fbpx

ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი 2023 „ხიდი: თბილისი-ციურიხი“ 1-10 აპრილი


გააზიარე სტატია

 

“ხიდი: თბილისი-ციურიხი” – ფესტივალი 1-ელ აპრილს, 19:00 საათზე ფერდინანდ ჰოდლერისა და პაულ კლეეს იმერსიული გამოფენით გაიხსნება აუდიოვიზუალურ მუზეუმში – HOLOSEUM.

 

 

 

კულტურის ინტერდისციპლინური ფესტივალის, “ხიდი: თბილისი-ციურიხის” – მიზანია  ქართული თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის წარდგენა  შვეიცარიაში და ასევე,  შვეიცარიული თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის წარმოდგენა  საქართველოში. ფესტივალი  ხელი შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებას და თანამშრომლობის ქსელის შექმნას.

ფესტივალი ქართული პროგრამით პირველად 2021 წლის ოქტომბერში ციურიხში გაიმართა. ახლა კი სარკისებრი ”ხიდი: თბილისი-ციურიხი” თბილისში შვეიცარიული პროგრამით ტარდება. 

ფესტივალის, “ხიდი: ციურიხი-თბილისი” დამფუძნებელ  ელენე ჩეჩელაშვილს ესაუბრა თინა ლაღიძე

 

თინა ლაღიძე:  2021 წლის ოქტომბერში, კოვიდპანდემიის გამო, არავის სჯეროდა, რომ დაგეგმილი კულტურის ინტერდისციპლინური ფესტივალი “ხიდი: ციურიხი-თბილისი” ჩატარდებოდა, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, 2023 წელს ეს უკვე  მისი  მეორე გამოშვებაა. პირველად ფესტივალი ციურიხში ქართული პროგრამით ჩატარდა, ახლა კი, თბილისში შვეიცარიული პროგრამით წარდგება ქართველი მაყურებლის წინაშე.

 

საინტერესოა, როგორ გაჩნდა ფესტივალის შექმნის იდეა, რამ განაპირობა შვეიცარიაში ქართული კულტურისადმი ინტერესი და როგორი გამოხმაურება მოჰყვა ქართული კულტურის დღეებს ციურიხში?

ელენე ჩეჩელაშვილი:  ახალი ფორმატის  პროექტების მოფიქრება და რეალიზება ჩემთვის შემოქმედებითი პროცესის ნაწილია. ციურიხი და თბილისი –  ერთი შეხედვით, დიდი განსხვავებულობის მიუხედავად, კულტურის  და ხელოვნების სიმდიდრით   ჰგვანან კიდეც  ერთმანეთს როგორც ისტორიულად, ასევე თანამედროვეობით. 

ციურიხი იყო პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს ევროპელი ინტელექტუალებისთვის საიმედო თავშესაფარი და მრავალი კულტურული ინოვაციის ცენტრი. იმავე პერიოდში, მეოცე საუკუნის დასაწყისში, საქართველოც   ცოცხალი კულტურული ცენტრი იყო კავკასიის რეგიონში –  „აღმოსავლეთის პარიზი“, როგორც მას უწოდებდნენ. მეზობელი ქვეყნებიდან ხელოვანები და ინტელექტუალები თბილისში სახლდებოდნენ. ასე იქმნებოდა ის განუმეორებელი შემოქმედებითი გარემო, რომელიც ბოლშევიკების შემოსვლის მერე ფაქტობრივად  გაქრა. თბილისი  მჭიდროდ იყო დაკავშირებული  მაშინდელი მსოფლიოს წამყვან კულტურულ ცენტრებთან. 

ევროპაში დაბრუნება, რაზეც ხშირად საუბრობენ, ჩემთვის ასეც მოიაზრება, რომ კვლავ მოვიპოვოთ ის ადგილი და აღვადგინოთ ის გაწყვეტილი ძაფები, რომელიც რკინის ფარდამ და დიდი ხნის იზოლაციამ წაგვართვა. სხვა მიზეზებთან ერთად, ეს ორი ქალაქიც იყო ჩემთვის ინსპირაცია – ერთი, სადაც დავიბადე და მეორე, სადაც ვცხოვრობ.

