fbpx

რიუიჩი საკამოტო – დროსთან გასწრობანას თამაში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მათე წიკლაური

 

რიუიჩი საკამოტო იაპონელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პროდიუსერია. მისი წვლილი განუზომელია ელექტრონული და კლასიკური მუსიკის სამყაროში. საკამოტო 1952 წლის 17 იანვარს ტოკიოში დაიბადა და 2023 წლის 28 მარტს გარდაიცვალა. მუსიკალური კარიერა კი 1970-იანი წლების ბოლოს Yellow Magic Orchestra (YMO)-ის დაფუძნებით დაიწყო, თუმცა მისი კარიერა გაცილებით მეტია, ვიდრე YMO-ს დაარსება. საკამოტოს ინოვაციური სტილი და მრავალფეროვნება შესანიშნავად გამოხატავს  კომპოზიტორის ფიქრებსა და განცდებს.

საკამოტოს მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული ასპექტი მისი უნარია,   შეაზავოს რამდენიმე ჟანრი და უნიკალური მუსიკალური ჟღერადობა შექმნას, ამიტომ იაპონელი გენიოსის მუსიკა ჩარჩოებში არ ზის და ყველანაირ კატეგორიზაციას ეწინააღმდეგება. Yellow Magic Orchestra არის ფანტასტიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება დააკავშირო ელექტრონული მუსიკა პოპსა და როკს კლასიკური მუსიკისთვის დამახასიათებელი მოტივებით. საკამოტოს შემოქმედების მთავარი სპეციფიკა მუსიკის დახმარებით თავისუფლების იდეის გააზრებაა. სწორედ ამიტომ, ის არასდროს ექცეოდა კონკრეტულ ჩარჩოებში. მსმენელს ყოველთვის რჩება განცდა, რომ რიუიჩის შემოქმედება ფიქრია და სწორედ იმდენადაა თავისუფალი, რამდენადაც ხელოვანის ფიქრები.

 

პირველი ნაბიჯები სოლო კარიერაში

საკამოტოს სოლო კარიერა სტარტს 1978 წელს იღებს – გამოდის ალბომი Thousand Knives. გასაკვირი სულაც არ იყო, რომ პირველ სოლო ალბომს ჯერ კიდევ ჰქონდა YMO-ს გავლენა და გადახრილი იყო პოპმუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობისაკენ, მაგრამ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკამოტო ამ მცირე გავლენასაც კი ძალიან მალე დაეხსნა. მისი შემდგომი ალბომები – B-2 Unit (1980 წ.), Left-Handed Dream (1981 წ.) და Esperanto (1985 წ.) მუსიკაში ახალი საზღვრების აღმოჩენა და დაპყრობა იყო. 

მთავარი, რაც საკამოტოს მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროში გამოარჩევდა, იყო დაუოკებელი მიზანსწრაფულობა განახლებისაკენ, მისი არცერთი ნამუშევარი არ ჰგავდა წინას და თითოეული მათგანი ახალ განცდებს აღძრავდა მსმენელში. 

სოლო კარიერის მიმდინარეობისას საკამოტომ არაერთ უცხოელ არტისტთან ითანამშრომლა. 1983 წელს ის მუშაობდა დევიდ ბოუისთან ფილმის, „გილოცავთ შობას, მისტერ ლოურენს“  საუნდტრეკზე, 1986 წელს კი ალბომზე Risky იგი პოპთან ერთად, მისი პოპულარობის დონე ყოველდღე მატულობდა – 1992 წელს შექმნა მუსიკალური კომპოზიცია ბარსელონას ოლიმპიური თამაშების გახსნითი ცერემონიალისათვის. 

საკამოტოს სოლო კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი 1999 წელს გამოსული მისი ახალი კომპოზიციაა (Energy Flow).  კომპოზიცია იაპონიის ისტორიაში პირველი ინსტრუმენტული ნამუშევარია, რომელიც Oricon-ის ჩარტებში მოხვდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საკამოტოს როლს თანამედროვე იაპონურ მუსიკალურ კულტურაში. 

 

მუსიკალური გაფორმება და არამარტო…

როგორც აღვნიშნე, 1983 წელს ის მუშაობდა დევიდ ბოუისთან ფილმის, „გილოცავთ შობას, მისტერ ლოურენს“ საუნდტრეკზე, მაგრამ მისი კინოკარიერა ამით არ შემოიფარგლება. 1987 წელს საკამოტომ ბერნარდო ბერტოლუჩის შედევრის, „უკანასკნელი იმპერატორის“  მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა და ოსკარის მე-60 დაჯილდოებაზე პრიზი საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის მიიღო. 

რიუიჩის წვლილი კინოსამყაროში ძალიან დიდია. მას შექმნილი აქვს კომპოზიციები ისეთი შედევრებისთვის, როგორებიცაა: პედრო ალმოდოვარის „მაღალი ქუსლები“, ბერტოლუჩის „პატარა ბუდა“, ოლივერ სტოუნის „ველური პალმები“, ინიარიტუს „გადარჩენილი“ და სხვა. ამ უკანასკნელის მუსიკალურმა გაფორმებამ კომპოზიტორს ოქროს გლობუსის ნომინაცია არგუნა. აღსანიშნავია, რომ რიუიჩის არაერთი როლი აქვს შესრულებული, მაგალითად, მასაჰიკო ამაკასუ ფილმში „უკანასკნელი იმპერატორი“.

