fbpx

„თბილისი – იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქი“


გააზიარე სტატია

ავტორი: თეონა ჯაფარიძე

 

UNESCO-ს პროექტმა „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ დიდი დივიდენდები მოუტანა როგორც საქართველოს, ასევე თანამედროვე ქართულ ლიტერატურას მსოფლიოსთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამჯერად კი თანამედროვე ხელოვნების დომინანტი სფეროს – მედია ხელოვნების ჯერი დგება – თანამედროვე ქართულ სახელოვნებო სცენას შანსი ეძლევა საერთაშორისო სახელოვნებო სივრცის მიმზიდველ ნაწილად იქცეს. ამის საფუძველია ის ფაქტი, რომ 2022 წელს თბილისი იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს შეუერთდა მედია ხელოვნების მიმართულებით. სულ რაღაც ერთ წელიწადში კი შეიქმნა სპეციალური პროგრამა „თბილისი – იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქი“, რომელიც ფაქტობრივად მექანიზმია მედია არტისტებისთვის ჩვენთან ამ სფეროში არსებული სტაგნაციის დასაძლევად. 

„როდესაც UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს ვუერთდებოდით, განაცხადის შევსების დროს არსებული 7 სფეროდან (რეწვა, ფოლკლორი, ლიტერატურა, კინო, დიზაინი, მუსიკა, მედია ხელოვნება) ჩვენ მედია ხელოვნება ავარჩიეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ თბილისი მდიდარია ადამიანური რესურსით ამ სფეროში, უამრავი არტისტია, რომელსაც ჰაერივით სჭირდება ტექნოლოგიური ბაზა და გამოცდილება, იმისათვის, რომ საერთაშორისო სცენაზე ადაპტირდეს. ამასთანავე მედია ხელოვნება – ეს კომპლექსური ხელოვნებაა, რომელიც ვიზუალ-არტისტების, მუსიკოსების, ახალი ტექნოლოგიების მეცნიერების, ხელოვნების კურატორების, კინოინდუსტრიის სფეროს წარმომადგენლებისა და სხვათა სინთეზური შემოქმედების შედეგად იქმნება. ასე რომ, პროგრამა „თბილისი – იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქი“ ერთდროულად სხვადასხვა სფეროს შემოქმედებით ადამიანებს მისცემს განვითარების, შექმნისა და დანარჩენ მსოფლიოსთან  ინტეგრაციის  შესაძლებლობას”. – გვიხსნიან პროგრამა „თბილისი – იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქის“ ხელმძღვანელი თამუნა თოფურიძე და პროგრამის მენეჯერი ნინო კიკნაძე. 

UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელში (UCCN) ამჟამად მსოფლიოს 300 ქალაქია გაერთიანებული, სადაც შემოქმედება სტრატეგიულ როლს ასრულებს ქალაქების მდგრად  ურბანულ განვითარებაში 2030 წლისთვის. 

მთლიანობაში ეს არის შემოქმედებითი ქალაქების ერთიანი ექსპერიმენტული პლატფორმა ხვალინდელი ქალაქებისა და უფრო მდგრადი სამყაროს შესაქმნელად და თბილისი ამ გლობალური მოვლენის ერთ-ერთი თანამონაწილე ქალაქი ხდება თავისი არტისტებით, თანამედროვე ხელოვნებითა და გეოგრაფიულ-ისტორიულ-სოციალური ლანდშაფტით. 

ქსელში თბილისი 23-ე ქალაქია, რომელმაც მედია ხელოვნების მიმართულება აირჩია. მაგალითისთვის მათ შორისაა Gwangju (სამხრეთ კორეა), რომელიც ქსელს ჯერ კიდევ 2014 წლიდან შეუერთდა მედია ხელოვნების მიმართულებით და  Gwangju Media Arts Creative City Master Plan-ის დაარსებით ფაქტობრივად  შექმნა ქალაქის მედია ხელოვნების პლატფორმა (G. MAP), რომელმაც მედია ხელოვნების პროექტებით, ფესტივალებით საფუძველი ჩაუყარა კულტურულ ინდუსტრიას. დღეს G. MAP-ის   სამსართულიანი შენობა თავისი საგამოფენო თუ საგანმანათლებლო სივრცეებით მედია ხელოვნების ცენტრია, ჰაბია, რომელიც მსოფლიოს სთავაზობს მედიახელოვნების შემოქმედებით სივრცეს, სადაც ხელოვნება, მეცნიერება და ინდუსტრია იყრის თავს და სადაც ხდება მსოფლიოს შემოქმედებითი ქალაქების ერთმანეთთან დაკავშირება. 

ცნობისათვის:   სწორედ ახლა Gwangju-ს მე-14 ბიენალე მიმდინარეობს, რომელზეც  „თბილისი – იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქის“ რეკომენდაციით   ქართველი არტისტების – მარიამ ნატროშვილისა და დეთუ ჯინჭარაძის ვიდეო- „მდინარე თბილისია“ წარმოდგენილი. (წარმდგენი კურატორი გიორგი სპანდერაშვილი. პლატფორმა „მდგომარეობებს შორის“  )

პროგრამა „თბილისი – იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქი“ ქართველ არტისტებსა  და თბილისს საინტერესო შესაძლებლობებს სთავაზობს:

„პროგრამის შექმნა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივა იყო, რომელშიდაც საჯარო და კერძო სექტორიდან სფეროს სპეციალისტებმა და სახელოვნებო წრეებმა მიიღეს მონაწილეობა, რათა პროგრამა მაქსიმალურად მორგებული ყოფილიყო  მედია არტისტებსა ქართული თანამედროვე სახელოვნებო სცენის საჭიროებებზე.   მასზე მუშაობდნენ ისეთი პლატფორმები და ჯგუფები, რომლებიც ჩვენს სახელოვნებო წრეებში კარგად არიან ცნობილი საერთაშორისო პროექტების გამოცდლებებით:  თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ გუნდი, ვატო ურუშაძე (შემოქმედებითი საქართველო), ხატია ჭოხონელიძე და გიორგი სპანდერაშვილი („მდგომარეობებს შორის“ ) , ხელოვანები – მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე, ლიზა რომანოვსკა („სიზმარი“), მაკა კილაძე (ექსპერიმენტული ცეკვისა და თეატრის პლატფორმა ).

ფესტივალის    კონკურსებსა და ახალ იდეებზე ხელშესაწყობად გამოყოფილი დაფინანსება მუნიციპალურია“ – ამბობენ ჩვენთან საუბარში პროგრამის ხელმძღვანელი თამუნა თოფურიძე და პროგრამის მენეჯერი – ნინო კიკნაძე.

პროგრამის ფეისბუკ-პლატფორმაზე უკვე  წარმოდგენილია შეთავაზებები კარლსრუეს საერთაშორისო კინოფესტივალზე თუ ამსტერდამის სინათლის ფესტივალზე  პროექტების წარსადგენად.  მედია ხელოვნება კი აუდიო-ვიზუალური არტისტებისა და ყველასთვის, ვინც ამ სინთეზურ ხელოვნებასთან თავის უნარებსა და შემოქმედებას აკავშირებს,  საინტერესო კონკურსს აცხადებს. 

AT.ge ყოველთვის მხარს უჭერს ახალი ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და ხელოვნების სინთეზს მედია ხელოვნებისთვის.  ამიტომ დრო არ დაკარგოთ და  დეტალური ინფორმაციის გასაცნობად   და თქვენი იდეების განსახორციელებლად  გადადით ბმულზე.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.