ამ ფესტივალამდე უკვე არსებობდა ბევრი მეგობრული თუ პროფესიული კავშირები, ძალიან მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტები და ფესტივალები. ალბათ, ამანაც განაპირობა ის პოზიტიური გამოხმაურება და ინტერესი ციურიხის წამყვანი ინსტიტუციების მხრიდან, რომ მაშინვე დათანხმდნენ ფესტივალთან თანამშრომლობას. ციურიხში ჩატარებულმა ფესტივალმა ნამდვილად მოახდინა შთაბეჭდილება და იმდენად კარგი რეზონანსი გამოიწვია, რომ,  როგორც ხედავთ, მეორე ფესტივალის გამართვაც  გახდა შესაძლებელი. 

ფესტივალი, ერთი მხრივ, საინტერესო შემოქმედებითი პროექტია, მეორე მხრივ, ძალიან მინდოდა რამე ახალი გამეკეთებინა ციურიხში იმ მიმართულებით, რომ საქართველო წარმომეჩინა, როგორც თანამედროვე, საინტერესო, დამოუკიდებელი, საბჭოთა მტვერგადაცლილი ქვეყანა,  ხასხასა ფერებით, რომელიც, ყველა ტკივილის მიუხედავად, ფენიქსივით მუდამ ახლიდან იბადება ფერფლიდან. 

ინსტიტუციური სიმდიდრიდან გამომდინარე, ციურიხს აქვს ის შესაძლებლობები და ის გარემო, რომელიც საჭიროა ასეთი ტიპის ფესტივალის ჩასატარებლად.

თ. ლ. – როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად იცნობს ქართული საზოგადოება შვეიცარიულ კულტურას და რას სთავაზობს  ფესტივალის წლევანდელი პროგრამა აუდიტორიას?

ე. ჩ. – ვფიქრობ, რომ  მეტ-ნაკლებად იცნობს, თუმცა, ის ექსკლუზიური პროგრამა, რომელიც თბილისისთვის მომზადდა ამ ფესტივალის ფარგლებში, ნამდვილად ახალია და ამიტომ, შესაძლოა საინტერესო იყოს კულტურით და ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. პროგრამაში წარმოდგენილია კინო, ლიტერატურა, არქიტექტურა, ხელოვნება და მუსიკა. 

თ. ლ. – რა კრიტერიუმებით შეირჩა კულტურის ეს კონკრეტული მიმართულებები: კინო, ლიტერატურა, არქიტექტურა, ხელოვნება,  მუსიკა და ვინ არიან ფესტივალის მონაწილეები?

ე.ჩ. – ეს გახლავთ ერთგვარი კონცეპტუალური ჩარჩო, მატრიცა, ინტერდისციპლინური პროგრამის წარმოსადგენად. 

 ჩემთვის ერთგვარი ინტერესის და კვლევის საგანია, როგორ აირეკლება ერთმანეთში ეს დისციპლინები. ზოგადად,  ჟანრები კულტურის მთლიანობის ნაწილებია, ისინი უფრო მჭიდროდ არიან გადაჯაჭვული ერთმანეთთან, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, არქიტექტურა ისევე ჰყვება ისტორიებს, როგორც ლიტერატურა, მაგრამ თავისებურად – ფორმებითა და სილუეტებით, მუსიკასაც აქვს თავისი არქიტექტურა, კინო არ არსებობს მუსიკის გარეშე… და ა.შ.  შეიძლება დისციპლინები შევცვალოთ ან დავამატოთ მომავალში. 

თ. ლ. – იგეგმება თუ არა ფესტივალის მე-3 გამოშვება და როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს 2025 წლის  “ხიდი: ციურიხი-თბილისი”?

ე. ჩ. – მომავალი გვიჩვენებს, რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება ეს პროექტი და როგორ გაგრძელდება. გაგიმხელთ მხოლოდ იმას, რომ დიახ, იგეგმება და არსებობს უკვე გარკვეული იდეები, თუმცა, არ დავაკონკრეტებ, მოდით, სიურპრიზად დავტოვოთ:)

ფესტივალი ხიდი: თბილისი-ციურიხი 8 აპრილს, 22:00 საათზე პოპმომღერლისა და კომპოზიტორის, ეველინ თროუბლის სოლო შოუთი დაიხურება თეატრალურ კომპანია “ჰარაკიში”, თუმცა, ფილმების ჩვენება გაგრძელდება 10 აპრილის ჩათვლით.

ფესტივალის ვებგვერდი:  https://www.zuerich-tbilissi.ch/ka 

სრული კინოპროგრამა თანდართული ტრეილერებით: https://bit.ly/3TuACCY 

#ZuerichTbilissi


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.