აქტივისტი საკამოტო

2011 წელს საკამოტოს ყელის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რაც, მისი აზრით, ჩერნობილში მუშაობის შედეგი იყო. საკამოტო მუშაობდა დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც ბირთვული კატასტროფის შესახებ გვიამბობს. გამოჯანმრთელების შემდეგ მან გარემოსდაცვითი პროცესების სფეროში აქტიურად დაიწყო მუშაობა და დიდი რესურსი ჩადო ბირთვული ენერგიის საშიშროების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. რასაკვირველია, საკამოტოს არ მიუტოვებია მუსიკალური საქმიანობა,  – მან შექმნა პარტიტურა დოკუმენტური ფილმისათვის  „ბირთვული ერი“, რომელიც ფუკუშიმას ბირთვული კატასტროფის გავლენას იკვლევს. 

საკამოტოს წვლილი მუსიკალურ სამყაროში უდავოდ განუზომელია. ის მომავლის კომპოზიტორი იყო. ინოვაციურმა მიდგომამ მუსიკისადმი, მისმა თანამშრომლობამ მხატვრებთან, რეჟისორებთან და მწერლებთან ბევრი ახალი იდეა დაბადა. სწორედ ამ მრავალმხრივობის გამოა საკამატო ყველასათვის საყვარელი ფიგურა. იმ გზამ კი, რომელიც რიუიჩი საკამოტომ კარიერის განმავლობაში განვლო, მუსიკა, როგორც დარგი, ახალ სიმაღლეებზე აიყვანა.

 

ნატალია ბერიძე, კორძი და კოლაბორაცია საკამოტოსთან…

რიუიჩი საკამოტოს სახელი ორ შესანიშნავ ქართველ არტისტთანაც იკვეთება. მოგეხსენებათ, ნატალია ბერიძეს სხვადასხვა დროს ისეთ საერთაშორისო მუსიკოსებთან უმუშავია, როგორებიც არიან თომას ბრინკმანი, იორგ ფოლერდი და რიუიჩი საკამოტო, მაგრამ მის შემოქმედებაში ერთ-ერთი გამორჩეულია საკამოტოსთან კოლაბორაციით შექმნილი კომპოზიცია Blue Shadow.  რასაკვირველია, ქართველი მსმენელისთვის ძალიან საამაყოა ნატალია ბერიძის შემოქმედება, რადგან ის მისთვის მკვეთრად დამახასიათებელი სტილი, რომელიც ნატალიამ დანერგა თანამედროვე ქართულ მუსიკაში, უდავოდ გამორჩეულია. ამდენად, მისი კოლაბორაცია საკამოტოსთან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტია მუსიკალურ სამყაროში.

გარდა ნატალიას და საკამოტოს წარმატებული თანამშრომლობისა, ქართველი არტისტებიდან იაპონელ გენიოსთან კიდევ ერთი ბრწყინვალე მუსიკოსი გადაიკვეთა. სულ ცოტა ხნის წინ ჰააგაში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქართველმა მუსიკოსმა, ალექსანდრე კორძაიამ, იგივე Kordz-მ, ნიდერლანდებში გამართულ კონცერტებზე რიუიჩი საკამოტოს მუსიკალური ნაწარმოებების საკუთარი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა. მსოფლიო მუსიკალურ წრეებში ქართველ არტისტს ხშირად ადარებენ საკამოტოს ახალგაზრდობის წლებში. თავად საკამოტოს ძალიან მოსწონდა Kordz-ის შემოქმედება და ამბობდა: 

„გმადლობთ, რომ გამაცანით ალექსის შემოქმედება. ის საკმაოდ ენერგიულია. საინტერესო იქნება იმის მოსმენა, თუ რას გამოაცხობს ჩემი ნამუშევრისგან. 

გთხოვთ, გადაეცით მოკითხვა ჩემგან.“

 

მუსიკით ფიქრის სიმარტივე

საკამოტოს მუსიკა ძალიან ბევრ სხვადასხვა სტილის ელემენტს აერთიანებს. მას აქვს როგორც მედიტაციური, ისე ინტროსპექციული და ამავდროულად, ემოციური პასაჟების მთელი რიგი. საკამოტოს მუსიკას გააჩნია უნიკალური უნარი, გადმოსცეს ურთულესი, ძალიან ღრმა ემოციები თავისი კომპოზიციების დახმარებით. ის ქმნის ბგერით პეიზაჟს, რომელიც მსმენელში დაუვიწყარ განცდებს აღძრავს. თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ საკამოტო არასდროს წყვეტს კავშირს ბუნებასთან და ნამუშევრებში წყლის ხმას, ფოთლების შრიალსა და სხვა ბუნებაში არსებულ ხმებს ეყრდნობა, პარალელურად კი მხარს უჭერს ტექნოლოგიურ პროგრესს აბსოლუტურად ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი  მუსიკაში. 

ამდენად, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საკამოტო ნამდვილი ნოვატორია მუსიკალურ სამყაროში. მისმა მრავალმხრივმა კარიერამ და არაერთმა კოლაბორაციამ დიდ რეჟისორებთან თუ მხატვრებთან საკამოტო ყველასათვის საყვარელ ფიგურად აქცია. მისმა მუსიკამ მსმენელს ასწავლა ფიქრი და ურთულესი ემოციების გამოხატვა. საკამოტო მომავლის კომპოზიტორია, ამიტომ, ეჭვგარეშეა, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბევრი მუსიკოსი აიღებს მისგან მაგალითს, მსმენელისთვის კი საკამოტო დარჩება ერთგვარ მასწავლებლად და ფსიქოლოგად, რადგან მისი შემოქმედება ადამიანებს საშინელ, ჩახლართულ ლაბირინთებშიც კი უკარნახებს სწორ გზას. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.