებიან – საავტორო უფლებები კინოცენტრს ეკუთვნის, ამიტომ ასე ჰაერშია ეს მასალები”.
At.ge კინოცენტრს დაუკავშირდა კომენტარისთვის და როგორც კი მათგან პასუხს მივიღებთ, სტატია განახლდება.